მეტი რამ სიყვარულის შესახებ – არქიმანდრიტი ზაქარია ზაქარუ

კითხვა: ზოგჯერ რთულია იმის გათავისება, რომ სიყვარულის ღმერთს ძალუძს ისეთი სიტყვების წარმოთქმა, როგორებიცაა: „გარესკნელის ბნელი“ (მათე 8:12) ან „მატლი მათი არა მოაკლდების“ (მარკ. 9:44).

პასუხი: ერთი მხრივ იგი ბრძანებს: „რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“(იოანე 6:37), მეორე მხრივ კი დასძენს: „იწყოთ რეკად კარსა… მოგიგოს და გრქუას თქუენ: არა გიცნი თქუენ, ვინანი ხართ… განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი“ (ლუკა 13:25, 27). თუმცა, ის ფაქტიც, რომ იგი გვაფრთხილებს მისი სიყვარულის გამოვლინებაა. თუ საკუთარი თავის გამოსწორების სურვილს ოდნავ მაინც გამოვიჩენთ, იგი ჩვენს დასახმარებლად განეწყობა. ნეკა თითიც რომ გავუწოდოთ, ხელს ჩაგვჭიდებს და ორმოდან ამოგვიყვანს. ჩვენ უნდა შევიწყნაროთ რასაც უფალი ჯოჯოხეთის შესახებ ამბობს და ამით თავი დავიმდაბლოთ. ჩვენთვის ეს სინანულისა და სიმდაბლის მომნიჭებელი იქნება, რაც მასთან დაგვაახლოებს. დაგვეხმარება, რომ გონება ჯოჯოხეთში ვამყოფოთ. ზოგი წმინდანი ამბობს, რომ ვისაც ჯოჯოხეთის ხსოვნა არა აქვს, ის მას ვერ გადაურჩება. ვინც მხედველობაში არ იღებს ჯოჯოხეთს და ყველაფერს არ აკეთებს მისი თავიდან ასარიდებლად, ვერ გადარჩება. ბოლოს და ბოლოს, ეს ჩვენი ლოგიკის უარყოფისა და უფლის სიტყვებზე მინდობის საკითხია. თუ ჩვენს ლოგიკას დავუჯერებთ, უმეცარნი დავრჩებით, რადგან ადამიანური ლოგიკა ყოველთვის ქმნილი სამყაროს ჩარჩეობშია მომწყვდეული. ჩვენი წარმოსახვებიც კი ვერ სცდება ამ საზღვრებს.  არაფერი ვიცით ხელთუქმნელი სამყაროს შესახებ მანამ, სანამ არ დავემორჩილებით უფლის სიტყვას, რომელიც იმ სამყაროდან მომდინარეობს. თუ ღვთის მცნებებს მივიღებთ და მათ განხორციელებას შევუდგებით, ჩვენს გულებში მადლი დაივანებს და გონებას განგვინათლებს. შემდეგ ჩვენი მსჯელობაც შეიცვლება, სხვა განწყობები და მისწრაფებები გაგვიჩნდება.  განვმტკიცდებით ღვთივშთაგონებულ აზროვნებაში, რომლის წყაროც ყოვლითურთ მიღმიერია.  ღვთის სიტყვისა და მისი სახელის მოხმობის გარეშე არანაირი კომუნიკაცია, არანაირი საშუალება სამყაროს მიღმიერი რეალობის შესაცნობად არ გაგვაჩნია.

კითხვა: წმინდა სოფრონი ბრძანებს, რომ მტრის სიყვარული შეუძლებელია ქრისტესადმი რწმენის გარეშე, მაგრამ გვესმის ისტორიები არაქრისტიანთა შესახებაც, რომლებიც მტრებს მიუტევებენ.

პასუხი: პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენი სხეული დასაწვავადაც რომ მივცეთ, არას გვარგია თუ ეს ქრისტესათვის არ გავაკეთეთ, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქრისტეს თავმდაბლობის სულით თუ არ ვიმოქმედეთ (1 კორ. 13:3). მტრის სიყვარული სიყვარულის უმაღლესი ფორმაა, რადგან მათთვის მიტევება, ვინც უსამართლოდ მოგვექცა გარდამეტებულ თავმდაბლობას მოითხოვს. ძნელად თუ ვპატიობთ მათ, ვინც შეცდომის დაშვებისას სამართლიანად გვსაყვედურობს და რაოდენ უფრო რთული იქნება, თუ თავს მაშინ დაგვესხმებიან, როცა უდანაშულონი ვიქნებით. შეუძლებელი მიუტევო, თუ ჩვენში ქრსიტესმიერი მადლი არ თანამყოფობს, თუ ჩვენში სულიწმინდა არ არის დავანებული. მხოლოდ ქრისტეს აქვს უკიდურესი სიმდაბლე, რადგანაც უსამრთლო სიკვდილი იწვნია. იგი, უმანკო, უცოდველი, ცოდვილ ადამიანებს, მის მკვლელებს, დაემორჩილა და მათთვის ლოცულობდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან. მტრის ნამდვილი სიყვარულის მახასიათებელი ქრისტესმიერი სიმდაბლეა.


წყარო: http://pemptousia.gr

X