vatopaidi

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეშვიდე: ვატოპედის მონასტერში

ვატოპედი კინობია ხდება

ბერ იოსებს პირველი ეპიტროპობა დაევალა. 1989 წლის 31 ოქტომბერს/13 ნოემბერს მონასტრის ახალმა მმართველობამ პატრიარქ დიმიტრის სამადლობელი წერილი მისწერა: „უზომო მადლიერება გვმართებს თქვენი სიწმინდის მიმართ, რამეთუ თქვენი მამამთავრობის ხანაში ღმერთმა ინება, ვატოპედის სახელოვანი მონასტრის ამჟამინდელი ძმობის დიდი განსაცდელი დასრულებულიყო თქვენი ლოცვით, ჩვენ, გლახაკ მონაზვნებს, მისი აღდგენა და ძველი დიდების დაბრუნება გვხვდა წილად.

განსაცდელის დროს მტრის შემოტევების არ შეგვშინებია, რადგან თქვენი მაგალითით ჭირისა და მწუხარების მოთმენას ვსწავლობთ. დარწმუნებულები ვიყავით, რომ დედა ეკლესია თავისი შვილების თხოვნას უყურადღებოდ არ დატოვებდა და დახმარების ხელს გამოგვიწვდიდა. ასეც მოხდა.

საპატრიარქოს ეგზარქიამ მთელ საძმოს დიდი სიხარული მოგვანიჭა. მძიმე ზამთარი დასრულდა, აღდგომის ზაფხული დაიწყო. თქვენი პატიოსანი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება ამ დიდებული მონასტრის ისტორიაში… თქვენ იგი აღადგინეთ კინობიად, როგორც ეს ეკლესიის წმინდა მამებმა დაგვიწესეს. ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს ეს და შესაბამისად, ვიცით, თუ რა დიდი საქმე ითავეთ. დაე, ღმერთმა არ დაუშვას, რომ ჩვენ თქვენ ამ დიდი ქველისმოქმედების უღირსნი აღმოვჩნდეთ. მადლიერება ქველისმოქმედების შესაბამისი უნდა იყოს, მაგრამ შეგვინდეთ, რომ ამის ძალა არ შეგვწევს“, 1989 წლის 17/30 ნოემბერს ბერმა იოსებმა საძმო შეკრიბა და რიგით XXXVI კრებაზე სავანის კინობიად გადაკეთება გადაწყდა. ოქმში, რომელიც წმინდა კინოტსა და მსოფლიო საპატრიარქოს გადაეგზავნა, წერია: „ვიმსჯელეთ რა მონასტრის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, გადავწყვიტეთ, რომ მისი სულიერი, მმართველობითი, ეკონომიკური და რიცხობრივი მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი პირობა არის მისი კინობიად გადაკეთება. ამგვარად, გადავწყვიტეთ, ერთი სულიერი მმართველისა და უხუცესთა საბჭოს ძალისხმევით დაიწყოს. ვატოპედის წმინდა და დიდი სავანის მრავალმხრივი აღდგენა, როგორც ამას ათონის წმინდა კანონები და წესდება ითვალისწინებს.

ღმერთის შიშითა და სულიერი განსჯით, ასევე, მონასტრის მფარველი ღმრთისმშობლის ხატის — „ვიმატარისას“ („საკურთხევლისას“) მადლის შემწეობით, მთელი გულით ვეთანხმებით და ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ვატოპედის სტავროპიგიალური, სამეუფო და საპატრიარქო დიდი სავანის იდიორითმული ცხოვრების წესი შეიცვალოს კინობიურად, რაც დაეხმარება ძმობას, რომ ერთი სულითა და ერთი სულიერი მამის წინამძღვრობით შეასრულოს თავისი მონაზვნური მოვალეობები და მთაწმინდელი მონაზვნების შესაფერისად სათნოეყოს ღმერთსა და ადამიანებს”.

იმხანად ათონის ყველა ცნობილი სულიერი ადამიანის სურვილი იყო, იდიორითმული მონასტრები კინობიებად გადაკეთებულიყო. ჩვენმა მოძღვარმა თავის წმინდა ბერთან ცხოვრებისას საქმით გამოცადა ის სარგებელი, რაც მოაქვს მორჩილებასა და უპოვარებას ღმრთისმსახურებისა და ლოცვის სწორ პროგრამასთან შეთავსებით. გამოცდილებით იცოდა, რომ კინობია თავისი ორი ოქროს ფრთის, მორჩილებისა და უპოვარების მეშვეობით ამქვეყნიური სამოთხე ხდება.

ამიტომაც ცდილობდა მისი საძმოც ამ სულიერ საძირკველს დაყრდნობოდა. ის ამბობდა, რომ ამ ორ სათნოებას ადამიანი სიმდაბლისა და სიყვარულისკენ მიჰყავს, რადგან კინობიაში ძმები საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებით ერთმანეთს ემსახურებიან. მონასტრები, სადაც ეს სათნოებები მკვიდრობა, საღმრთო მადლით ივსება და ასეთ სამოთხეში ცხოვრების სურვილი სხვა ახალგაზრდების გულებშიც იბადება, რადგან, როდესაც მონასტრები სწორად ფუნქციონირებენ, რიცხობრივადაც ივსებიან და მომლოცველებსა და ღმერთის მეძიებელ ადამიანებს სულიერ ნათელს ჰფენენ.

მსოფლიო საპატრიარქომ მონასტერს 29/9-1-1990 სპეციალური სიგელით გასცა პასუხი. ამ დოკუმენტს უსაზღვროდ დიდი და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იგი გახდა სავანის აღდგენის საბაბი. ღმრთის ეს წყალობა საძმოს გადაეცა, როგორც ამ საქმეში მის მიერ გაწეული უდიდესი შრომის და უფრო მეტად კი, ბერ იოსების სიმდაბლისა და სიყვარულის დამადასტურებელი ბეჭედი და აგრეთვე, დიდი ბერის – იოსებ ისიქასტის ლოცვის ნაყოფი. საპატრიარქო სიგელში წერია[1]:

დიმიტრი, ღმერთის წყალობით, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი. ოქმი №29. დედა ეკლესიას მრავალი საზრუნავი აქვს, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია მონასტრების სწორ ფუნქციონირებაზე ზრუნვას. ჩვენ ვცდილობთ წუთისოფლისგან განშორებულ და ზეციური ქვეყნისკენ მოსწრაფე მოღვაწეებს დავეხმაროთ თავიანთი ასკეტური კანონების აღსრულებასა და ღმრთისმოყვარე ცხოვრებიში. ამიტომ, როდესაც ისინი დედაეკლესიის ამ მიზნებთან დაკავშირებით თხოვნით მიმართავენ, ეკლესია ზრუნავს, რომ უწმიდესი სამოციქულო და საპატრიარო მსოფლი საყდრის მონასტრები გაძლიერდეს და მათი ცხორება ღმრთისთვის უფრო მეტად სათნო და ერთსულოვანი იყოს.

რაც შეეხება ათონის მთის ღმრთისმშობლის ხარებისადმი მიძღვნილი ვატოპედის სავანის საძმოს წერილობით თხოვნას, რომ მათი მონასტერი, – თანახმად დიდი ბასილის და სხვა ღმერთშემოსილი მამების სწავლებისა, – გადაკეთდეს კინობიად, და შესაბამისი გადაწყვეტილება საპატრიარქო სიგელით დამტკიცდეს – მოგეხსენებათ, რომ ჩვენმა ზომიერებამ[2] და ჩვენთან ერთად, ყოვლად სამღვდელო მიტროპოლიტებმა განვიხილეთ ეს ეპისტოლე და გადავწყვიტეთ, რომ თხოვნა სამართლიანია, ღმრთისთვის სათნოა და ადამიანებისთვის მოსაწონი.

ამიტომაც, სინოდალურად ვამტკიცებთ – და ვბრძანებთ: ჩვენი წმინდა, საპატრიარქო და სტავროპიგიალური ვატოპედის მონასტერი… აწ და მომავალში და დაუსრულებლად იწოდებოდეს და ყველასგან იყოს აღიარებული, როგორც კინობია. ძველი კინობების მსგავსად, იმართებოდეს დამოუკიდებლად, იდიორითმულობის ნებისმიერი ნიშნისგან თავისუფალი, თვითრჯულობისა და თვითნებობის გარეშე, რათა აქ მოღვაწე მონაზვნებს, ან და მომავალში, ყველაფერი ჰქონდეთ საერთო, როგორც ერთ ჭერქვეშ მცხოვრებთ: საჭმელი, სასმელი, სამოსი, ფეხსაცმელი, ფული და სხვა ყველაფერი; არავის არაფერი არ გააჩნდეს საკუთარი – მონასტრის შიგნით თუ გარეთ, უმცირესი ნივთიც კი. არამედ აზრით და საქმით და სიტყვით იყვნენ ერთსულოვანნი და აღმასრულებელნი საწინასწარმეტყველო სიტყვისა:  „აჰა ესერა, რაჲმე კეთილ, ანუ რამე – აუენიერ, არამედ დამკჳიდრებაჲ ძმათა ერთად”, გარდა იმ შემიხვევისა, როდესაც ვინმეს ავადმყოფობის გამო არ ძალუძს საერთო ტრაპეზი გაიზიაროს – ასეთი შემთხვევები წინამძღვარმა უნდა განსაჯოს.

წინამძღვარს უნდა ჰქონდეს ძალაუფლება. ყოველი ძმის  წინაშე სწორედ მას უნდა მიენიჭოს უპირატესობა მან ყველა ძმას სათნოება და კინობიალური წესი უნდა ასწავლოს. ხოლო იმისთვის, რომ სულიერ მოვალეობებს ძალიან არ მოცდეს, გამოცდილ ძმათაგან ორი ან სამი ეპიტროპი გამოარჩიოს, რომელთან ერთადაც ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საკითხებს მოაგვარებს, განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად კი უხუცესთა საბჭო მოიწვიოს, რომლის წევრებიც ყველაზე გამოცდილი ძმები იქნებიან, წინამძლები რომ მათთან ერთად საერთო გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც ამბობს ბრძენი სოლომონი: „ცხორება იპოოს მრავალთა განმზრახთა თანა”.

ხოლო როდესაც წინამძღვარს ძალა აღარ ექნება ან გადადგება, მამათა კრებულის მიერ იქნეს არჩეული ახალი წინამძღვარი, ყველაზე მოწესრიგებული, უნარიანი და მმარხველი, და ეკლესიის მიერ დაემტკიცოს. მონასტერში მოღვაწე ყველა მონაზონს, ამჟამინდელსა და მომავალს, ვუწესებთ, რომ წინამძღვარს დაემორჩილოს და გაუგონოს, სულიერი მარხვით იცხოვროს, რამეთუ მარხვა არის ცოდვებისგან განშორება, ვნებების ალაგმვა, ნების მოკვეთა, სხეულის მოკვდინება და მოძღვრის მცნებების დაცვა და არავინ შეეწინააღმდეგოს წინამძღვარს, არამედ ყველა ერთობით, სიყვარულითა და კინობიის კანონების დაცვით ძმათმოყვარებით ცხოვრობდეს, როგორც მრავალ, სხეულში მცხოვრები ერთი სული, ერთმანეთისა და სავანის კეთილდღეობისთვის სიხარულითა და გულმოდგინებით მოღვაწენი არა  ადამიანების წინაშე, არამედ ღვთის გულისთვის. და ნურავინ მოიმიზეზებს სნეულებას, არამედ წინამძღვრის მიერ დადგენილი მორჩილების საქმე ყველამ მზადყოფნით აღასრულოს, და წესის მიხედეთ ჩვენი სახელი მოხსენიებული ღმრთისმსახურებებზე.

დაიწერა და დამტკიცდა ერთობით, სინოდალურად. ხოლო ვინც ბოროტი განზრახვით, ღიად ან ფარულად, პირდაპირ თუ ირიბად, ხსენებული კინობის ამ კანონების შეცვლის და ისევ იდიორითმულად გადააკეთებს, ამგვარი, როგორც თავხედი და თვითრჯული, რა ხარისხიც არ უნდა ჰქონდეს, განგდებულ იქნეს წმინდა და ერთარსი და ცხოველსმყოფელი და განუყოფელი სამებისგან, და ღირსი გახდეს გეენის ცეცხლისა და მარადიული ანათემისა.

მაცხოვნებელი 1991 წლის 9 იანვარს, მეცამეტე ინდიქტიონს. კონსტანტინეპოლელი ვბრძანებ დიმიტრი; [სინოდის წევრები:] ქალდიელი კირილე, იმვრელი და ტენედელი ფოტი, პერგელი ევანგელე, გერკელი კონსტანტინე, მელიტონელი იოაკიმე, როდოპოლელი იერონიმე, კოლონიელი გაბრიელი, ლისტრელი კალინიკე, ულენუპოლელი ათანასე, ფილადელფიელი ბართლომე”.

1990 წლის 12/25 თებერვალს, კვირა დღეს. წირვის შემდეგ. დილის 9 საათზე საძმომ წინამძღვრად მე, მდაბალი ამირჩია, რადგან ბერმა იოსებმა ახალგაზრდობაშივე თქვა უარი მეღვლად ხელდასხმაზე[3]“. მოძღვარმა ახალ წინამძღვარს დიდი ლმობიერებითა და ცრემლებით ურჩია სიმშვიდით, მოთმინებითა და სიყვარულით ეტვირთა ძმების სისუსტეები. მთელი გულით უსურვა, სულიწმიდის მადლს გაეძლიერებინა, გონიერება და მხნეობა მიეცა. ამ განუმეორებელ და ისტორიულ წუთებში ყველა ძმა ტიროდა, საღმრთო მადლის თანამყოფობის შეგრძნება აშკარა იყო.

1990 წლის 16/29 აპრილს, მენელსაცხებლე დედათა კვირას მოხდა წინამძღვრის ინტრონიზაცია ათონური წესდების თანახმად, სპეციალურად ამ მოედენისთვის წმინდა კინოტის მიერ კომისია დაინიშნა[4]. ღონისძიებას ესწრე ბოდნენ: მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენელი, თეოდორეპოლელი გერმანე, ათონის პროტოეპისტატი თეოკლიტე დიონისიელი, რამდენიმე მღვდელმთავარი, ათონელი წინამძღვარი, რამდენიმე მინისტრი და მრავალი მომლოცველი.

აღსაყდრების შემდეგ, ტრაპეზზე, ბერმა იოსებმა მსოფლიო საპატრიარქოსა და ათონის წმინდა კინოტს, გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. აგრეთვე ყველა იმას, ვინც საძმოს გვერდში დაუდგა. წმინდა მთის მონაზვნებს კი უსურვა, რომ ერთსულოვნებით, ერთობითა და თანხმობით გაეგრძელებინათ მოღვაწეობა.

მონასტერში ყველა ძმისთვის სავალდებულო პროგრამა დადგინდა: საერთო ღმრთისმსახურებები, საერთო კვება, საერთო სამუშაო და დასვენების დრო. ბერი იოსები, პირობისამებრ, მოხუც ბერებზე გარდაცვალებამდე სათანადოდ ზრუნავდა. უკანასკნელი მათგანი მონაზონი მაკარი[5] გახლდათ. როდესაც საკუთარი თავის მოვლა გაუჭირდებოდათ ხოლმე, გვერდით ახალგაზრდა მონაზვნები ჰყავდათ, რომლებიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე ხორციელი შვილებივით ზრუნავდნენ მათზე, ხოლო როდესაც სამედიცინო დახმარუბა ან მკურნალობა იყო საჭირო, მონასტერი ყველაფრით უზრუნველყოფდა.

ბერის სიყვარული მოხუცი ბერებისადმი, რაც მთელმა საძმომ გაიზიარა, გახდა მიზეზი იმისა, რომ თავადაც ცდილობდნენ, უფრო სულიერად ეცხოვრათ, მათმა უმრავლესობამ ამ დიდი და ანგელოზებრივი სქემა შეიმოსა და შედეგ სინანულითა და აღსარებით გარდაიცვალა. ზოგიერთ მათგანს – კი მართლაც ნეტარი აღსასრული ჰქონდა — ღმერთმა ის დიდი შრომა დაუფასა, რომელიც მათ მონსტრთვის გაწიეს, მიუხედავად ჟამთა სიავის, ასაკისა და ავადმყოფობისა.

ერთ-ერთი მათგანი, მღვდელმონაზონი ევდოკიმე, მონასტრის წმინდა დიმიტრის სკიტის მკვიდრი იყო. იგი იდიორითმელი ვატოპედელების აღსარებას იღებდა. ბუნებით კეთილი, ჩუმი, ზრდილობიანი ადამიანი გახლდათ, რომლესაც ყოველთვის კარგი აზრი ჰქონდა სხვა ადამიანებზე. ამბობდა, რომ ბევრს ლოცულობდა და ღმერთს სთხოვდა, ვატოპედი კინობიად ენახა. 1994 წელს სკიტიდან მონასტერში გადმოვიდა. ძალიან უყვარდა ღმრთისმსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ფეხები ძალიან სტკიოდა, ეკლესიას სიკვდილამდე არ აკლდებოდა. უხაროდა, რომ ახალგაზრდებით სავსე ტაძარს ხედავდა. ჩემს დროშიო, ამბობდა, ეკლესიაში უბრალო 34 მოხუც მონაზონს თუ ნახავდიო.

მრავალი წლის მანძილზე იგი მონასტრის მოპირდაპირე მხარეს უჩვეულო ნათელს ხედავდა. გადმოცემის თანახმად, იმ ადგილებში ხელთუქმენლი ნათელის ქადაგი, წმინდა გრიგოლ პალამა ცხოვრობდა. მამა ევდოკიმემ ეს საიდუმლო ვიღაცას გაანდო და მას მერე ნათელი აღარ უნახავს. ერთხელ კი, პანტანასას ხატიდან ნათება იხილა და ამან მისი უბრალო გული დიდად გაახარა. ძალიან მოსწონდა საძმოს სულიერი კრებები და ბერ იოსებს სულ იმას სთხოვდა, უფრო ხშირად ჩაეტარებინა: თქვენი სიტყვების წყალობით დიდ სულიერ სარგებელს ვიღებო.

მონასტრის კინობიად გადაკეთებიდან ნახევარი წლის შემდეგ. 10/23 სექტემბერს, სავანეს მსოფლიო პატრიარქი – დიმიტრი ესტუმრა. საძმო დალოცა და, სხვათაშორის, ესეც თქვა: „ჩვენი აქ ვიზიტი განსაკუთრებით გვახარებს იმ მიზეზის გამო, რომ ახალ ისტორილ პრერიოდს – მონასტრის კინობიალურ წყობაში დაბრუნებას დაემთხვა. საერთოსაცხოვრებელ სავანეში მონასვნები ერთმანეთის გატანითა და მსახურებით უფრო ადვილად იწვრთებიან სიმდაბლესა და სიყვარულში.

დღეს, როდესაც მსოფლიოში პერსონალიზმი და განცალკევება მეფობს, ამგვარი ურთიერთსიყვარულით მშვიდობიანი  თანაცხოვრება საზოგადოებრივი ცხოვრების საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს, რომელმაც თანამედროვე ადამიანს მრავალი რამ შეუძლია ასწავლოს. ღმერთმა დალოცოს თქვენი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, თქვენი შრომა და მოღვაწეობა თქვენი სულების საცხოვნებლად და ეკლესიის აღსაშენებლად, რომლის მცირე ხატსაც წარმოადგენს მონასტერი. კიდევ ერთხელ ვადიდებთ ყოვლადმოწყალე ღმერთის სახელს ამ ვიზიტისთვის. ვლოცულობთ და გისურვებთ, რომ ამ სავანის დიდებული წარსულის ღირსეული მემკვიდრეები აღმოჩნდეთ უფლის მადლი იყოს თქვენთან ერთად“.

მოძღვრის რჩევით, საძმომ პატრიარქს წერილობითაც მოახსენა მადლობა (ეპისტოლეს ნომერი 52522-9-1990), რომელმაც „არც დრო დაიშურა, არც ძალები და არც ჯანმრთელობა იმისთვის, რომ აქ მოსულიყო და თავისი სულიერი შევილები დაელოცა“[6], წერილში ეწერა, რომ მის ვიზიტს საძმო „ღმრთისმშობლის ლოცვა-კურთხევად მიიჩნევს, ხოლო მის ბრძნულ სიტყვებს გულით დაიცავს“. კონსტანტინეპოლში დაბრუნებისას მისმა ყოვლადუწმიდესობამ გეიპასუხა საპატრიარქო წერილით (ნომერი 696/6-10-1991), რომელშიც ახსენებდა, რომ „თქვენი სამოღვაწეო ადგილის ახლოდან ხილვამ, უფლისმიერი სიხარულით და სიამაყით აღგვავსო. ვთხოვთ მაღალ ღმერთს, რომ მისთვის სათნო სულიერი საქმე იმავე წმინდა შთაგონებით განაგრძოთ საკუთარი სულების საცოვნებლად და ერში მცხოვრები ადამიანების შესაწვნელად” ბერმა იოსებმა და ახალგაზრდა საძმომ კინობიალური მონასტრის მონწობის გამო დიდი ჯვარი და პასუხისმგებლობა იტვირთა. საჭირო იყო ღმრთისმსახურების ტიპიკონის შექმნა. ამ მიზნისთვის გამოყენებული იქნა როგორც ვატოპედის ძველი ტიპიკონი, ასევე სხვა კინობიალური მონასტრების გამოცდილება. მოძღვარმა კარგად იცოდა, თუ როგორ უნდა მოწყობილიყო კინობია. ისიც იცოდა, რომ მალე მონასტრის საძმო გაიზრდებოდა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ძმების სულების დახვეწაზე მუშაობდა. ფიზიკურ სამუშაოებს რაც შეეხება, თავისი ასაკის მიუხედავად, ყოველდღიურად ზრუნავდა ბაღის სარეველებისგან გაწმენდაზე, ვენახის გაშენებაზე, ზეთისხილისა და ხეხილის დარგვაზე, ხორბლის მოყვანაზე. სადურგლო სახელოსნოც მოაწყო სავანის დიდი რაოდენობის კარ-ფანჯრისა და სხვა ხის მასალის შესაკეთებლად.

მაშინ მონასტერი სავალალო მდგომარეობაში იყო, მრავალი წლის მანძილზე უბრალო კოსმეტიკური სახის რემონტიც არ ჩატარებულა, რადგან ხანშიშესულ მონაზვნებს ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. მონასტერში გასაკეთებელი საქმეების მოცულობა მის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე გაცილებით მეტი იყო. საჭირო იყო ათიათასობით ხელოვნების ნიმუშის რესტავრაცია, მთავარი ტაძრისა და სხვა შენობების აღდგენა, აგრეთვე მონასტერს უნდა გაეგრძელებინა ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალური და საქველმოქმედო საქმიანობები. წინა თაობის ბერებისგან გადმოგვეცა ტრადიცია, რომ სხვადასხვა ეპარქიების თხოვნით, ღმრთისმშობლის სარტყელი და სხვა სიწმინდეები ერში უნდა გაგვებრძანებინა მორწმუნეების დასალოცად და საკურთხებლად. მაგრამ ჩვენმა ბერმა კანონად დაგვიწესა, ასეთი ღონისძიებების მთელი შემოსავალი თავად ულეპარქებისთვის დაგვეტოვებინა ხოლო ფული, რასაც ხალხი მოსახსენებლებთან ერთად მოგვცემდა, მოწყალებად გაგვეცა. ამის მიუხედავად, მამა იოსები თვლიდა, რომ საძმოს მოვალეობა იყო დაეცვა მონასტრის ქონება, რათა საკმარისი შემოსავლის წყალობით, თავისი მრავალმხრივი სულიერი მოღვაწეობა დაუბრკოლებლად გაეგრძელებინა. 1950 წლიდან, როდესაც სავანის საძმომ შესამჩნევად იწყო შემცირება, მისი ქონება სხვადასხვა კერძო და იურიდიულმა პირებმა (სახელმწიფომაც) მიიტაცეს. 1990 წლის 28 აგვისტოს 10 სექტემბერს ბერს შემდეგი რამ შეემთხვა, რაც ერთ ჩვენს ძმას გაანდო. „ათონს გარეთ რომ ვიყავი, ქუჩაში სიარული მომიწია. ისე დავიღალე, მეგონა სულს დავლევდი. ფეხები მიკანკალებდა, ვეღარ ვიმორჩილებდი. გემიდან რომ ჩამოვდიოდი. დაღლისგან კინაღამ წავიქეცი. მაშინ გულისსიტყვამ მითხრა: „ასე ქუჩაში ამოგხდება სული”. მაშინვე საკუთარ თავს მივუბრუნდი და ვუთხარი: „ღმერთმა ხელი მომკიდა და წმინდანების გზაზე დამაყენა (თუმცა ამის ღირსი არ ვიყავი). ამ გზაზე წინასწარმეტყველები და მოწამეები დადიან. ათას ნაწილადაც რომ დამაქუცმაცონ, ღმერთის ამ დიდი მოწყალების შესაფერისს ვერაფერს გავაკეთებ. ღმერთი კაცი გახდა ჩემთვის, ლურსმნებით მიემსჭვალა ჯვარზე, ხოლო ჩვენ წყალიც კი არ მივეცით, რა წყალზეა ლაპარაკი?! ძმარი და ნაღველი შევთავაზეთ!“. ასე უნდა ფიქრობდეს ადამიანი. ეს საიდუმლოა. მარტო ვერავინ ცხონდება, ამას ასწავლის ეკლესია. ღმერთის მადლი განზრახგვტოვებს, რათა ძმარსა და ნაღველს გემო ჩვენც გავუსინჯოთ. იმ დროს კი, როდესაც მოწამეები თავიანთ ჭრილობებს წარმოადგენენ, ხოლო აღმსარებლები იარებს, ჩვენც გვექნება საჩვენებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რითი დავიკვეხით? გახსოვთ ის ბერი, მრავალი დღის განმავლობაში რომ მარხულობდა, რათა ღმერთისგან გამოცხადება მიეღო? პასუხი როდის მიიღო? როდესაც დამდაბლდა და გადაწყვიტა მეზობელი ბერისთვის ეკითხა”.

იმავე ძმას ერთი თვის შემდეგ. ასეთი რამ უთხრა: “ჩვენ პირველი აღთქმის იოსებივით უნდა ვიფიქროთ. იგი სკუთარმა ძმებმა გაყიდეს და ეგვიპტეში მონა გახდა. მართალია ეს ადამიანების გამო მოხდა, მაგრამ ვინ იყო ის, ვინც იოსები ეგვიპტეში გაგზავნა? ღმერთი და მისი განგება. ჩვენც იგივე არ გაგვიკეთეს? ერთ „სოროში” ვცხოვრობთ (გულისხმობს მინთის ჯვრის მონასტერს), ადამიანებმა იქიდან გამოგვყარეს და აი, ღმერთის განგებამ მართლმადიდებლობის ერთ-ერთ უდიდეს მონასტერში მოგვიყვანა”.

ბერი ცდილობდა სავანე ყოველმხრივ აღედგინა, ამისთვის ძალიან ბევრს და განუწყეტლივ მუშაობდა. ის წერდა: „მონასტრის საქმეების გამო, ჩემო შვილო, ბევრს ვმგზოაურობ. 3 თებერვალს, წმინდა კინოტის დახმარებით, აუქციონი უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ამინდმა შეგვიშალახელი. ათენში ყოფნისას იურიდიულ და სამინისტროების საქმეებზე დავრბოდი ვისტონიდას ტბის საკითხზე. რაც დრო გადის, უფრო დიდი პასუხისმგებლობები გვეკისრება და ვინ იცის, სადამდე წავა ეს ყველაფერი.

მე, ჩემო შვილო, საქმეებს საკუთარი არჩევნის მიხედვით უკვე ვეღარ ვგეგმავ, არამედ ვცდილობ, ერთი გასვლით მაქსიმალურად ბევრი ვალდებულება შევასრულო, ძალიან დავიღალე და სხეულის ძალებმაც უეცრად მიმტყუნა. მაგრამ რა ვქნა, თავს ვაძალებ. ვნახოთ სადამდე გავძლებ. ალბათ, დროა გარეგან საქმეებს ჩამოვშორდე, მაგრამ ჯერ ვერ ვხედავ იმ ნიშანს, რაც ჩემს ასეთ მოქმედებას გაამართლებდა. ყოველ შემთხვევაში, დრო ახლოვდება. ამას უკვე სხეულის ყველა ნაწილი და საგრძნობელი მაგრძნობინებს.

მონასტრის უძრავი ქონების საკითხი გადადებას ვეღარ ითმენს, რადგან მოუვლელობის გამო ყველაფერი ძალიან დაზიანებულია. ზოგი რამ უნდა აღდგეს, ზოგი რამ გაიყიდოს და ახლის შეძენაცაა საჭირო“[7].

მოძღვრის ლოცვა-კურთხევით კიდევ ერთი და მრავალმხრივი საქმე წამოვიწყეთ. გამზადდა პროექტები და დიდი მასშტაბის აღდგენითი და სარესტავრაციო სამუშაოები გაიშალა, ამის შედეგად მონასტრმა ბბიზანტიური კულტურის უამრავი ნიმუში, საღმრთისმსახურო ატრიბუტის სიწმინდე წარმოაჩინა. ვატოპედის ამ სიმდიდრის შესახებ მონასტრის ისტორიის მანძილზე, პირველად გამოიცა ორტომეული. ეს გამოცემა ათენის აკადემიამ დააჯვლოვა. ამდენი საზრუნავის მიუხედავად, მამა იოსებს არ სურდა, რომ ჩვენი გონება ამ საზრუნავებით დაკავებულიყო. თავისი სწავლებებით, რაც გამოცდილებით შეიძინა, გვიბიძგებდა, თავმდაბლური აზროვნება გვესწავლა და ღმერთის შემეცნებაზე გვემუშავა: „უპირველეს ყოვლისა, სრულად ვაცნობიერებ ჩემს სიტყვებს და ვაღიარებ და მტკიცედ მწამს, რომ ღმერთის ნება ერთხელაც კი არ აღმისრულებია. ღმერთს ვერაფრით ვასიამოვნე. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებ და მწამს ჩემი ცოდვილობა, არასდროს შემიცოდავს ღმერთისთვის სხვა მიზეზით, გარდა გამოუცდელობისა, უმეცრებისა და უძლურებისა. ამიტომ, მივუბრუნდები ხოლმე და ვთხოვ: „ნუ ჩამითვლი ცოდვად ღმერთი ხარ და იცი, რომ არც შეცოდება მინდოდა და არც შენი ღალატი”, და ასე ვაგრძელებ გზას.

ხოლო როდესაც ვნებებისგან თავისუფლებასა და ღმერთის სხვა ნიჭებს ელი, ეს იმას წიშნავს, რომ გგონია რა ღაცადაიმსახურე და მაშასადამე, რწმენით კი არ ცხოვრობ, არამედ კონკრეტული მოთხოვნები გაქვს ღმერთის მიმართ. მასთან აღებ-მიცემობის პრინციპით ურთიერთობ. სადაა აქ სიმდაბლე? ჩვენ სიმდაბლის აზრებით ისე დაბლა უნდა ჩავიდეთ, რომ იქიდან გადმოვარდნა უკვე შეუძლებელი იყოს. ანუ სრულიად მკვდრები უნდა ვიყოთ ამ სოფლისთვის. წუთისოფლისგან არაფერს ველით, მხოლოდ იმის იმედი გვაქვს, რომ ღმერთის წყალობის ღირსები სიკვდილის შემდეგ გავხდებით. ზოგჯერ ღმერთი ამ ცხოვრებამივე ანუგეშებს კაცს, ზოგჯერ სიკვდილის ჟამს – “რამეთუ არა არს სიცრუვე ღმრთისა თანა, ვითარმცა დაინახა, საქმენი თქუენნი”[8].

რაც დრო გადიოდა, ბერი უფრო და უფრო მეტი ძალისხმევის გამოჩენა სჭირდებოდა იმისთვის, რომ კრებები ეტარებინა და აღსარებები მიეღო. მისი სიტყვები თითოეულ ძმას ვნებებთან ბრძოლასა და სათნოებების შეძენის ღვაწლში შეეწეოდა. მისი უმწიკვლო და წმინდა ცხოვრება ყველასთვის სამაგალითო იყო. მისი სახით საძმოს, ქრისტესმიერი ცხოვრების გზის მაჩვენებელი ჰყავდა. თუკი პირადი სულიერი ბრძოლის განმავლობაში რაიმე სირთულე ან კითხვა იჩენდა თავს, თავისი მდიდარი გამოცდილების წყალობით, მოძღვარი ნებისმიერ პრობლემას გვიჭრიდა. ხშირად საერთო კრებებზე ისეთი რამ შეიძლება ეთქვა, რაც გვეგონა, პირადად ჩეენთვის იყო განკუთვნილი.

მან სრული შეგრძნებით იტვირთა მოწამეობა სინდისისა – სინდისის სიწმინდის დაცვისთვის არანაირ შრომასა და მსხვერპლს არ იშურებდა. ღმრთის მცნებების დაცვით სიტყვითაც და საქმითაც. ჯვარცმულ ქრისტეს ქადაგებდა. ლოცვითა და მშობლიური სიყვარულით ადევნებდა თვალს თითოეული მონაზვნის სულიერ მოღვაწეობას. ყველასთვის ღმერთისკენ აღმავალი კიბე ხდებოდა. ჩვენს სულიერ ვალებს დიდი სულიერი შრომითა და სიყვარულით თავად იხდიდა, თითოეულისას ცალ-ცალკე. ხოლო როდესაც სინანულსა და წინსვლას ხედავდა, გულისტკივილის ცრემლები სიხარულის ცრემლებად ექცეოდა ხოლმე, თითოეული სულიერი შვილის დაბადებისა და ჩამოყალიბების დროს სულიერი შობის იმ გამოუთქმელ ტკივილებს გრძნობდა, რაც მხოლოდ ნამდვილი მოძღვრებისთვისაა ცნობილი. ბერ იოსებს შეეძლო ცოდვების მიერ ტრავმირებული სული განეკურნა მაშინაც კი, თუ ეს უკანასნელი მრავალი წლის განმავლობაში ვნებებისა და ცოდვების ტყვეობაში იმყოფებოდა. ასეთ სულებს, სულიერი წყლულების სირთულის გამო, მოძღვრების უმრავლესობა თავს არიდებდა, ბერი კი მათ სიხარულით იწყნარებდა, რადგან თითოეულში თავად უფალ იესო ქრისტეს ხედავდა. საკუთარ გულში ისინი არასდროს დაუმცირებია. ხოლო ვინც უჯერებდა, მას კურნავდა. პატერიკში აღწერილ შემდეგ ამბავს ბერი ზეპირად ყვებოდა ხოლმე: „ამბა ისიდორეს, სკიტის[9] მღვდლის შესახებ ამბობდნენ, რომ, როცა გაიგებდა, ვინმეს უძლური, სულმოკლე ან თავხედი მოწაფე ჰყავს და გაგდებას უპირებსო. მიდიოდა და სთხოვდა, ჩემთან გამოუშვიო. შეიწყნარებდა ასეთებს და თავისი სულგრძელების წყალობით აცხოვნებდა. ეკლესიაშიც სულ ამას ასწავლიდა ძმებს: „ძმებო, მიუტევეთ და მოგეტევებათ”.

ჩვენი ერთ-ერთი შეხვედრის დროს ცრემლების შესახებ ვკითხე, რადგან ვხედავდი, რომ ძალიან ბევრს ტიროდა, მიპასუხა, რომ ჯერ გონება აჰყავდა ღმერთის ჭვრეტამდე, შემდეგ კი ამ ხედვას სიყვარულის ცრემლები მოჰყვებოდა.


[1] ბერძნულ ლიტერატურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ეპისტოლარულ ჟანრს, რომელიც ძალიან განვითარებული და მდიდარია. ჩვენ აქ წერილის მოკლე შინაარსს გადმოვცემთ, რადგან ზუსტად გადმოცემა თითქმის შეუძლებელია. ზოგჯერ ნახევარ გვერდზე შეიძლება ერთი წინადადება ეწეროს.

[2] ასე იხსენიებენ საკუთარ თავს პატრიარქები.

[3] ათონის თანამედროვე წესდების თანახმად, წინამძღვარი აუცილებლად მღვდელი უნდა იყოს.

[4] ათონის მთაზე აღსაყდრებას, ანუ ტაძრის ცენტრში საყდარზე დაბრძანებას, ახორციელებს არა ეპისკოპოსი, არა წინამძღვარი, არამედ იერარქიულად პირველი მონასტრის წარმომადგენელი (ვინც იქ ესწრება; ჩვეულებრივ, წმინდა ათანასეს ლავრის. თუ ეს უკანასკნელი არ არის, ვატოპედის და ა.შ.).

[5] გარდაიცვალა 2017 წლის 11/ 24 აგვისტოს.

[6] პატრიარქი დიმიტრი შემდეგ წელს გარდაიცვალა.

[7] წერილი მარია ქრისტოდულუს, ვატოპედი, 1991 წლის 16 თებერვალი/1 მარტი.

[8] სიტყვა საძმოს კრებაზე, ვატოპედი, 1991 წლის 17/30 ივნისი.

[9] აქ: ადგილი ეგვიპტეში.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

Share