1

მირქმის არსი – ქრისტესადმი გულისმიერი სიყვარული – წმინდა მღვდელმოწამე თადეოზ ტვერელი

ჩემო ქრისტესმიერი შვილებო, დებო და ძმებო. მოდით, იმ გაკვეთილებს მივაქციოთ ყურადღება, რომელსაც დღეს ჩვენი წმინდა ეკლესია გვასწავლის. ისინი მრავალია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანზე შევჩერდებით.

დღეს წმინდა ეკლესია შეგვახსენებს, რომ ,,რაჟამს აღესრულნეს დღენი იგი განწმედისა მათისანი სჯულისა მისებრ მოსესისა, აღმოიყვანეს ყრმაჲ იგი იერუსალჱმდ წარდგინებად წინაშე უფლისა’’(ლკ.2:22). ეს წესი იმას ნიშნავდა, რომ ყრმობის პირველივე დღეებიდან ადამიანის ცხოვრება უფალს ეძღვნება.

ასევე ჩვენც, შობიდან მეორმოცე დღეს მივყავართ ტაძარში. ეს წესი პირველ რიგში იმას გვასწავლის, რომ თითოეული ადამიანი გულის წყურვილით უნდა მიისწრაფვოდეს ტაძრისკენ. როგორც დავით მეფსალმუნე ამბობს: ,,ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა, გული ჩემი და ჴორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა. და რამეთუ სირმანცა პოვა თავისა თჳსისა სახელი და გურიტმან ბუდე თჳსი, სადა დაისხნეს მართუენი თჳსნი; საკურთხეველი შენი, უფალო ძალთაო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო’’(ფს.83:2-3). რა თქმა უნდა, ქრისტეს სახლში(ტაძარში) მხოლოდ გარეგნული მყოფობა კი არ მოგვეთხოვება, რაც არ უნდა ხშირი იყოს ეს, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი გული ვაქციოთ ცოცხალი ღმერთის ტაძრად. ტაძარში გარეგნული მყოფობა ღმრთის წინაშე მხოლოდ მაშინ ფასობს, თუკი ეს ქრისტესადმი გულწრფელი სიყვარულის გამოხატულებაა, მასთან მოუკლებელი შინაგანი ერთობის მხურვალე სურვილი გვაქვს და მთელი სიცოცხლის მისთვის მიძღვნა გვწყურია. ქრისტესთან ურთიერთობის მხურვალე სურვილის მაგალითებს წმინდანები გვიჩვენებენ. მაგალითად, წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი. როგორც მის შესახებ საეკლესიო საგალობელი გვაუწყებს, მან ქრისტე საკუთარ გულში მიიღო. მას იმდენად ცეცხლოვნად სწყუროდა ქრისტესთან შეერთება და ზეციურ მამასთან წასვლა, რომ საერთოდ არად აგდებდა მომავალ სატანჯველებს და ერჩივნა მხეცის კბილებით ხორბალივით დაფქვილიყო, ვიდრე ცოცხალი დარჩენილიყო. ამ მდგომარეობაში მყოფი, ევედრებოდა ძმებს, რათა მოწამეობრივი გვირგვინისგან არ განეშორებინათ ის.

ქრისტესადმი ამგვარი სიყვარული ერთბაშად, ძალისხმევის გარეშე არ მოიხვეჭება. სწორედ ამ მდგომარეობის მოპოვებას ეხება დღევანდელი დღესასწაულის არსი: ყრმა ქრისტე ემორჩილება თავის ხორციელ მშობლებსაც და რჯულსაც, რომელთა შემოქმედიც თავად იყო. ამით იმას გვასწავლის, რომ სულიერი ზრდა მხოლოდ მორჩილებით იწყება. ისევე როგორც ახალნერგი ხე მხოლოდ მაშინ გაიზრდება უსაფრთხოდ, თუკი ვინმე მეთვალყურეობს მას და უვლის, ასევე ადამიანიც, მაშინ იზრდება სულიერად, თუკი ვინმე გამოცდილს ემორჩილება. არ შეიძლება იმის ფიქრი, რომ ქრისტესადმი სიყვარული თავისთავად, ყოველგვარი მეთვალყურეობისა და შრომის გარეშე აღმოცენდება და განვითარდება ჩვენს სულში. არა, როგორც უმეთვალყურეოდ დარჩენილ ახალნერგ ხეს საფრთხე ემუქრება, რომ ვეღარ გაიზარდოს, ასევე ვერც ქრისტესადმი სიყვარული აღორძინდება ჩვენში, საკუთარ გულზე ყურადღების გარეშე. ამის გარეშე ის შეიძლება გაცივდეს ან ვნებათა სიმყრალისგან მოკვდეს კიდეც, ისევე, როგორც მრისხანე ქარიშხალი ფესვიანად გლეჯს პატარა ხეს. ამიტომაც, აუცილებელია საკუთარი თავის იძულება, რათა მოუკლებელი ლოცვის მდგომარეობაში ვიმყოფებოდეთ, შრომითა და ძალისხმევით ვებრძოდეთ ვნებებს, რომლებიც ჩვენს გულში ქრისტესადმი სიყვარულს აქრობენ. აუცილებელია მუდმივი მყოფობა ღმრთის ნების მორჩილებაში. ეს ყველაფერი იცავს და ავითარებს ჩვენს გულში ქრისტესადმი სიყვარულს. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად სვლაც არ არის უსაფრთხო და დაუბრკოლებელი. სწორედ დღევანდელი დღესასწაულის საკითხავში აღმოვაჩენთ მითითებებს ჩვენი გზის სირთულეების შესახებ: და აკურთხნა იგინი სჳმეონ და ჰრქუა მარიამს, დედასა მისსა: აჰა ესერა ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაჱლსა შორის და სასწაულად სიტყჳს-საგებელად. და თჳთ შენსაცა სულსა განვიდეს მახჳლი, რაჲთა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი’’(ლკ. 2:34-35). ასევეა თითოეული ადამიანის ცხოვრებაშიც. როდესაც ჩვენი ცნობიერება ვითარდება, დგება დრო ბრძოლისა ქრისტეს სიყვარულსა და ამა სოფლის სიყვარულს შორის. ამ ბრძოლაში ყველა ვერ ინარჩუნებს საკუთარ გულში ქრისტესადმი გულწრფელ სიყვარულს. ზოგიერთი ამაო და ვნებისმიერი ცხოვრებისკენ მიიდრიკება და არ ირჩევს ქრისტეს და იმგვარ სულიერ ცხოვრებას, როგორსაც ჩვენი ეკლესიის ჭეშმარიტი შვილები გვასწავლიან. დაე არც ერთმა თქვენგანმა არ დაუტევოს სიცოცხლის წყარო – ქრისტე. როგორც იერემია წინასწარმეტყველი ახმიანებს უფლის სიტყვებს: ,,რადგან ორი დანაშაული ჩაიდინა ჩემმა ერმა: მიმატოვეს მე, ცოცხალი წყაროსთვალი და ამოკვეთეს თავისთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ’’(იერ.2:13). არ მიატოვოთ ქრისტე, რომელშიც პავლე მოციქულის თანახმად, ყოველგვარი სიმდიდრის სისავსე გვაქვს. არ მივატოვოთ სულიერი ცხოვრება და არ გავცვალოთ ამ ამაო, მიწიერი ცხოვრების ცრუ ,,სიხარულებზე’’. ქრისტე თავის ეკლესიას მადლის სრულ სისავსეს ანიჭებს და განა ის ყოველ მწუხარე სულს არ დაატკბობს გამოუთქმელი სიტკბოებით? რომელ მწუხარეზეა საუბარი? იმ ადამიანზე, რომლის სულსაც გაივლის მწუხარების მახვილი, როდესაც ის მტკივნეულად განეშორება საკუთარი გულით ყოველგვარ მიწიერს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია ქრისტესადმი ამგვარი სიყვარულის მალევე მოხვეჭა. ეკლესია ჩვენს გულში საკუთარი სულიერი უძლურების განცდას ბადებს. ის გვახსენებს, წინასწარმეტყველ ესაიას მაგალითს, რომელმაც იხილა უფალი და ღაღად-ჰყო: ,,ვაი მე, დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ-მეთქი, ჩემმა თვალებმა კი მეუფე, ცაბაოთ უფალი იხილეს’’(ეს.6:5). საკუთარი უძლურების სიმდაბლით გაცნობიერება გვაახლოვებს ქრისტესთან და ღირსნი ვხდებით ,,სულიერი ხელებით’’ ქრისტეს მირქმისა, ისევე, როგორც მიირქვა წმინდა სვიმეონ ღმრთისმიმრქმელმა.

წმინდა წინასწარმეტყველმა ესაიამ დაიმდაბლა თავი და ხალხში საქადაგებლად გასვლის უნარი მიენიჭა. ასევე თქვენც, თუკი რომელიმე თქვენგანს უფალი მისიონერული მსახურებისთვის მოუწოდებს, ნუ შეგეშინდებათ, ღმერთს მიენდეთ: ქრისტესადმი მტკიცე რწმენისა და სიმდაბლის წყალობით, თქვენს გულს მისი მადლი მუდამ შეეხება, როგორც ესაიას ბაგეებს შეეხო ზეციური ნახშირი და თუკი მწუხარებაში იქნებით, უფალი აუცილებლად შეისმენს თქვენსას. თუკი ქრისტესა და მისი ეკლესიის გულწრფელი შვილები იქნებით, იმ სასანთლედ იქცევით, რომლის ნათელიც ბნელში ბრწყინავს. თქვენს მიერ გავრცელებულ ქრისტეს ნათელს წყვდიადი ვერაფერს დააკლებს. თქვენს სულში დაისადგურებს ისეთი მშვიდობა და სიხარული, როგორიც წმინდა სვიმეონს ჰქონდა ქრისტეს მირქმისას: ,,აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი’’. ამინ.


წყარო: http://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©