მამა ეფრემი scaled

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – მოიშორე ბილწი ფანტაზიები

შვილო, როგორც სიხარულის დროს, ისე მწუხარებისას, მუდამ ფრთხილად იყავი; ნურც სიხარულში გადახვალ ზღვარს, რაც ამჩატებასა და სიცილში გამოჩნდება; ნურც მწუხარების დროს მოიღუშები სხვათა დასანახად, რადგან სატანა გულისსიტყვებს ისარივით გვესვრის, მაგრამ არ შეუძლია გაიგოს, მიაღწიეს თუ არა გულამდე. ის, როგორც ოსტატი, ბოროტი გულისსიტყვით შემოგვიტევს და აკვირდება ჩვენს სახეს, სხეულის ყველა მოძრაობას და ამით ხვდება, თუ რამდენად დაგვაზიანა მისმა ისარმა. თუ დაინახა, რომ სული დაშავდა, უფრო მეტ ისარს დაუშენს მოსაკლავად. მაგრამ, თუ გარეგნულად შეამჩნია, რომ სული არ დაჭრილა, ცვლის ბრძოლის ტაქტიკას. როცა სიხარულშიც და მწუხარებაშიც გაწონასწორებული ხარ, ეშმაკი ზუსტად ვერ ხვდება, რა ხდება შენში და არ იცის, როგორ გებრძოლოს.

შეუპოვრად ებრძოლე, შვილო, მრავალნაირ მზაკვრულ გულისსიტყვას. შენს გულში ადგილს ნუ დაუთმობ მათ. ეს უწმინდურება სიბილწის მეტს რას დატოვებს ჩვენს გულებში? მათზე განრისხება გმართებს და იესუს ლოცვით განსვენებას მიაღწევ. ჩემო კარგო შვილო, მოიშორე ბილწი ფანტაზიები. ნუ დაუშვებ, რომ ცოცხალ სურათებად წარმოგიდგეს. რადგან ამით იწყება სულის ზნეობრივი დაცემა. ეს არის ყველა ბოროტების ძირი. შეუპოვრად შეები ბილწ წარმოდგენებს, რისხვით, ღმრთის შიშით, იესუს ლოცვის ორპირი მახვილით: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”, მტკიცედ მოუხმე, ქრისტე უხილავად შენს გვერდითაა, რომ შეგეწიოს. ”ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას”.

ხანდახან კაცი ეჭვობს, რომ მასზე ცუდი გულისსიტყვები აქვთ, ან ამასა და ამას ამბობენ. ამ ეჭვს, წმინდა მამების მიხედვით, გონისმიერი ტყუილი ეწოდება. ხოლო სიტყვიერი ტყუილია, როცა იმის ნაცვლად, რომ ვთქვა, მაგალითად, ”მაქვს ხუთი დრაქმა”, ვამბობ: ”მაქვს ათი”. ცხოვრების წესისმიერი ტყუილი კი ის არის, როცა, მაგალითად, უდებების გამო ლოცვაზე დაგვიანებით მისული, აღიარების ნაცვლად ვამბობ: ”დაღლილი ვიყავი, რადგან დღისით ბევრი ვიმუშავე!”

გამოკრებილია წიგნიდან ”მამობრივი დარიგებანი”

მთავარი ფოტო: მამა ეფრემ არიზონელის ხატი მდებარე წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)