IMG 0150

მოგონებები წმიდა სოფრონ ესექსელზე (სახაროვი) – არქიმანდრიტი ზაქარია (ზაქარუ)

მამა სოფრონთან ჩემი ყოველი შეხვედრა მოვლენა იყო, რომელიც სულიერ ცხოვრებაში ახალ ჰორიზონტებს მიხსნიდა. მეშინია მასზე საუბრის, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მას ეს არ მოეწონებოდა, რადგან მე არ ვარ მისი ღირსეული მოწაფე. მიუხედავად ამისა, მაინც შევეცდები, რომ მასზე ორიოდე სიტყვა გითხრათ.

ზაქარია ზაქარუ1
არქიმანდრიტი ზაქარია (ზაქარუ)

მამა სოფრონი მაშინ გავიცანი, როდესაც ლონდონში სტუდენტი ვიყავი და სულიერ მოძღვარს ვეძებდი. ჩვენი პირველი შეხვედრა 20 წუთი გაგრძელდა. როდესაც მონასტრიდან ლონდონში დავბრუნდი, ორი დღის განმავლობაში თვალების გახელაც კი არ მინდოდა, რომ რამე დამენახა, არც რამის მოსმენის სურვილი მქონდა, რადგან ისევ იმ მდგომარეობაში ყოფნა მინდოდა, რაც სულ რაღაც 20 წუთის განმავლობაში მამა სოფრონთან განვიცადე. მე მას მხოლოდ რამოდენიმე კითხვა დავუსვი და მისგანაც სრული განმარტება მივიღე , რამაც, საბოლოო ჯამში, ცხოვრებისეული ორიენტირი მომცა. მაშინ მონაზვნობაზე არ ვფიქრობდი, ეს დროთა განმავლობაში, ჩემი სულის საჭიროებისამებრ, თავისით მოხდა.

ჩემთვის რთულია მამა სოფრონზე საუბარი, რადგან ის დიდი მამაა, ხოლო მე მისი უღირსი და გლახაკი შვილი ვარ.

მასთან ცხოვრების 27 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება მისმა მადლით განმსჭვალულმა და ხელმწიფების მქონე სიტყვებმა მიიპყრო. ჩვენ მისი ლოცვებით აღსრულებული მრავალი სასწაული ვიხილეთ, შევეჩვიეთ ამ მოვლენას და თითქმის ყურადღებასაც აღარ ვაქცევდით, რადგან ამ ყველაფერს თავადაც არანაირ მნიშვნელობას ანიჭებდა. ის ყოველთვის უფრო აღმატებული სასწაულისკენ ისწრაფვოდა: ადამიანის გულის ღმერთთან შეერთებას. ის ამ დიად სასწაულს თავისი მადლმოსილი სიტყვებით მუდამ აღასრულებდა. მრავალი ადამიანის ხელახლა დაბადება ვიხილე, მისი ერთი სიტყვით ან თუნდაც ერთი მოკლე ხუმრობით. რადგან მისი ბაგეებიდან გამოსული სიტყვები გულიდან მომდინარეობდა და მადლის ძალით ივსებოდა. ჩვენ არ გვქონდა მასთან ოფიციალური შეხვედრები, მაგრამ, მაგალითად, ტრაპეზზე, კითხვის დროს ხდებოდა ისე, რომ მკითხველს აჩერებდა, რათა ჩვენთვის ესა თუ ის აღმოკითხული მონაკვეთი განემარტა. მისი ბაგეებიდან გამოსული სიტყვები მადლით განმსჭვალული იყო, ისეთ გავლენას ახდენდა ჩვენს გულებზე, რომ აღარ შეგვეძლო გვეჭამა რაც ჩვენს წინ იდო. ჩვენს გულებში ცოცხლდებოდა მაცხოვრის სიტყვები: “არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა.”.( მათ.4,4)

კიდევ, რამაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე იყო ის, თუ როგორ გვიღებდა მასთან პირადი საუბრის დროს. ის ჩვენ იმდენ დროს გვითმობდა, რამდენიც ჩვენთვის საჭირო იყო, ეს იქნებოდა ხუთი წუთი, ერთი საათი, თუ ორი. მასთან ყოფნის დროს, მისივე სიმდაბლის წყალობით, ჩვენს მიმართ ძალიან დიდ პატივისცემას ვგრძნობდით. ის საკუთარ თავს მუდამ ჩვენზე დაბლა აყენებდა. ეს გასაოცარი სიმდაბლე კი მის სიტყვებს კიდევ უფრო მეტ ძალას და ავტორიტეტს ანიჭებდა. მცირე საყვედურსაც კი ხმის აუმაღლებლად გვეტყოდა და ასე გვამდაბლებდა, რაც თავის მხრივ, გონების ბორკილებისგან გვათავისუფლებდა.

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საღმრთო ლიტურგიისადმი მისმა სიყვარულმა. მისთვის ლიტურგია ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო. წინა დღით ის უკვე იმაზე ფიქრობდა, რომ მეორე დღეს ლიტურგია უნდა აღესრულებინა და ეს განცდა მის მთელ არსებას ეუფლებოდა. ლიტურგია მისთვის ცოცხალი ღმერთის წინაშე წარდგომა და მასთან შეხვედრა იყო. ჩვენ გვეუბნებოდა, რომ თუ წირვაზე სათანადოდ მომზადებულნი, შიშით, სიმდაბლით და ყურადღებით ვიმსახურებთ, მაშინ უდაბნოში მოღვაწე ისიქასტების მსგავს მადლის ნაყოფებს მივიღებთ და კიდევ უფრო მეტსაც. ის ამბობდა, რომ სამოღვაწეოდ უდაბნო არ გვაქვს, მაგრამ საღმრთო ლიტურგია მუდამ ჩვენთანაა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ცოცხალ ღმერთს შევხვდეთო.

ჩვენს სულიერ ცხოვრებაში მამა სოფრონმა აქცენტი ორ მთავარ საკითხზე გააკეთა: იესუს ლოცვასა და ევქარისტიაზე. თვლიდა, რომ თუ ჩვენ ყურადღებით ვიქნებით სულიერი ცხოვრების ამ ორი უმთავრესი ასპექტის მიმართ, მაშინ უფალი ყველაფერს მოგვცემდა, რაც ჩვენი გადარჩენისთვის იქნებოდა საჭიროა. დიახ, მან ეს ჩვენი სისუსტის გამო გააკეთა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე ეფექტური გზაა ჩვენი დახმარებისთვის.

წყარო: https://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაციები შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©