000 6757

მოუხმეთ ქრისტეს სახელს! – იღუმენი ნიკონ ვორობიოვი

,,ვინ გარდაგვიგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?… რომელი იყო დიდ ფრიად’’(მარკ. 16:3-4). ვინ გადაუგორა? უფლის ბრძანებით – ანგელოზმა. იგივე ანგელოზი გადააგორებს უგრძნობელობის ლოდს თქვენი გულიდანაც, როცა ამის დრო დადგება. უგრძნობელობის, მცირედმორწმუნეობის, ეჭვების, გულგრილობის, მწუხარებების, სნეულებების, ყოველგვარი უსიამოვნებების დროს უნდა გამოვაჩინოთ ჩვენი ერთგულება უფლისადმი. საჭიროა, საკუთარი ნების ძალისხმევით განვამტკიცოთ ჩვენს თავში რწმენა, როცა იგი, ღმრთის დაშვებით, თითქმის ქრება, რათა კაცმა კვლავ და კვლავ ცხადყოს, თუ საით მიისწრაფვი და რა ურჩევნია.

არსებობს მამათა გამონათქვამი: ,,ყოველ კეთილ საქმეს ან წინ უძღვის, ან მოსდევს განსაცდელი’’. ისეთ კეთილი საქმეები კი, როგორებიცაა მთელი გულით ლოცვა და, განსაკუთრებით, ზიარება, შეუძლებელია ეშმაკის შურისძიების გარეშე დარჩეს. იგი ყოველ ღონეს ხმარობს, რათა არც ჯეროვანი ლოცვა გვაცალოს, არც ზიარება. ხოლო თუ ეს ვერ მოახერხა, მოგვიანებით ეცდება ისეთი სისაძაგლე შეგვამთხვიოს, რომ მიღებული სარგებელის კვალიც აღარ დარჩეს. ეს კარგად იცის ყველამ, ვინც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს. აი, რატომ არის საჭირო, რომ რამდენადაც ძალგვიძს, სიმდაბლით და გულის შემუსვრილებით ვევედროთ უფალს, რათა დაგვიცვას იმ მზაკვრობებისგან, რომლებითაც ეშმაკი ან უშუალოდ მოქმედებს სულზე, ან მის მორჩილებაში მყოფი ადამიანების მეშვეობით.

პირველ ყოვლისა, მთელი გულით მინდა ერთი რამ გითხრათ: საყვარელო, საბრალო, მონათესავე სულო, ჩვენ ყველანი დაცემულ სულთა სფეროში ვიმყოფებით, ყველას ცოდვით შერყვნილი და დამახინჯებული გვაქვს გულიც, ნებაც და გონებაც. ყველა ჩვენგანი ჩვენი დაცემული ბუნების მეშვეობით ვუპყრივართ ამ სულებს, ისინი გონებას გვიბნელებენ, სხვადასხვა ღმრთისაგან განმდრეკელ აზრებს ჩაგვაგონებენ, რწმენას გვირყევენ, გულს გვიბილწავენ, სიკეთის, სახარების მცნებების შესრულების ნებას თრგუნავენ ჩვენში და სამაგიეროდ, აძლიერებენ და აღაგზნებენ ცოდვისკენ მიდრეკილებას. ქვეყნად ერთადერთი იყო, ვისაც შეეძლო ეთქვა: ,,მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისა და ჩემ თანა პოოს არარა’’(ინ.14:30). ხოლო ჩვენში, ყველაში, ეშმაკს ძალიან ბევრი აქვს თავისი, და იმ ,,თავისის’’ მეშვეობით დაუღალავად გვივლენს ათასგვარ სისაძაგლეს. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ საკუთარ თავს კარგად დავაკვირდებით. მაგრამ ნუთუ ამის გამო შიში უნდა დაგვეუფლოს, მოწყინებას მივეცეთ, სულით დავეცეთ ჩვენ, ვინც თვით ღმერთისგან მივიღეთ მცნება: ,,სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა’’(ინ. 16:33)? სოფელი და ეშმაკი იძლივნენ, ჩვენთანა არს ღმერთი.

ცხადია, საკუთარი ძალით ვერაფერს გავხდებით, ვერც მტრებს განვდევნით და ვერც მათ ზემოქმედებას გადავურჩებით. მაგრამ ჩვენ ერთი დიდი ძალა გვაქვს – უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს სახელი. დაცემულ სულებს ამ საშინელი სახელის მოუკლებელი მოხმობა, რამდენადაც ეს ძალგვიძს, ფანტავს, აუძლურებს მათ, ჩვენში კი რწმენას განამტკიცებს, გულს განწმენდს, ცოდვისაგან განთავისუფლების იმედს გვინერგავს, სიკეთის ქმნის ნებას აძლიერებს ჩვენში, აღადგენს ცოდვილი ამაოებით მიწაში დამარხულ ღმრთის ხატს, მოკლედ, ახალ კაცს ზრდის. იესუ ქრისტეს სახელი, განსაკუთრებით, ხშირი ზიარების პირობებში, ის საფუარია, რომელიც აიძულებს ძველ კაცს, რომ იდუღოს და ახალ კაცად გარდაიქმნას. თუნდაც მთელი ჩვენი ცხოვრება ამაოებასა და ეშმაკის სამსახურში გვქონდეს გატარებული, თუ მეთერთმეტე ჟამს მაინც შევიგნეთ ეს, შევინანეთ და გადავწყვიტეთ მამისეულ სახლში დაბრუნება, ღმრთის უსასრული სიყვარული შეგვეგებება, მოგვიცავს, განგვწმენდს, დიდების სამოსლით შეგვმოსავს და საუკუნო სიხარულით აღგვავსებს. ,,რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე’’(ინ.6:37); ,,და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მორბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისდა და ამბორს-უყოფდა მას’’(ლკ.15:20).

შესაძლოა, ჩვენ ჯერ კიდევ შორს, ძალიან შორს ვიყოთ ქრისტესგან ჩვენი თვისებებით, ჩვენი ცოდვებით, მაგრამ რაკიღა გადავწყვიტეთ მისკენ სვლა, ის თავად მოდის ცოდვილისკენ, ყველაფერს მიუტევებს მას და შეჰყავს თავის სასუფეველში – სიყვარულისა და სიხარულის სასუფეველში…

საყვარელო, ძვირფასო, დაო! ნუ მივეცემით მოწყინებას, როცა ასეთი უფალი გვყავს. ,,ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაითა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორება საუკუნო’’(ინ. 3:16). ,,ღმერთი სიყუარული არს’’(1.ინ. 4:8). შეუძლია თუ არა სიყვარულს, გულგრილი იყოს, როცა მისი საყვარელი არსება იტანჯება და იღუპება? არსად არ თქმულა, რომ ღმერთს აქვს სიყვარული, არამედ ითქვა, რომ ,,ღმერთი სიყუარული არს’’. ამგვარად, თუ მტრები ეჭვს, შიშს, უიმედობას და ათას სხვა რამეს დათესავენ თქვენში, ნუ გაუბამთ მათ საუბარს, ზურგი აქციეთ მათ, ჯვარცმულ ქრისტეს მიაპყარით მზერა, გაიხსენეთ სახარების ყველა ის სიტყვა, სადაც განსაკუთრებით ნათლად ჩანს ღმრთის სიყვარული, მოუხმეთ უფალ იესუ ქრისტეს სახელს(უფალო იესუ ქრისტე, შემიწალე მე’’) და მტრებიც გაქრებიან.

,,არა არს ცოდვა შეუნდობელი, უკეთუ ოდენ ინანდე’’ (წმინდა ისააკ ასური). მთელი ქვეყნის ცოდვები ისე დაინთქმის ღმრთის სიყვარულის ზღვაში, როგორც წყალში ჩაგდებული კენჭი. მხოლოდ ის წარწყმდება, ვისაც თვითონ სურს წარწყმედა.


წიგნიდან: იღუმენი ნიკონი(ვორობიოვი) – ,,წერილები სულიერი ცხოვრების შესახებ’’. გამომცემლობა ,,ივერიელი’’. თბილისი 2021 წელი.

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

X