დღეს შესანიშნავი და განსაკუთრებული დღეა, რადგან ქრისტეს საყვარელი მოწაფის, წმინდა იოანე ღმრთისმეტყველის ხსენებას აღვნიშნავთ. ის იყო ზებედეს უკანასკნელი ვაჟი, იაკობის უმცროსი ძმა და ერთი ჩვეულებრივი ჭაბუკი მეთევზე, რომელსაც თევზისა და ზღვის სუნი უდიოდა. მისი ხელები თოკებისგან დაკოჟრილიყო და გალილეის ზღვაზე მთელი ღამის მღვიძარებისგან გამოფიტულიყო.
ამ ჭაბუკის გულში კი რაღაც უფრო აღმატებული აირეკლება, ვიდრე ზეცა. მისი გონება იხსნება და შეიცნობს, რომ მის წინაშე, ზღვის ნაპირთან დგას ის, ვინც ყოველგვარ შიშსა და აზრს აღემატება. ძმასთან ერთად, გალილეის მტვრიან ქუჩებში მიჰყვება ქრისტეს, რათა როგორმე ისწავლოს ის, თუ როგორ არ მოკვდეს არასდროს.
ის ქრისტეს საყვარელი მოწაფე იყო, რომელიც ყველაზე მეტად კეთილსურნელებდა თავისი ქალწულებით და რომელსაც ყოველი სასწაულის წინაშე ფართოდ გახელილი თვალები ჰქონდა. ეს მდუმარე ჭაბუკი უმზერდა იმას, თუ როგორ იხსნება ზეცა და როგორ გადმოდის მესიაზე სულიწმიდა. შემდეგ ხედავს, თუ როგორ იდევნება სიკვდილი ადამიანებისგან, ვიღაცის უსინათლო თვალებში კი ნათელი კრთება, დახშული ყურები იხსნება, რათა ისმინოს ზეციური სიტყვა, დავრდომილი ადგილზე ხტუნავს, ტირის და მადლობს ადამიანად მოსულ სიმშვიდეს. მოწაფე(იოანე) კი დუმს და უყურებს. მისი თვალები, თითქოს საღმრთო ღრუბელი იყოს, რომელიც სამყაროში მოფენილ სინათლეს უხვად იწოვს.
ის ყველგან მასწავლებლის გვერდითაა. გალაქტიკების შემოქმედის სუნთქვა ესმის, ჭამს მთელი სამყაროს გამომკვებავთან ერთად და ხელით ეხება მარადიულ ზეციურ ცეცხლს. ის იმდენად ბუნებრივი და უზაკველია, რომ მისი გული საღმრთო სიყვარულით სრულიადაა განმსჭვალული. ის ტოვებს მშობლებს, მშობლიურ მხარეს, აგდებს ბადეს და მიდის, რათა სხვები გამოკვებოს სულიერად. ყურადღებით მიაბიჯებს ქრისტეს კვალდაკვალ და ხედავს მას ზოგჯერ გაოფლილს, ზოგჯერ დაღლილს, ზოგჯერ მომღიმარს, ზოგჯერ კი ლოცვისას თვალცრემლიანს.
შემდეგ კი, თაბორის დიდებაში, წმინდა ჭაბუკი იოანე, ერთად შეკრებილ მთელ ისტორიას ჭვრეტს, მუხლმოდრეკილს ესმის მოსესა და ელიას საიდუმლო ბჭობა ღმერთთან, ხედავს მათ მოდრეკილს მის წინაშე, ვინც ადამიანისთვის სიკვდილი ინება. იოანე იმდენად შეძრული იყო, რომ არაფერს ამბობდა, თვალზე ცრემლი ეყინებოდა, გამოუთქმელი ნათლისგან შეძრწუნებული მიწაზე დაემხო და მადლის სიუხვისგან განცვიფრებულიყო. თაბორზე იხუჭება მისი ხორციელი თვალები, ხოლო სულის თვალები იხსნება და სიკვდილის მიღმა არსებული სამყარო ეცხადება.
საღმრთო სერობისას, როდესაც ქრისტემ პურის სახით საკუთარი სხეული მოგვანიჭა, იოანე, თავად კეთილსურნელოვანი სიწმინდე, არაფერს ამბობს. ყველა შფოთავს და კითხულობს, მე ხომ არ ვარ ის, ვინც ქრისტეს გასცემსო. იოანე კი არაფერს ამბობს და მთლიანად სმენად და ხედვად იქცევა. მისი ეს ერთადერთი საუკუნეებზე აღმატებული ჟესტი კი მთელ მის მარადიულ ხვედრსა და სიცოცხლეს განსაზღავს – ის თავს ქრისტეს მკერდზე აყრდნობს. ეს იყო სიყვარულის, აზვირთებული ტალღების ხმაურის დამხშობი მდუმარების უმაღლესი გამოხატულება, როდესაც მოწაფე სამყაროს შემოქმედს მკერდზე თავს ადებს და განცვიფრებული უსმენს ღმერთის წმინდა გულისცემას.
ეკლესიის ისტორია სწორედ ამ ჟესტის მიერაა დაწერილი. საუკუნეების განმავლობაში, როდესაც ეპისკოპოსები მღვდლებს აკურთხებენ, ეს უნაკასკნელნი წმინდა ტრაპეზს(რომელიც ქრისტეს განასახიერებს) მარჯვენა მხრიდან თავით ეყრდნობიან, როგორც წმინდა სიყვარულის საიდუმლო მღვდელმოქმედი იოანე მიეყრდნო ქრისტეს. ამ აქტის მიერ მღვდლობის ისტორია უხილავად იწერება. მღდვდლობა ხომ ძღვენია იმ ადამიანებისა, რომლებმაც თავიანთი უღირსი ხელები და ბაგეები ღმერთს მიუძღვნეს.
როდესაც ქრისტეს შეპრყობის შემდეგ ყველა გაიფანტება, იოანე სიმდაბლით რჩება იქ და ესმის, რომ მთელ ისტორიაზე აღმატებული რაღაც ხდებოდა.
ჯვრის ქვეშ მდგარი იოანე მწუხარებისგან ტიროდა მის გამო, ვინც ჩვენი სიყვარულისთვის თავი გაწირა. ესმის, თუ ტკივილისგან როგორ მძიმედ სუნთქავს და ოხრავს სამყაროს შემოქმედი და როგორ იტანჯება სიცოცხლის მომნიჭებელი. ხედავს, თუ როგორ მოედინება სისხლი მისი ჭრილობებიდან და იღებს საუკუნეთა განმავლობაში უდიდეს ძღვენს: მცნებას, რომ იზრუნოს მასზე, ვინც ღმერთისთვის დედამიწაზე ყველაზე წმინდა და სუფთა არსება იყო – ღმრთისმშობელზე.
სწორედ მისგან(ღმრთისმშობლისგან) შეიმეცნებს ის შესაქმის საიდუმლოებებს, მისტიკურ ღმრთისმეტყველებას, ანუ ღმერთთან მისტიკურ ურთიერთობას. აქედან მომდინარეობს მისი სახარება, რომლის სიმბოლოც არწივია. ეს არის ღმრთის საიდულმოთა უსასრულო სიღრმე და მარადიული ლოგოსის ღმრთისმეტყველება. იოანე – ეს წმინდა მებაღე, მარიამისგან, როგორც ისტორიაში უწმინდესი ყვავილისგან ზეციურ კეთილსურნელებას შეიგრძნობს, პერგამენტზე გადააქვს და მარადიულად უტოვებს კაცობრიობას.
ეს ქრისტეს კალთაზე ჩაჭიდებული მშვიდი და მდუმარე ყრმა საუკუნეთა მოძღვარი, აღდგომის წმინდა მოწმე და სიყვარულის სახარების შემდგენელი ხდება. ის წერს სიტყვებს, რომელიც ჯოჯოხეთის საფუძვლებს არყევს: ,,ღმერთი სიყვარულია’’.
მიუხედავად მისი შინაგანი სიფაქიზისა და სიმშვიდისა, თავისი სიტყვით ის სატანის ყოველგვარ მზაკვრობას ანადგურებს. პატმოსის გამოქვაბულის სიღრმეებში, ჯვარცმული მეუფის წინაშე განმარტოებული წარსდგება და მთელ სამყაროზე მის გამარჯვებას ჭვრეტს.
როგორი წმინდა და საკვირველი ადამიანის ხსენებას აღვნიშნავთ დღეს! როგორ შორს ვართ მისი გულის მდგომარეობისგან! მივეახლოთ მის სიტყვებსა და ცრემლებს, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არაა.
წყარო: https://pravoslavie.ru
სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა გადმოწერილია საიტიდან https://hkls.ru/