კურთხევა

ნათლისღება იესუ ქრისტესი – მორჩილების საიდუმლოება – არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი

უდიდესი კურთხევაა ის, რომ დღესაც მოგვეცა იორდანეზე აღსრულებული მოვლენის განცდის საშუალება, როდესაც ნაზარეთიდან მოსული უფალი იესუ იორდანეში შედის და პატიოსანი წინამორბედის მიერ ინათლება. ზუსტად ის 30 წლის იესუ, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველნი წინასწარმეტყველებდნენ, ის აღთქმული მესია, რომელსაც ყველა ელოდა. ის მოვიდა და განწმინდა იოარდეს წყლები და მთელი სამყარო, რადგან სწორედ ის არის ნათელი სოფლისა, როგორც საეკლესიო საგალობლებში ვამბობთ.

დღესაც გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ზუსტად ის იესუ და ის საღმრთო ნათელი განვიცადოთ, რომელიც განსაკუთრებით ზიარებისას შემოდის ჩვენში. ყოველ ჯერზე, როდესაც ლიტურგია აღესრულება, ახლაც მსგავსად გარდამოდის სულიწმიდა და პატიოსან ძღვენს ქრისტეს სისხლად და ხორცად გარდაქმნის.

სწორედ ეს საღმრთო განათლება უნდა ვითხოვოთ დღესაც. ზოგიერთ თქვენგანს აქვს ამის მცირედი გამოცდილება. ზოგჯერ სულის თვალები აეხილება ხოლმე ადამიანს და სხვაგვარად ხედვას იწყებს. ვისაც აქვს თავის თავში ეს საღმრთო ნათელი, ის ყოველთვის ხედავს ,,გახსნილ ზეცას’’, როგორც ეს ნათლისღებისას მოხდა. ამის შესახებ წმინდა მამები გვესაუბრებიან.

ისევე როგორც ყოველ საუფლო დღესასწაულს, დღევანდელსაც ტრიადოლოგიური, ქრისტოლოგიური და ანთროპოლოგიური ხასიათი აქვს და მთელ ქმნილებას ეხება.

W3A9759 1
არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი

ტრიადოლოგიური იმიტომაა, რომ ყოვლადწმიდა სამება იმგვარად განცხადდა, როგორც იქამდე არასდროს განცხადებულა. განცხადდა სამება ღმერთი და იქ მყოფმა წინამორბედმაც უფრო მეტი სიცხადით შეიცნო მისი სამებობა.

ქრისტოლოგიური ხასიათის იმიტომაა, რომ ამ საიდუმლოებაში მთავარი მოქმედი პირი თავად უფალი იესუ ქრისტეა, რომელიც კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ ავლენს თავის უკიდურეს სიმდაბლესა და მორჩილებას ზეციური მამის მიმართ. ეს გამოავლინა მაშინაც, როცა ის პირუტყვთა სადგომში იშვა, ახლაც, როცა იოანეს თავს უხრის და მისგან ინათლება და ჯვარზეც, როდესაც ჩვენთვის კვდებოდა. ყველგან და ყოველთვის ბრწყინავს ქრისტეს ეს ორი თვისება, რომლებიც ჩვენი გადარჩენის საფუძველი გახდა. რახან ადამი სიამაყისა და ურჩობის გამო დაეცა, ახალ ადამს სწორედ სიმდაბლითა და მორჩილებით უნდა განეკურნა და აღედგინა კაცობრიობა. ამით მან მაგალითი გვიჩვენა: ,,დაგიტევა ჴელით წერილი, რაჲთა შეუდგეთ კუალთა მისთა’’(1.პეტ.2:21).

ეს დღესასწაული ადამიანსაც ეხება, რადგან ქრისტეს მიერ ყველაფერი ადამიანისთვის აღესრულება. ქრისტე შიშველი ეფლობა წყალში, რათა აღადგინოს და უხრწნელების ახალი სამოსელით შემოსოს დაცემული ადამიანი, რომელმაც საღმრთო მადლის სამოსელი განიძარცვა. აქედან გამომდინარე, ეს საიდუმლოება ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისთვის აღესრულება. სარწმუნოების სიმბოლოშიც ხომ სწორედ ამას ვამბობთ: ,,ჩვენთვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის…’’

და ბოლოს, ეს ყველაფერი არამხოლოდ ადამიანს, არამედ მთელ სამყაროს და ყველა ქმნილებასაც ეხება, რადგანაც იორდანეში შესულმა უფალმა, მასთან განუშორებლად მყოფი მადლით განწმინდა წყალი და ბუნების ყოველი სტიქია. ამ მოვლენის მიერ, მთელ ქმნილებაზე გადმოიღვარა უქმნელი  საღმრთო მადლი. შესაბამისად, ბუნებას ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ეს საიდუმლოება აღესრულება, იქცეს ცოცხალი ღმერთის მყოფობის ნიშნად და დასტურად. ყოველ ჯერზე, როდესაც წმინდა ნათლისღება აღესრულება და წყალი განიწმინდება იმისათვის, რომ რომელიღაც ადამიანი მოინათლოს, ეს წყალი იორდანესეული კურთხევის თანაზიარი ხდება. ხდება ის წყალი, რომელიც ქრისტემ იორდანეში განწმინდა.

ჩვენ ვმადლობთ ყოვლადწმიდა სამებას და განკაცებულ და ნათელღებულ უფალს, რომელმაც ამგვარი ზებუნებრივი, ყოველგვარ გონებას აღმატებული და დიდებული საიდუმლოებებით განაგო ჩვენი გადარჩენა. ჩვენც დღეს რწმენით მივეახლებით ამ წმინდა საიდუმლოებას და ვევედრებით მას, რათა მუდამ სიმდაბლითა და მორჩილებით ცხოვრებაში დაგვეხმაროს, რათა არამხოლოდ შევიგრძნოთ ეს საიდუმლოება და სულის თვალებით ვიხილოთ, არამედ თავადაც განვიწმინდოთ და გარდავიქმნათ შინაგანად. არ დავივიწყოთ ის, რომ ყველაფერი ჩვენთვის და ჩვენი ცხონებისთვის აღესრულა.

ვაი ჩვენ, თუკი უფალმა ამგვარი სასწაული მოვლენების აღსრულებით ინება ჩვენი გადარჩენა, ჩვენ კი უარს ვიტყვით ამ ყველაფერზე. ამიტომაც, როგორც არაერთხელ შეგახსენეთ, ყოველი დღესასწაული ჩვენთვის ცოცხალ გამოცდილებად უნდა იქცეს, უნდა შეიჭრას ჩვენი სულის სიღრმეში და ქრისტესკენ მავალ გზაზე კიდევ ერთი საფეხურით წაგვწიოს წინ, რათა აღესრულოს ამ დღესასწაულთა მიზანი და ქრისტეში ჩვენი სრულყოფისა და ზრდის პროცესი დაიწყოს, როგორც ამას წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობს.

თავის შესანიშნავ საუბარში, წმინდა გრიგოლ პალამა სხვათა შორის ამბობს, რომ ჩვენი ნათლისღებით, ქრისტეს ნათლისღების თანაზიარნი ვხდებით და ამით, ის არამხოლოდ ჩვენს ბუნებას განწმენდს, არამედ ჰიპოსტასსაც, ანუ პიროვნებას.

მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანში ეს სიწმინდე რეალიზდეს, აუცილებელია ქრისტესთან თავისუფალი ნებით თანამშრომლობა. ისევე როგორც ქრისტე თავისუფალი ნებით გარდამოხდა ზეციდან, თავისუფალი ნებით აღასრულებდა ზეციური მამის მორჩილებას, თავისუფალი ნებით დამდაბლდა იოანეს წინაშე და მოინათლა, ასევე ქრისტიანიც აღივსება სულიწმიდის მადლით, როცა ის თავისუფალი ნებით თანამშრომლობს ქრისტესთან და მორჩილია ყოვლადწმიდა სამებისა, ქრისტეს ეკლესიისა და საკუთარი მოძღვრისა. ამ გზით ის ზეციური მამის შვილი ხდება.

სწორედ მორჩილების საიდუმლოება აღესრულება დღეს იორდანეს მდინარეში. თუკი უცოდველი ღმერთი ჩვენი ცხონებისთვის მორჩილებას აღასრულებდა, მაშინ მით უმეტეს ჩვენც სიხარულით უნდა აღვასრულებდეთ და წარვემატებოდეთ ამ კურთხეულ სათნოებაში, რათა გადავრჩეთ და სათნოვეყოთ ქრისტეს! ამ შემთხვევაში ჩვენც ვიქნებით უფლის ნათლისღების მადლის თანაზიარნი და გავხდებით შვილნი ნათლისა.

ვევედროთ უფალს, რათა მორჩილების შვილებად გვაქციოს არამხოლოდ ჩვენ, არამედ დედამიწაზე მცხოვრები ყოველი ადამიანი. რადგანაც ყოველი ერი, მათი მთავარნი და ხელისუფალნი ღმრთის ნების მორჩილნი რომ ყოფილიყვნენ, აღარც ომები იქნებოდა და აღარც უბედურებები. თუმცა, არავის უნდა მორჩილება, არავის! ყველას მხოლოდ საკუთარი ვნებებისა და გაუმაძღრობის მონობა სურს. სწორედ ეს არის სამყაროში ყოველგვარი ბოროტების, ომისა და კატასტროფის წყარო.

მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტეს, იყოს ჩვენ ყოველთა თანა. ამინ.


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©