111222

ნათლისღება – ღმრთის განცხადება – წმ. ნიკოლოზ სერბი

“და გამოჩნდეს დიდება უფლისაჲ და იხილოს ყოველმან ჴორცმან მაცხოვარება ღმრთისაჲ, რამეთუ უფალი იტყოდა” (ეს.40:5)

ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ აღგვითქვა უფალმა, რომ თავისი დიდებით განცხადდებოდა. ადამიანებმაც მოისმინეს ეს აღთქმა და მალევე დაივიწყეს. მაგრამ უფალს არასდროს ავიწყდება თავისი სიტყვა. მისი სიტყვები ხომ მტკიცე, შეურყეველი კლდის მსგავსია. ის შეგვპირდა, რომ მოვიდოდა და თანაც იმ დროს მოვიდა, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. იქამდე ის წინასწარმეტყველებისა და ანგელოზების მიერ გვეზრახებოდა, მაგრამ როდესაც სამყაროში ბოროტება იმდენად გაიზარდა, რომ ვერც ანგელოზი შეძლებდა თავისი ნათლით მის დამარცხებას და ვერც წინასწარმეტყველი შეამცირებდა მას თავისი სიტყვით, სწორედ მაშინ ინება უფალმა, რომ თავისი ძველი დაპირება აღესრულებინა და მიწაზე გამოჩნდა. მაგრამ როგორ? გამოუთქმელ დიდებაში? – არა, არამედ გამოუთქმელ სიმდაბლესა და მორჩილებაში. ისე, რომ გარეგნულად ანგელოზები მასზე დიდებულნი ჩანდნენ, ხოლო წინასწარმეტყველებიც მასზე აღმატებული გეგონებოდათ. როდესაც იორდანეში წინასწარმეტყველი და ქრისტე იდგნენ, იოანე უფრო შესამჩნევი იყო, ვიდრე ის. იოანე უფრო დიდებული ჩანდა, ვიდრე ჩვენი უფალი იესო ქრისტე. თავის საღმრთო დიდებას ქრისტე ორი დიდი საფარველის ქვეშ ფარავდა: თავისი სრული ადამიანური ბუნებისა და გამოუთქმელი სიმდაბლისა. სწორედ ამიტომ ვერ შეამჩნიეს და ვერ შეიცნეს ის ადამიანებმა, მაშინ, როდესაც ურიცხვ ზეციურ ძალთა მზერა მთელ ქმნილ სამყაროზე მეტად, მისკენ იყო მიმართული. ჭეშმარიტი ადამიანური სხეულითა და ჭეშმარიტი სიმდაბლით შემოსილი უფალი იესო ქრისტე გალილეიდან იოანესთან მიდის და მისგან ინათლება.

139739307 484848319575468 469369972938575478 n
წმ. ნიკოლოზ სერბი

უფლის საღმრთო დიდება მის საქმეებში განიჭვრიტება! სწორედ მათი მეშვეობით გვასწავლის ჩვენ სიმდაბლესა და მორჩილებას. ისევე როგორც მზე ღამით თვალს ეფარება და ვარსკვლავთა ბრწყინვალებას უთმობს ადგილს, როგორც ბულბული გალობისას ბუჩქში იმალება. ასევეა ქრისტე დაფარული თავისი საქმეების მიღმა.

სწორედ ქრისტე აძლევს მზეს ნათელს და მზეც დიდებულად ანათებს, ხოლო ქრისტეს ნათელი დაფარულია, ქრისტე აძლევს თავის ხმას ქუხილს და ქარიშხალს, ჩვენც გვესმის მათი ხმა, ხოლო ქრისტესი – არა.

ქრისტე აძლევს მინდვრის ყვავილებს სილამაზესა და კეთილსურნელებას, ისინიც უხვად აფრქვევენ თავიანთ სასიამოვნო არომატს, ხოლო ქრისტეს კეთილსურნელება შეუმჩნეველია.

ქრისტე აძლევს ძალას მთელს ქმნილებას. ყოველი ქმნილება კი ერთმანეთის წინაშე თავისი ძალმოსილებით ამაყობს, ქრისტეს უსაზღვრო ძალა – არ ყვირის და არ ამაყობს.

ქრისტე აძლევს ადამიანს თავის გონებას, ადამიანსაც ის თავისი საკუთრება ჰგონია, ხოლო ქრისტეს გონება მყუდროებაში, ყოველგვარი ამსოფლიური ქებისგან მოშორებით მყოფობს.

ასე გვასწავლის ქრისტე სიმდაბლეს. ის ყველაფერს თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ადამიანის განსასწავლად და გადასარჩენად აღასრულებს. დაე, შერცხვეს ადამიანს და უარჰყოს ეს უგუნური სიამაყე. დაე, არ იქადოს ადამიანმა საკუთარი თავით! დაე, დაფაროს თავისი საქმეები ქრისტეს მსგავსად, რომელიც თავისი საქმეების მიღმა იფარებოდა და რთულად შესამჩნევი და რთულად მოსასმენი გახდა.

ადამიანი ვერასდროს შეძლებს ისეთი მორჩილი იყოს, როგორიც ქრისტეა. ადამიანი ყანას თესავს და შემდეგ ტოვებს მას. ის ერთ დღეში თესავს, ხოლო უფალი ასობით დღის განმავლობაში ზრუნავს თესლზე და თანდათანობით ზრდის, სიცოცხლეს ანიჭებს და ბალახის სახით აღმოაცენებს, თანდათანობით სრულყოფილებამდე მიჰყავს, სანამ ადამიანი არ მოაკითხავს თავის ყანას მოსავლის ასაღებად.

ბარტყების გამოჩეკვის შემდეგ ყვავი ტოვებს მათ და აღარც ზრუნავს მათზე. მაგრამ უფალი იღებს საკუთარ თავზე მათზე მზრუნველობას და დღე და ღამე მორჩილად ფხიზლობს ამ პატარა ბარტყებზეც – კი. თევზებიც, ქვირითს რომ დებენ მიდიან. უფალი კი რჩება, რომ ამ ქვირითიდან პატარა თევზები გამოვიდნენ და მათ კვებასა და ზრდაზე ზრუნავს. ურიცხვი ობოლი ადამიანი თუ ცხოველი დაიღუპებოდა, ქრისტე რომ არ ზრუნავდეს მათზე. ქრისტე დღე და ღამ ფხიზლობს და გუშაგობს მთელს თავის ქმნილებას. ზრუნავს ყველასა და ყველაფერზე, ითვალისწინებს მათ საჭიროებებსა და მათ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.

რამდენადაც ღრმაა ადამიანის სინანული, იმდენად განეშორება ამასოფლის სულს და საკუთარ გულში მოიზიდავს ღმერთს.

ქრისტე ისმენს ადამიანთა ლოცვებს და აღასრულებს მათ. მუდამ მორჩილად აღასრულებს ყველაფერს, თუკი ეს ცოდვასთან არაა დაკავშირებული. ყველაზე მეტად ქრისტე მონანული და შემუსვრილი გულიდან აღმომავალ ლოცვას ისმენს. რადგან ამ სამყაროში ადამიანისთვის ცოდვისგან გათავისუფლებაზე სასარგბელო არაფერია. შედეგად ადამიანი ახალ ქმნილებად ყალიბდება, მასში ახალი სიცოცხლე შედის და მონობის მდგომარეობიდან, შვილების მდგომარეობაში მოდის. სწორედ ამიტომ, ყველა წინასწარმეტყველი სინანულს ქადაგებდა. სწორედ ამიტომაც, წმ. იოანე წინამორბედი არამარტო ქადაგებს სინანულს, არამედ სინანულის ნათლობასაც კი – აღასრულებს, რათა ადამიანებს თავიანთი სინანული ხილული სახით დაებეჭდათ და დაემოწმებინათ. რამდენადაც ღრმაა ადამიანის სინანული, იმდენად განეშორება ამასოფლის სულს და საკუთარ გულში მოიზიდავს ღმერთს.

ადამიანი ვერასდროს იქნება ისეთივე მდაბალი, როგორიც ქრისტეა. თავისი ქმნილების მიერ ის მთელს სამყაროს სიმდაბლესა და მორჩილებას ასწავლის. ის ამას თავისი უსაზღვრო სიყვარულიდან და ყველა ადამიანის გადარჩენის სურვილიდან გამომდინარე აკეთებს.

ქრისტეს მთელი მიწიერი სიცოცხლე, ბეთლემის ბაგაში შობიდან ჯვარცმამდე, ადამიანებისთვის სიმდაბლისა და მორჩილების ცოცხალი მაგალითი და გაკვეთილია.

უფალი ადამიანებს სიმდაბლისა და მორჩილების გაკვეთილებს ქმნილი სამყაროს, წინასწარმეტყველებისა და ანგელოზების მიერ უტარებდა. ხოლო როდესაც მან სრული ადამიანური ბუნება მიიღო და სხეული შეიმოსა, უფალმა იესო ქრისტემ უშუალოდ დაიწყო ადამიანის განსწავლა. ქრისტეს მთელი მიწიერი სიცოცხლე, ბეთლემის ბაგაში შობიდან ჯვარცმამდე, ადამიანებისთვის სიმდაბლისა და მორჩილების ცოცხალი მაგალითი და გაკვეთილია. სწორედ სიმდაბლის ასეთი ცოცხალი გაკვეთილია იორდანეზე მისი ნათლისღებაც.

იოანე იმ დღის გმირი იყო, ხოლო ქრისტეს არავინ იცნობდა. მაშინაც, კი როდესაც მის შესახებ წინამორბედისგან გაიგეს, ადამიანები იოანეს მასზე აღმატებულად მიიჩნევდნენ. იოანესთან მიდიოდნენ უბრალო ადამიანებიც და მეცნიერებიც, მდიდრებიც და ღარიბებიც. ის დიდებული იყო და თვალში მოგხვდებოდათ გარეგნობით, ძლიერი სიტყვითა და უდაბნოში ასკეტური ცხოვრებით. ადამიანები იოანესკენ არა იმდენად ცოდვილობის განცდისა და სინანულის გამო მიისწრაფვოდნენ, რამდენადაც ცნობისმოყვარეობის გამო, რათა უჩვეულო ადამიანის სიტყვები მოესმინათ. ამაო ცნობისმოყვარეობა! რამდენ დროს გვართმევს და სანაცვლოდ არაფერს გვაძლევს! როგორ გვახვევს ის თავის ხაფანგში და გვაიძულებს, რომ გადავდოთ ჩვენი სინანული და ამასთან ერთად, ჩვენი სულის გადარჩენაც!

ქრისტე არ იწვევს ცნობისმოყვარეობას. ის ადამიანთა შორის უჩუმრად მოაბიჯებს იორდანესკენ. იმ მომენტში, ის თითქოს არაფრით გამოირჩეოდა და არც არავინ აქცევდა მას ყურადღებას. მისი გარეგნობაც და შესამოსელიც იოანესგან განსხვავებით, არაფრით გამოირჩეოდა, არც მისი ცხოვრების წესი იყო იოანეს მსგავსად მკაცრი და ასკეტური.

ის გალილეიდან იორდანესკენ მიმავალ ადამიანთა მასას შეერია. ისინი ჭამდნენ და სვამდნენ მასთან ერთად და ისე ესაუბრებოდნენ, როგორც ერთ ჩვეულებრივ ადამიანს. დიდმა ესაიამ წინასწარ განჭვრიტა ეს და გაგვაფრთხილა: „არა არს სახე მისი, არცა დიდებაჲ, და ვიხილეთ იგი და არა აქუნდა სახე მისი, არცა სიკეთე“ (ეს. 53:2).

მაგრამ იორდანეზე შეკრებილთაგან მხოლოდ ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ის ჭეშმარიტად შეიცნო. ეს იყო თავად იოანე ნათლისმცემელი. ამ მკაცრ მეუდაბნოეს თვალები გაუბრწყინდა და წამიერად დადუმდა მისი ქუხილის მსგავსი ბაგეები, დაივიწყა ყველა და ყველაფერი. მის გარდა ვეღარავის ამჩნევდა, მიუთითა და დაამოწმა მასზე: „ესე არს ტარიგი ღმრთისა“ (ინ. 1:29).

ტარიგი ღმრთისა! წინამორბედმა ამ ორი სიტყვით გამოხატა უფალ იესო ქრისტეს სიმდაბლე და მორჩილება. ის კრავის მსგავსად მდაბალი და მორჩილია! კრავის მსგავსად მშვიდად და მდაბლად მოაბიჯებს, კრავის მსგავსად მდუმარედ და თავისი მწყემსის ერთგულად მიდის დასაკლავად. სწორედ ასე მიდიოდა ქრისტე იქ, სადაც მას ზეციური მამა მიუთითებდა: ბეთლემის ბაგაში, იორდანეზე ნათლისღებად და ბოლოს გოლგოთაზეც. ის ყველგან თანაბარი მზადყოფნითა და თავგანწირვით მიდიოდა.

სიტყვებს: ტარიგი ღმრთისა, იოანე უმატებს: „რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“. როგორ ტვირთულობს ქრისტე კაცობრიობის ცოდვებს? ერთმანეთისგან განუყოფელი სიყვარულითა და თავგანწირვით, რადგან არ არსებობს ჭეშმარიტი სიყვარული თავგანწირვის გარეშე და ვერც ჭეშმარიტი თავგანწირვა გვექნება სიყვარულის გარეშე. სწორეთ უსაზღვრო სიყვარულმა აღძრა, რომ ამ დაცემულ სამყაროში მოსულიყო და უძლური ადამიანური ბუნება მიეღო. ეს სამყარო აღარ არის ისეთი წმინდა და მშვენიერი, როგორიც ის ადამის დაცემამდე იყო. ადამის ცოდვის შემდეგ, ეს ნათელი სამყარო, ბნელი და წყვდიადით მოცული გახდა. წმინდა იყო და უწმინდური გახდა, მშვენიერი იყო და დამახინჯდა, ფაქიზი იყო და გამკაცრდა. აი ასეთ სამყაროში მოვიდა ყველაზე წმინდა, ყველაზე მშვენიერი და ყველაზე ფაქიზი! სრული ადამიანური ბუნების მიღებით ეს უხეში სამყარო „შეიმოსა და შეიერთა“ და სწორედ ასე იტვირთა კაცობრიობის ცოდვები. ამრიგად, მან პირველ რიგში, ადამიანური ბუნების მიღებით იტვირთა მთელი კაცობრიობის ცოდვები.

მეორეს მხრივ კი იმით, რომ ის მოვიდა და ადამიანთათვის მოცემული რჯული ზედმიწევნით აღასრულა. თავად მას არ ჰქონდა ამის საჭიროება, მაგრამ ის ბუნების კანონებიდან დაწყებული, ადამიანისადმი მიცემული რჯულით დამთავრებული – ყველაფერს დაემორჩილა. სწორედ ამიტომ, მას ყველა ადამიანის მსგავსად შიოდა, წყუროდა, იღლებოდა, ტკიოდა. სწორედ ამიტომ, ის მთელი 30 წლის განმავლობაში, ყველა ადამიანის მსგავსად, თანდათანობით უნდა გაზრდილიყო. სწორედ ამიტომ წინადაიცვითა, ამიტომ მოინათლა, ამიტომ დადიოდა ტაძარში ლოცვაზე და ამიტომ უხდიდა ხარკს კეისარს. მან რჯულის ყველა კანონი და განწესება მიიღო და აღასრულა.

და ბოლოს, მან კაცობრიობის ცოდვები, ჯვარზე ნებსით სიკვდილით იტვირთა. ის კრავივით დაიკლა და მრავალთა ცოდვების გამო, თავისი წმინდა, უცოდველი სისხლი დაღვარა. ჭეშმარიტად, მთელი მისი მიწიერი სიცოცხლე მსხვერპლი და სიყვარული იყო! მსხვერპლია ადამიანური ბუნების მიღებაც, მსხვერპლია რჯულის მორჩილებაც და ბოლოს, მსხვერპლი და საბოლოო ბეჭედია ჯვარზე მისი სიკვდილი. მან გვიჩვენა ცოდვის მთელი საშინელებაც და ღმრთის სიყვარულის უსაზღვრო სიდიადეც.

როდესაც უფალი ამ სამყაროში შემოვიდა და ხორცი შეისხა, ამ მოვლენას საოცარი თანმხლები გამოვლინებები მოჰყვა: უჩვეულო ვარსკვლავის გამოჩენა, მიწაზე ანგელოზთა გარდამოსვლა და მათ მიერ უბრალო მწყემსთა ხარება და ღმერთკაცისადმი ბრძენ მოგვთა თავყვანისცემა. ამას მოჰყვა ჰეროდეს მიერ ყრმათა მოწყვეტა და ქრისტეს ლტოლვა ბნელ ეგვიპტეში.

იორდანეზე ქრისტეს ნათლობასაც მოჰყვა ბუნების უჩვეულო მოვლენა. გარდამოცემით ვიცით, რომ იორდანემ უკუსვლა დაიწყო. შემდეგ, ზეციური მამის ხმა გაისმა და სულიწმიდა მტრედის სახით გამოჩნდა. კაცობრიობამ ეს თავისი წარმომადგენლის, იოანე ნათლისმცემლის მიერ შეიგრძნო და დაინახა. ამას მოჰყვა ქრისტეს ორმოცდღიანი მარხვა და დემონური საცდურების წყვდიადი და საშინელება.

მაშინ, როდესაც ქრისტემ მთელი თავისი ხორციელი ტანჯვა ჯვარზე სიკვდილით დაბეჭდა, მთელი ქმნილი სამყარო შეიძრა, მზე დაბნელდა, კლდეები ჩამოიშალა, საფლავები გაიხსნა. ცოცხლებმაც და მკვდრებმაც შეიგრძნეს გოლგოთაზე ქრისტეს მსხვერპლის შემაძრწუნებელი სიდიადე. წარმართებმა და ავაზაკებმა იწამეს ძე ღმერთი, მკვდრები გამოჩნდნენ იერუსალიმის ქუჩებში და ამ ყველაფერს მოჰყვა წყვდიადი და სიჩუმე, რის შემდეგადაც დადგა საბოლოო განთიადი, საბოლოო გამარჯვება და აღდგომა!

ამრიგად, ქრისტეს ცხოვრებიდან სწორედ ეს სამი მოვლენა გვაძლევს საღმრთო სიმდაბლისა და საღმრთო მორჩილების ყველაზე ნათელ მაგალითს. სამივე მოვლენას ახლავს ზეციური სიხარული და ამავდროულად, ვხედავთ ადამიანური ბოროტებისა და დემონური საცდურების საშინელებას. სამივე შემთხვევაში ქრისტემ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა: შობის შემდეგ ჰეროდეზე, ნათლობის შემდეგ თავად სატანაზე, ჯვარცმის შემდეგ კი სიკვდილზე. იორდანეზე ქრისტეს ნათლისღებას, წმინდა მათე მახარებელი ასე აღწერს:

„ქრისტე გალილეიდან იოანესთან მიდის და ნათელს იღებს. მანამდე იოანე აჩერებს მას და ეუბნება: წესით მე უნდა ვიღებდე შენგან ნათელს და შენ ჩემთან მოდიხარ? იოანემ ქრისტე შეიცნო, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ შეეცნო ქრისტეს გეგმა ადამიანთა გამოხსნისა. სწორედ იმ წამებში, კაცობრიობის ისტორიაში ერთადერთი და ყველაზე უნიკალური შემთხვევა მოხდა: ღმერთი ადამიანს სიმდაბლეში „ეჯიბრება!“ იოანე ცოდვილებზე აღასრულებდა სინანულის ნათლობას და უეცრად მასთან მოდის ის, ვისაც არანაირი ცოდვა არ აქვს, სამყაროში ყველაზე წმინდა არსება და მისგან ითხოვს ნათლისღებას. იოანე მის გარშემომყოფ მოკვდავ ადამიანებზე სულიერად გაცილებით ძლიერი იყო და ქრისტეში მასზე უძლიერესი შეიცნო. სანამ შეხვდებოდა და თვალით დაინახავდა, იოანემ უკვე იცოდა, რომ ის უკვე სამყაროში იყო შემოსული და ადამიანთა შორის იმყოფებოდა და ამბობდა: „ხოლო შორის თქუენსა დგას, რომელი თქუენ არა იცით“ (ინ.1:26). როგორც კი ქრისტეს პირისპირ აღმოჩნდა, იოანემ შეიცნო ის და მასზე მიუთითა: „ესე არს ტარიგი ღმრთისა“. მისი დანახვისას, იოანეს შეიძლება ეფიქრა, რომ მისი მისია, როგორც წინამორბედისა უკვე დასრულდა და მართალი სვიმეონის მსგავსად ეთქვა: „აწ განუტევე მონა შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა, მშვიდობით“. მაგრამ არა. ქრისტე მას მოულოდნელი დავალების წინაშე აყენებს. ცოდვილ ადამიანებთან შეერთებული ქრისტე იოანესგან მოითხოვს იმას, რომ მასზეც აღასრულოს ის, რასაც სხვებზე აღასრულებდა“.

იოანეს გაკვირვება სრულიად გასაგებია. ძმებო! როგორი შემაძრწუნებელია წყალში წყალზე უწმინდესის შეყვანა! შემაძრწუნებელზე შემაძრწუნებელია ქმნილების მიერ, თავისი შემოქმედის თავზე ხელის შეხება! როგორი კადნიერება ეძლევა ადამიანს – მიწას და ნაცარს, თავზე ხელი დაადოს მას, ვის წინაშეც ქერუბიმნიც კი ძრწიან!

ქრისტე იოანესთან მოკლე, მაგრამ მტკიცე სიტყვით ასრულებს საუბარს და ეუბნება: „აცადე აწ, რამეთუ ესრეთ შუენის ჩუენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე“. თითქოს ამ ყველაფრით ქრისტემ თქვა: „ახლა არ არის დრო ჩემს ღირსებაზე საუბრისა და თუ ვინ არის უძლიერესი ჩვენს შორის. ეს დღე, ამისთვის არაა. დღეს, რაღაც სხვა უნდა მოხდეს. მოვა დრო და განცხადდება ის, რასაც შენ ამბობ. ადამიანებს ხომ ვერ ვასწავლით იმას, რაც თავად არ განგვიცდია და აღგვისრულებია. ისე ვინ ირწმუნებს ჩვენსას? მაშინ რითი განვსხვავდებით რჯულისმეცნიერებისა და მწიგნობრებისაგან, რომლებიც ასწავლიან, მაგრამ შესაბამისად არ ცხოვრობენ? რჯული ზედმიწევნით უნდა აღვასრულო, რათა მას უფრო აღმატებული, სულიერი არსი და მნიშვნელობა მივანიჭო. ამიტომაც, ჯერ არს, რომ უპირველესად წყლით ნათელვიღო, რათა შემდეგ თავად მოვნათლო კაცობრიობა სულიწმიდითა და ცეცხლით. ის, რაც ახლა გაუგებარია შენთვის, მალე გასაგები გახდება“’.

იოანე თავდაპირველად შეშინდა, ხოლო ახლა კი უკვე ემორჩილება აღთქმულ მესიას. ზეცამ ჭეშმარიტად აკურთხა იოანეს ხელით აღსრულებული ნათლობა.

ქრისტე იმისთვის კი არ ეფლობა წყალში, რათა საკუთარი თავი განწმინდოს, არამედ რათა სიმბოლურად დანთქას ძველი კაცი. წყალში შთაფვლით, მან აზრობრივად გაიმეორა ნოეს დროინდელი წარღვნა და წითელ ზღვაში ფარაონისა და მისი ჯარის განადგურება. წარღვნისას უკიდურესად ცოდვილი კაცობრიობა დაინთქა, ხოლო წითელ ზღვაში კი ცოცხალი ღმერთის მტერი – ფარაონი. ქრისტემ ადამიანთა ცოდვები საკუთარ თავზე აიღო და საკუთარი სურვილით, ცოდვილი ადამიანის მაგივრად ჩაეფლო წყალში. საკუთარი ნებით მიიღო დანთქმული ფარაონის ხვედრი და წყალში ჩასვლით თითქოს საფლავში დადო თავისი სხეული. ამით მან მდუმარედ გვასწავლა ის, რაც შემდგომში ნიკოდიმოსს უთხრა: „ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ“ (ინ. 3:3). ახალი, ზეციური ქმნილება მხოლოდ ის შეიძლება გახდეს, ვინც საკუთარ თავში ძველ კაცს მოაკვდინებს. ვინც დაინთქმება როგორც ხორციელი ადამიანი და აღდგება როგორც სულიერი ადამიანი. ვინც მოაკვდინებს სიამაყეს, ურჩობას, ეგოიზმსა და ყოველგვარ უწმინდურებას და ააღორძინებს სიმდაბლეს, სიმშვიდეს, მორჩილებასა და სიყვარულს. ის, ვინც საკუთარი თავისთვის მოკვდება, ქრისტესთვის გაცოცხლდება. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, უნდა მივსდიოთ ქრისტეს მაგალითს. წმ. ბასილი დიდი ამბობს: „სანამ ახალი სიცოცხლე დაიწყებოდეს, საჭიროა ძველს ბოლო მოუღო“. ო, რაოდენ მნიშვნელოვანი და მრავლის მასწავლებელია ქრისტეს ნათლისღება! მხოლოდ ღმრთის უსაზღვრო სიბრძნეს შეეძლო ამ ყველაფერის ამგვარად მოწყობა და აღსრულება. მხოლოდ აწმყოში წარსულისა და მომავლის მჭვრეტელ უსაზღვრო სიბრძნეს შეეძლო, რომ კაცობრიობის ისტორიის დასასწყისი და დასასრული ასე დაეკავშირებინა და ქრისტეს წყალში შთაფლვისა და ცოდვილი კაცობრიობის წარღვნის კავშირი გამოეჩინა. მხოლოდ ამ გამოუთქმელ სიბრძნეს შეუძლია, რომ ერთი მოვლენით, ერთი ქმედებით, ერთი ნიშნით იმაზე მეტი გამოთქვას, ვიდრე ნებისმიერ ადამიანურ სამეტყველო ენას. რადგანაც იორდანეში ქრისტეს ნათლისღება ჩვენი გამოხსნის ხატია. ნათელღებული იესო როგორც კი წყლიდან გამოვიდა, ზეცა გაიხსნა და იოანემ მტრედის სახით ქრისტეზე გარდამომავალი სულიწმიდა იხილა. გაისმა ზეციური მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“. სულიწმიდა ქრისტეზე მაშინ კი არ გარდამოვიდა, როდესაც ის წყალში იყო, არამედ მაშინ, როდესაც ის წყლიდან გამოვიდა. ამით ღმრთის სიბრძნეს იმის ჩვენება უნდა, რომ ჯერ კიდევ ცოდვისთვის ცოცხალ და ღმრთისათვის მკვდარ ადამიანზე სულიწმიდა არ გარდამოდის. ის მხოლოდ იმ ადამიანის გულში მკვიდრდება, ვინც ცოდვისთვის მოკვდა, ქრისტესთვის გაცოცხლდა და ახალ ქმნილებად იქცა.

ქრისტეა წარღვნის დასასრული და მშვიდობის დასაწყისი.

სულიწმიდა ქრისტეს თავზე მტრედის სახით გარდამოვიდა (ეს იმიტომ მოხდა, რომ არავის ეფიქრა, რომ თითქოს მამის სიტყვა იოანეს მიემართებოდა და არა ქრისტეს. ნეტარი იერონიმე), სულიწმიდა მტრედად კი არ იქცა, ისევე როგორც ქრისტე – ადამიანად, არამედ ეს იყო მხოლოდ სახე, მსგავსება მტრედისა. ეს იმას ნიშნავს, რომ სულიწმიდა შეიძლება სხვადასხვა სახით განცხადდეს. ჭეშმარიტად, როგორც საქმე მოციქულთაში ვკითხულობთ, ის მოწაფეებს განეცხადა, როგორც ცეცხლის ენები და ძლიერი ქარი (საქმ. 2:2). ამრიგად, სულიწმიდა კონკრეტული მოვლენის შესაბამისი სახით ცხადდება. მისი თითოეული სახე გვიჩვენებს მის სიწმინდესა და მოქმედებას, ადამიანის გულში კი ბადებს სულიერ სითბოსა და სიწმინდეს. იორდანეზე ნათლობისას სულიწმიდა მტრედის სახით გამოჩნდა, ხოლო მოციქულთა ნათლობისას ცეცხლისა და ქარის. ამით ნაჩვენებია განსხვავება იოანეს ნათლისღებასა და ქრისტეს ნათლისღებას შორის. იოანეს, ანუ წყლით ნათლისღება ადამიანებს მტრედის მსგავსად მშვიდ და წმინდა არსებად აქცევს. ხოლო ქრისტეს ნათლისღება ადამიანებს ძლიერ და ცეცხლოვან არსებებად. მტრედის სახით სულიწმიდის გარდამოსვლას წმინდა მამების სიტყვით, ნოეს მიერ კიდობნიდან სამგზის გაშვებულ მტრედს გვაგონებს, რომლის დახმარებითაც იმის გარკვევა სურდა დაიწია თუ არა წყალმა და გამოჩნდა თუ არა ხმელეთი. როდესაც ეს მტრედი დაბრუნდა, ნისკარტში ზეთისხილის რტო ჰქონდა, რაც ღმერთსა და ადამიანს შორის მშვიდობის სიმბოლოა. ახლა კი, წყალში სიმბოლურად ძველი კაცის დანთქმის შემდეგ, ქრისტეზე სულიწმიდა მტრედის სახით გარდამოვიდა, რათა ამით ეჩვენებინა, რომ ახლა უკვე დასრულდა წარღვნა და ადამიანსა და ღმერთს შორის მშვიდობა დამყარდა. მაგრამ ამ შემთხვევაში რატომ არ მოაქვს მტრედს ნისკარტით ზეთისხილის რტო? რადგანაც მის ნაცვლად, იქ ხომ უფალი იესო ქრისტე – თავად განხორციელებული მშვიდობა იდგა. ის არის სწორედ ზეთისხილის რტო, ქრისტეა წარღვნის დასასრული და მშვიდობის დასაწყისი.

ზეცა განიხვნა, სულიწმიდა გარდამოვიდა და ზეციური მამის ხმაც გაისმა! იმდენად დიდია ქრისტეს ნათლისღების მნიშვნელობა, რომ ამ მოვლენისას ანგელოზები კი არ გამოჩნდნენ, არამედ თავად ყოვლადწმიდა სამება: მამა, ძე და სულიწმიდა განცხადდა! ზეციური მამის ხმა, სულიწმიდა მტრედის სახით და ძე, როგორც ახალი და სრულყოფილი ადამიანი, როგორც ღმერთკაცი.

„ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“ – ამ სიტყვებით განაცხადებს ზეციური მამა თავის ძეს – იესოს. ამ სიტყვებით აღსრულდება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი მთავარანგელოზ გაბრიელის ნათქვამი: „ძე მაღლის ეწოდოს“ (ლკ.1:32). მამა მას საყვარელ ძეს უწოდებს, რადგან ის არის ერთადერთი მარადშობილი ძე ღმრთისა და ერთადერთი დროში შობილი ძე.

ამ სიტყვებით თავისი ძის მიმართ მამობრივი სიყვარულის გამოხატულება ძლიერდება. მამას და ძეს შორის არსებული მარადიული კავშირი და ურთიერთსიყვარული არ შესუსტებულა იმით, რომ ძემ უძლური ადამიანური ბუნება მიიღო და ამ ცოდვილ სამყაროში მოვიდა.

ამრიგად, იორდანეზე ქრისტეს ნათლისღება ყოვლადწმიდა სამების განცხადებასთანაა დაკავშირებული. არ არსებობს ამაზე დიდი გამოცხადება! რადგანაც მის მიერ განგვეცხადა ღმრთების სამპიროვნება. ქრისტემ იორდანეზე მთელს ხილულ და უხილავ სამყაროში არსებულ ამ უდიდეს საიდუმლოებას ახადა ფარდა. იმიტომ იწოდება ეს დღესასწაული როგორც ღმრთის განცხადება, რომ იორდანეზე სამყაროს შემოქმედი ღმერთი განცხადდა ისეთი, როგორიც არის და რამდენადაც ამის დატევნა ადამიანს შეუძლია. ამ დღესასწაულს ეწოდება განათლებაც, რადგანაც ის ადამიანის სულს ღმრთის საიდუმლოებათა შეცნობის მადლით ანათლებს. ასევე იმიტომ, რომ ქრისტეს ნათლისღება ჩვენი გონების განათლებასთან ერთად, განწმენდს ჩვენს გულს და განგვიცხადებს ჩვენი გამოხსნის გზას, რომელიც ძველი კაცის მოკვდინებასა და ახალი ადამიანის დაბადებაში მდგომარეობს.

ისინი, ვინც დღე და ღამ საკუთარი სულის გადარჩენაზე ზრუნავენ და ქრისტეს ეძებენ, სრული სიმდაბლისა და მორჩილების მეშვეობით ღირსნი ხდებიან ღმრთის უდიდეს საიდუმლოთა შეცნობისა.

ყველაფერი, რაც ქრისტეს ნათლისღებისას აღსრულდა, აღსრულდება თითოეული ჩვენგანის ნათლობისას. წყალში შთაფვლით ჩვენ ქრისტესთან ერთად ვკვდებით, ხოლო წყლიდან ამოსვლით ჩვენ უკვე ცოცხალ ქრისტეს ვუერთდებით. მშვიდი სულიწმიდა კი ჩვენს თავზე გარდამოდის და ჩვენს გულში შემოდის. მამა კი იესო ქრისტეს სიყვარულით საკუთარ შვილებად გვხდის და თავისი ხმით ამოწმებს ამ სიდიადეს. ვინ იცის რა ხდება ნათლობისას თითოეული ყრმის სულში? ცოდვებითა და ვნებებით დაბნელებულებს გვავიწყდება ეს ზეციური საიდუმლოება. ნათლობის შემდეგ, მოდის ეშმაკის საცდურები, რომლებიც ქრისტემ დაამარცხა, მაგრამ ვერ ვამარცხებთ ჩვენ. მაგრამ ისინი, ვინც დღე და ღამ საკუთარი სულის გადარჩენაზე ზრუნავენ და ქრისტეს ეძებენ, სრული სიმდაბლისა და მორჩილების მეშვეობით ღირსნი ხდებიან ღმრთის უდიდეს საიდუმლოთა შეცნობისა. არსებობს ნათლისღების მესამე სახეც. პირველი იყო – იოანეს, წყლით ნათლისღება, მეორე – ქრისტესი – სულიწმიდითა და ცეცხლით, ხოლო მესამე – ეს არის მოწამეობრივი ნათლისღება – სისხლით. ქრისტეს მოწამეები, რომლებიც ქრისტესთვის სისხლს ღვრიდნენ, ჭვრეტდნენ იორდანესიულ საიდუმლოებას და ამ ნათლისღების მეშვეობით მათთვის ღმერთი განცხადდებოდა. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი პირველმოწამე სტეფანეს სიკვდილია: „ხოლო იგი სავსე იყო სულითა წმიდითა, ახედნა ცად და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესო, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა. და თქუა: აჰა-ესერა ვხედავ ცათა განხუმულთა და ძესა კაცისასა, მარჯუენით ღმრთისა მდგომარესა. ხოლო მათ ჴმითა მაღლითა ღაღად-ყვეს და ჴელნი ყურთა შეისხნეს და მიჰმართეს ერთბამად მის ზედა; და განიყვანეს გარეშე ქალაქსა და ქვასა დაჰკრებდეს. და მკლველნი იგი დასდებდეს სამოსელსა მათსა ფერჴთა თანა ჭაბუკისა ვისთამე, რომელსა სახელი ერქუა სავლე. და ქვასა დაჰკრებდეს სტეფანეს. ხოლო იგი ილოცვიდა და იტყოდა: უფალო იესო ქრისტე, შეივედრე სული ჩემი. დაიდგინა მუჴლნი და ჴმითა დიდითა თქუა: უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას. და ესე ვითარცა თქუა, დაიძინა“ (საქმ. 7:55-60).

ვიშრომოთ ჩვენს მტკიცე რწმენით, სიხარულსა და მწუხარებაში ძმური თანაგრძნობით, სიმდაბლით და ცოცხალი ღმერთისადმი მორჩილებით, რათა ავაღორძინოთ ჩვენში ის უცოდველი სიწმინდე, რომელიც ნათლისღებისას შევიმოსეთ. მაშინ ჩვენც ვეღირსებით ქრისტეს მოწამეთა დიდებას, გამოუთქმელ სიხარულსა და ნეტარებას. ასე ჩვენშიც შემოვა ქრისტეს ნათელი, ჩვენთვის ზეცა გაიხსნება, განგვეცხადება მამა, ძე და სულიწმიდა, სამება ერთარსება და განუყოფელი, რომელსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

წყარო: http://pravoslavie.ru

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •