DSC 0028

ნაყოფნი ზიარებისა და მართლმადიდებლობა – წმინდა იოანე კრონშტადტელი

,,ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილნეთ ცანი განხუმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისასა’’(ინ. 1:51).

ჩემო საყვარელო დანო და ძმანო, გილოცავთ სულიერ განახლებას, რომელიც, ღვთის წყალობით, ლოცვის, მარხვისა და სინანულის ღვაწლით, განსაკუთრებით კი, ქრისტეს ცხოველსმყოფელი სისხლისა და ხორცის ზიარებით მიიღეთ. ამ მცირე დროში, ჩვენ შევიცანით მარხვისა და ლოცვის სარგებელი, რომ არაფერი ვთქვათ აღსარებასა და ზიარებაზე, რასაკვირველია, თუ ეს დრო გულწრფელად ჩვენი სულის საცხონებლად გამოვიყენეთ და მარხვის წინაპირობები ღირსეულად აღვასრულეთ; თუ სმა-ჭამისას ზედმეტობათაგან ვიკავებდით თავს, ნამდვილად ვეძებდით ქრისტეს, თავს ვიმდაბლებდით ღვთისა და მოყვასის წინაშე, ვავლენდით გულმოწყალებას, შევიცანით საკუთარი დაცემანი, მტკიცედ შევინანეთ და მივიღეთ ურყევი გადაწყვეტილება, რომ მათ აღარ დავუბრუნდებით და ბოლოს, ქრისტეს ვეზიარეთ. მაგრამ, ნუთუ თითოეულმა ჩვენგანმა მიიღო ნამდვილი სარგებელი გასული კვირისგან? ჩვენი გული უფრო მეტად დაუახლოვდა ქრისტეს? გულწრფელად შევიყვარეთ სიმართლე და სათნოება, და მოვიძულეთ ყოველგვარი სიცრუე და უსჯულოება? გულწრფელად გვიყვარს თუ არა ქრისტე და ადამიანი? ვგრძნობთ თუ არა ერთმანეთთან უფრო მეტ სულიერ სიახლოვეს, როგორც ქრისტეს სხეულის ნაწილნი? ,,რამეთუ ერთ პურ და ერთ ჴორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს’’(1.კორ.10:17). ვგრძნობთ თუ არა გულით, რომ ვნებათა ნაკადი ისეთივე თავხედობითა და ძალადობით აღარ მოედინება ჩვენში, როგორც – ზიარებამდე? მნიშვნელოვნად შეწყდა თუ არა ის ჩვენში? გავხდით კი მეტად წმიდა, თავისუფალი, მშვიდი, უვნებო, გულმოწყალე, მდაბალი და ყოველგვარი სიკეთისადმი მიდრეკილი? შემცირდა თუ არა ჩვენში სიხარბე ხორციელი სიამოვნებებისა და ანგარების მიმართ? გავხდით თუ არა უფრო მომთმენი და სულგრძელი მოყვასის მიმართ? ჩვენი გონება უფრო ხშირად ზეცას, ჩვენს ჭეშმარიტ და მარადიულ სამშობლოს უმზერს, თუ წარმავალ, დროებით და მიწიერს შეჰყურებს? ნახეთ, ამ მცირე დროში რამდენი ადამიანი წარიტაცა სიკვდილმა, მას ხომ მუდამ მიაქვს თავისი წილი. თუ ასე შევიცვალეთ და უკეთესი და კეთილგონიერი გავხდით, მაშინ კიდევ ერთხელ გილოცავთ და თქვენთან ერთად ვულოცავ საკუთარ თავსაც. ვევედრები უფალს, განამტკიცოს ჩვენი გულის ეს კეთილი განწყობა; დაე, არცერთი ჩვენგანი არ აცდუნოს მზაკვარმა გულისსიტყვამ, რათა ცოდვათა ტვირთისაგან გათავისუფლებულებმა, კვლავ ისე არ გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც ადრე, კვლავ იმგვარად არ ვცოდოთ, როგორც ადრე, უცოდველი ხომ არავინაა! მართალია, ძმებო და დებო, უცოდველი არავინაა, მაგრამ ზიარებითა და სინანულით განახლების შემდეგ წარსულ ცხოვრებას აღარ უნდა დავუბრუნდეთ. საღი აზრიც ხომ ამას გვკარნახობს, რომელ ახლად განბანილს მოუნდება განგებ წუმპეში ამოგანგვლა? მხოლოდ: ,,ძაღლი მიექცა ნათხევარსა თჳსსა და ღორი ინწუბა სანგორელსა მწჳრისასა’’(2.პეტ. 2:22). ,,აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ’’(ინ. 5:14), ეუბნება უფალი განკურნებულ განრღვეულს.  შესაძლოა, საშინელი რამ შეგვემთხვეს, თუკი სინანულის შემდგომ გულმოდგინედ არ ვიშრომებთ სათნოებებში;  შესაძლოა, ამგვარი უყურადღებობისა და გულგრილობის გამო ღმრთის მადლმა დაგვტოვოს. სინანული და ზიარება ხსნის ზეცას, რადგან თავად უფალი ამბობს: ,,ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნედეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა’’(ინ. 6:53-54).

როგორ არ გავუფრთხილდეთ ამ უძვირფასეს ძღვენს, მარადიულ სიცოცხლესა და ჩვენს გულში ქრისტეს მყოფობას?! ევქარისტიის მეშვეობით ზეცა გვეხსნება: ,,ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილნეთ ცანი განხუმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისასა’’(ინ. 1:51). რა საკვირველი წყალობაა! ჩვენი ცოდვების გამო ცა  უმტკიცესი ურდულებით იყო დახშული, ხოლო სინანულის მეშვეობით კვლავ გაიხსნა. გამოვიყენოთ ეს წყალობა, რადგან, ღმერთმა იცის, თუკი ნებით შევცოდავთ, შესაძლოა სამუდამოდ დახშული დარჩეს. მრავალთათვის ხომ სამუდამოდ დაიკეტა. უგუნური ქალწულნი ამ დახშულ კარზე რეკდნენ და მოუმხობდნენ: ,,უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ!’’, უფალმა უპასუხა: ,,ამენ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ’’; ხოლო თითოეული ჩვენგანის მიმართ ითქვა: ,,იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს’’(მთ. 25:11-13).

,,იხილა რაჲ იესუ ნათანაელ, მომავალი მისა, და თქუა მისთჳს: აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს’’(ინ. 1:47).ეს ითქვა ნათანაელის შესახებ. ,,მიუგო იესუ და ჰრქუა მას: პირველ ფილიპეს ჴმობადმდე შენდა, იყავ რაჲ ლეღუსა ქუეშე, გიხილე შენ’’(ინ. 1:48). ამით ქრისტემ თითქოს უთხრა, ვიცოდი შენი ზრახვა და რწმენა, მესიის მოლოდინი და შენი მომავალი მსახურებაცო. როგორც ჩანს, გულთამხილავი ქრისტე მისი გულის ყველაზე ცოცხალ სიმებს, მის ყველაზე ღრმა საფიქრალს, სურვილსა და მოლოდინს შეეხო და ამით საკუთარი საღმრთო ყოვლისმცოდნეობა განუცხადა; ნათანაელმა კი ირწმუნა ქრისტე და აღმოთქვა: ,, რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ’’(ინ. 1:49). შემდგომში ნათანაელი, ერთ-ერთი თორმეტთაგანი, მოციქული გახდა და ბართლომე ეწოდა.

მაგრამ ამ კვირას, რომელსაც მართლმადიდებლობის კვირიაკეს ვუწოდებთ, რატომ იკითხება სახარების ეს საკითხავი, რომელშიც ქრისტესა და ნათანაელის საუბარია გადმოცემული? იმ მიზეზით, რომ უფლის სიტყვებმა  მოგვცა სახე ჭეშმარიტი ქრისტიანისა და საერთოდ ქრისტეს ეკლესიისა. ,,აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს’’, ანუ, აი, ადამიანი, რომელიც სწორად, პირდაპირ და მტკიცედ აზროვნებს, განსჯის, სწამს, ამბობს და მოქმედებს, ნათანაელმა ხომ მყისვე ირწმუნა ქრისტე, როგორც ძე ღმრთისა და მას შემდეგ აღარასდროს შერყევია რწმენა, არასდროს შეუცვლია აზრი, რომ ქრისტე ღმერთია. განა ასეთი არ უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი? განა ასეთი არ უნდა იყოს მართლმადიდებელ ქრისტიანთა ერთობა? როგორ ამაღლებულად აქებს გულთამეცნიერი უფალი ნათანაელს! სწორედ ასეთები არიან წმინდანები და ასეთია მართლმადიდებელი ეკლესია მისი დასაბამიდან დღემდე. მოციქულის სიტყვის თანახმად, ის არის: ,,ეკლესიაჲ ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ’’(1.ტიმ. 3:15). ,,წარუდგინოს თავადმან თავსა თჳსსა დიდებულად ეკლესიაჲ, რაჲთა არა აქუნდეს მწინკულევანებაჲ არცა ნაოჭ ბრძჳლისა, არცა სხუაჲ რაჲ ესე-ვითარი, არამედ რაჲთა იყოს წმიდა და უბიწო’’(ეფ. 5:27).


წყარო: azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©