received 1590713451134512

ნეტარია ის, ვინც იესუს ლოცვა შეიყვარა – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი

იესუს ლოცვას ყველასთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უკლებლივ ყველას მოუწოდებს პავლე მოციქული: ‘’მარადის გიხაროდენ, მოუკლებლად ილოცევდით’’(1 თეს.5:16-17). ჭეშმარიტად ნეტარია ის ადამიანი, ვინც იესუს ლოცვა შეიყვარა, რადგან ასეთი ადამიანის გულში თანდათანობით დიდი ნუგეში და გამოუთქმელი სიხარული დაიბადება.  იესუს ლოცვის პირველი ნაყოფი სწორედაც რომ სიხარულია.

აუცილებლად საჭიროა, რომ იესუს ლოცვის შესახებ აქტიურად ვიქადაგოთ, გავავრცელოთ, ვასწავლოთ და ვურჩიოთ ყველას. მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ თავად ვშრომობდეთ მასში. თუ მოძღვარი იესუს ლოცვის შესახებ საუბრობს, მაგრამ მას არ აქვს ამ ღვაწლის პრაქტიკული გამოცდილება, მაშინ მის სიტყვებს ძალა არ ექნება და ცარიელი იქნება. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ადამიანისთვის მარტივი და სასარგებლო იქნება, რომ გონებაში მუდამ ეს სიტყვები ჰქონდეს: ‘’უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’.

ჩვენი საძმოს პირადი ლოცვითი კანონი შემდეგნაირია: ჯერ საკუთარი სიტყვებით ვლოცულობთ, ანუ ჩვენი გულის სათქმელს გადავშლით ქრისტეს წინაშე, შემდეგ მცირედი საკითხავი, რომელსაც უკვე მოებმის იესუს ლოცვა. ყველაზე დიდი ყურადღება სწორედ იესუს ლოცვას ეთმობა.

ჩვენი მონასტრის ტიპიკონში კიდევ ერთი ტრადიცია გვავს. საძმოს რამდენიმე წევრი და მათ შორის მეც, როდესაც მონასტერში ვარ, საღამოს 9 საათზე მონასტრის ერთ რომელიმე ტაძარში ვიკრიბებით და დაახლოებით 09:45-მდე ერთობლივად ვლოცულობთ იესუს ლოცვას. ყოველდღიურად დაახლოებით 30-მდე მონაზონი რიგრიგობით წარმოთქვამს იესუს ლოცვას და ასე ერთობლივად ვშრომობთ ამ კურთხეულ საქმიანობაში.

აუცილებელია, რომ ქრისტიანი ცოდვის მიზეზებს განეშორებოდეს. მაგრამ გულის განწმენდისთვის არამხოლოდ ცოდვის მიზეზებისგან გაქცევაა საჭირო, არამედ ვნებებისგან აზრობრივი განშორებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ეშმაკი და ჩვენში არსებული ვნებები მუდამ აღძრავენ ჩვენს გონებაში სიამეთმოყვარეობის ზრახვებს და სწორედ ამიტომ, საჭიროა, რომ გონება მუდამ სიფხიზლისა და ყურადღების მდგომარეობაში იმყოფებოდეს, რათა მუდამ ყურადღებით იყოს ასეთი სულიერი შემოტევებისას. რა თქმა უნდა, ეს არ არის ადვილი და საკმაოდ მძიმეცაა სულიერი ბრძოლა.

ამ ბრძოლაში გონებას მუდმივი სინანულის განწყობა და ქრისტეს სახელის მოუკლებელი მოხმობა, ანუ იესუს ლოცვა განამტკიცებს: ‘’უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’. პავლე მოციქული ამბობს: ‘’ არავის ჴელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა’’.(1.კორ. 12:3). აქედან გამომდინარე, ქრისტეს სახელის ყოველი მოხმობისას ჩვენთან სულიწმიდაა და სადაც ის მოქმედებს, იქ უკვე აღარ რჩება ადგილი არანაირ ვნებას და მანკიერებას. იესუს ლოცვა და გონების დაცვა გულის სიწმინდეს შობს და შედეგად, ქრისტიანის გულში სიწმინდის კეთილსურნელოვანი ყვავილი გაუფურჩქნება.

მორჩილებისა და სინანულით განმსჭვალული იესუს ლოცვის წყალობით გული განიწმინდება. ეს არის სულიერი თესვის მრავალწლიანი პერიოდი, რომელსაც უკანდაუხეველი სულიერი ბრძოლის შემთხვევაში, სათნოებათა მოსავლის აღება მოჰყვება.

გულისთქმებს სულიერი სიფხიზლითა და ლოცვით „უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე“ უნდა ვებრძოლოთ. წმიდა იოანე სინელი „კიბე ანუ კლემაქსში“ შემდეგზე ამახვილებს ყურადღებას „იესუ ქრისტეს სახელით შეებრძოლე უხილავ მტრებს“. მტრები – ჩვენი ვნებებია, ხოლო ცოდვილი გულისთქმები კი – დემონები. თუკი, ეს ლოცვა გულის შემუსვრილებით იქნება წარმოთქმული, არ არსებობს მასზე უფრო მეტი შედეგის მომცემი სხვა ხერხი.

თუკი ვხედავთ, რომ რომელიმე გულისთქმა ჯიუტობს და ჩვენი მცდელობისა და ლოცვის მიუხედავად, მოსვენებას არ გვაძლევს, მაშინ კარგი იქნება, მოძღვარს გულს გავუხსნით და აღსარებაში ვიტყვით. აღსარება სიმდაბლის გამოვლინების და მოხვეჭის საშუალებაა. ხოლო უფალი „მდაბალთა მოსცის მადლი“ (იაკ. 4,6). სირცხვილი, რომელიც აღსარების დროს ამ ცოდვილი გულისთქმის გამო გვეუფლება ჩვენი სულიერი მოძღვრის წინაშე ვაღიაროთ და ქრისტე აუცილებლად გაგვათავისუფლებს მათი მძლავრებისგან.

როდესაც უგულვებელვყობთ იმ ბოროტ გულისთქმების, რომელთაც ჩვენში ეშმაკი თესავს, ამით მას ვაიძულებთ, რომ გაიქცეს, რადგან ეშმაკი ამაყია, მას სურს, რომ იზრუნონ მასზე, მასთან ერთად იმოქმედონ და სულაც არ უყვარს, როდესაც მის მიმართ ზიზღს განიცდიან.

თუკი, შეგიძლიათ ამგვარად იმოქმედოთ, ეს გზა ყველაზე უფრო ნაკლებ მსხვერპლს მოითხოვს, როგორც ამას წმიდა პორფირი კავსოკალივიელი ამბობდა. შევევედროთ უფალს, რომ მოგვმადლოს მშვიდობა, სიხარული, იესუ ქრისტეს სიყვარული და ყურადღებას ნუ მივაქცევთ ჩვენს ბიწიერ თავს, ჩვენს ვნებებსა და ცოდვილ გულისთქმებს. დაე, მთელი ჩვენი არსი, იესუ ქრისტესკენ მივმართოთ და მისი წყალობა ვითხოვოთ. ამგვარად, ნელ-ნელა, ისე, რომ თავადაც ვერ მივხვდებით, განვიწმინდებით, გაგვშორდება თავისი სურვილებითა და ფიქრებით ის ძველი ადამიანი, რომელიც გვაწუხებდა და შევიმოსებით ახლით, „ღმრთისა მიერ დაბადებული სიმართლითა და სიწმიდითა ჭეშმარიტებისაჲთა“ (ეფესელთა მიმართ ეპ. 4, 24).

წყარო: http://Pemptousia.ru

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •