000 4653

ოჯახური ცხოვრების ხელოვნება და ურთიერთმორჩილება – ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

,, ასევე ცოლებიც დაემორჩილეთ ქმრებს, რათა თვით ისინიც კი, რომელნიც ეურჩებიან სიტყვას, შეძენილ იქნენ თავიანთი ცოლების ქცევით, სიტყვის გარეშე, როცა იხილავენ თქვენს უბიწო და ღვთისმოშიშ ქცევას’’(1.პეტ.3:1-2).

წმინდა წერილში არაერთ ადგილას ვკითხულობთ, რომ ცოლები ქმრებს უნდა დაემორჩილონ. ახალ აღთქმაშიც გვაქვს ეს ცნობილი სწავლება, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. ასევე იმასაც ვამბობთ, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორნი არიან. როგორ შევათავსოთ ერთმანეთთან ეს ორი დებულება?

პირველ რიგში, წმინდა წერილში, პავლე მოციქული ამბობს: ,, არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ’’(გალ.3:28). არ არსებობს განსხვავება არც ბერძენსა და ბარბაროსს შორის, არც მონასა და თავისუფალს შორის და არც ქალსა და მამაკაცს შორის. ჩვენ ყველანი ერთნი ვართ ქრისტეს წინაშე. აი სწორედ ეს იქნება ჩვენი მსჯელობის ამოსავალი წერტილი.

ადამსა და ევას საერთო მიზანი ჰქონდათ. მათი ცხოვრების მთავარი საზრისი ღმერთთან ცოცხალი კავშირი იყო და ევა ამ საქმეში ადამის მთავარი დამხმარე უნდა ყოფილიყო. ახალი აღთქმა არის მადლის პერიოდი, სადაც არ არსებობს განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის, ქრისტეს წინაშე ყველანი ერთნი ვართ და ყველას საერთო მიზანი –  ქრისტესთან ცოცხალი კავშირია.

წმინდა მოციქული პეტრე იმასაც განმარტავს, თუ რას გულისხმობს ამ მორჩილებაში: ცოლები ქმრებს იმიტომ კი არ უნდა დაემორჩილონ, რომ ისინი სუსტები არიან, არა. არამედ იმ ქმრები, რომლებსაც ჯერ არ შეუძენიათ რწმენა, მათი მეუღლეების წმინდა და სათნო ცხოვრების შეხედვისას, განსაკუთრებული ქადაგების გარეშეც კი გასჩენოდათ სურვილი, რომ მათაც ასე ეცხოვრათ. როდესაც ცოლი ცდილობს, რომ ქმრისთვის იცხოვროს, ხოლო ქმარი – ცოლისთვის, ითვალისწინებენ ერთმანეთის საჭიროებებს, მაშინ ისინი ერთნი არიან ისე, რომ არ ბატონობენ ერთმანეთზე.

,,და, თქვენც, ქმრებო, სათუთად მოეპყარით ცოლებს, როგორც უმყიფეს ჭურჭელს, და პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეთ, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ’’(1.პეტ.3:7). ამას მოციქული იმიტომ წერდა, რომ როგორც ჩანს, მაშინაც ქმრები მუტრუკები იყვნენ და არ ესმოდათ, რას ნიშნავს ცოლთან ცხოვრება და ამ სიტყებით პავლე მოციქული სწორედ იმას უსვამს ხაზს, რომ ცოლთან ურთიერთობა – დიდი ხელოვნებაა.

იცინეთ, რამდენიც გნებავთ! თუ რაიმე კითხვა გაქვთ, მზად ვარ მოგისმინოთ!

ხედავთ, რას ამბობს პავლე მოციქული? პატივი ეცით მდედრობით სქესს! პატივი ეცითო, ასე თქვა, აი რას აქვს მნიშვნელობა. ის კი არ უთქვამს, რომ მთავარია კაბები უყიდოთ და სილამაზის სალონებში ატაროთო, არა!

აი, შეხედეთ ნამდვილი თანასწორობა, რომელიც სწორედ ქრისტემ შემოიტანა და დაასრულა იმ ეპოქაში გაბატონებული დამოკიდებულება მდედრობითი სქესის მიმართ. მოდის სახარება და აღამაღლებს ქალს და აღარ განასხვავებს მდედრობით და მამრობით სქესს. რა თქმა უნდა, სქესის მახასიათებლები არ ქრება, მაგრამ ქრიტეს წინაშე ყველანი ერთნი ვართ. კაცი რჩება კაცად, ქალი კი ქალად, ყველა თავის მახასიათებელსა და ფსიქოსომატურ ინდივიდუალურობას ინარჩუნებს.

მამაკაცი თავისებურად ფიქრობს, ცხოვრობს და მოქმედებს, მას განსხვავებული ფსიქოლოგია და ემოციური სამყარო აქვს, ქალს კი სხვა. ვერც ქალი იქცევად კაცად და ვერც კაცი ქალად. არ გამოვა ეს. მათი ფსიქოსომატიკა ვერ შეიცვლება.

ოჯახში ძალიან ძლიერ ტრავმები იწყება იმის გამო, რომ მამაკაცს არ შეუძლია გაიგოს, თუ რას ფიქრობს ქალი. აქ გვაქვს ყველაზე დიდი პრობლემა, რადგან ჩვენ მამაკაცები, უფრო უხეშად ვაზროვნებთ. ასეთები ვართ, ეს ღმერთის ბრალი კი არ არის, უბრალოდ უხეშები ვართ.

მამაკაცს წარმოდგენაც არ აქვს, თუ როგორი სიფაქიზით უნდა მოეპყრას თავის მეუღლეს და რა დონეზე იზრუნოს მასზე. მართლაც, ოჯახებში სწორედ აქედან იწყება პრობლემები. ქმარმა არ იცის, როგორ მოექცეს მეუღლეს. როდესაც მისი გულის დაპყრობა უნდა, უფაქიზესი ხდება, მზადაა, რომ ხალიჩასავით წინ გაეგოს და გათელოს მისმა გულის სწორმა, თაფლივით ტკბება და სულ ლამაზ სიტყვებს ამბობს, მაგრამ ეს ყველაფერი ყველაზე დიდი ქორწილამდე გრძელდება. როგორც კი ქორწინდებიან, ეს დამოკიდებულებაც მთავრდება და როგორც არასაჭირო ნივთს, ისე იშორებს მას!

ის ამბობს:

– რამდენჯერ ვილაპარაკეთ ამაზე! მეტი რაღა გითხრა? სერიოზულები ვიყოთ! უკვე რამდენი ხანია გავიზარდეთ, შვილები გვყავს, გადაბმულად ვმუშაობ ეს დღეები, დაღლილ-დაქანცული ვბრუნდები და შენ გგონია იმის თავი მაქვს, რომ გაქო და გადიდო იმის გამო, რომ ახალი ვარცხნილობა გაქვს, სახლი დაალაგე, ტორტი გააკეთე და ა.შ?

კარგი, არ ეუბნება, ნუ ეუბნება კარგ სიტყვებს, მაგრამ ამის გამო ის აუცილებლად იწვნევს! ის აუცილებლად აგებს პასუხს თავისი მდუმარების გამო! დაიწყება ბუზღუნი, ხან ერთი რაღაცის გამო, ხან მეორე, ხან წვრილმანების გამო. ცოლიც იტყვის:

– ჩემი არ გესმის! შენი მონა და მსახური კი არ ვარ! არავის ესმის ჩემი!

ეს ყველაფერი ჩახვეული აუდიოკასეტასავით დაუსრულებლად გაგრძელდება. რა მოხდა, უთხარი შენს მეუღლეს რამდენიმე ტკბილი სიტყვა, შეაქე და პატივი ეცი. ამისკენ მოგვიწოდებს პეტრე მოციქული.

რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდნენ მოციქულები და ეკლესიის მამები ადამიანს! გასაგებია, პეტრე მოციქული დაქორწინებული იყო და გამოცდილებაც ჰქონდა, მაგრამ პავლე მოციქულს ოჯახი არ ჰყოლია. ის მოღვაწეებიც, რომლებსაც ათობით წლები თვალითაც კი არ უნახავთ ქალი, თავიანთ წერილებში ამ თემებზე ძალიან მკაფიოდ და ზუსტად წერდნენ.

არ იცი როგორ მოექცე ცოლს? განა აზრად არ მოგდის, რომ ისეთი სიტყვები უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იყოს? უნდა იყო ფაქიზი, პატივი სცე, შეაქო ხოლმე, თბილად მოექცე, შეამჩნიო ყველაფერი, რასაც შენთვის აკეთებს და ისიც კი უთხრა, რომ გემრიელად მოგიმზადა საჭმელი. მაგალითად, უთხარი, რომ ეს საჭმელი, რაც დღეს მოგიმზადა ძალიან კარგი იყო და მისი თანდასწრებით არ არის საჭირო შეაქო დედაშენი, შენი და, თანამშრომელი გოგო და ა.შ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ვხრუმრობთ თან, მაგრამ ასეა ზუსტად.

და ცოლები რატომ უნდა დაემორჩილონ ქმრებს? იმიტომ, რომ ქმარს თავისი მეუღლის გვერდში დგომა სჭირდება. მას ბევრი არ სჭირდება. მას სურს, რომ მეუღლე გვერდში ედგას და სწორედ ეს არის ის, რაც მას ანუგეშებს. ანუ ცოლი ქმარს უნდა ანუგეშებდეს. რას ნიშნავს ნუგეში? ეს არის სახლში მყოფობის მდგომარეობა, როცა მიდიხარ, კარგ სავარძელში მოთავსდები, მოდუნდები და იტყვი: ,,რა კარგია! როგორც იქნა დავისვენებ’’. აი ასე უნდა იყოს ცოლი ქმრისთვის.

როდესაც ქმარი სახლში მოდის და ცოლს ეუბნება, იცი დღეს ეს გავაკეთეო, მეუღლემ არავითარ შემთხვევაში ეჭვქვეშ არ უნდა დააყენოს ეს. როგორც კი ეჭვს გამოხატავ,  ჩათვალე, რომ იმ წამსვე წყალს ასხავ იმ ცეცხლს, რომელიც მასში უნდა ანთებულიყო და შენ გაეთბე. თუ ეჭვი გეპარება და ხელს კრავ ასე: ,,ნუ კარგი, აბა რა გააკეთე? სერიოზულად არავინ აღგიქვამს! ყველა შენ დაგცინის,  ფულის გამოყენება შენ არ იცი, არაფერი შენ არ გამოგდის!’’ ასე თუ დაელაპარაკები, ყველაფრი დამთავრდება. გაიყინება შინაგანად და შენც აღარაფერს გაგიზიარებს ხოლმე. როცა სახლში დაბრუნდება და ჰკითხავ: ,,როგორაა საქმეები?’’ კარგადო გეტყვის და ხმას აღარ ამოიღებს. ასე რომ ქმარი ცოლისგან გვერდში დგომას ელოდება.

ასე მოიპოვებ მორჩილებით შენს ქმარს, ისე, რომ მონობა სულაც არაა საჭირო. მას ღირსება აქვს და თუ გითხრა:

– წამო, ათენში გავისეირნოთ!

თუ უპასუხებ:

– კარგი რა, გუშინწინ არ ვიყავით? რამდენჯერ უნდა წავიდეთ, ხომ გითხარი, რომ არ მინდა იქ!

თუ ასე უხეშად მოიშორებ და არ გამოავლენ მცირედ დათმობას, მაშინ ისიც აღარაფერს შემოგთავაზებს ხოლმე და გეტყვის:

– კარგი, იჯექი მაშინ გამოკეტილი!


სხვა საქმეა, როდესაც რაღაცას გეტყის და შენც უპასუხებ: ,,კარგი, დიდი სიამოვნებით!’’, მაგალითად გეუბნება: ,,აი რაღაც ეს კერძი მომინდა!’’ – შენც უპასუხე: ,,სიამოვნებით მოგიმზადებ!’’, შეიძლება არც უპასუხო და ისე მოუმზადო.

უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ მოვექცეთ მეორე ადამიანს. ქმარმა უნდა იცოდეს, როგორ მოექცეს ცოლს და ცოლმა უნდა იცოდეს, როგორ მოექცეს ქმარს. ამაშია ცოლ-ქმრობის დიდი ხელოვნება. ვინც ეს ისწავლა, საკუთარი თავი იპოვა, ებრძოლა ეგოიზმს და სხვა ადამიანთან მოქცევის ხელოვნებას დაეუფლა, ის თავის ოჯახურ ცხოვრებას მშვენივრად გაატარებს, სულიერ ნუგეშს მიიღებს და პეტრე მოციქულის თანახმად, ლოცვაში დაბრკოლება არ ექნება. მის გულში საღმრთო მადლი დაიმკვიდრებს და ლოცვა არ გაუჭირდება.

ხშირად მოდიან ხოლმე ქალბატონები და გვეუბნებიან:

– ძალიან მიჭირს იმის გამო, რომ ჩემი ქმარი ტაძარში არ დადის! – ან: – ურწმუნოა! – ან: მეჩხუბება ხოლმე და რა ვუთხრა, რომ ეკლესიაში მოვიდეს?

რა უნდა უთხრა? არაფრის თქმა არ არის საჭირო, შენი ქმედებით უჩვენე, რომ ეკლესია გეხმარება, რომ ის კარგ მეუღლედ გაქცევს, გაძლევს იმის უნარს, რომ ანუგეშო, პატივი სცე და შთააგონო. შენს ქმარს ფრთები უნდა შეასხა. როდესაც ბავშვი პატარაა, ის ელოდება, რომ დედა შეასხამს ფრთებს და როცა იზრდება, ამას უკვე მეუღლისგან ელის. ეს ასეა, ასე ფუნქციონირებს მამაკაცის ფსიქოლოგია. თუ ასე მოიქცევი, აღარ იქნება საჭირო ქადაგებები. ის ნელ-ნელა თვითონ მოვა, შეიყვარებს ეკლესიას და დაიწყებს სულიერ ცხოვრებას.

მრავალი შემთხვევა ვიცი, როდესაც ქმარი ეკლესიაში არ დადიოდა, მაგრამ ამბობდა:

– ჩემი ცოლი ეკლესიაში დადის და ძალიან კარგი დედა და დიასახლისი გახდა. ძალიან კარგია მართლაც.

ამჩნევ, როგორ უხარია და როგორ ტრაბახობს ამით სხვების წინაშე. როდესაც ეკლესიური ხარ და მაინც მწარე ენა გაქვს, კაპრიზები გაქვს, ღიზიანდები და სულ ბრაზობ, შენთან დალაპარაკება აღარავის მოუნდება, რადგან არავის ანგარიშს არ უწევ და არაფრად აგდებ შენს ქმარს. როცა ასეთს გხედავს, გიჟი ხომ არაა, რომ ეკლესიაში სიარულის სურვილი გაუჩნდეს? არ მოვა და გეტყვის:

– აი რომ დაიწყე ეკლესიაში სიარული, რა შეიცვალა შენში? უფრო უარესი გახდი, ვიდრე იყავი!

რამდენი ასეთი შემთხვევა ყოფილა! ყოფილან საშუალო ასაკის ქალბატონები, რომლებსაც ეკლესიის სახელით ტრაგიკული შეცდომები დაუშვიათ. ქმარი ეუბნება:

– წამო, ექსკურსიაზე წავიდეთ!

ის პასუხობს:

– ჯერ მოძღვარს ვკითხავ!

ღირსი არ არის ეხლა, რომ მოძღვარმა ერთი კარგად დატუქსოს? განა შეიძლება ქმარს ასე უპასუხო?

ასე არ შეიძლება. არ შეიძლება მასთან ასე საუბარი. უპასუხე ნორმალურად და თუ რაიმე სერიოზული მიზეზია, მხოლოდ მაშინ ჰკითხე მოძღვარს რჩევა. ისწავლე ქმართან სწორი ურთიერთობა.

თუ რაიმეს გთხოვს, გააკეთე, ანუგეშე და არ ეძებო რაღაც რელიგიური მიზეზები იმისთვის, რომ ისე მოიქცე, როგორც შენ გინდა. ეკლესია მსგავს არაფერს ასწავლის. იცით, ადამიანები ხშირად ეკლესიას ამოფარებულნი, ძალიან სერიოზულ პრობლემებს ქმნიან ოჯახში. ეს ხდება ცოლ-ქმრული ურთიერთობების შემთხვევაშიც, როდესაც ცოლი თავს იკავებს და ათას მიზეზს იტყვის ხოლმე:

– არა, ეხლა დღესასწაულია! უნდა ვეზიარო! ვმარხულობ! ტაძართან ახლოს უნდა ჩავიარო!

ათასი მიზეზი. განა ბუნებრივი არ არის, რომ ქმარი ზურგს აქცევს ეკლესიას? ეკლესია მსგავს არაფერს ასწავლის, შენ გამოიგონე ეს ყველაფერი.

ეს ეხება ქმარსაც. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცოლის უგულვებელყოფა, არ შეიძლება არ მიაქციო მას ყურადღება იმ მიზეზით, რომ თითქოს სულიერი საქმეებით ხარ დაკავებული. არ შეიძლება სახლში მიხვიდე და მეუღლეს უთხრა:

– მოდი, სახლში აღარ ვილაპარაკოთ, ამაოდმეტყველებით რომ არ შევცოდოთ!

იცით, რას ნიშნავს ,,ამაოდმეტყველება?’’ ზედმეტი სიტყვებისგან თავშეკავებას. თუ მონაზონი ხარ, კარგი, ეგრეც უნდა მოიქცე, მაგრამ სახლში თუ ეგრე გააკეთე, ცოლს დაკარგავ.

ან ქმარი თუ ამბობს:

– მე არ ვაქებ ჩემს ცოლს, სიამაყეში რომ არ ჩავარდეს!

კარგი, არ შეაქო, მაგრამ სხვა შეაქებს და მერე პრობლემები გექნება. ვერ ხვდები, რომ მას გამხნევება სჭირდება? თუ ასე არ მოიქეცი, როგორ მოიპოვებ შენს მეუღლეს? ან რატომ დაუშვი ის, რომ თითქოს თავში აუვარდება?

ესეთი საქციელები სულიერ გაუწონასწორებლობაზე მეტყველებს და ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის. ეს ქრისტეს სულისგან ძალიან უცხოა.

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ცოლი ქმარს უნდა დაემორჩილოს, ჩვენ ვგულისხმობთ იმგვარ მორჩლებას, როგორიც ქრისტემ გამოავლინა ზეციური მამის მიმართ. ის მას სიყვარულის გამო დაემორჩილა. იმისათვის, რომ მე სხვა ადამიანი შევიძინო, სიყვარულით ვემორჩილები მას.

როცა სხვა ადამიანთან ურთიერთობა მსურს და მეუბნება:

– კალამს ვერ მომცემ?

მეც უნდა ვუპასუხო:

– რა თქმა უნდა, აიღე! ორს მოგცემ თუ გინდა! ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მისი სიყვარული მოვიხვეჭო და არა იმიტომ, რომ მონა ვარ. ან თუ რაღაცას მთხოვს:

– ერთ თხოვნას ვერ შემისრულებ?

– რა თქმა უნდა, სიამოვნებით!

ერთია, როცა ეტყვი: ,,ნუ კარგი, გავაკეთებ, მაგრამ ჯერ დავფიქრდები’’ – და მეორე: ,,დიდი სიხარულით!’’ ეს უკვე სულ სხვაა. ეს არის ის მორჩილება, რომელზეც მოციქული საუბრობს.


წყარო: http://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©