mama xarlampi 2

იღუმენ ხარლამპე ათონელის შესახებ

მამა ხარლამპე გულმოდგინედ ასრულებდა თავისი დიდი მოძღვრის კურთხევას და ყოველღამე საღვთო ლიტურგიას აღასრულებდა. როგორც ბრძანებს მისი სულიერი შვილი იოსებ დიონისელი: თავისი უდიდესი მოსაგრეობის ნაყოფად მამა ხარლამპემ შეიცნო ის სულიერი მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ უდიდეს წმინდანთა ცხოვრებაში წაგვიკითხავს. ბაბილონის სახმილივით ხურდა და არ იწვოდა მისი გული. მთელი ცხოვრება დაამახსოვრდა ის განგრძობილი ღამისთევის ლოცვები, როცა გაფაქიზებული სულიერი თვალებით ცხადად ჭვრეტდა ღმრთაებრივ საიდუმლოებას და მას, ვინც იყო შემწირველი და შეწირული წმინდა ტრაპეზზე. ამ ხილვებისას მამა ხარლამპე სულით აღიტაცებოდა. ხელები უჩერდებოდა, სიტყვები ბაგეზე ეყინებოდა და თვალთაგან ნაკადად მოედინებოდა ცრემლი.

წირვა ძალზე გრძელდებოდა. როცა წარმოთქვამდა: “შიშითა ღვთისათა და სარწმუნოებით მოვედით”, თვითონვე განიცდიდა ამ შიშს. გრძნობდა თავის უღირსობას, ცხად სიახლოვეს ხორციელქმნილი ღმრთის სიტყვისა, რომელიც საიდუმლო ჭამად და სმად მის ხელთაგან მიეწოდებოდა თანამოტრაპეზეებს.

მკაცრი მარხვა, მეტანიები. ორმოცდაათი წლისაც კი ყოველდღიურად მოძღვრის კურთხევით ათას დიდ მეტანიას ასრულებდა. მერე კი ღამისთევის ლოცვას სკვნილზე ჩამოილოცავდა, რომლის დროსაც არასოდეს ჯდებოდა და სვეტივით იყო აღმართული. ამ დროს მან ბევრი ზებუნებრივი მდგომარეობა, ხშირად გონება გულში ჩაეშვებოდა და ერთი მთლიანობა ხდებოდა. როცა ამგვარ მდგომარეობას აღწერდა, მამა ხარლამპე ამბობდა: “როცა ძლიერი მაგნიტი მიიზიდავს რკინას, როგორიც უნდა ეცადო, ვერ შეძლებ მის მოგლეჯას. ასევე, როცა გონება გულში პოვებს სავანეს, დატკბება, აღფრთოვანდება და იმდენად მიეზიდება, რომ ამ მომენტში ვინც უნდა დაგიძახოს, ანდა კარზე დაგიკაკუნოს, ყველაფერი გესმის, მაგრამ მოწყვეტა არ ძალგიძს. ასეთი მდგომარეობა იმდენ ხანს გრძელდება, რამდენსაც ღმერთი კეთილინებებს.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ