efrem arizoneli 6

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – ლოცვა ლოცვით იშვება

თუკი ღამით ლოცულობ, დღისით კი დაუდევრად ცხოვრობ, ეს იგივეა, რომ ერთდროულად აშენებდე და თან ანგრევდე. შეუძლებელია ღმერთმა მუდამ მოუვლინოს მადლი იმ გულს, რომელიც ზღვარს არ უდებს გულისთქმებს და იმ გონებას, რომელიც უმიზნო ხეტიალისგან თავის თავში დაბრუნებას არცკი ფიქრობს. უფალი თავიდან მადლს გვიბოძებს, რომ შეგვეწიოს, აღგვადგინოს, სულის საცნობელნი დაგვიტკბოს, თავისკენ მიგვიზიდოს. მაგრამ თუ ჩვენც არ გავისარჯეთ, მადლი არ იმოქმედებს და განგვეშორება. ”მადა ჭამაში მოდისო” და ლოცვაც ლოცვით იშვება.

თუ დაუშვებ, რომ შენს უდებებასა და სიზარმაცეში ენაცვლებოდეს ერთმანეთს დღე და ღამე, სულ მალე უკიდურეს ზარმაცად გადაიქცევი. მცირედ გაისარჯე, ძმაო ლოცვასა და მღვიძარებაში და ნახავ, რომ შენს გულში სიხარული იფეთქებს და ნათელი ამობრწინდება შენი გონების ცის კამარაზე. ისეთი სიხარული კი არა, სანამ მოასწრებ მისით გახარებას რომ უჩინარდება, არამედ ტკბილი მხიარულება, როგორც ანგელოზთა სიტკბოება, როგორც იმქვეყნიური დაუღამებელი ნათელი, რომელსაც ქრისტე, ნათელი სოფლისა, ლოცვით შემოსული მოგანიჭებს ჯერ კიდევ ამ სოფლიდან გასვლამდე. განა ასე არ ხდებოდა მამებთან და რატომ არ შეიძლება მოხდეს ჩვენთანაც, თუკი ჩვენი მცირედმორწმუნეობა და უდებება არ გახდება ამისთვის დაბრკოლება?

ადამიანის გული ზებუნებრივ, ბუნებრივ და ბუნების საწინააღმდეგო მოძრაობათა ცენტრია. ყველაფერი გულიდან იღებს სათავეს და თუ ადამიანის გული განიწმინდება, ის ღმერთს იხილავს. მაგრამ როგორ ვიხილავთღმერთს? განა ღმერთი ანთროპომორფულია? ადამიანის სახე აქვს? არა! ღმერთი უხილავია, ის სულია, მაგრამ შეუძლია გამეფდეს ადამიანის გულში, როცა ის გახდება ჭურჭელი, რომელიც მის დატევნას შეძლებს. იმისთვის, რომ ღმერთი დაიტიოს ადამიანის გულმა, ის უწმინდური გულისსიტყვებისგან უნდა განიწმინდოს. გული რომ განიწმინდოს, მასში წამალმა უნდა შეაღწიოს. ეს წამალი კი ლოცვაა.

წიგნიდან ”მამობრივი დარიგებანი”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ