The Ladder of Divine Ascent Monastery of St Catherine Sinai 12th century

წმინდა იოანე სინელი – ვისაც სიყვარულზე სიტყვის თქმა სურს, მას ღმერთზე მსჯელობა გაუბედავს

ვისაც სიყვარულზე სიტყვის თქმა სურს, მას ღმერთზე მსჯელობა გაუბედავს; ღმერთზე მსჯელობა კი დიდი საცდურია უკრძალველთათვის.

„ღმერთი სიყვარული არს“ (1 იოანე 4; 8). ვისაც მისი საზღვრის გამოთქმა მოუწადინებია, იგი ბრმაა და ფსკერზე ქვიშას ითვლის.
სიყვარული თავისი ბუნებით ღვთის მსგავსებაა, რამდენადაც ეს ადამიანისთვისაა შესაძლებელი და ხელმისაწვდომი; საქმით ის სიკეთით სულიერი თრობაა, ხოლო გარეგნულად სარწმუნოების წყარო, მოთმინების უფსკრული და თავმდაბლობის ზღვა არის.
სიყვარული ყოველგვარი წინააღმდგომი აზრისგან განშორებაა, რადგან „სიყვარული ბოროტსა არა იგონებს“ (1 კორ. 13; 5).
სიყვარული, უვნებობა და ღვთის შვილობა მხოლოდ სახელით განსხვავდება ერთმანეთისგან; სინამდვილეში კი ერთია, ისევე, როგორც ცეცხლი, ალი და სინათლე.
რამდენადაც სიყვარული კლებულობს, იმდენად მრავლდება შიში. ვისაც შიში არ აქვს, ის ან სიყვარულითაა სავსე, ან სულიერადაა მკვდარი.

ჩვილ ყრმას დედისკენ ისეთი ლტოლვა არ აქვს, როგორც სიყვარულის შვილს – უფლისკენ.
როცა ვინმეს მიმართ ძლიერი სიყვარული და ტრფიალება აქვთ, გამუდმებით სატრფოს სახის დანახვაზე ოცნებობენ და შინაგან ტკბობას განიცდიან. ძილშიც კი არ უნელდებათ მისი სურვილი და სატრფოს ხედავენ. ასე ხდება ხორციელი თუ უხორცო სიყვარულის დროს.
მავანი ამგვარი სიყვარულით დასნეულდა და საოცარი სიტყვები თქვა: „მძინავს ხორციელი ბუნებისგან გამომდინარე, მაგრამ გული ჩემი ფხიზლობს დიდი სიყვარულისა მიზეზით“.

ღვთის შიშის აღორძინება სიყვარულის დასაბამია, ხოლო სრულყოფილი სიყვარული – ღვთისმეტყველების დასაწყისისა.
ვინც მთელი თავისი გრძნობებით ღმერთთანაა შეერთებული, მას ღვთის სიტყვის საიდუმლო უსწავლია; სხვაგვარად წარმოუდგენელია ღმერთზე საუბარი.
თანაარსი სიტყვა სიწმინდეს სრულყოფს და თავისი მოსვლით სიკვდილს კლავს; და როცა სიკვდილი მოიკვლება, მაშინ ღვთისმეტყველების მოწაფეც განათლდება.
უფლის სიტყვა უკუნითი უკუნისამდე ჟამიერობს. ვისაც უფალი ღმერთი ჯერისაებრ არ შეუცნია, ის საკუთარი შეხედულებისამებრ მსჯელობს.
სიწმინდემ და სიყვარულმა საყვარელი მოწაფე ღვთისმეტყველად აქცია, რომელმაც თავისი სიტყვებით ყოვლადწმინდა სემების სარწმუნოება დაამტკიცა.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ