დღეს და გუშინ გული მტკიოდა, მეტად უცნაურად მტკიოდა…და უფალს შევვედრე: “ახლა არა. ნება მიბოძე, აღვასრულო ჩემი ცხოვრების საქმენი”. და აი, ჩემი ცხოვრების საქმეთა აღსასრულის ჟამს, მე ვიწყებ თქვენთან საუბარს იმაზე, თუ როგორ უნდა განვვლოთ მარხვა.
მე უკვე გესაუბრეთ ჩემს მეთოდზე, რომლის დაუფლებასაც თქვენც გირჩევთ. ეს მეთოდი კი, შემდეგია: ყველაფერი დავიწყოთ თავიდან, დავინახოთ ჩვენი საბოლოო მიზანი და მისკენ ვიაროთ. რაც შეეხება მარხვას, აქაც მსგავსი პრინციპით უნდა ვიმოქმედოთ, ოღონდ შემცირებული მასშტაბით. უნდა გავიაზროთ, რომ მარხვის ეს ორმოცდაათი დღე, მკვდრეთით აღდგომის აღსაქმელად მოსამზადებელი პერიოდია. ჩვენს ხედვას კი ამგვარად წარვმართავთ: ახლა იწყება ღვაწლი. ჩვენი გულმოდგინება მატულობს იმაზე ფიქრით, რომ ამ მარხვას, კიდევ ასობით მილიონი ქრისტიანი დაიცავს. განკაცებული ღმერთის აღდგომისაკენ მიმავალი გზაც, სატანჯველზე გადიოდა. ამ ტანჯვის საიდუმლოს, ჩვენ მხოლოდ შემდგომ თუ გავიგებთ. დასაწყისში კი, ჩვენ მას ვიღებთ როგორც პირობას, უფალში ჩვენი სულიერად აღზრდის, უფლის სიტყვის აღსაქმელად მომზადებისა და მისი განგებულების შეცნობისა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მაშ ასე, საკუთარ თავს დიდმარხვის ასეთი სურათი წარვუდგინოთ, თუ როგორ გადაწყვიტა დედამიწაზე მყოფმა ერთმა ადამიანმა გოლგოთაზე ასვლა და ადამის ცოდვის გამო მიღებული წყევლის, რკინის ჯაჭვების გაწყვეტა. ეს გახლავთ დადებითად განცდა ყოველივე იმისა, რაც ვერავის გაუგია დედამიწის ზურგზე და ვერც ჭეშმარიტად აღქმულა ვინმეს მიერ. და როდესაც მან ეს “საქმე” აღასრულა (იხ. იოან. 4:34, 17:4), თქვა: “ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა” (იოან. 16:33).
“ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა (რომ. 5:12) – ამბობს პავლე მოციქული და ერთი ადამიანის მიერვე მივიღეთ გამოხსნა”. თუკი თვალწინ ასეთ მიზანს დავისახავთ, მაშინ დიდმარხვას, წლის განმავლობაში განსავლელ წმინდა პერიოდად ჩავთვლით. როდესაც საკვებისაგან თავშეკავების სხეულებრივ ღვაწლს სიხარულით ვიღებთ, იგი არათუ გვაზიანებს, არამედ გვეხმარება როგორც სულიერად, ისე ფიზიკურადაც.
სიმართლე გითხრათ, ამ სიბერის ჟამს, მე უკვე წამერთვა დიდმარხვის ნეტარების განცდა. წმინდა მთაზე, მონასტერში ცხოვრება, მარხვის თვალსაზრისით ყველაზე ღარიბული და რთული გახლდათ, ამიტომაც, დიდმარხვას სიხარულითა და სიმსუბუქით ვიცავდი ხოლმე. ახლა ამის გაკეთება აღარ შემიძლია და ამ წყალობასა და სიხარულს მოკლებული ვარ.
გენიალურად შედგენილ ღმრთისმსახურებათა ყოველწლიურ წრებრუნვაში, ეს მარხვა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. დიდმარხვის მსახურებანი, უმეტესწილად ძველი აღთქმის ტექსტებს შეიცავენ და წარმოუდგენლად მაღალი პოეტური ნიჭებით გამოხატული სამოძღვრო შინაარსისაა.
მაგალითისთვის, მოვუხმობ ძლისპირს, რომელიც მსახურებაზე იკითხება: “შემწე და მფარველ მექმნა მე მაცხოვარებად ესე ღმერთი ჩემი, ვადიდო ესე ღმერთი მამისა ჩემისა და აღვამაღლო ესე”(გამოს. 15:2). შთამაგონებელი და დიადი საზრისის მატარებელია ეს სიტყვები, ეს არის ის, რასაც ჩვენ გარდამოცემას ვუწოდებთ.
ცოცხალი გარდამოცემა, უპირველესად აისახება სიცოცხლის სულზე. დოგმატური სწავლება კი, უფრო მოგვიანებით მოდის. თავდაპირველად, გულს უყვარდება ღმერთი და კვალდაკვალ მიჰყვება მას, “სადაცა ვიდოდის” (გამოცხ. 14:4). შემდგომ კი, ამას თანდათანობით ერთვის შეუდარებელი სურვილი წუთისოფლის გამოხსნის გზათა ძიებისა…ამიტომაც, კვლავაც გაგიმეორებთ, სანამ თქვენს გულსა და გონებაში არ ჩაინერგება, რომ ეს არის გზა ხსნისა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ასეა, ჩვენს დროში, სამწუხაროდ, ნერვული სისტემის თვალსაზრისით დაზიანებული ჩვენი ორგანიზმის გამძლეობა, მეტად შესუსტებულია. ძველ დროში კი, ბევრი იყო ისეთი მოღვაწე, რომელსაც საკვების გარეშე მთელი კვირა ან თვეები შეეძლო ყოფნა და ჰბაძავდა ქრისტეს, რომელმაც საქადაგებლად გასვლამდე, ორმოცი დღე უდაბნოში იმარხულა (იხ. მათ.4:2). დღესდღეობით, მსგავსი რამ მოღვაწეთა შორის იშვიათია. აქვე, დიდი გულისტკივილით მინდა აღვნიშნო ერთი მეტად უბადრუკი მოვლენა: ადამიანებს ძალუძთ სამედიცინო დადგენილებით განსაზღვრული მარხვის დაცვა, უფლისათვის კი ვერაფრით ირჯებიან, რადგან არსებობს წინააღმდეგობის სული, რომელიც ყოველივე ქრისტესმიერ საქმეს წინ აღუდგება.
ძველ დროს, მონასტერში, ვისაც შეეძლო, პარასკევამდე ან შაბათამდეც კი ძლებდა საკვების გარეშე. მაგრამ, ეს ყველასთვის როდი იყო. პირველ დღეს, სამზარეულოში არაფერი მზადდებოდა, მეორე დღის დაწყებასთან ერთად, მზადდებოდა ჩაი. ზოგიერთები სამი დღე არ იღებდნენ საკვებს, ზოგიერთნი კი, ორი. აღსანიშნავია უჩვეულო მოვლენა: პირველი დღეები ძალზედ რთულია ხოლმე, მეორე დღეს, სამშაბათს, თავბრუსხვევა გეწყება, ამის შემდგომ, ოთხშაბათი დღე, გარდამტეხია და ორგანიზმს უმსუბუქდება მარხვა. თუმცაღა, სნეულთათვის ერთი დღე მარხვაც კი შეუძლებელია, ვინაიდან, ამ სნეულებათაგან გამომდინარე, იგი მათ ძალებს აღემატება.
მარხვის პირველი დღე ათონზე, ბევრისათვის ძალზედ რთული გახლდათ, რადგან იქ ძლიერი ფიზიკური ძალების მქონე მამაკაცები ცხოვრობდნენ. ცარიელ კუჭში საჭმლის მომნელებელი ნივთიერებების გამოყოფა, კუჭის გაღიზიანებას იწვევდა, ამიტომაც, ორშაბათს მათ რაიმე უნდა მიეღოთ, რათა ჯანმრთელობა არ დაეზიანებინათ. ახლა არ ვაპირებ ჩამოვთვალო ვისთვის რა შეიძლება და რა არა და გეტყვით, რომ ამ ჩვენ მეთოდს მივყვებით: არ არის აუცილებელი მთელი კვირა საკვების სრული უარყოფით იმარხულო, არც ოთხშაბათამდე და არც პირველშეწირულის პირველ ლიტურგიამდე; არც მარხვის პირველი დღის უსაკვებოდ დაცვაა აუცილებელი. დაე, ყველამ თავისი ძალების შესაბამისად განსაზღვროს. დაე, ყველა ჩვენგანმა ნებაყოფლობით იტვირთოს ის ღვაწლი, რომელიც ჩვენს თვალწინ გადაიშლება. ამგვარად, შეგვეძლება განვვლოთ მარხვა ისე, რომ არ ავცდეთ ნამდვილ მიზანს და ჩვენს ხრწნად სხეულში შევხვდეთ მადლს აღდგომისა.
თქვენ, ყოველწლიურად, მეტად პარადოქსული მოვლენის განცდა გიწევთ: ორმოცდაათდღიანი მარხვისა, მთელი თავისი ღვაწლით, ცრემლებით, სინანულით, მღვიძარებითა და ასე შემდეგ. თავად აღდგომის სიხარულის განცდა კი, დროის ძალზედ მცირე მონაკვეთს მოიცავს და შემდგომ ძალა აღარ შეგვწევს, რომ გავიხაროთ. თითქოსდა, ბუნებრივი იქნებოდა, რომ პირიქით ყოფილიყო: მარხვისას – მწუხარება, შემდგომ კი – აღგომის აღმაფრთოვანებელი სიხარული, რომელიც აცოცხლებს ადამიანს!
მაშ ასე, მე მარხვის ორგანიზების დეტალებზე საუბარს არ გთავაზობთ. ეკლესიის მამებს, ჩაწერილი აქვთ ზოგიერთი მახასითებლები, თუ როგორ უნდა დავიცვათ მარხვა. თუმცაღა, ვინაიდან ეს ყოველივე მეტად რთულად აღსასრულებლად ითვლება, ჩვენ ვაკეთებთ ასე: მარხვის პირველ, მეოთხე და მეშვიდე კვირას, მეტად ვიღვწით თავშეკავებაში, ვიდრე დანარჩენი კვირების განმავლობაში. რადგან უმოქმედობის გამო, ჩვენი სხეული შესაძლოა დაზიანდეს, საეკლესიო პრაქტიკაში რეკომენდებულია დიდი მეტანიების აღსრულება. დილით და საღამოს მსგავსი მუხლდრეკის შესრულებით, ადამიანი სხეულს მოქმედებასა და დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფებს. სხვაგავრად, მოძრაობის გარეშე ყოფნა, ახალგაზრდა სხეულისათვის აუტანელი და დამანგრეველი ხდება. ამიტომაც, ეკლესიაში იკითხება ლოცვები, რომლებიც დიდი მეტანიების თანხლებით აღესრულება. ეს, ერთი მხრივ, სინანულით ლოცვაში ჩვენი მორჩილების გამოვლინებაა, მეორე მხრივ კი – აუცილებელი ფიზიკური დატვირთვაა სხვა, კონკრეტული სამუშაოს არარსებობისას.
პავლე მოციქული ამბობს: “ჴარსა მეკალოესა არა დაუკრა პირი”(1ტიმ.5:18): “ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა”. ერთხელ, ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ნიკოლოზისადმი მიწერილ წერილში ვახსენე: “…ჩვენ კი, ისევე როგორც სხვა ყველაფერი, ახლა ესეც შევცვალეთ: ვინც არ ჭამს, ის არ შრომობს”. როდესაც საკვებს არ გაძლევენ, ნუღარ მოითხოვ სამუშაოს! ჩვენ განსაკუთრებული პრივილეგია მოგვანიჭა ღმერთმა: ჩვენ თავად შეგვიძლია საკუთარი თავისათვის პირობების განსაზღვრა. ჩვენი საცხოვრებელი მწირია, ჩვენ მართლა აღარ გვაქვს კეთილმოწყობილი გარემო არსებობისათვის, მაგრამ მაინც ვიცავთ ქრისტეს მცნებებს და მისი წყალობა აღარ გვაკლდება. მაშინ კი, როდესაც მადლი და წყალობა არ გვტოვებს, ლოცვა ნებისმიერ პირობებში წარმატებით აღესრულება: შრომა-ჯაფისას, კელიაში განმარტოვებისას და ტაძარშიც. ამგვარად, მე მხოლოდ რამოდენიმე სიტყვით გიამბეთ წინამდებარე დიდმარხვის შესახებ.
ვუბრუნდები კვლავ იმას, რასაც პრინციპულად აუცილებლად მივიჩნევ და მსურს, რომ უკეთ აღიბეჭდოს თქვენს გონებაში, ეს გახლავთ საბოლოო მიზნის ქონა და მისკენ სწრაფვა. ამ შემთხვევაში, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მცირე ნიუანსები, აღარ იქნებიან შფოთის მომგვრელნი ჩვენი ორგანიზმისა და ფსიქიკისათვის. და ეს არა მხოლოდ მარხვის პერიოდში იქნება ასე, არამედ მის შემდეგაც და ყოველთვის, ყოველდღე: ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენი მიზანი და საზრისი ამქვეყნად ჩვენი მყოფობისა. ჩვენ ერთად შევიკრიბეთ, რათა ქრისტეს მიმართ ერთითა სულითა სიყვარულით, მას კვალდაკვალ მივჰყვეთ და გავამხნევოთ ერთმანეთი. გახსოვთ, როგორ წერია სახარებაში: “და იყვნეს გზასა ზედა და აღვიდოდეს იერუსალჱმდ; და იესუ წინა-უძღოდა მათ, და დაუკჳრდებოდა მოწაფეთა. ხოლო იგინი მისდევდეს მას და ეშინოდა”(მარკ.10:32)? – ასევე ჩვენც, ამ დიდმარხვაში შიშით გავყვებით ქრისტეს, რათა შემდგომ, საგალობელმა “ქრისტე აღსდგა”, მსგავსად “ცხორებისა უმეტესისა” (იხ. იოან.10:10), იფეთქოს ჩვენში. ძალზედ კარგი ჩვეულებაა სააღდგომო საგალობლის გალობა კვირა საღამოსა და მიტევების კვირას.
ვთქვათ რამოდენიმე სიტყვა შენდობის კვირაზეც. ეს დღე, როდესაც ერთმანეთს გულწრფელად ვთხოვთ შენდობას, უაღრესად დიდი მნიშვნელობის მატარებელია. თუკი ეს მიტევება ორივე მხრიდან მიიღწევა, სული თავისუფლებასა და სიმშვიდეს მოიპოვებს. თავისუფლება და სიმშვიდე კი, მარხვის საოცრად შემსუბუქების წინაპირობაა…ამ დღეს, სათანადოდ მოამზადეთ საკუთარი თავი, რათა გულიდან და გონებიდან განაგდოთ ყოველივე აუგი ძმის მიმართ…
მარხვის დასაწყისში, სამოთხიდან განდევნილი ადამის შესახებ იგალობება და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოგვიანებით, ისტორიული თანმიმდევრობით გავიხსენებთ ადამის ცოდვით დაცემასა და ქრისტეს მიერ წყევლისაგან დახსნას. ყოველწლიური ღმრთისმსახურების ამ გენიალური წრებრუნვის აგებულება – ღმრთისმეტყველება, ლოცვები და სწავლებანი, რომლებსაც დიდმარხვის წიგნები მოიცავენ, – გარდამოცემაშია აღწერილი, მაგრამ ყოველივეს ეძლევა ლოცვის ფორმა და ამგვარად, ღმრთისმეტყველება ჩვენი ლოცვების შემადგენელი ნაწილი ხდება…
შენდობას ვითხოვ თქვენგან: მე ახლა ჩვენი ცხოვრების დეტალებზე ვსაუბრობ. უმთავრესი მიზანი, მე ჩემს ანდერძში გადმოგეცით. გევედრებით, დაივიწყოთ ჩემი უბადრუკობა და შეინახოთ ეს ანდერძი. მე გითხარით, რომ ეს მარტივი არ იქნებოდა. თუმცაღა, ყოველ ჯერზე, ახლაც და მომდევნო შენდობის კვირა დღეებში, ჩვენ აღვასრულებთ ამ ღვაწლს და დავივიწყებთ ამ ცხოვრებაში მიყენებულ ყველა ჭრილობას! და როდესაც მთელი გულით მივუტევებთ ძმას შეცოდებებს, რომლებიც შრომით, გაურკვევლობით, იწროებითა და სიგლახაკით აღსავსე ყოველდღიურობაში დაგვიგროვდა, მაშინ, ეს ყოველივე განიდევნება ჩვენგან და სული მიტევებული ადამიანის თავისუფლებას იძენს, თავისუფლდება ცოდვათა შედეგებისაგან და ახალი იმედებით აღიჭურვება.
არ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც მარხვა გარკვეულ გაუგებრობებს ბადებს ცხოვრებაში. თუმცა, უნდა ვისწავლოთ ამ სირთულეებთან გამკლავება, რათა აღვასრულოთ მცნება ქრისტესი, რომელმაც გვითხრა: “მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს რაჲმე ბოროტი ვისთჳსმე, რაჲთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი”(მარკ.11:25). ამგვარად, მივუტევებთ რა ჩვენს ძმასა თუ დას შეცოდებებს, ჩვენ მთელი კაცობრიობის გადარჩენის პროცესს ვუერთდებით. ყოველ ჯერზე, როდესაც რაიმე განსაცდელი ან სირთულე წარმოჩნდება (რამეთუ, ჩვენი ხორციელი უძლურების გამო, შეუძლებელია ამ ძვრების თავიდან აცილება), უცილობლად უნდა დავძლიოთ ისინი და ამ დროს სიბრძნე გამოვავლინოთ.
ერთ-ერთი შესაძლო აზრი, გახლავთ: “ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ”(დაბ.2:17) – რამეთუ იგი მთელი კაცობრიობის გაყოფის მიზეზი გახდება. პირველი საშინელი დანაშაული “კაინმა მოკლა აბელი” (იხ. დაბ.4:8) – კაცობრიობის არსებობის დასაწყისშივე აღესრულა. ჩვენი ნეტარი მფარველი, სილუან ათონელი ამბობს, რომ “ასე დაიწყო”. და ადამი ტიროდა იმაზე, რომ მთელ კაცობრიობას განხეთქილებაში, ომებში, ურთიერთ კვლასა და ურთიერთ შევიწროვებაში უნდა ეცხოვრა და ყველაფერი სიყვარულის კანონის საწინააღმდეგოდ უნდა წასულიყო.
როგორ მომზადებას გვთავაზობს მამა სილუანე აღდგომის სათანადოდ აღსაქმელად? – რაც უფრო ძლიერად არის ჩვენში სულიწმინდა, მით უფრო მარტივად ვივიწყებთ ძმის მხრიდან მოყენებულ ნებისმიერ ჭრილობასა თუ შეურაცხყოფას და მით უფრო უხვად იღვრება ჩვენში სიხარული მარადიული სიცოცხლისა. საკუთარი თავის დამდაბლება, უდიდესი სულიერი აქტია უფლის წინაშე. უფალმა თავად დაიმდაბლა თავი (იხ. ფილიპ.2:8). ჩვენ კი, მამა სილუანეს წერილებში ვკითხულობთ: “მადლი მდაბალ ადამიანში მკვიდრობს და არა მედიდურში” – ასე განუცხადა მას უფალმა: რაც უფრო მეტად მდაბლდება ადამიანი, მით უფრო მეტად ტვირთულობს სიგლახაკის ღვაწლს, მით უფრო მაღლდება უფლის წინაშე და მეტად შემძლებელ არს მიიღოს დიადი მადლი (იხ. ლუკ.14:11).
გულუბრყვილობა იქნებოდა ჩვენი შეხვედრა ადამიანურ საქმეთათვის მიგვეკუთვნებინა, ჩვენ უფალმა შეგვყარა ერთად. და თუკი უფალმა შეგვყარა ერთად, მოდით, მამა სილუანეს მივბაძოთ. მონასტრული ცხოვრების დასაწყისში, სადღესასწაულო დღეებში, იგი მამებსა და ძმებს სატრაპეზოში ემსახურებოდა და ფიქრობდა, თუ რაოდენ ნეტარი საქმე დაევალა მას: “მომსახურებუდა მათ, ვისაც ღმერთი უყვარს”. ერთხელ, როგორც ის წერს, ტრაპეზზე ძმათა მსახურებისას, მეორედ იგრძნო ქრისტესმიერი მადლის მოხილვა გულში. სულიერი კანონის მიხედვით, ამ უმაღლეს მდგომარეობას ადამიანის სხეული ვეღარ უძლებს ხოლმე და ცხოვრებაში იგი ერთხელ ან უფრო მეტი, ორჯერ შეიძლება განიცადოს, შემდგომ კი, ხსოვნის სახით რჩება, როგორც მოგონება და ცოდნა, რეალურად კი, მადლისმიერი ძალა უკან იხევს. ღირსი მაკარი დიდი ამბობს, რომ მადლის განშორება აუცილებელია, რათა ადამიანმა თავისი მიწიერი ცხოვრება და შემოქმედებითი საქმიანობა განაგრძოს.
თქვენ, ყველანი, სიყვარულით მისმენდით მე და ეცადეთ, რომ ყოველივე აღასრულოთ ამ მარხვისას. რატომ ვამბობ: “ამ მარხვისას?” – რადგანაც, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ამჟამად მსოფლიოში მეტად დაძაბული ატმოსფერო სუფევს. და მორწმუნეთა თუ ურწმუნოთა ბაგეთაგან, მუდამ სიტყვა “აპოკალიფსი”, “აპოკალიპტური მოვლენები” ჟღერს. ჩვენ არ ვიცით, რა ფორმით მოვა ქვეყნიერების აღსასრული, თუმცა ამჟამად, დაძაბულობა მეტია, ვიდრე იყო ადრე. ვეცადოთ, რომ ეს მარხვა ყოფილიყოს ბრძოლა იმისათვის, რასაც მე თქვენ გთხოვდით: ერთობისათვის, რომელიც იქნება ყოვლადწმინდა სამების ერთობის მსგავსი.
რატომ იყო, რომ გოლგოთაზე სიკვდილამდე, იესო ქრისტეს მამისადმი ლოცვა, მოიცავდა თხოვნას, რომ ის ერთობა, რომელსაც თავად ღმრთის ყოფიერება მოიაზრებს, ჩვენთვისაც მოეცა? – ეს გახლავთ ადამიანის გაღმრთობის უზენაესი ფორმა. და გულუბრყვილობაა ფიქრი იმაზე, რომ იგი ტკივილისა და ჯვარცმის გარეშე მიიღწევა. დიდი ტანჯვით, შეურაცხყოფათა და უსამართლობათა დათმენით, ჩვენ ყოვლისმომცველი სიყვარულის მადლისმიერ ნიჭებს მოვიპოვებთ. მაშინ კი, შევიცნობთ ღმერთს, როგორიც ის არის, ის კი – “სიყვარულია” (იხ. 1იოან. 4:8).
ასე უნდა ვიცხოვროთ. მე შემიძლია დიდხანს გესაუბროთ უცნაურ მოვლენაზე: ადამიანები ვეღარ ამჩნევენ საკუთარ შეცდომებს, სხვა ადამიანებს კი განიკითხავენ. ასე ირღვევა ერთობა. უფრთხილდით თქვენი ძმისა თუ დის წინააღმდეგ წარმოშობილ აზრებს, რამეთუ, ყოველი აზრი ციხე-სიმაგრის კედლებს ბზარავს. ეს უმნიშვნელო რამ არ გეგონოთ! რადგან, როდესაც ვინმეზე აუგს ვიფიქრებთ, შემდგომ კი, ჩვენი ოთახიდან გამოვდივართ და ამ ადამიანს ვხვდებით, ამ აუგი აზრების კვალი კვლავ მოქმედებს. ის ადამიანი კი, ამ აზრის მოქმედების შესაბამისად გვპასუხობს ხოლმე. და შეუძლებელია გაიგო, თუ პირველი ვინ “დაიწყო”. ამიტომაც ვლოცულობთ: “მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა”. ამის გაცნობიერების გარეშე, ადამიანს ყოველთვის მართალი ჰგონია თავი და საკუთარ შეცდომებს ვერ ამჩნევს. ეს, შესაძლოა მაღალი იერარქიის წარმომადგენლებსაც დაემართოთ და თითოეულ ჩვენგანსაც. ამიტომაც, უფრთხილდით საკუთარი არსების სახლში შემავალ ყოველ აუგ აზრს და მაშინ, აღარ დაეცემა ჩვენი სახლი და ხსნასაც მოვიპოვებთ. მაგრამ, თუკი საკუთარ ცოდვებს უგულებელვყოფთ, ძმისას კი არა, ყოველივე თავზე ჩამოგვენგრევა.
ცოტა ხნის წინ, ერთი ახალგაზრდა მესტუმრა, რომელსაც კონფლიქტი ჰქონდა ცოლთან. მათ ორი შვილი ჰყავდათ. მე მას ვეუბნები: “დამდაბლდი და ოჯახის ტრაგიკულ რღვევასაც თავიდან აიცილებ. და ამ ტრაგიკულ ცხოვრებას, რომელსაც მშობლების განშორება იწვევს, ბავშვებიც გადაურჩებიან”. ასევე ჩვენს ოჯახშიც: როგორც ცეცხლს, როგორც გველის შხამს ისე უნდა გავურბოდეთ ნებისმიერი განყოფის ჩრდილსაც კი. ისე ავაწყოთ ჩვენი ცხოვრება, რომ ჭეშმარიტად გადავრჩეთ და შევითვისოთ უფლის ის დიდებული ნიჭი, რომელიც ჩვენი სულის თავისუფლებაში გვაქვს, – ვეცადოთ და ვიცხოვროთ ერთი ოჯახის მსგავსად.
შემინდეთ. მოგმართავთ ავად მყოფი გულით და ბევრსაც არათანმინდევრულად გესაუბრებით. თუმცაღა, თქვენ მოისმენთ ჩემს სიტყვებს და ჩვენი ცხოვრების კეთილ ნაყოფებსაც იხილავთ. ღირსი სერაფიმ საროველი ამბობს: “მშვიდობა მოიხვეჭე და შენს იგვლივ ათასები გადარჩებიან”. ჩვენ ოცდაექვსნი ვართ. ამიტომაც, თუკი უფალი ამქვეყნად ჩვენი ვნებების დაძლევაში დაგვეხმარება, თითოეული ათასს გადაარჩენს და ამგვარად, სამოთხეში ოცდაექვსი ათასი ადამიანი შევა!
წყარო: http://orthodoxy.ru