თქვენ ხშირად წუხართ და წუწუნებთ, რომ ყოველდღიური საზრუნავები და საქმეები ღმრთის ხსოვნაში ხელს გიშლით. ეცადეთ, რომ თქვენი ყველა საქმიანობა ისე მიიღოთ, როგორც თავად ქრისტეს მიერ მოცემული და დავალებული. სახლის საქმე იქნება, სამეურნეო თუ სხვა. ყოველ საქმესა თუ მოვალეობაზე ასე იფიქრეთ. როდესაც საქმეს შეუდგებით, ეცადეთ, ისე განეწყოთ და იფიქროთ, რომ ყველაფერი ქრისტეს მოსაწონად აღასრულოთ. ასეთი მცდელობით, საქმიანობისას თქვენი გონება და აზრები ქრისტესკენ იქნება მიმართული. საქმის დასრულებისას კი, მადლიერება გამოხატეთ მის მიმართ. თუ ეცდებით, რომ დღის განმავლობაში ყველანაირი წვრილმანი საქმე ასე აღასრულოთ, გამოდის რომ მთელ დღეს ქრისტეს ხსოვნაში გაატარებთ. ეს ხომ სწორედ ისაა, რაც მოგვეთხოვება, რომ იმის განცდით ვიცხოვროთ, რომ ქრისტე მუდამ გვიყურებს და ჩვენთანაა. ეს ყველაფერი დაბადებს ქრისტეს ცოცხალ შეგრძნებას, შიშს, კრძალვას, ერთგულებასა და მადლიერებას. ეს გრძნობები კი თავის მხრივ უსიტყვო ლოცვაა.
არ იფიქროთ, რომ თქვენი სახლის საქმეები, ან რასაც აკეთებთ, ამაოა. არა, ეს ყველაფერი ღმრთის მცნებაა და იმ საქმეთა რიცხვში შედის, რაც მას მოსწონს და ესათნოება. ეცადეთ, რომ ყველაფერი როგორც ღმრთის მცნება და მისი ნება ისე აღასრულოთ. ნებისმიერი საქმის წინ მოუხმეთ ქრისტეს შეწევნისათვის და საქმიანობის დროსაც ეცადეთ, რომ შეძლებისადგვარად მოუკლებლად ილოცოთ. დასასრულს კი მადლიერება გამოხატეთ. თქვენი ეს ერთი შეხედვით ამაო საზრუნავები კი ლოცვით კანონად იქცევა. თუ საქმისას გონება გაგეფანტათ და ლოცვის სიტყვებს მოშორდა, უკან დააბრუნეთ. საქმეს რომ დაასრულებთ, ეცადეთ განმარტოვდეთ, მყუდრო ადგილას დაჯდეთ და საკუთარ თავს ჩაუღრმავდეთ და იესოს ლოცვით გულში ქრისტე ეძებოთ. თუკი ცოცხალი რწმენით იშრომებთ ამ კურთხეულ საქმიანობაში, აუცილებლად მიიღებთ შეწევნას და ყველაფერში წარემატებით.
ფიქრობთ, რომ სტუმრებმა დაგირღვიეს ლოცვითი მყუდროება? ეცადეთ ისე მიიღოთ ისინი, როგორც ქრისტესგან მოვლენილები და ისე იზრუნეთ მათზე, როგორც ქრისტეზე იზრუნებდით და მოემსახურებოდით. ასეთი განწყობით ყოველთვის ქრისტესთან იქნებით. ასე ჩამოგიყალიბდებათ ჩვევა, რომ დღის განმავლობაში ნებისმიერ საქმეს ღმრთისმსახურებად აქცევთ. უფალი ხომ ყველგანაა, ყველაფერს ხედავს და მისკენ მიმართულ ერთ პატარა აზრსაც კი არ დატოვებს შეუმჩნევლად.
რას ნიშნავს მოუკლებელი ლოცვა? ეს ნიშნავს მუდმივად ლოცვით განწყობაზე ყოფნას. ეს არის აზრი მის შესახებ, რომ ის ყველგანმყოფია, ყველაფერს ხედავს და ყველაფერი იცის. ან გრძნობა ქრისტეს მიმართ, რომელიც ან კრძალვაში, ან სიყვარულში, ან იმის მძაფრ სურვილში ვლინდება, რომ მუდამ მის მოსაწონად ვიქცეოდეთ და მისთვის ყველაფერ არასათნოს გავურბოდეთ, მის სრულ ნდობაშიც ვლინდება, რომ საკუთარ თავს სრულიად მას ვანდობდეთ და ყველაფერს მისგან მიღებულად ვთვლიდეთ. ეს გრძნობა შეიძლება, რომ ნებისმიერი საქმიანობისას თუ ვითარებისას გვქონდეს გულში.
საჭიროა მოკლე და გულიდან ამოსული ძლიერი ღაღადისი. აი, რა გვჭირდება! ეს ნებისმიერი საქმის დროს შესაძლებელია და მაშასადამე მოუკლებელი იესოს ლოცვაც მუდამ შეგვიძლია.
ნებისმიერი საქმე სრული გულმოდგინებით უნდა აღსრულდეს. მონდომებით იშრომეთ და შედეგს ღმრთისგან ელოდეთ. მასვე მიუძღვენით ეს საქმე, როგორი მცირეც არ უნდა იყოს ის. ასე მოიქეცით და თქვენი ცხოვრებისეული საზრუნავები არ განგაშორებენ ღმრთისგან. ამგვარი ღვაწლით, ისეთივე მდგომარეობაში მოხვალთ, როგორც ყველაფერს განშორებული მეუდაბნოები იყვნენ.
ჩვენი ცხოვრებისეული საქმეების მიტოვება არ შეიძლება. მათი აღსრულება ხომ ქრისტეს მცნებებიდან გამომდინარე გვევალება და მათი უგულვებელყოფა არ მოეწონება ქრისტეს. ყველაფერი მისი მცნებაა: მეუღლესთან ურთიერთობა, მეგობართან თუ ნათესავებთან. კარგად გაიაზრეთ ეს, გაითავისეთ და ეცადეთ, რომ ყველაფერში და ყველასთან მისი მცნებების თანახმად მოიქცეთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თქვენს ყურადღებას მოითხოვს. ზოგი იკითხავს: ამ ყველაფერთან ერთად ქრისტეზე როგორ ვიფიქრო? – როგორც უკვე ვთქვით, ყველა საქმე, მცირე იქნება თუ დიდი ისე აღასრულეთ, როგორც ყველგანმყოფი, ყოვლისმხედველი ქრისტესგან დავალებული, რომელიც გიყურებთ და ხედავს თქვენს გულს, თუ როგორ აკეთებთ ამა თუ იმ საქმეს. ასე თუ იშრომებთ, მუდამ გემახსოვრებათ ქრისტე და ყურადღებით იქნებით.
წმინდა ბასილ დიდს ჰკითხეს, თუ როგორ შეეძლოთ მოციქულებს მოუკლებელი ლოცვა. მან ასე უპასუხა: ისინი ყველა საქმიანობისას ღმერთზე ფიქრობდნენ და მისი მოუკლებელი ერთგულებით და მინდობით ცხოვრობდნენ. მათი სულის ეს განწყობა იყო სწორედ მოუკლებელი ლოცვა.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისე არიან ქრისტეში განტმკიცებულნი, რომ ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა მოხდეს მას არ განეშორებიან. მათ აქვთ დიდი სულის სიმტკიცე, ყურადღება, ცოცხლოვანი სიყვარული და გულისიერი სითბო და თანაც როგორი! ვილოცოთ, რომ უფალმა ჩვენც მოგვანიჭოს ასეთი მადლი. ის ხომ სიყვარულია და ჩვენს გულმოდგინებას, შრომას და ძიებას არ დაგვიკარგავს. თავად ხომ გვითხრა: ეძიებდით და ჰპოვეთო. მოდით ჩვენც ვეძიოთ და აუცილებლად ვიპოვით!
წყარო: http://azbyka.ru
სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©