მამანო და ძმანო, დღეს ჩვენ ყველას დიდი სიხარული გვაქვს. დიდი სიხარული გვაქვს იმიტომ, რომ დღეს დედის ჭეშმარიტ დღესასწაულს აღვნიშნავთ. მხოლოდ ისაა ჩვენი ჭეშმარიტი დედა, რადგან მან ჩვენ ჭეშმარიტი სიცოცხლე, ჩვენი უფალი იესუ ქრისტე მოგვმადლა.
ასე რომ, დღეს ჩვენი დედის დღეა. ამიტომაც გვიხარია! ყველაფერი, რაც ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს ეხება, ჩვენც გვეხება და ამიტომაც ჩვენი სიხარული საერთოა. როგორ მიაღწია მან ამ ყველაფერს? მას ცოცხალი ღმერთისადმი სრულყოფილი მორჩილება ჰქონდა. პირველმშობელმა ევამ თავისი ურჩობის შედეგად ღმერთთან უდიდესი ბედნიერების მომნიჭებელი ურთიერთობა და სამოთხისეული ნეტარება დაკარგა. ხოლო ჩვენმა დედამ კი ევას შეცდომა გამოასწორა და სრულყოფილი მორჩილება გამოავლინა! ის იმდენად მორჩილი იყო, იმდენად უყვარდა ღმერთი, იმდენად გაუხსნა საკუთარი გული, რომ შეუძლებელი იყო რომ ეს საიდუმლოება, არ აღსრულებულიყო მასზე. ამ უბრალო, მდაბალმა და უპოვარმა ქალწულმა ღმერთი ზეციდან მიწაზე გარდამოიყვანა და საკუთარ წიაღში დაიტია დაუტევნელი შემოქმედი. მან ყველას მორჩილების გზა გვიჩვენა, მაგალითი მოგვცა და ის გააკეთა ჩვენთვის, რაც ადამმა და ევამ ვერ შეძლეს: საკუთარი თავისუფლების ღმერთისთვის სრულად მიძღვნა. ღმერთს ხომ ადამიანებთან ერთობა სურს, მას ნებავს, რომ ჩვენს გულში მკვიდრობდეს, მაგრამ რადგანაც ის უსაზღვრო პატივს სცემს ჩვენს თავისუფლებას, ვერ შემოვა ჩვენს გულში, თუკი ჩვენი ნებით არ გავუხსნით მას და მთელ ჩვენს არსებას არ მივუძღვნით. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა ზუსტად ეს გააკეთა, მთელი არსება ღმერთს დაუთმო და მის ნებას საკუთარი ნება დაუმორჩილა.
ღმერთს ვუყვარვართ ჩვენ და ამ სიყვარულიდან გამომდინარე მას მუდამ უნდოდა დედამიწაზე მოსვლა, მაგრამ ის იძულებული იყო ისეთ სულს დალოდებოდა, რომელიც მის კითხვაზე: ,,გნებავთ, რომ თქვენთან მოვიდე? გნებავთ, რომ ადამიანი გავხდე?’’ მთელი გულით თანხმობით უპასუხებდა. ეს ადამიანი აღმოჩნდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, მან სამყაროს შემოქმედის ამ კითხვას თანხმობით უპასუხა: ,,აჰა მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა’’(ლკ.1:38). როგორც კი ეს სიტყვები წარმოთქვა, ღმერთი მყისვე გარდამოხდა მიწაზე, მის წიაღში დამკვიდრდა და ადამიანი გახდა. სწორედ მისი ამ მორჩილების წყალობით გვყავს დღეს ჩვენ მხსნელი – ყოვლადწმიდა სამების მეორე პირი, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, რომელმაც ცოდვის საფლავისგან აღგვადგინა, ჯოჯოხეთიდა აღმოგვიყვანა, მარადიული სიკვდილისგან გვიხსნა და მარადიული სიცოცხლე მოგვანიჭა. დღეს ჩვენ აღარ ვართ სასოწარკვეთილი მოკვდავები, როგორებიც ქრისტიანობამდელ ეპოქაში ვიყავით, აღარც ეშმაკისა და სიკვდილის უიმედო მონები ვართ, არამედ ძენი აღდგომისანი, ზეციური მამის საყვარელი შვილები და მარადიული სიცოცხლის მემკვიდრენი. ყველა ეს სიკეთე ჩვენი დედის – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წყალობით მოგვეცა.
სწორედ ამისთვის ვმადლობთ მას დღეს. ჩვენ უსასრულოდ მადლიერნი ვართ მისი. დღესაც და მუდამ მოვიდრეკთ მის წინაშე მუხლს და მუდამ განვადიდებთ მას. ამიტომ აქვს ყველა ქრისტიანს მის მიმართ ესოდენ დიდი სიყვარული და კრძალვა, რომ მის გარეშე ჩვენ ქრისტე არ გვეყოლებოდა. ვიცით, რომ ის ღმრთის წინაშე მთელი კაცობრიობის მეოხია.
რაში მდგომარეობს ღმრთისმშობლის საიდუმლოება? ეს არის საიდუმლოება სიყვარულისა, თავგანწირვისა, სრულყოფილი მორჩილებისა, სრულყოფილი თავისუფლებისა და ღმრთისადმი საკუთარი თავისუფლების სრულყოფილი მიძღვნისა. მისი პატიოსანი მიძინება კი მასზე აღსრულებული უკანასკნელი საიდუმლოებაა. სამი წლის ასაკში სოლომონის ტაძარში მიიყვანეს, რათა წმიდათა წმიდაში ემსახურა. ქალწულმა მარიამმა ამ მსახურებას მთელი გული და მთელი ნება მიუძღვნა. მისი ხარების დღესაც, მთავარანგელოზის უწყებას სრულიად დაემორჩილა და ახლაც, მისი გასვლის ჟამსაც, კვლავ სრული ნდობით შეავედრა საკუთარი სული შემოქმედს. მან არამხოლოდ თავისი ნეტარი სული მიაბარა ქრისტეს, რომელიც მის მისაღებად იმ წამებში მისულიყო, არამედ მისი ყოვლადპატიოსანი, დიდებული და უხრწნელი სხეულიც, რომლიდანაც ღმერთი გამოვიდა.
როდესაც ადამიანი სრულყოფილი ნდობით მიუძღვნის ღმერთს საკუთარ თავს, ღმერთიც არ ტოვებს მას და ყველაფერს აძლევს. ამიტომაც, მისი ნათელმოსილი სული თავად ძე ღმერთმა მიიღო და არც მისი ყოვლადპატიოსანი სხეული მიატოვა, რომელიც შეუძლებელი იყო, რომ მატლების საკვები გამხდარიყო. რატომ? რადგანაც ეს სხეული ღმერთის ტაძარი იყო და მან იმდენად სრულყოფილი თავისუფლებით, მორჩილებითა და სიყვარულით მიუძღვნა თავი ღმერთს, რომ სულიწმიდის მადლის თანამოქმედებით მესამე დღეს აღდგა და ზეცაში გადასახლდა.
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ამ დიდებას ჩვენ დღეს ჩვენი სულიერი თვალებით საიდუმლოებრივად ვჭვრეტთ. ამ დიდებას საკუთარ თავში ვირეკლავთ და დიდ სიხარულს ვგრძნობთ. განსაკუთრებით კი აქ, ათონის წმინდა მთაზე, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ბაღში, ცოცხლად განიცდება ჩვენი ყოვლადწმიდა დედის კურთხევა. ამიტომაც დღეს, ჩვენი გული საიდუმლოებრივად მხიარულობს, ჩვენს გონებას განცვიფრება მოიცავს და ჩვენმა ენამაც არ იცის კიდევ როგორ შეამკოს, უგალობოს და განადიდოს ჩვენი მხსნელის ყოვლადწმიდა დედა.
ჩვენც მასთან ვართ დღეს, სულიერად შევიკრიბეთ მოციქულებთან, წინასწარმეტყველებთან, წმინდანებთან და მთელ ეკლესიასთან ერთად ამ საიდუმლოებას შევიგრძნობთ და განცვიფრება მოგვიცავს. მუხლს ვიდრეკთ მის წინაშე, ვმადლობთ და ვევედრებით, რომ ყოვლადწმიდა სამების წინაშე ჩვენთვის და მთელი სამყაროსთვის მეოხება გააგრძელოს, რასაც დიდი ტკივილითა და დედობრივი სიყვარულით აღასრულებდა განსაკუთრებით იმ ცოდვილებისთვის, რომლებიც სინანულის მიერ მის მხოლოდშობილ ძესთან შეხვედრას ცდილობენ.
მიაქციეთ ყურადღება ღმრთისმშობლის ხატს სახელად ,,გზის მაჩვენებელი’’(ოდიგიტრია), რომელზე გამოსახული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი მარჯვენა ხელით საღმრთო ყრმაზე მიუთითებს. სწორედ ეს არის ღმრთისმშობლის ერთ-ერთი მსახურების არსი: ის გვიჩვენებს და მიგვიძღვის თავისი მხოლოდშობილი ძისკენ, მიგვითითებს ხსნის გზაზე, ის გვიჩვენებს გზას, ჭეშმარიტებას და სიცოცხლეს, რომელიც ჩვენი უფალი, იესუ ქრისტეა. ვევედრები მას, რომ ჩვენი საძმოს თითოეული წევრი პირადად აკურთხოს და მადლი მიანიჭოს, რომ მუდამ ჩვენთან იყოს, განგვამტკიცოს, როგორც ფაქიზმა დედამ.
დღეს ჩვენ წმ. გრიგოლ პალამას სიტყვა წავიკითხეთ, სადაც ის ამბობს, რომ ყოვლადწმიდა ღმრთისშობელი ყველა ქმნილებაზე მაღლა დგას, მათ შორის ანგელოზებზეც კი. ის ღმერთთან ყველაზე ახლოს მყოფი არსებაა. როგორ მოიპოვა ეს მდგომარეობა? როგორ აღვიდა ასეთ სიმაღლეზე? მან თავდაპირველად ყველაზე ქვემოთ დააყენა საკუთარი თავი და უკიდურესად დამდაბლდა. თავისი კურთხეული სიმდაბლითა და სრულყოფილი მორჩილებით თავი ყველა ადამიანზე ქვემოთ რომ არ დაეყენებინა, ყველაზე აღმატებული ვერ აღმოჩნდებოდა. სწორედ ამაში მდგომარეობს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის დიდებულების საიდუმლოება. თავის გალობაში ხომ თქვა: ,,დაამხვნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა მდაბალნი’’(ლკ.1:52). მისი ასეთი უკიდურესი დამდაბლებისა და მორჩილების გამო, ყოვლადკეთილმა ღმერთმა ამ სამყაროში ყველაზე დიდებული მისია დააკისრა. მისია, რომელსაც მის გარდა ვერავინ შეასრულებდა: ჩვენი მხსნელის დედობა.
ეს სამყარო ღმერთკაცის მოსვლამდე უწყლო მიწას ჰგავდა. ადამიანთა სულებში გვალვა დამდგარიყო და უწყლობით შრებოდნენ. ეს იყო დრო სულიერი გვალვისა, სულიერი სიკვდილისა, სიმშრალისა და სასოწარკვეთილებისა. ეს სამყარო ზეციური წვიმის მოსვლას ელოდა, რომელიც ადამიანთა სულებს დაარწყულებდა. აი, მოვიდა ზეციური წვიმაც – ღმერთკაცი იესუ ქრისტე. ეს ზეციური წვიმა ზეციურმა ნათელმა ღრუბელმა მოიყვანა და ეს ღრუბელი – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი იყო. ,, აჰა, უფალი ზის ღრუბელსა ზედა სუბუქსა და მოვალს ეგჳპტედ’’(ეს.19:1) ის იყო ნათელი, მსუბუქი და მშვენიერი ღრუბელი, რომელსაც ჩვენს გულში მხიარულება და ნუგეში მოაქვს და მშვიდობისა და მყუდროების ღმერთი მოჰყავს. ის გარდამოგვივლენს ფაქიზ, დამარწყულებელ და მშვიდ წვიმას.
მისი მხოლოდშობილი ძის მსგავსად, რამდენი რამ გვასწავლა მან საკუთარი მაგალითით. ვისწავლეთ ის, რომ როდესაც უკიდურესად დავიმდაბლებთ საკუთარ თავს და სრულ მორჩილებას გამოვავლენთ, მაშინ ავმაღლდებით ქრისტესთან. რამდენადაც ვიცით, თუ როგორი ძნელია ასეთი თავის დამდაბლება, სიმდაბლით ვევედრებით მას, რომ დაგვეხმაროს ჩვენი სნეული და ეგოისტური ნების მოკვეთაში, რაც ქრისტესთან შეხვედრის ყველაზე დიდი დაბრკოლებაა. ვევედროთ, რათა დაგვეხმაროს ჭეშმარიტი და გულისმიერი მორჩილების მოხვეჭაში, რომლის გარეშეც შეუძლებელია სიმდაბლის მდგომარეობაში მყოფობა. ვერ გვიშველის ვერც მონაზვნობა, ვერც სქემა, ვერც საღმრთისმსახურო განაწესის გარეგნული აღსრულება, ვერც ღამისთვა და ვერც გალობა, თუკი ამ ყველაფრის მიღმა არ არის ღრმა სიმდაბლე, შემუსვრილი გული, ღმრთის ნების მორჩილება და სულიერი მამის წინაშე გულის გახსნა.
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი ამ დიდების ღირსი თავისი სრულყოფილი სიმდაბლით გახდა. მან სიღრმისულად შეიცნო საკუთარი ადამიანური ბუნების დაცემულობა და იმდენად დამდაბლდა, რამდენადაც ეს ადამიანის ძალებს შეესაბამება და ამიტომაც, სამყაროში ყველაზე მეტად იქნა ამაღლებული. მან სრულყოფილად დაიმდაბლა საკუთარი თავი და სრულყოფილი მორჩილება მოიხვეჭა. ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს შემდეგ, ვის ჰქონდა იმგვარი სრულყოფილი მორჩილება თუ არა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს?
ჩვენი მიზანი, ხომ მოუკლებელი ღმრთისმსახურებაა? – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი უსრულყოფილესად წარემატა ამ საქმეში. ის წმიდათა წმიდათაში მოუკლებელი ლოცვის მდგომარეობაში იმყოფებოდა. ქრისტიანი მდუმარედ, მყუდროებაში, საიდუმლოებრივად უნდა აღასრულებდეს ლოცვით ღმრთისმსახურებას საკუთარ გულში. სწორედ ასე ლოცულობდა ყოვლადწმიდა ქალწული დღე და ღამ.
ჩვენი მიზანი ხომ ღმერთის შეყვარებაა? ვინ შეიყვარა ღმერთი ყოვლადწმიდა ქალწულზე მეტად? ბუნებრივია, რომ სათნოებათა მწვერვალს ვერავინ მიაღწევს, თუკი თავდაპირველად საწყისი საფეხურები არ გაიარა. რა არის ეს პირველი საფეხურები? საკუთარი ნების მოკვეთა, მორჩილება, საკუთარი თავის ბრალობა და საკუთარი მოძღვრის წინაშე გულის გახსნა.
წმ. გრიგოლ პალამა ამბობს, რომ რამდენადაც ის ღმრთის წინაშე მთელი კაცობრიობის მეოხი უნდა გამხდარიყო, აუცილებელი იყო ამ დიდებული მისიისთვის მომზადება. ეს მომზადება მან სოლომონის ტაძარში, წმიდათა წმიდაში გაიარა, სადაც შესვლის უფლება მხოლოდ მღვდელმთავარს ჰქონდა, ისიც წელიწადში ერთხელ. სწორედ იქ, ღმრთისმშობელი, ლოცვით მყუდროებაში(ისიქიაში), საკუთარი გულის მზერას ცოცხალ ღმერთს მოუკლებლად მიაპრყობდა. შედეგად ის შეხვდა ღმერთს, საკუთარ გულში ესაუბრებოდა მას, მისი ნათლის მატარებელი გახდა, საკუთარი თავი სრულიად მას მიუღძვნა და ასე მოემზადა ამ დიდებული მისიის შესასრულებლად.
წმ. გრიგოლის თანახმად, სწორედ მან გვიჩვენა მყუდროებისა და ისიქასტური ლოცვის მნიშვნელობა, რაც ჩვენი სულიერი გამოსწორებისა და სრულყოფილების უმთავრესი საშუალებაა. წმინდა მოციქულებმა და ეკლესიის ყველა დიდმა მამამ საკუთარი გზა ლოცვით მყუდროებაში შრომით დაიწყეს და მას შემდეგ, რაც შინაგან მყუდროებაში ქრისტესთან გულისმიერ ერთობას მიაღწიეს, მხოლოდ მაშინ დაიწყეს ადამიანებთან ნაყოფიერი მისიონერული მსახურება და მათი გულები ქრისტესკენ წარმართეს.
ეს მყუდროება, ანუ ისიქია ჩვენი ცხოვრების მთავარი გზაა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მორჩილება, მსახურება, საზრუნავები, მაგრამ რამდენადაც ჩვენს ძალებს შეესაბამება, ყველანი მოწოდებულნი ვართ, რომ გვიყვარდეს და გვწყუროდეს მყუდროება, რომლის გარეშეც შეუძლებელია სულიერი ზრდა. თუ ობიექტური გარემოება არ მოითხოვს ამას, არ გამოხვიდეთ საკუთარი გულიდან. მორჩილების დროსაც, როდესაც ძმებს ვემსახურებით, ყველანაირად ვეცადოთ, რომ საკუთარ გულში მყუდროთ განვმარტოვდეთ და ვიფხიზლოთ. როდესაც მოვა საცდური და გარესამყარო მიგვიზიდავს, რაც ჩვენი შინაგანი მყუდროების დარღვევას იწვევს, გავიხსენოთ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, რომელიც წმიდათა წმიდათაში ლოცულობდა და საკუთარ თავს ვუთხრათ: ,, ჩვენ ყოვლადწმიდა ქალწულის მიმბაძველნი უნდა ვიყოთ!’’. ეს ძალიან დაეხმარება ჩვენს სულიერ ცხოვრებას, რადგან თუ მყუდროებას არ შევიყვარებთ, სულიერ ნაყოფსაც ვერ გამოვიღებთ. სხვა საქმეებიც თავისთავად სიკეთეა და შეიძლება სულიერ ცხოვრებაშიც დაგვეხმარონ, მაგრამ მხოლოდ ლოცვითი მყუდროება, საკუთარი გულის სიმყუდროვეში ქრისტეს ძიება, ანუ ისიქია გვაძლევს ყველაზე მეტ სულიერ ნაყოფს.
ჩვენი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, წმ. გრიგოლის თანახმად, გვასწავლის ისიქასტურ ლოცვას – ღმერთთან შინაგან, საიდუმლოებრივ ერთობას მყუდროებაში. შეგვეწიოს ყველას, რომ მის კვალ და კვალ ვიაროთ, რათა საკუთარ თავში განვიცადოთ ის კურთხეული მდგომარეობა, რასაც მყუდროებაში ლოცვითი ცხოვრება ჰქვია. ჩვენს დედას, ღმრთისმშობელს, განსაკუთრებულად უხარია, როდესაც ხედავს, რომ მისი მხოლოდშობილი ძე გვიყვარს. განსაკუთრებით უხარია იმის დანახვა, რომ ჩვენს ცხოვრებაში არ არსებობს სხვა მისწრაფება და სურვილი, თუ არა საკუთარი გულის საყდარზე ქრისტეს დაბრძანება და მისი გამეფება. ის ხატებზე გამოისახება, როგორც დიდი სიყვარულითა და კრძალვით საკუთარ ხელებში ქრისტეს მპყრობელი. მას ქრისტე უპყრია არამხოლოდ როგორც საკუთარი ძე, არამედ როგორც საკუთარი ღმერთი. ასევე ჩვენც, დაე ქრისტეშემოსილნი ვიყოთ და საკუთარ გულში ქრისტე გვეპყრას! ეს ძალიან გაახარებს ჩვენს ზეციურ დედას. ამინ.
წყარო: http://azbyka.ru
სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©