პანტანასა

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინება – მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი

ქრისტეს აღდგომისა და ამაღლების შემდეგ, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი მთელი ეკლესიის ნუგეშის წყარო გახდა. წმ. გრიგოლ პალამა მისი მსახურების სამ სახეზე საუბრობს:

პირველი: ის მუდამ იწვრთნებოდა სათნოებებში და ქრისტეს ამაღლების შემდეგაც უმკაცრეს სულიერ ღვაწლში იმყოფებოდა.

მეორე: ის მთელი სამყაროსთვის ლოცულობდა და მისი ლოცვით ყველას შეეწეოდა.

მესამე: ღმრთისმშობელი წმინდა მოციქულთა ნუგეში და მათი განმამტკიცებელი გახლდათ. ამის შესახებ იშვიათად საუბრობენ მაგრამ, ამ საკითხის ხაზგასმა ძალიან მნიშვნელოვანია. ნათელია, რომ მის მიერ არჩეული ისიქიისა და მყუდროებს წესი სახარების ქადაგებისა და სულიერი ცხოვრების საქმეს დიდად განამტკიცებდა. ამის შესახებ წმ. გრიგოლი წერს: ,,ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, ქრისტეს სიტყვის დედამიწის ყველა კუთხეში მქადაგებელ მოციქულებს რჩევებითა და გამხნევებით განამტკიცებდა. ის იყო საყრდენი და ნუგეშის წყარო ყველასთვის, ვისაც მასზე სმენოდა, ვინც მას ხედავდა და ყველანაირი გზით უწყობდა ხელს სახარების ქადაგებას’’.

მისი მიძინების შესახებ კი ყველასთვის ცნობილია. ის ისეთივე დიდებული იყო, როგორიც მთელი მისი მიწიერი ცხოვრება.

მიძინების დღესასწაულზე წმ. გრიგოლი თავისი სიტყვის დასაწყისში ამბობს, რომ ეკლესიის მიერ მის ქებისა და განდიდებასთან ერთად, ჯერ არს ყოვლადწმიდა ქალწულის დიდებულების შესახებ საუბარი. შემდეგ აღნიშნავს, რომ თუკი ,, ხსენება მართლისა ქებით აღესრულების’’, მაშინ რამდენად უფრო მეტად ქებითა და დიდებით უნდა აღესრულოს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხსენება, რომლის მიერაც მოგვენიჭება ყოველგვარი წყალობა და სიკეთე.

მიძინების შესახებ წმ. გრიგოლი ამბობს, რომ მისი სიკვდილი იყო სიცოცხლის მომნიჭებელი და გარდაცვალება ზეციურ, მარადიულ და უხრწნელ ცხოვრებაში.

წმ. გრიგოლისა და სხვა წმინდა მამების მიხედვით, ჩვენ ღმრთისმშობლის არამხოლოდ მიძინებას და სულით ზეცად ამაღლებას აღვნიშნავთ, არამედ სხეულით ამაღლებასაც. წმინდა მამა ამბობს, რომ ღმრთისმშობელი ,,დადგა მარჯვენით მისა, სამოსლითა ოქროსოვილითა შემკულ და შემოსილ’’. ,,ოქროქსოვილი სამოსელი’’ ნიშნავს მის ღმრთივბრწყინვალე სხეულს. ხოლო ,,შემკული’’ ნიშნავს ღმრთის მსგავსი სათნოებებით შემკულობას. აქედან გამომდინარე, ამაღლდა რა ღმრთისმშობელი ზეცად, მხოლოდ ის ერთადერთი იმყოფება ღმრთისაგან განდიდებული სხეულით საკუთარ ძესთან – ჩვენს უფალ იესუ ქრისტესთან. ვერც დედამიწა, ვერც საფლავი და ვერც სიკვდილი დააკავებდა მის ცხოველსმყოფელ სხეულს, რომელიც ღმრთისათვის ზეცაზე უფრო სასურველი სამკვიდრებელი იყო. თუკი ღმრთის მადლის სამკვიდრებელი სული, მიწიერი ცხოვრების დასასრულის შემდეგ ქრისტესთან მიდის, მაშინ წინასაუკუნეთა ღმერთის, მადლის მარადიული წყაროს საკუთარ წიაღში დამტევნელი და მისი სხეულის მშობელი, განა არ იქნება აღყვანილი მიწიდან ზეცად თავისი სხეულითაც? საფლავიდან თავისი ამაღლებით, ღმრთისმშობელმა მიწიერი სამყარო ზეციურ დაუკავშირა. ყოვლისმპყრობელისა და ყოველთა ზედა მყოფის საკუთარ თავში დამტევნელი, თავისი სათნოებებით ყველას და ყველაფერს აღემატა, როგორც ყველა სხვა წმინდანს, ისე ანგელოზებსაც. ის გახდა უკვდავი სიკვდილის შემდეგ და თავის ძესთან ერთად ერთადერთია, ვინც სხეულით მყოფობს ზეცაში და მისთვის მავედრებლებს უხვად გარდამოუვლენს დიდ საღმრთო წყალობას.


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©