როგორ მოვიხვეჭოთ თომა მოციქულის მსგავსი აღმსარებლობა? – წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

,,ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე’’(ინ.20:29).

ეს სიტყვები ქრისტემ თავის ერთგულ მოწაფეს, თომას უთხრა, რომელიც ვერაფრით იჯერებდა უფლის აღდგომას, როცა ამის შესახებ მისი ძმები, მოციქულები ეუბნებოდნენ. ეს სიტყვები უფალმა იმ მოწაფეს უთხრა, რომელმაც განაცხადა, რომ მანამ არ ირწმუნებდა მის აღდგომას, სანამ მთელი კაცობრიობისთვის ამ ყველაზე მნიშვნელოვან და სასწაულებრივ მოვლენას საკუთარი თვალით არ იხილავდა. თომას სიხარულით უყვებოდნენ, თუ როგორ იხილეს მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე იმ საღამოს, როცა იუდეველთა შიშით ქორედში გამოკეტილიყვნენ. უფალს კარის გაღებაც არ დასჭირდა ისე გაჩნდა მათთან!

,,უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: ვიხილეთ ჩვენ უფალი. ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს’’(ინ.20:25).

ამ სიტყვებით მან ღმრთისათვის საწინააღმდეგო ურწმუნოება კი არ გამოავლინა, არამედ გამოუთქმელი სიხარული; მისი სული ენით უთქმელ სიხარულს გამოხატავს ამ დიადი და ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელი მოვლენის წინაშე. სამყაროს მდგომარეობა სამუდამოდ შეიცვალა, რადგან ქრისტესთან ერთად მთელი კაცობრიობა აღსდგა.

ყოვლადკეთილმა უფალმაც არ დააყოვნა და თავის საყვარელ მოწაფეს გულის სათხოვარი აღუსრულა. პირველი გამოცხადებიდან ერთი კვირის შემდეგ, ქრისტე კვლავ ეცხადება თავის მოციქულებს, ამ შემთხვევაში თომაც მათთან ერთად იყო. კარიც უწინდელივით დახშულიყო იუდეველთა შიშით.

,,და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესუ კართა ჴშულთა და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! მერმე ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელნი ჩემნი და მოიღე ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ’’(ინ.20:26-27).

ამ სიტყვებით ქრისტემ დაამოწმა, რომ იგი ყველგანმყოფია და მაშინაც უხილავად იქ იმყოფებოდა, როცა თომა მოციქულთა წინაშე, ქრისტეს აღდგომის შესახებ თავის გაურკვევლობას გამოხატავდა. მას მთელი არსებით სურდა, ეს დიადი მოვლენა სრული სისავსით დადასტურებულიყო. ის კი შეუდარებლად აღმატებულ მოწმობას იღებს და გულის სიღრმიდან აღმოთქვამს: ,,უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!’’. მან თითქოს ქრისტეს უთხრა: ,,ახლა უკვე დავრწმუნდი, რომ ღმერთი ხარ და შენი აღდგომის დასტურს აღარ ვეძებ. შენ, როგორც ყოვლისშემძლე ღმერთს ყველაფერი ძალგიძს. შენ ყველაფერი შეგიძლია, რაც ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია’’.

თომას აღმსარებლობის საპასუხოდ, ქრისტე ნეტარ-ჰყოფს მათ, ვისაც იგი ხორციელი თვალით არ უხილავს, მაგრამ შინაგანად ირწმუნეს მისი ღმერთობა. იმ წამებში უფალი ჩვენც მოგვიხსენებდა! ჩვენ არ გვიხილავს უფალი ხორციელი თვალებით! მოგვიხსენა ჩვენც, რომლებიც მისგან დროითა და სივრცით ვართ დაშორებულნი! მოგვიხსენებდა ყველა ადამიანისთვის ჯვარცმული, აწ უკვე აღდგომის დიდებით განდიდებული და თავის მოციქულთა წინაშე მდგომი! ჩვენც არ დაგვივიწყა უფალმა, რომლებიც მის წმინდა ტაძარში ვდგავართ და ასწლეულები გვაშორებს მისგან. ნეტარნი ვართ ჩვენც, რომლებსაც არ გვიხილავს, მაგრამ ვირწმუნეთ! ასე რომ, ყველაფრის არსი – ცოცხალი რწმენაა. მისი საშუალებით ადამიანი ქრისტეს უახლოვდება! სწორედ რწმენა წარადგენს ადამიანს ცოცხალი ქრისტეს წინაშე ახლაც და ამ სამყაროს უკანასკნელ დღესაც, იმ მარადიული დღის დასაწყისში, როცა ქრისტეს საყდრის წინაშე წარვსდგებით, რათა მარადიულად ვჭვრეტდეთ მას, მარადიულად ვტკბებოდეთ მასში და მარადიულად ვმეფობდეთ მასთან ერთად!

ამ სიტყვებით ქრისტემ მოციქულებთან ერთად, ყველა დროის ყველა ქრისტიანი გააერთიანა. როცა გეთსიმანიის ბაღში ზეციური მამის წინაშე ლოცულობდა და მას თავის მოციქულებს ავედრებდა, მაშინაც მოციქულთა სახით ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს გულისხმობდა: ,,არა ამათთჳს ხოლო გკითხავ, არამედ ყოველთათჳს, რომელთა ჰრწმენეს სიტყჳთა მათითა ჩემდა მომართ’’(ინ.17:20). ასევეა აქაც: იგი ეკლესიის თითოეულ შვილს მოციქულთა ნეტარების თანამონაწილედ ხდის.

“ხოლო თუალნი თქუენნი ნეტარ არიან, რამეთუ ხედვენ, და ყურნი თქუენნი, რამეთუ ესმის. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მართალთა გული-უთქუმიდა ხილვად, რომელსა თქუენ ხედავთ, და არა იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და არა ესმა’’(მთ.13:16-17). მისი ერთ-ერთი მხილველი, იოანე ამბობს: ,,სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა’’(ინ.1:14). მოციქულთა სიტყვები, თითქოს ჩვენც იმ მოვლენათა მხილველად გვაქცევს, რომლებიც მათმა თვალებმა იხილეს. საეკლესიო საიდუმლოებების მიერ, ჩვენ ქრისტესთან არსობრივ ურთიერთობას ვამყარებთ და ხორციელი თვალისთვის უხილავი ღმერთი, ცოცხალი რწმენის მიერ სულიერი თვალისთვის – გონებისთვის ხილული ხდება. ქრისტეს მცნებების მიხედვით ცხოვრება ჩვენს გულში მის საიდუმლოებრივ გამოცხადებას განაპირობებს. ქრისტე ჩვენი გულის სიღრმეში შემოდის მაშინ, როცა სახარების სულით და ლოცვით განმსჭვალული გონება გულში ჩავა და მოწაფეთა მსგავსად მის კარებს დახშავს, რათა მასში იუდეველნი, ანუ ცოდვისმიერი ზრახვები არ შეიჭრან.

რატომ არ გვაქვს რწმენა? იმიტომ, რომ არ გვიშრომია ქრისტიანობის შესასწავლად. არ გაგვიწევია შესაბამისი ძალისხმევა, რომ სმენისაგან რწმენა მოგვეხვეჭა, ანუ თეორიულად შეგვეცნო ქრისტიანობა და არც საქმით გვიცდია ცოცხალი რწმენა შეგვეძინა. ამ ორი შემეცნების მქონე, თავად ქრისტეს მიერ აღიწევა საიდუმლოებრივი და არსობრივი სულიერი შემეცნებისკენ, რომელიც მჭიდრო კავშირშია ცოცხალ რწმენასთან. ,,რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი’’(ინ.14:21).

რაც უფრო ზედმიწევნით შევისწავლით ქრისტიანობას, მით უფრო ვრწმუნდებით მის საღმრთო წარმომავლობაში. ხოლო ყველაზე ძლიერ მოწმობას ქრისტეს მცნენებით ცხოვრება გვანიჭებს. როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: ,,მცნებათა შენთაგან გულისჴმა-ვყავ’’(ფს.118:104). ქრისტეს მცნებების აღსრულებით მონიჭებული შინაგანი მოწმობა, სულის სიღრმეში მოქმედებს და ის გარედან მოსულ, ყოველგვარ თეორიულ მოწმობაზე ძლიერია. ქრისტეს მცნებები სულს აცოცხლებენ, ამტკიცებენ და ამშვიდებნენ. მათი მოქმედების შემგრძნობელი საკუთარ გულში უფალ იესუ ქრისტეს ცოცხალ რწმენას მოიხვეჭს და ეს ხდება წინაპირობა პეტრეს მსგავსი გულისმიერი აღმსარებლობისა: ,,უფალო, ვისა მივიდეთ ჩუენ? რამეთუ სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან შენ. და ჩუენ გურწმენა და გჳცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ’’(ინ.6:68-69).

,,იხილენით ჴელნი ჩემნი და ფერჴნი, რამეთუ თავადი მე ვარ; ჴელი შემახეთ მე და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარცა-ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ’’(ლკ.24:39); ქრისტე ამ სიტყვებით გვეუბნება: ,,დაიწყეთ ჩემი მცნებებით ცხოვრება, იცხოვრეთ ჩემი ნების მიხედვით და საკუთარი სულის შეგრძნებით მიხილავთ; ვინც ასე შემეხება, ჩემს ღმერთობაში დარწმუნდება და ჩემს საყვარელ მოწაფესთან ერთად სიხარულით აღმოთქვამთ: ,,უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი’’. ამინ.


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©