წმ იოანე ოქროპირი 3

წმ. იოანე ოქროპირი – ღამე ლოცვა

”ლოცვით თავად ზეცის გაღებაც კი შესაძლებელია. ელიამ ხომ სწორედ ლოცვით დაახშო და გახსნა ზეცა. ”რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა, და რაოდენი განჰხსნათ ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა(მათ 18:18). ღ ა მ ი თ ვ ი ლ ო ც ო თ და ეს ბორკილები ჩამოიხსნება. ხოლო ლოცვით რომ ცოდვებისაგან თავის დახსნაა შესაძლებელი, ამაში თქვენი დარწმუნება შეუძლია ქვრივ დედაკაცს (ლუკ. 18:3), დარწმუნება შეუძლია იმ მეგობარს, რომელიც ღამით კართან იდგა და ითხოვდა(ლუკ.11:5) დარწმუნება შეუძლია კორნელიუსს, რომელსაც ანგელოზმა უთხრა: ლოცვანი შენნი და ქველის საქმენი შენნი აღვიდეს სახსენებელად შენდა წინაშე უფლისა” და დარწმუნება შეუძლია პავლეს, რომელიც ამბობს: ხოლო ჭეშმარიტი ქურივი და მარტო-ქმნული ესავს უფალსა და დადგრომილ არს ვედრებასა და ლოცვასა ღამე და დღე(1.ტიმ 5:5).

თუკი იგი ამას ამბობს ქვრივ დედაკაცზე, უძლურ ქალზე, მაშნ მითუმეტეს იგივე ითქმის მამაკაცებზე. ადრეც გეუბნებოდით ამას და ახლაც გეტყვით. ღ ა მ ი ს გ ა ნ მ ა ვ ლ ო ბ ა შ ი ა დ ე ქ ი. თუ ბევრს ვერ ილოცებ, მცირედ მაინც ილოცე ყურადღებით და ეს იკმარებს. მ ე ტ ს ა რ ა ფ ე რ ს ვ ი თ ხ ო ვ! თუ მთლად შუაღამისას არა, მაშინ – დილით ადრე. მაჩვენე, რომ ღ ა მ ე მარტო სხეულისთვის კი არ არსებობს, არამედ სულისთვისაც. ნუ შეურიგდები, რომ ის უნაყოფოდ დასრულდეს. არამედ შესაწირავი შესწირე უფალს, ის ისევ შენ დაგიბრუნდება.

აბა მითხარი, როდესაც გაჭირვება გვიდგას, ვის აღარ ვთხოვთ ხოლმე დახმარებას მაშინ?! ასე არ არის? და თუ სწრაფად მივიღებთ იმას, რასაც ვითხოვდით, დიდ შვებას ვგრძნობთ. სად ნახავ ისეთ ვინმეს, ვისაც რაღაცას სთხოვ და იმის გამო, რომ მას სთხოვე, მადლიერი დაგრჩეს? სად ნახავ ისეთ რამეს, რომ როდესა რაღაც გჭირდება, სასოწარკვეთილი კი არ ეძებ დამხმარეს, არამედ ზუსტად იცი, რომ გყავს ი ს ე თ ი ვ ი ნ მ ე, ვინც ყოველთვის აუცილებლად დაგეხმარება? რომ ისიც კი არ გჭირდება, რომ სხვები ჩარიო და მათ ათხოვნინო დახმარება?! ამაზე მეტი რაღა იქნება?! იგი (უფალი) უმეტესწილად მაშინ გვისრულებს თხოვნას, როდესაც თხოვნისას სხვებს არ ჩავრევთ. ისევე, როგორც ჩვენი გულწრფელი მეგობარი გვისაყვედურებს ხოლმე უნდობლობას, თუკი მას პირდაპირ კი არ ვთხოვთ, არამედ დახმარებისათვის სხვისი საშუალებით მივმართავთ. თავადაც ხომ ასე ვექცევით მათ, ვინც ჩვენ გვთხოვს რამეს?! განსაკუთრებული კეთილგანწყობით ვხვდებით იმ ადამიანების თხოვნას, ვინც პირადად მოგვმართავს და სხვებს არ ჩარევს ამ ურთიერთობაში.

მაგრამ – მკითხავ შენ – თუკი გავანაწყენე იგი? – ნუღარ გააწყრობ მეტად, ცრემლით მიმართე და ძველ საქმეებს(ცოდვებს) მალე შეგინდობს. ოღონდაც აღიარე, რომ შეურაცხჰყავ და სულის სიღრმიდან უთხარი ეს ყველაფერი, ცრემლით მიმართე მას და ის მანამდე გაპატიებს, ვიდრე სინანულის შესაბამის საქმეებსაც გააკეთებ. რამდენადაც შენ გინდა, რომ გეპატიოს, იმდენადვე უნდა მას, რომ გაპატიოს. და რომ შენი სურვილი მცირეა, ამაზე ის მიუთითებს, რომ შენ არც მღვიძარება გინდა, არც მოწყალება. მან კი(უფალმა) ჩვენი ცოდვების შესანდობას თავისი მხოლოდშობილი ძეც კი არ დაინანა. განა ვერ ხედავ, რომ შენზე მეტად მას სურს შენი ცოდვების შენდობა?!

თუკი მას ჭეშმარიტად არ მოუხმობ, თუ მას გ უ ლ ი თ არ დაუძახებ: მაპატიე!… და ეს მხოლოდ ბაგიდან გამოსული სიტყვა იქნება, მაშინ მან რაღა უნდა ქნას? რას ნიშნავს: ”ჭეშმარიტად არ მოუხმობ?!” კეთილი განწყობით, გულმოდგინედ და წმინდა გულით..ასევე, როგორც მირონზე ამბობენ, რომ ის ჭეშმარიტია, თუკი მას უწმინდური არაფერი შერევია, ზუსტად ასევეა აქაც. ის, ვინც ჭეშმარიტად მოუხმობს მას და ჭეშმარიტად ევედრება, მანამდე არ დაეხსნება თხოვნა-ვედრებას, ვიდრე არ მიიღებს იმას რაც ითხოვა. ხოლო, თუ ვინმე ამას თვალთმაქცურად აკეთებს და მხოლოდ რჯულის აღსრულება უნდა, ის ქრისტეს ჭეშმარიტად არ უხმობს.

თითოეულმა თქვენგანმა, ვინც უნდა იყოს, უბრალოდ კი არ თქვას, ცოდვილი ვარო, არამედ, ეცადოს, რომ ამ სიტყვისაგან თავი დაიხსნას. მარტო კი ნუ ამბობ, არამედ, გული შეიმუსრე, თუ გულს არ იმუსრავ, ესეიგი აბუჩად იგდებ. ვინც საკუთარ სნეულებას მიხვდება და აღიარებს, განა ჯანმრთელობის დასაბრუნებლად ყველაფერს არ იზამს? ლოცვა უდიდესი იარაღია. ქრისტე ამბობს – ”უკუეთუ თქუენ უკეთურთა იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროის მამამან(ლუკ. 11:13)”.

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)