მირქმა 1

საკუთარ გულში ქრისტეს მირქმის გზა – წმინდა თეოფანე დაყუდებული

უფლის მირქმის მოვლენა – როგორ გულისშემძვრელ სანახაობას წარმოგვიდგენს! ღრმად მოხუცებულ სვიმეონს მკლავებში სამყაროს შემოქმედი, ყრმა ღმერთი უპყრია, მართალი იოსები და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იქვე დგანან; 84 წლის მმარხველი და მლოცველი ანა წინასწარმეტყველიც იქვეა. ყველას მზერა ქრისტესკენაა მიპყრობილი. მისგან იღებენ სულიერ სიტკბოებას და მისით კვებავენ თავიანთ სულს, თავიანთი მზერითა და მთელი არსებით მასში ჩაძირულნი, რომ დაფიქრდეთ, რამხელა ნეტარებას გრძნობდა მათი სულები!

ძმებო, ჩვენ ყველანი ამისთვის ვართ მოწოდებულნი, რომ არა მხოლოდ აზრობრივად წარმოვიდგინოთ და გავიაზროთ ეს საოცრება და ნეტარება, არამედ რეალურად, გამოცდილებისეულად ვიგემოთ და შევიგრძნოთ. მოწოდებულნი ვართ, რომ საკუთარ გულში მივირქვათ ქრისტე და მასში ჩავიძიროთ ჩვენი სულის მთელი ძალებით. თუ მივაღწევთ ამ მდგომარეობას, მაშინ ჩვენი ნეტარება არ იქნება იმაზე ნაკლები, რასაც ამ მოვლენის უშუალო თვითმხილველნი და თანამონაწილენი განიცდიდნენ. ისინი იყვნენ ნეტარნი, რადგან ხედავდნენ, ხოლო ჩვენ ვიქნებით ნეტარნი, რომელთაც არ გვიხილავს, მაგრამ ვირწმუნეთ. ყურადღება მოიკრიბეთ. მოკლედ გეტყვით იმას, თუ რა გავაკეთოთ იმისთვის, რათა ამ ყველაფერს მივაღწიოთ.

1. პირველ რიგში, შეინანეთ. გახსოვდეთ, რომ სულიერ ცხოვრებაში სინანულის გარეშე ყველაფერი უშედეგოა. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ და ვეძებდეთ, დაე ყველაფრის საწყისი და მკვებავი სინანული იყოს. ისევე, როგორც საძირკველის გარეშე სახლი ვერ აშენდება და ნიადაგის დამუშავების გარეშე თესლი, ასევე სინანულის გარეშე ჩვენი ნებისმიერი სულიერი ძიება ამაო იქნება. ამიტომაც, პირველ რიგში, შეინანეთ. იგლოვეთ და დაიტირეთ თქვენი ცოდვები და დაცემული ბუნება და მტკიცედ გადაწყვიტეთ, რომ ღვთისათვის სათნოდ იცხოვრებთ. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ თქვენი სულიერი მზერა და თქვენი სხეული ქრისტესკენ მიაპყროთ და საკუთარ გულში მისი მირქმის გზაზე დადგეთ. სინანული აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ამ გზაზე პირველი ნაბიჯი გადავდგათ და სვლა გავაგრძელოთ.

2. შემდეგ, საკუთარ თავში მუდმივი სინანულის განწყობის დაცვით, ისე მოვაწყოთ ჩვენი ცხოვრების წესი და ქცევები, რომ ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯის და მოძრაობისას ყურადღება მუდამ ქრისტესკენ გვქონდეს მიმართული. ასეთი განწყობა თავისთავად ჩამოყალიბდება ჩვენში, თუკი:

ა) რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყველაფერს ღვთის სადიდებლად, ქრისტესთვის გავაკეთებთ. აქ, რა თქმა უნდა, მხოლოდ დიდი საქმეები კი არ იგულისხმება, არამედ ნებისმიერი ჩვენი მოქმედება. ეს იქნება ყურება თუ მოსმენა, მდუმარება თუ საუბარი, ჭამა თუ სმა, ჯდომა თუ სიარული, შრომა თუ დასვენება, ყველაფერი ქრისტეს უნდა ეძღვნებოდეს, მისთვის კეთდებოდეს და მისი ყოვლადწმიდა სახელით იყოს კურთხეული. რადგანაც ჩვენს ცხოვრებაში წუთიც კი არ არის ისეთი, რომ საქმე არ გვქონდეს საკეთებელი, თუკი ასეთი შინაგანი განწყობა გვექნება, მაშინ მოუკლებლად მივირქვავთ საკუთარ გულში ქრისტეს და მის სადიდებლად აღსრულდება ჩვენი ნებისმიერი საქმიანობა. ამ ყველაფრის აღსრულებას და ნაყოფის მიღებას მაშინ შევძლებთ, თუკი:

ბ) ლოცვა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდება, ჩვენი წმინდა ეკლესიის მორჩილნი ვიქნებით და გულის უბრალოებით, ზედმიწევნით აღვასრულებთ მის განაწესებებს. რადგანაც ლოცვის მიზანი ქრისტე და მასთან პიროვნული ურთიერთობაა, მაშინ მისი მეშვეობით ცოცხლად მივირქვავთ ქრისტეს საკუთარ თავში და ჩვენი გული გამოუთქმელ სიტკბოებას შეიგრძნობს.

გ) თუკი დარჩენილ დროს წმინდა წერილში ან წმინდა მამების წერილებში ჩაღრმავებაში გამოიყენებთ, ან იფიქრებთ და გაიზრებთ იმას, თუ რა გააკეთა ქრისტემ ჩვენი გადარჩენისთვის, მაშინ არც ჩვენში და არც ჩვენს გარეთ არ დარჩება არაფერი ისეთი, რაც ქრისტეს არ გაგვახსენებს, ჩვენს ყურადღებას მისკენ არ აღამაღლებს და ჩვენს სულს მის მისარქმელად არ განაწყობდეს.

3. ამ ყველაფერთან ერთად, არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ ნებისმიერი ჩვენი სულიერი შრომა არსობრივად მხოლოდ მომზადების პროცესია. მხოლოდ მათზე შეჩერება არ შეიძლება და აუცილებელია, რომ კიდევ უფრო წინ ვისწაფოთ. უხეშად რომ ვთქვათ, როგორც ჩვენს მიერ მიღებული საკვებიდან სასიცოცხლო ნივთიერებებს ვიღებთ, ასევე ჩვენი სულიერი საქმიანობა და შრომა ჩვენს სულში ქრისტეს მიმართ უფაქიზეს შეგრძნებებსა და მისწრაფებებს უნდა ბადებდეს. მაგალითად: ჩვენი ყველა საქმის ქრისტესთვის მიძღვნისთვის შრომა, ჩვენში ქრისტესთან ერთობის წყურვილს უნდა ბადებდეს; ლოცვითა და ღვთისმსახურებაში თანამონაწილეობით ჩვენს გულში მხოლოდ ქრისტეს სიახლოვეს უნდა შევიგრძნობდეთ; წმინდა წერილში ჩაღრმავება კი ჩვენი გონების ყურადღებას ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისკენ მიაპყრობდეს. ეს შრომა მიწის დამუშავებაა, ხოლო ამგვარი მდგომარეობები და მისწრაფებები – მოსავლის მიღება; შრომა – ღერო და ტოტებია, ხოლო ეს განცდები კი – ნაყოფი. როდესაც თქვენში ამგვარი განწყობები გაჩნდება, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ თქვენი სული მთელი თავისი ცნობიერებითა და განწყობით ქრისტეს მირქმის გზაზე დადგა. რადგანაც ქრისტე ყველგანმყოფია და თავად ისწრაფვის, რომ ჩვენი სული მიირქვას, თუ სწორად ვიცხოვრებთ და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ, ქრისტეს და ჩვენი სულის ურთიერთმირქმა ბუნებრივად აღსრულდება. იმ წამიდან, მართალი სვიმეონის ნეტარების განცდას დავიწყებთ, რადგან ჩვენი სულის მკლავებში თავად უფალი იესო ქრისტე განისვენებს, რომელიც ჩვენი სიცარიელის ერთადერთი აღმავსებელი და ჭეშმარიტი ნეტარების მომნიჭებელია. ეს არის ის, რასაც ქრისტეს გემოსხილვას, მასში განსვენებას, გონებით მის წინაშე წარდგომას, მის წინაშე სვლას, და მოუკლებელ ლოცვას უწოდებენ. სწორედ ეს ყველაფერი იყო ყველა წმინდა მამის წყურვილი და ძიების საგანი.

ყველას გისურვებთ, რომ ამ დიდებული სიკეთეების თანაზიარნი გახდეთ. თუკი ვინმე დაიჩივლებს და იტყვის: სასურველია ნაყოფი, მაგრამ მისი მოხვეჭის შრომა, ზედმეტად მძიმეაო, მას ასე ვუპასუხდებდი: კარგი, არის უფრო მარტივი გზაც. აი ისიც: შეინანე!; შემდეგ, ქრისტეს მცნებების ზედმიწევნით აღსრულებისთვის მოშურნეობით აღსავსემ, ეცადე, რომ მუდამ ცოცხალი ღმერთის წინაშე იცხოვრო, ანუ ეცადე, რომ შენი გონების ყურადღება და შენი გული მხოლოდ ქრისტესკენ მიმართო. თუკი ასე იმუშავებ საკუთარ თავზე, მალევე მიირქვავ ქრისტეს. ის შემოვა შენს გულში და განისვენებს ისევე, როგორც მართალი სვიმეონის მკლავებზე განისვენებდა. ამ ყველაფრისთვის შრომაში ყველაზე ძლიერად და მეტად იესოს ლოცვა დაგეხმარება: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. მაგრამ აქაც ხაზგასმით ვიტყვით, რომ ისევე როგორც ნებისმიერი სულიერი საქმე, იესოს ლოცვაც თავისთავად ვერ დაგვეხმარება, არამედ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მთელი სულით ქრისტესკენ სწრაფვა გვსურს! ამიტომაც – „განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით“ (1 პეტ. 5:8). „ზეცისასა ეძიებდით…ცხორებაჲ თქუენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა“ (კოლ. 3:1-3), შემდეგ: „ხოლო რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს“ (1 კორ. 6:17), „კუალად გიხილნე თქუენ, და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან“ (ინ. 16:22) აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

წყარო: http://www.monasterium.by/

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share