Image 1

საუბრები გონიერ ლოცვაზე- არქიმანდრიტი ხარლამპე დიონისელი „იესოს ლოცვის ოსტატი“ (ნაწილი 3)

მონაზონი იოსებ დიონისელი

მამა ხარლამპე მიიჩნევდა, რომ მონაზონის სულიერი წარმატებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ისეთი სათნოებები, როგორიცაა მორჩილება და მონაზვნური კანონის ზუსტი შესრულება (კელიაში განმარტოებული გონიერი ლოცვა და ყველა ღვთისმსახურებაში მონაწილეობა).

ამ საკითხების არასწორად გაგების გამო, ბევრი თვლის, რომ სულიერი ბრძოლა მხოლოდ მონაზონების საქმეა და ამიტომაც, მამა ხარლამპე ყოველთვის ხაზგასმით ამბობდა, რომ ამ უხილავ სულიერ ბრძოლაში ყველა ქრისტიანი, თავისი ძალების შესაბამისად უნდა ჩაებას.

რაც შეეხება სასულიერო პირებს, მათ მიმართ ის კიდევ უფრო მკაცრი იყო. აღსარებაზეც კი არ მიიღებდა იმათ, ვინც მიუხედავად მათი თავის მართლებისა, რომ მსახურებებზე არავინ ესწრებოდა, ყოველდღიურ საღვთისმსახურო ციკლს არ აღასრულებდა. ის ამბობდა, რომ მღვდელი ლოცვის მეშვეობით მეთვალყურეობს თავის სამწყსოს. იმ მღვდლებს, ვინც ვერ ახერხებდა, რომ ყოველდღიურად რამდენიმჯერ მისულიყო ტაძარში ურჩევდა, რომ ამ საღვთისმსახურო ციკლის მსახურებები სახლში წაეკითხათ და საღმრთო ლიტურგიები, რაც შეიძლება ხშირად, კვირის გარდა, შუა კვირაშიც აღესრულებინათ.

შემიძლია გითხრათ, რომ მამა ხარლამპეს სულიერი შვილები, ერში მცხოვრები მღვდელმონაზვნები, ჰბაძავენ თავიანთ მასწავლებელს და მთელი წლის განმავლობაში ყოველდღე აღასრულებენ საღმრთო ლიტურგიას.

ვინც გონიერ ლოცვაში ვარჯიშობდა, მამა ხარლამპე ურჩევდა, რომ მსახურებები (მწუხრი, სერობა, შუაღამიანი, დილა-საღამოს, ზიარების წინა ლოცვები და ა.შ. რა თქმა უნდა, გარდა ლიტურგიისა) ქრისტეს უტკბესი სახელის მოუკლებელი მოხმობით, ანუ იესოს ლოცვით ჩაენაცვლებინათ. მისი არაერთი სულიერი შვილი, ათონზე მცხოვრები თუ ერში, ამ კურთხულ საქმიანობაში საკმაოდ წარემატა.

მათ, ვინც თვლიან, რომ დღეს ერში მცხოვრები ადამიანებისთვის ეს შეუძლებელია, ვეტყოდი, რომ ვიცნობ ისეთ ადამიანებსაც, ვინც მამა ხარლამპეს დარიგებებით, ყოველ ღამე, ან გამთენიისას 3-4 საათს ატარებენ იესოს ლოცაში. ვიცნობ ისეთ ძმებსაც, რომლებიც მამა ხარლამპეს ლოცვისა და სწავლებების წყალობით მთელ დღეს მოუკლებელ იესოს ლოცვაში ატარებენ. კეთილი ჩვევა შეიძინეს და ამ ლოცვას ხან ბაგეებით და ხანაც გონებით წარმოთქვამენ.

არსებობენ ოჯახები, რომლებიც დღეში სულ მცირე ორჯერ მაინც ლოცულობენ ერთად და ღვთისმშობლის დაუჯდომელს კითხულობენ.

ერთი ძმა მიყვებოდა: „გარდა იმისა, რომ ტელევიზიით უწესო რაღაცეებს აჩვენებენ, ის ოჯახური ურთიერთობების სისავსესა და სითბოს არღვევს. მოდიხარ სამსახურიდან სახლში, რომ შენს საყვარელ ადამიანებთან ცოტათი გაიხარო და რას ხედავ? ერთი მულტფილმს უყურებს, მეორე – ფეხბურთს და დროდადრო ეკრანზე სიბილწეებიც ჩნდება ხოლმე“.

მამა ხარლამპე მშობლებს ურჩევდა, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდანვე მიეჩვიათ ლოცვას, აღსარებას, ხშირ ზიარებას

ამ ადამიანის მწუხარება ყველასთვის საერთოა. ამიტომაც, მამა ხარლამპე მშობლებს ურჩევდა, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდანვე მიეჩვიათ ლოცვას, აღსარებას, ხშირ ზიარებას (რა თქმა უნდა, არა ძალდატანებით) და ისეთ სათნოებებს, როგორიცაა მორჩილება, უფროსების პატივისცემა, შრომის მოყვარეობა, წმინდა წერილის კითხვა და ა.შ. ამბობდა, რომ ამ შემთხვევაში, თავად უფალი განსწავლის მათ.

ასეთ სულისკვეთებას მამა ხარლამპე მრავალ ოჯახში ნერგავდა. შვილები მოუთმენლად ელოდნენ მამის სახლში დაბრუნებას, რომ ერთად ევახშმათ და შემდეგ ღვთისმშობლის დაუჯდომელი წაეკითხათ. შემდეგ ცოტას ითამაშებდნენ მამასთან ერთად, გაკვეთილებს ამზადებდნენ და დასაძინებლად მიდიოდნენ. ადრე იღვიძებდნენ, რომ კვლავ ერთად ელოცათ და სკოლაში მიდიოდნენ. ასეთი ოჯახები მართლაც რომ ბედნიერად ცხოვრობენ.

მამა ხარლამპეს ერთ-ერთი სულიერი შვილი ძალიან წუხდა იმის გამო, რომ სამიდან მისი ერთ-ერთი შვილი, რომელიც 15 წლამდეა, არც ერთ საკვირაო და სადღესასწაულო მსახურებას არ გამოტოვებდა და სულიერად მყარად იდგა ფეხზე, უეცრად შეიცვალა. შაბათობით შუაღამემდე მეგობრებთან ერთად იყო და კვირაობით შუადღისას იღვიძებდა. მამა ხარლამპემ ანუგეშა ეს ადამიანი და უთხრა:

მიწაზე დავარდნლი სახარებისეული თესლი ადვილად არ იღუპება. ახლა შენი შვილი გამოცდებს გადის. ამ ასაკში სასტიკი ბრძოლა იმართება სულსა და მატერიას შორის და ახლა მისი სასწორი ხორცისკენაა გადახრილი. ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი მისი მშობლებისგან რაღაც უფრო მეტს მოითხოვს. თქვენი ლოცვით კვლავ გადაწონით თქვენი შვილის სასწორს და ისიც ფეხზე დადგება. აი ასე, ერთი მეორის ნაკლოვანებებს აღავსებს ხოლმე. ლოცულობ ყოველ საღამოს ისე, როგორც გასწავლე?

-დიახ, მამაო და ახლა კიდევ უფრო მეტად. მაგრამ ამ განსაცდელისას რა გავაკეთო?

– როგორ ლოცულობ?

– ყოველ საღამოს მეუღლესთან და დანარჩენ ბავშვებთან ერთად ვკითხულობთ მწუხრს ღვთისმშობლის დაუჯდომელთან ერთად და ახლა მე და ჩემმა მეუღლემ ღვთისმშობლის პარაკლისიც დავუმატეთ. დილით, სამსახურში წასვლამდე 2–3 საათით ადრე ვიღვიძებ და იესოს ლოცვაში ვშრომობ, როგორც თქვენ მასწავლეთ.

-ქრისტე შეგეწიოს, შვილო. აი ნახე, შენი შვილი ღმერთშემოსილად გაქცევს. თუ შეგიძლია, კიდევ უფრო დიდი ხანი ილოცე. ხომ არ გაგიჭირდება?

– არა, არა, მამაო, არანაირად. პირიქით, ჩემთვის ეს ნუგეშია. 2-3 საათის იესოს ლოცვის შემდეგ, ბოლოს თავს ვეღარ ვიკავებ და ტირილი მივარდება. იატაკზე ვემხობი და ჩემი სიტყვებით ვლოცულობ და ჩემი შვილისთვის ვევედრები ქრისტეს. ბევრი ტირილისა და ლოცვის შემდეგ, ვმშვიდდები და გულის სიღრმეში იმედი მიჩნდება, რომ უფალი ჩემს შვილს არ მიატოვებს.

-აი, ხედავ? ხომ გითხარი, რომ შენი შვილი სულიერად ფეხზე დაგაყენებდა. რამდენ ადამიანს ვიცნობ, ვინც მრავალი განსაცდელის გამო ლოცვას მიეჩვივნენ და არა მხოლოდ თვითონ გადალახეს ეს პრობლემები, არამედ მოთმინების წყალობით სხვებიც იხსნეს უბედურებისგან! კიდევ ერთ გასაოცარ შემთხვევას მოგიყვები.

ერთხელაც, როდესაც ახალ სკიტში ვცხოვრობდით, ერთმა ქალბატონმა წერილი მომწერა: „მამა ხარლამპე, გთხოვთ ჩემი მეუღლისთვის ილოცეთ. ამ ბოლო დროს ძალიან გვიან მოდის სახლში და გარდა ამისა, სულ წყობიდან გამოვყავარ. ვეჭვობ, რომ ვინმეს გადაეყარა და მეშინია, რომ არ მიგვატოვოს მე და ბავშვები“.

ამ ოჯახისთვის ლოცვა დავიწყე და შემდეგ ამ ქალბატონს მივწერე: „ერთობლივი ლოცვა! შენც უნდა ილოცო. აქ ყოველ ღამე 7-8 საათი ვლოცულობთ და ამიტომ, შენც აირჩიე დრო და რამდენიც შეგიძლია ილოცე“. მივწერე, თუ როგორ ელოცა სკვნილზე ყოველდღიურად და ღვთისმშობლის დაუჯდომელი წაეკითხა.

მალე პასუხი მომდის: „ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც მომწერეთ. გულში ძალიან დიდი ნუგეში ვიგრძენი და ხვალინდელი დღის აღარ მეშინია, ყველაფერი ღმერთს მივანდე“.

რამდენიმე დღის შემდეგ მეორე წერილიც მოვიდა. პასუხის მიწერა ვერც კი მოვასწარი, რომ მოვიდა მესამეც და მეოთხეც. ბოლო წერილში მწერდა: „მამა ხარლამპე, როგორი ტკბილია ქრისტესთან ურთიერთობა! ეს რომ ადრე მცოდნოდა მონაზონი გავხდებოდი. ასეთი აზრიც მომდის ხოლმე: „რა კარგი იქნებოდა, რომ არ მყავდეს არც ქმარი და არც შვილი. თუ ქმარი მიმატოვებს ამ სახლში მონაზონივით ვიცხოვრებ“.

მე ვუპასუხე: „ცოტათი იგრძენი, რა მშვენიერია მონაზვნობა . მაგრამ ახლა ამაზე არ იფიქრო. დაქორწინდი? ხოდა ახლა მეუღლეობის ჯვარი უნდა იტვირთო. გააგრძელე ლოცვა და უფალმა იცის, როგორ მოაწყოს ყველაფერი“.

ჩვენი მიმოწერა შეწყდა და არ მახსოვს როგორ დამთავრდა ეს ისტორია. ბოლო წერილების მიხედვით, ამ ქალისა და მისი შვილების ცხოვრება დალაგდა. ბოლოს უკვე, როდესაც მისი ქმარიც გამოსწორდა და ჩვეულზე უფრო ადრე მიდიოდა სახლში, ეს ქალი ფიქრობდა: „აი, ადრე მოვიდა და ქრისტესთან ურთიერთობა შემაწყვეტინა“.

ხედავ როგორ ცვლის ქრისტე ჩვენს ცხოვრებას? ჩვენს სნეულებებში, ტყვეობებსა და განსაცდელებში ის ეძებს საბაბს, რომ თავისკენ მიგვიზიდოს. ერთხელ, როდესაც ბულგარელებმა ტყვედ აგვიყვანეს, ნეტა იცოდეთ, როგორი ლოცვა, როგორი ცრემლები და ღვთისკენ სწრაფვა გვქონდა! (იუმორით ამბობდა ხოლმე, რომ როცა გაგვათავისუფლეს თითქმის წმინდანები ვიყავითო).

წყარო: https://azbyka.ru/

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაციები შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •