IMG 9725 scaled e1611426429438

საღმრთო ლიტურგია – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი)

ჩემო ძვირფასებო, დღეს ძალიან გავკადნიერდები და შევეცდები, იმაზე გესაუბროთ, რისი არსისა და მნიშვნელობის გამოხატვა ჩემს ძალებს აღემატება. მაგრამ ამას თქვენი სიყვარულის გამო გავაკეთებ, რომლებიც ამ წმინდა ადგილას ასეთი გულმხურვალე მზერით მუდამ გულისყურით მისმენდით.

ემილიანე
არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)

ჩვენი საუბრის თემა სულიერი ცხოვრებაა, – ცხოვრება, რომელიც შთაგონებულია, მიმართულია, ნაწინამძღვრებია და მოქმედია სულიწმიდის მიერ. ეს არის ჭეშმარიტად გზა ზეცისკენ. ის, ვისშიც ამგვარი სიცოცხლეა, მიწაზე კი დააბიჯებს, მაგრამ ამავდროულად ზეცად აღვალს და იქ ქრისტესთან ერთად ზეიმობს. მისი მიზანი, სწრაფვა, გულისცემა და ყოველდღიური საზრუნავი ზეცისკენაა მიმართული.

ჩვენ სიამოვნებების, სხვადასხვა წვრილმანის გარემოცვაში ვცხოვრობთ და მუდამ გვავიწყდება ზეცა. ცხოვრებისეული საზრუნავები მაგნიტის მსგავსად მიიზიდავენ ჩვენს გულს და ამიტომაც ზეციური სიცოცხლე შორეული და მიუწვდომელია. საფრთხე მაშინ უფრო იზრდება, როცა ადამიანს არანაირი სულიერი გამოცდილება არ ჰქონია, ქრისტესკენ საკუთარი გულის მზერა არასდროს მიუმართავს, არც მისი საჭიროება უგრძვნია. როდესაც რომელიღაც სათნო ადამიანის შესახებ ისმენ, შეიძლება მასთან შეხვედრის და საუბრის სურვილი გაგიჩნდეს. თუ არ ნახე და არ შეხვდი, ალბათ დაგავიწყდება კიდეც. მაგრამ, თუ მოხდა ისე, რომ შეხვდი და იხილე, ალბათ მთელი გულითაც შეიყვარებ, მიეწებები და სამუდამოდ გემახსოვრება. ასევეა ქრისტესთან დაკავშირებით. მოდით, ჩვენი სულიერი მზერა წამიერად მაინც მივაპყროთ ზეცას, გავნჭვრიტოთ მისი მშვენიერება, სილამაზე, სიხარული და სიდიადე! შემდეგ ჩვენს სულს უფრო და უფრო გაუჭირდება მისი დავიწყება.

მოდით, ჩვენი სულიერი მზერა წამიერად მაინც მივაპყროთ ზეცას, გავნჭვრიტოთ მისი მშვენიერება, სილამაზე, სიხარული და სიდიადე!

რას აკეთებდა ისრაელის ხალხი, როდესაც იერიქონში შესვლა უნდოდა? მათ იცოდნენ, რომ ქალაქი მაღალი და მიუწვდომელი კედლებით იყო გარშემორტყმული. შემდეგ მზვერავები გაგზავნეს, რათა ამ მიწის ნაყოფები მოეტანათ და ისინიც ყურძნის უზარმაზარი მტევნებით, განძითა და მარგალიტის თვლებით დაბრუნდნენ (რიცხვ. 13:1-25). როდესაც ისრაელმა ეს ყველაფერი იხილა, მისი გული დატყვევდა და თქვა: ‘’ჩვენ დავამარცხებთ მტრებს’’. გაემართნენ კედლებისკენ და ღვთის შეწევნით დაარღვიეს კიდეც ისინი. აი, ნეტავ ჩვენც ასე განგვეღო ზეცის სარკმელი, დავმტკბარიყავით მისი სულიერი სიკეთით (ქრისტეთი), მისი სიცოცხლე გვეგემა და ჩვენს საკუთრებად გვექცია!

ვიმეორებ, დღევანდელი ჩემი ქადაგება კადნიერია. გაგაფრთხილეთ კიდეც და თავადაც მეშინია. ილოცეთ, რომ უფალმა გონება განმინათლოს და თქვენი გულები გახსნას იმის შესაცნობად, რაც სიტყვებით თავადაც ვერ გამომითქვამს!

თუ გექნებოდა სურვილი, რომ მთის უკან არსებული რომელიღაც ადგილის მშვენიერება დეტალურად დაგეთვალიერებინა, რას იზამდი? ერთ-ერთ მწვერვალზე ახვიდოდი და იმ სასურველი ადგილის მშვენიერებას იქედან მოავლებდი თვალს. ჩვენც ასე ვიქცევით. ჩვენც ხომ ტაძარში მოვედით, ქრისტეს ეკლესიაში, საიდანაც ყველაზე უკეთ განიჭვრიტება ზეცა, რომელიც ყოვლადწმიდა სამების დაუღამებელი ნათლით ბრწყინავს!

თითოეული ტაძარი, ჩემო ძვირფასებო, არის ზეცის მცირე ანარეკლი და ხატი. როდესაც ტაძარში ვდგავართ, ჭეშმარიტად ვგრძნობთ, რომ ზეცაში ვიმყოფებით. რისთვის არის ჩვენს თავზე ამხელა გუმბათი? – იმისთვის, რომ ჩვენი გული ამაღლდეს. რისთვისაა საჭირო აღსავლის კარი, რომელიც ლიტურგიისას იხსნება ხოლმე? – იმისთვის, რომ გვიჩვენოს, თუ როგორ იხსნება ჩვენთვის ზეცის კარი. რატომ არის მის თავზე ჯვარი და ზემოთ მღვდელმთავრის შესამოსელში გამოსახული ქრისტე? – რათა ვიგრძნოთ, რომ მსახურებაზე ყოფნით ჩვენ ზეცაში ვინაცვლებთ. ჩვენ მისტიკურად და თანაც აბსოლუტურად რეალურად განვიცდით ზეციურ სიცოცხლეს.

ეკლესია კარს გვიღებს, ზეცად აღგვამაღლებს და ცოცხალ ღმერთთან წარგვადგენს

წმ. გრიგოლ პალამა გვასწავლის: ‘’ტაძარი ანგელოზებრივი და ზესამყაროსეული ადგილია’’. დიახ, სწორედაც რომ ანგელოზებრივი და მიღმიერი ადგილია ის, სადაც დღეს შევკრებილვართ. ის ამბობს: ‘’ტაძარი ადამიანს ზეცაში ამყოფებს და სამყაროს შემოქმედი ღმერთის წინაშე წარადგენს’’. ეკლესია კარს გვიღებს, ზეცად აღგვამაღლებს და ცოცხალ ღმერთთან წარგვადგენს. ვაცნობიერებთ კი ამას? როდესაც ტაძარში შევდივართ, იბადება თუ არა ჩვენს გულში შესაბამისი განცდები?

ჩვენ ხომ უამრავი რამ ვიცით: ძაღლისა და ცხენის ყველა ჯიში, მცენარეთა სახეობები, ავტომობილის მარკები, მაგრამ ხშირად ვერ ვამჩნევთ იმას, რაც ასე პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ცხოვრებას. ამიტომაც მინდა, რომ სერიოზულად მოეკიდოთ იმას, რაზეც ახლა გესაუბრებით.

ახლა ტაძარში ვდგავართ და აქედან ყველაზე კარგად განიჭვრიტება ზეცა. მაგრამ სად არის ზეცის სარკმელი და როგორ გავაღო ის? ეს ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. ეს სარკმელი საღმრთო ლიტურგიაა. მაგრამ, როდესაც საუბარია ასეთ ფაქიზ სულიერ თემებზე, უმჯობესია, შევთხოვოთ ქრისტეს, რათა ჩვენი გონებისა და გულის წყვდიადში თავისი ნათელი გარდამოავლინოს, რათა შევიგრძნოთ, ვირწმუნოთ და ნაყოფიერად აღვიქვათ ყველაფერი, რაც საღმრთო ლიტურგიაზე აღესრულება!

თქვენ დიდი შრომის შედეგად მიეახლეთ ამ საიდუმლოებას. ასე სანთელივით გამართულნი, მტკიცედ დგახართ. თქვენი ეს შრომა წყალში არ უნდა ჩაიყაროს! მოვუხმოთ სულიწმიდა ღმერთს და, დაე, მსახურებაზე წარმოთქმული არც ერთი სიტყვა არ იყოს ჩვენთვის გაუგებარი! აქედან მანამ არ წავალთ, სანამ ჩვენი გული მუხლს არ მოიდრეკს ცოცხალი ქრისტეს წინაშე და არ ვიგრძნობთ, რომ ზეციურ სიცოცხლეს მივეახლეთ!

საუბრის დასასრულს მიხვდებით, თუ რაზე ღაღადებდა ჩვენი ეკლესიის ერთი წმინდა მამა: “ჩემი სული შემუსვრილია და ვერ ვიტევ შენს გამოუთქმელ ცეცხლს. შენ გიგალობ და შენკენ მოვისწრაფი”. წმ. იოანე სინელი ამბობს: “გიხილე შენ, ღმერთო ჩემო, და შენი სიახლოვე ვიგრძენი. ვიგრძენი, თუ როგორ განმსჭვალავ და აღანთებ ჩემს გულში შენს ცეცხლს, რომლის დატევნაც არ ძალმიძს. ამიტომაც გიღაღადებ და შენკენ მოვისრაფი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი, რომელიც ჭეშმარიტებას გვასწავლი”.

ქრისტე ჩვენ წინაშე გასაოცარ სანახაობას გადაშლის: ჩვენს მზერას რაღაც ზეციურ ხილვას წარმოუდგენს; თავისი სამეფოს კარს გვიხსნის.

ამრიგად, ეს სარკმელი საღმრთო ლიტურგიაა, – მსახურება, რომელიც ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რომელსაც ბავშვობიდანვე მივეჩვიეთ და რომელიც ამ სამყაროში ყველაფრს აღემატება.

როგორ იწყება ლიტურგია? – “კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, ამინ”. – რატომ ამბობს მღვდელი სწორედ ამ ასამაღლებელს? ამით რისი თქმა სურს? ქრისტე ჩვენ წინაშე გასაოცარ სანახაობას გადაშლის: ჩვენს მზერას რაღაც ზეციურ ხილვას წარმოუდგენს; თავისი სამეფოს კარს გვიხსნის. როდესაც მაღაზიაში მიდიხარ და გამყიდველი რაღაც ქსოვილს გიჩვენებს, ხელით ეხები, ამოწმებ მის ხარისხს, ტკბები მისი სილამაზით და ბოლოს ამბობ: “დიახ, ამას შევიძენ”. ქრისტეც ყოველ ლიტურგიაზე ასე აკეთებს. ჩვენ წინაშე თავისი სამეფოს კარიბჭეს ხსნის, რათა ვიხილოთ, შევიგრძნოთ, მისით დავტკბეთ და ვთქვათ: “ამიერიდან ეს არის ჩემი სიცოცხლე, ამას ვირჩევ”. მაგრამ, განა ასეთი შეგრძნებები ჩნდება ჩვენს სულში?!

ლიტურგიის ჟამს ყველანი – ქრისტე, ღვთისმშობელი, ანგელოზები, წმინდანები და ყველა დროის ერთგული ქრისტიანები – ერთად ვიკრიბებით.

რა არის ეს კურთხეული, დიდებული და ყველაფერზე აღმატებული სამეფო?- ეს არის ქრისტეს სამეფო. ეს არის სამოთხე, რომელშიც ქრისტემ შეგვიყვანა. ეს არის ჩვენი წმინდა ეკლესია, მეფე კი – ყოვლადწმიდა სამება: მამა, ძე და სულიწმიდა. მეფის მსახურები არიან ანგელოზნი, მთავარანგელოზნი, საყდარნი, მთავრობანი, ხელმწიფებანი, ძალნი, მრავალთვალნი ქერუბიმნი, ექვს-ექვს ფრთენი სერაფიმნი; მეფის მეომრები კი – წმინდანები. დედოფალი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია; ერთგული მეომრები – ის ქრისტიანები, რომლებიც მზად არიან, ქრისტეს შეუდგნენ და ყველაფრის ფასად გაჰყვნენ; ვინც მზად არიან, ატარონ მისი პატიოსანი სახელი; ისინი ქრისტეს ეკლესიის ცოცხალი წევრები გახლავთ. ლიტურგიის ჟამს ყველანი – ქრისტე, ღვთისმშობელი, ანგელოზები, წმინდანები და ყველა დროის ერთგული ქრისტიანები – ერთად ვიკრიბებით.

ამიტომაც, როდესაც მღვდელი წარმოთქვამს: ‘’კურთხეულ არს მეუფება მამისა’’ … -მას ავიწყდება საკუთარი თავი, საკუთარი სახლი, მთელი სამყარო და გულს და გონებას ქრისტეს მიერ იმ ჟამს განცხადებულ უხილავ საიდუმლოებებს მიაპყრობს. ამ დროს მღვდელი გამოცდილებით შეიგრძნობს ზეციური მეფის, ქრისტეს დიდებას. აკანკალებული სულით და მუხლებით, რომლებიც სულ ცოტაც და ამ დიდი პასუხისმგებლობის განცდით მოეკვეთება, ზეციური სასუფევლის საიდუმლოებებში ჩაძირული სულიერი თვალებით, თრთოლვით წარმოთქვამს: ‘’რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა’’, – შენ, ქრისტე ჩემო, იმდენად დიდებული ხარ, რომ გშვენის პატივი და თაყვანისცემა! ჩვენ წინ მთელი ეკლესიაა; ჩვენ წინ – ცხადი და მისტიკური ქრისტეა, თავად ჭეშმარიტება! ქრისტე ამბობს: ‘’სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა’’.(მთ.18:20). – სწორედ ეს აღესრულება ლიტურგიაზე.

რა არის ლიტურგია? ჩვენ გვინახავს, რომ თეთრ კინოეკრანზე რაღაც ფიგურა თავდაპირველად იმდენად მოშორებით ჩანს, რომ წერტილი გვგონია, მაგრამ გამოსახულება თანდათანობით იზრდება და საბოლოოდ ყველაფერი კარგად იხილვება. ასევეა ლიტურგიაზეც. ჩვენი სულიერი თვალის წინაშე ნაბიჯ-ნაბიჯ უფრო და უფრო ცხადდება ქრისტე და მისი სამეფო.

როდესაც ქრისტე ხალხში ქადაგებდა, მისი სიტყვით დავრდომილები იკურნებოდნენ, ბრმებს მხედველობა უბრუნდებოდათ, მკვდრები აღდგებოდნენ. ახლა, ლიტურგიაზე, ყოველივე ეს ცოცხლდება. ამ ყველაფერს კი არ წარმოვიდგენთ, არა! არამედ ჩვენში და ჩვენ შორის ჭეშმარიტად მკვიდრობს ის – მასწავლებელი, წინასწარმეტყველი და სასწაულმოქმედი. ამ ჟამს ის ჩვენ წინაშეა, ჯვარცმული, მკვდრეთით აღმდგარი და ამაღლებული ქრისტე.

ყველაფერი, რასაც ტაძარში ვხედავთ, – მღვდელი, წმინდა ტრაპეზი, სახარება, წმინდა ძღვენი, საცეცხლური, მცირე და დიდი შესვლა – ქრისტეს რეალურად მყოფობის ნიშანია.

ლიტურგია არის მოძრაობა, სვლა, ქრისტეს შეხებისა და მისი სამოსლის ჩაჭიდების მცდელობა

ასე რომ, საღმრთო ლიტურგიაზე ჩვენ ქრისტეს საქმეს ვაგრძელებთ. ყოველ ჯერზე ის ჩვენთან მოდის. ამას ლოცვაშიც ვკითხულობთ: ‘’რომელი მამისა თანა მჯდომარე ხარ და აქა ჩვენთანა უხილავად თანამყოფობ’’. – ის ზეცაში მკვიდრობს, მაგრამ ამავდროულად ჩვენთანაც თანამყოფობს. ამიტომაც გარდასახული წმინდა ძღვენის წინაშე წარმდგარი მღვდელი მას სულიერი თვალით უმზერს, შენობით მიმართავს და თითქოს ეუბნება: ‘’შენ, ქრისტე ჩემო, შენი უხსწნელი მარჯვენით მომეცი მე ყოვლადწმიდა ხორცი შენი და პატიოსანი სისხლი შენი“! ვისაც სულიერი მხედველობა აქვს, ის შეიგრძნობს, რომ ჩვენ წინაშე ამ დროს თავად ქრისტეა. როგორ მოიქცევი, როდესაც შენს საყვარელ ადამიანს დაინახავ? მყისვე მასთან შესახვედრად გაიქცევი. ლიტურგია არის მოძრაობა, სვლა, ქრისტეს შეხებისა და მისი სამოსლის ჩაჭიდების მცდელობა.

გახსოვთ მარიამ მაგდალინელი? როგორც კი მიხვდა, რომ მასთან ახლოს ქრისტე იყო, მყისვე უთხრა: ‘’რაბბუნი’’ (ჩემო მასწავლებელო) და გაიქცა, რომ გულში ჩაეკრა. გახსოვთ სისხლმდინარე დედაკაცი? ქრისტეს ირგვლივ უამრავი ადამიანი იყო, ის კი მივიდა, ცოცხალი რწმენითა და შიშით მიეახლა. გახსოვთ თომა? ის საკუთარი ხელით შეეხო ქრისტეს ჭრილობებს და აღმოთქვა: ‘’უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი’’. ლიტურგიისას ჩვენც სწორედ ამას ვაკეთებთ. ჩვენშიც სწორედ ეს განწყობები და განცდები უნდა იყოს! როდესაც ვკითხულობთ: ‘’სად არის ქრისტე?’’ – აი, აქ არის, ჩვენ წინაშე, ძალიან ახლოს. ლიტურგიაზე თავად ჩვენი მასწავლებელი, ქრისტე, ლოცულობს. ის თითოეულ ჩვენგანს სახელით მოუწოდებს. ის ყოველივე ამას გრძნობს, მისი თვალები ბრწყინავს და ქრისტესმიერ სიხარულს განიცდის. ყველაფერი ამგვარი სიხარულით აღესრულება. ყველაფერი ნათლით აღივსება და ყველაფერი ქრისტეს განადიდებს.

ასე რომ, ქრისტიანი, რომელიც ლიტურგიაზე მიემართება, უნდა აცნობიერებდეს, რომ თავად ქრისტესთან შესახვედრად მიდის და ჰქონდეს შინაგანი სწრაფვა იმისა, რომ როგორმე კრძალვით შეეხოს მას!

ახლა კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ. მსახურებისას მცირე და დიდი გამოსვლები რისთვისაა საჭირო? ახლახანს, ვინც მწუხრზე ვიყავით, ვნახეთ, რომ მღვდელი საკურთხევლიდან გამოვიდა და შემდეგ აღსავლის კარით კვლავ საკურთხეველში შევიდა. ხვალაც, ლიტურგიაზე, ეს მცირე და დიდი შესვლები აღსრულდება. საკურთხევლისკენ მიმართული ეს ‘’ლოცვითი პროცესია’’ არის სწორედ ლიტურგია, ანუ ზეცისკენ სვლა. ლიტურგიაზე მოსვლა ნიშნავს იმას, რომ რეალურად დავდექი იმ გზაზე, რომელიც ზეცისკენ მიდის.

ლიტურგიაზე მოსვლა ნიშნავს იმას, რომ რეალურად დავდექი იმ გზაზე, რომელიც ზეცისკენ მიდის.

ალბათ გინახავთ, მზის დაბნელებისას როგორ გამოდიან ქუჩაში ბავშვები და უფროსები, დურბინდით ცდილობენ, რომ როგორმე მნათობი დაინახონ. ასევეა ლიტურგიაზეც. ჩვენი მზერა და გული მიპყრობილია იმისკენ, ვინც ზეციურ საყდარზე დაბრძანებულა. ჩვენი სიცოცხლე კონცენტრირებულია ქრისტეზე და თითოეული ჩვენგანისთვის მხოლოდ მას აქვს ჭეშმარიტი მნიშვნელობა.

მაშინ მივატოვოთ ოჯახები, სამუშაო, ბავშვები და ლიტურგიაზე გავიქცეთ? – არა, ჩემო ძვირფასებო. დაფიქრდით, თუ რაოდენ დიდია ღვთის სიყვარული და სიბრძნე! ჩვენი ყოველდღიური საზრუნავიც კი შეიძლება შევიდეს ამ ზეციურ სამეფოში, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ის ხიდები გახდნენ, რომლებიც ქრისტესთან მიგვიყვანენ. ღვთისადმი სიყვარული ყველაფრით შეიძლება გამოიხატოს. მეუღლესთან კეთილ ურთიერთობას, ბავშვებზე ზრუნვას, ყოველდღიურ, გამომფიტველ შრომას, მუშაობას, ბრძოლას, ცრემლებს და დაფარულ მწუხარებებს – ყოველივე ამას საკვირაო ლიტურგიაზე მოიტან და ზეციურ სასუფეველში დატოვებ. უფალი განგანათლებს და მოგცემს იმის ძალას, რომ შემდეგი კვირაც ღირსეულად განვლო. ყოველი ჩვენი საქმე ფასეულია ქრისტეს წინაშე, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მიზანი და საბოლოო დანიშნულების წერტილი მხოლოდ ქრისტეა. ისაა ჩვენი შუქურა, ზეცა კი – ჩვენი სამშობლო. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როდესაც ვადასტურებთ სიტყვით: ‘’ამინ’’: ‘’მამაო, დავიწყე ჩემი სვლა, დავდექი ამ გზაზე, რომელიც შენთან, ზეცაში, მომიყვანს და არ გავჩერდები მანამ, სანამ არ ვიპივი ადგილს, სადაც შენ მკვიდრობ’’!

ყოველი ჩვენი საქმე ფასეულია ქრისტეს წინაშე, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მიზანი და საბოლოო დანიშნულების წერტილი მხოლოდ ქრისტეა.

ლიტურგიისას ჩვენ ქრისტეს სამეფოსკენ მივემგზავრებით, ამავდროულად, ამ სოფელში ვიმყოფებით. ქრისტემ ზეცად აღგვიყვანა, ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, ზეცა გარდამოავლინა ეკლესიაზე. ის ყოველგვარ სიკეთეს, სიმდაბლეს და ნიჭს უსასყიდლოდ გასცემს ეკლესიაში.

ჩვენთვის ლიტურგია სიძისა და სასძლოს დაწინდვის მსგავსია. დაწინდვისას ბეჭდის გაკეთება ქორწინებაში შესვლის ნიშანია. ანალოგიურად, ლიტურგია ქრისტეს ერთგულების აღთქმაა, რომელიც ამის საპასუხოდ გვპირდება, რომ თავის ზეციურ სამეფოში მიგვიღებს.

აქ, ტაძარში, ლიტურგიაზე მთელი ეკლესიაა შეკრებილი. ჩვენ ქრისტეს ვუერთდებით და მისი სხეულის ცოცხალი ნაწილები ვხდებით. ჩვენი გულის წყვდიადს ქრისტეს ნათელი განანათლებს და ქრისტიანებად გვაქცევს. ამით ქრისტეს სამკვიდრებელი ტაძარნი და მისი ცოცხალი ნაწილნი ვხდებით, ის კი – ჩვენი თავი, ეკლესიის თავი. ქრისტე ცოცხალი წყაროა. როდესაც ძლიერი წყურვილი გაწუხებს, მასთან მიდიხარ. ქრისტე კი ისაა, ვინც ჩვენს მოწყურებულ გულს არწყულებს. შედეგად ჩვენ ქრისტეს ცხოვრებით ცხოვრებას ვიწყებთ და, თავის მხრივ, ისიც იღებს ჩვენს ადამიანურ ყოფას.

რა ხდება ლიტურგიაზე? ამ დროს წმინდა სერობას ვაწყობთ. ჩვენი თანამეინახენი ეკლესიის წმინდა მამები არიან. ვპატიჟებთ ჩვენს მიცვალებულ ახლობლებს, ნათესავებს და ასევე ანგელოზებსაც. შემდეგ მოდის ქრისტეც და თავის სისხლსა და ხორცს გვთავაზობს. ასამაღლებელში სწორედ ამაზეა საუბარი: ‘’თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ’’!

ჩვენ წინაშე ქრისტე ლიტურგიაზე როგორ წარსდგება? მოდით, ყურადღება მოვიკრიბოთ, რათა უკეთ ჩავუღრმავდეთ იმას, თუ რა ხდება ამ დროს! როგორც ვთქვით, ლიტურგიაზე უხილავად თავად ქრისტე მყოფობს და მთელი ეკლესიაც ამ დროს იქაა. ქრისტეს ხატი ეპისკოპოსია. ქრისტეს ეკლესია მხოლოდ იქ შეიძლება იყოს, სადაც მისი ეპისკოპოსია. იგი სამღვდელმთავრო ლიტურგიისას მაღალ ტახტზე სწორედ იმიტომ ადის, რათა გავაცნობიეროთ, რომ ქრისტე ჩვენი გულის ტახტზე უნდა დაბრძანდეს! სადაც ეპისკოპოსია, იქაა ქრისტეც. როგორც ქრისტე შევიდა იმ ოთახში, სადაც მისი მოწაფეები შეკრებილიყვენ და უთხრა – „მშვიდობა თქვენ თანა“, – მღვდელმთავარიც ზუსტად ასე ადის ტახტზე და ამბობს: ‘’მშვიდობა ყოველთა’’! – ამით ის თავად ქრისტეს განასახიერებს. ქრისტე აღასრულებს ლიტურგიას, ჩვენ კი მის ირგვლივ ვართ შემოკრებილნი.

ლიტურგიისთვის მღვდელი თეთრი, ოქროსფრად გამშვენებული შესამოსლით იმოსება. რატომ? იმიტომ, რომ მას ფუფუნება უყვარს? – არა, ჩემო ძვირფასებო. როდესაც ის ბრწყინვალედაა შემოსილი, სურს, რომ ფერისცვალებისას თეთრი, ნათელი, თოვლის მსგავსი შესამოსლით გამოჩენილი ქრისტე განასახიეროს. სწორედ იმისთვის იმოსება ასე, რომ ქრისტეს დიდება გამოაჩინოს. თავდაპირველად კვართს იცვამს, რომლითაც ქრისტეშემოსილი ხდება. ოლარის მიერ ღვთის მადლს იღებს. ხოლო, ფილონით შემოსილი უკვე სრულყოფილი ხატია ქრისტესი.

ხედავ შემოსილ მღვდელს? ის შენთვის რომელიღაც კონკრეტული სასულიერო პირი კი არა, თავად ქრისტეა. დედამიწაზე არავინ ატარებს მღვდლის მსგავს შესამოსელს. ეს რაღაც მიღმიერია. ეს საოცარი სანახაობა და ზეციური ხილვაა, როდესაც ჩვენთან თავად ქრისტე მოდის, რათა ზეციური სამყაროს შესახებ მოგვიყვეს.

იხსნება აღსავლის კარი და საკურთხეველში წმინდა ტრაპეზის წინ მდგარ მღვდელს ვხედავთ. მაგრამ რატომ დგას ზურგით? მის წინაშე ტრაპეზია და ქრისტეს ჩვენთვის ევედრება. ის ჩვენი მეოხია, წინამძღოლია, რომელიც ზეცისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ წინ მიდის.

იკითხავთ, განა ასეთს რას აკეთებს მღვდელი, რომ მუდამ თვალდახუჭულია და მსახურებისას არანაირ ყურადღებას არ გვაქცევს?! ფხიზლად იყავით, რათა კარგად გაიაზროთ ეს ყველაფერი! ყოფილხართ მეტეორას მონასტერში? ის, ფაქტობრივად, კლდის პირასაა და ძველად იქ სპეციალური თოკის მეშვეობით ადიოდნენ. ამსვლელებს თვალებს უხვევდნენ, რათა ძირს არ ჩაეხედათ. მოგვიანებით ციცაბო კლდესთან მომცო ბილიკი გაიყვანეს, რომელიც ფერისცვალების მონასტრამდე მიგიყვანდათ. როგორ ადიოდნენ ამ ვიწრო ბილიკზე? საკმარისია, ოდნავ მაინც ჩაიხედოთ ქვემოთ, რომ ფეხი დაგიცდეთ და ჩავარდეთ. იქ მცხოვრები მონაზონი ერთ მომლოცველს ეუბნებოდა: ‘’როდესაც ამ ბილიკზე ავდივარ, მხოლოდ ზემოთ ვიყურები, შენც ანაფორაზე ჩამეჭიდე და ერთად ავიდეთ, ძირს არ ჩაიხედო! თუ მაინც ჩაიხედავ, ჩავარდები და მეც ჩამითრევ’’. ბილიკზე ამ მომლოცველის აჩქარებულ გულისცემას გაიგონებდით. მან ხომ იცოდა, რომ უფსკრულთან ძალიან ახლოს იყო. საბოლოოდ, ამ მონაზონმა როგორღაც აიყვანა მონასტრამდე და უთხრა: ’’აქ ქრისტეა’’. ზუსტად ასე იქცევა მღვდელიც. მას ვიწრო ბილიკით ქრისტემდე მივყავართ. უფრთხილდით ძირს ჩახედვას, რათა მიწიერმა არ წაგძლიოთ! ზეცად აღაპყარი შენი გული! დაე, შენი გონება არწივად იქცეს, რომელიც ზეცისკენ მიფრინავს! მიწაზე მძრომიალე ცხოველებმა ხომ ფრენა არ იციან! ასე რომ, გახდი არწივი და ზეცისკენ იმზირე!

იგალობება ანტიფონები: ‘’მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მაცხოვარ, გვაცხოვნენ ჩვენ’’! ანტიფონები იმ ფსალმუნების მუხლებისგან შედგება, რომლებიც მესიის შესახებ წინასწარმეტყველებენ. ისინი გვაუწყებენ, რომ ქრისტე უნდა მოვიდეს. შემდეგ მღვდელი, სინას მთაზე აღმავალი და იდუმალ ღრუბელში მყოფი მოსეს მსგავსად, მცირე შესვლას აღასრულებს და საკურთხეველში შედის. მღვდელმა იცის, რომ მის წინ ქრისტე მიდის და გულიდან თრთოლვით აღმოდის სიტყვები: ‘’რამეთუ წმიდა ხარ, ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ’’. მღვდელი საკურთხეველში იმზირება და დარწმუნებულია, რომ იქ ცოცხალი ღმერთი მყოფობს.

მცირე შესვლისას მღვდელი ქრისტეს ევედრება, რომ მათთან ერთად საკურთხეველში წმინდა ანგელოზები და მთავარანგელოზებიც შევიდნენ. შემდეგ მოდის ასამაღლებელი: ‘’კურთხეულ არს შესავალი წმიდათა შენთა’’. მღვდელი აკურთხებს ამ შესვლას, რომლის დროსაც საკურთხეველში მასთან ერთად აურაცხელი ანგელოზი შედის. მღვდელი ამ გონიერ ღრუბელში (საკურთხეველში) სწორედ მათთან ერთად შედის. ამის განმცდელი კრძალვით ამბობს შემდეგ ასამაღლებელს:’’რამეთუ წმიდა ხარ, ღმერთო’’…

უფალმა ერთ წმინდა ადამიანთან ურთიერთობის ღირსი გამხადა, რომელიც ლიტურგიის შემდეგ მუდამ გაბრწყინებული სახით გამოდიოდა, ცხადად იხილვებოდა და განიცდებოდა, რომ მისი მზერა ამ სამყაროს მიღმა იყო მიმართული. ის ხშირად მარტო მსახურობდა, მხოლოდ ერთი დამხმარე ჰყავდა. როდესაც მსახურებისას ღვთისგან განსაკუთრებული გამოცდილება ეძლეოდა, მნათეს საკურთხევლიდან გასვლას სთხოვდა და მარტო რჩებოდა. იყო შემთხვევები, როდესაც 1-2 საათიც გაჩერებულა. მას შემდეგ, რაც ქრისტეს ნათლის სიტკბოებით განძღებოდა, კარებს აღებდა, კვლავ საკურთხეველში შესვლას სთხოვდა და ეუბნებოდა: ‘’შემოდი, შემოდი, აქ სულიწმიდაა!’’. გამოუთქმელი სიხარულისა და კრძალვისაგან მთლიანად კანკალებდა.

შემდეგ ხალხი ერთად გალობს: ‘’წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ’’! გალობენ ანგელოზნიც: ‘’წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს’’… ამგვარად მიწა და ზეცა ერთ გუნდად, ერთ გალობად იქცევა. ‘’შეგვიწყალენ ჩვენ’’ – ეს არის ცოდვილი ადამიანის ღაღადისი. როგორი შემაძრწუნებელია! მოდის ქრისტე, მოჰყვებიან ანგელოზები, წმინდანები და მათთან ერთად – მეც, ცოდვილი მღვდელი.

ანგელოზებრივი ჰიმნის შემდეგ, როდესაც სახარების აღმოსაკითხად ვემზადებით, სამოციქულოს წინ მღვდელი ხალხისკენ პირველად ბრუნდება და აკურთხებს: ‘’მშვიდობა ყოველთა’’! – ამ დროს, მღვდელი კი არა, თავად ქრისტეა მაკურთხებელი.

მცირე შესვლისას მღვდელს თავს ზემოთ უპრყია სახარება არა საკუთარი სახის დასაფარად, არამედ ამის საჩვენებლად, რომ აქ უკვე ქრისტე მოქმედებს. როდესაც სახარებას აღსავლის კართან აწევს, ვგალობთ: ‘’მოვედით, თაყვანის ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა’’! ამით ქრისტეს ვცემთ თაყვანს და არა სახარებას ან მღვდელს. ჩვენ წინაშეა ქრისტე, რომელიც განგვსწავლის; ქრისტე, რომელიც მსახურობს; ქრისტე, რომელიც მეტყველებს; ქრისტე, რომელიც საიდუმლოებრივად მღვდლის მიერ მოქმედებს. შემდეგ მღვდელი კვლავ აღამაღლებს: ‘’სიბრძნით, მოჰხედენ!’’ რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ღვთის წინაშე ღვაწლი მოგვეთხოვება და დაუშვებელია სიზარმაცე! საჭიროა, გულმოდგინებითა და კრძალვით ვიღვაწოთ! ვიდგეთ გამართულნი და ველოდოთ ქრისტეს, ბრძოლით, მოშურნეობით და ყურადღებით, რათა ვიხილოთ ის და მასთან სულიერი კავშირი გვქონდეს!

ჩვენ ღვთის წინაშე ღვაწლი მოგვეთხოვება და დაუშვებელია სიზარმაცე! საჭიროა, გულმოდგინებითა და კრძალვით ვიღვაწოთ!

გარდა ამისა, დიდი შესვლისას მღვდელი ამბობს: ‘’მოგვიხსენე ჩვენ, უფალო, სასუფეველსა შენსა’’! ამ დროს თითოეული თავისთვის იმეორებს: ‘’მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა’’! ჩვენ ქრისტეს სულიერი თვალით ვხედავთ და ვთხოვთ, რომ გაგვიხსენოს. აქედან გამომდინარე, თავად უფალი აღასრულებს მსახურებას. ის უხილავად მოდის ჩვენთან, იღებს ჩვენს ძღვენს და წმინდა ტრაპეზზე აბრძანებს.

ჩვენი ძღვენი პური და ღვინოა. პური ადამიანს კვებავს და სასიცოცხლო ენერგიას აძლევს, ხოლო ღვინო სიმტკიცესა და ჯანმრთელობას ანიჭებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ქრისტეს მივართმევთ იმას, რაც გვკვებავს და სასიცოცხლო ენერგიას გვაძლევს. მისტიკურად და სიმბოლურად, ამით ქრისტეს ჩვენს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და სიხარულს ვუძღვნით, საკუთარ თავს შევწირავთ: ჩვენს სირთულეებს, ტკივილებს. ჩვენ მივუძღვნით მას მთელს სამყაროს, – ყველაფერს, რაც გაგვაჩნია. აღესრულება ევქარისტიული კანონი. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტე ამ შემაძრწუნებელ წამებში ჩვენ და ჩვენს ძღვენს თავის ზეციურ საკურთხეველში გვიღებს.

ლიტურგიაზე იმისთვის მივდივართ, რომ საკუთარ გულში ქრისტე მივიღოთ. მაგრამ, პირველ რიგში, უნდა განვეწყოთ და მოვემზადოთ იმისთვის, რომ მთელი ჩვენი არსება მას მივუძღვნათ. თუ რაიმე გვაბრკოლებს, მაშინ ქრისტესთან შეერთებას ვეღარ შევძლებთ.

ამრიგად, ლიტურგია ღვთის განცხადება, ქრისტეს ცოცხალი მყოფობის შეგრძნება და მასთან მისტიკური ქორწინებაა. ქორწინება და სიხარული, შეიძლება ითქვას, რომ სინონიმებია. ლიტურგიაზე მყოფობა, ქრისტეს სიტყვების თანახმად, უფლის სიხარულში შესვლას ნიშნავს(მთ. 25:23). არ გინდა? ან, თუ წინააღმდეგი ხარ, სად გაიქცევი? თუ ოკეანის უფსრულებში ან კოსმოსის მიუწვდომელ წყვიადში დაიმალები, მანდაც მას შეხვდები(ფს.138:7-10). არ სჯობს, რომ უბრალოდ ენდო ქრისტეს? ის ხომ ყველგან მოგძებნის, რომ თავისთან გამყოფოს და აღმოაჩენ, თუ როგორ დიდ სიხარულს მიიღებ. თუ მას უარყოფ, ეს თვითმკვლელობის ტოლფასია.

ზიარების შემდეგ მღვდელი წმინდა ბარძიმს აღამაღლებს და ამბობს: ‘’ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“… – ამით ქრისტეს ამაღლებას შეგვახსენებს. ეს ის მომენტია, როდესაც უფალი მარადიულად ჩვენთან ყოფნას გვპირდება(მთ.28:20; ლკ. 24:50-51). საკუთარ გულში სულიწმიდის მიღებითა და ქრისტეს სამეფოს საიდუმლოთა ხილვით მივდივართ სახლში.

ჩემო ძვირფასებო, ლიტურგია ქრიტესთან დაწინდვაა. ჩვენ ცათა სასუფეველში ვინაცვლებთ. მალე სახლში წავალთ, ყველა საკუთარ ტკივილს, მწუხარებასა და ცოდვას წავიღებთ. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ხომ ლიტურგიაზე ისევ დავბრუნდებით, ისევ შევხვდებით ქრისტეს! ის კი კვლავ აღასრულებს ჩვენს განღმრთობას. ასე რომ, მუდმივი ბრძოლითა და უწყვეტი ზეაღსვლით ვაღწევთ ზეციურ სასუფეველს, წინ მიდის მღვდელი, უკან კი ჩვენ მივყვებით. მაგრამ, განა ამ მიზნით მოვდივართ ლიტურგიაზე? შეესაბამება ჩვენი ცხოვრების წესი ქრისტეს სასუფეველს?

მოდით, მივენდოთ ქრისტეს, რომელსაც ახლახანს ლიტურგიაზე ვჭვრეტდით, გავუხსნათ საკუთარი გული და მივუძღვნათ ჩვენი სიცოცხლე!

ჩვენ ლიტურგიაზე ვიხილეთ, თუ როგორ ცხადდება ზეცა. ვიხილეთ საღმრთო სიკეთეები და უსასყიდლოდ მივიღეთ სულიწმიდის მადლი. ჩვენ გავიგეთ, რომ ის, ვისაც ასე ვეძებთ, შეიძლება ჩვენს ხელებში აღმოჩნდეს. ჩვენ, ცოდვილებს, მასთან შეხვედრა ეკლესიაში შეგვიძლია. ამიტომაც, თუკი ლიტურგიაზე იმისთვის მოვდივართ, რომ საკუთარ გულში ქრისტე უხილავად და მისტიკურად მივიღოთ, მაშინ სახლში სადღესასწაულო განწყობით დავბრუნდებით. მაშინ, მოდით, მივენდოთ ქრისტეს, რომელსაც ახლახანს ლიტურგიაზე ვჭვრეტდით, გავუხსნათ საკუთარი გული და მივუძღვნათ ჩვენი სიცოცხლე! მოდით, ჩვენს გულში მის მიმართ ცეცხლოვანი სიყვარული აღვანთოთ! იგი ნებისმიერ სულიერ ხრწნილებას დაფერფლავს, განგვწმენდს და მარადიული სიცოცხლისთვის მოგვამზადებს.

წყარო: https://azbyka.ru/

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაციები შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •