სინანული – დაბრუნება ჩვენს შემოქმედთან – მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

დღეს ჩვენ წმინდა იოანე სინელის ხსენებას აღვნიშნავთ. მას აგრეთვე ეწოდება ‘’კიბისაღმწერელი’’, რადგან მან ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი – ‘’კიბე’’ დაგვიტოვა, რომელიც არის ერთგვარი სახელმძღვანელო სულიერი ცხოვრებისა. ის აღწერს ადამიანის სულიერი ცხოვრების გზას მიწიდან ზეცამდე, ცოდვის სიღრმიდან ქრისტეს სიყვარულისა და მასთან ერთობის სიმაღლემდე.

სულიერი ცხოვრების ამ კიბეზე, რომელსაც ქრისტესთან შეერთებამდე მივყავართ, წმ. იოანე შეგვაგონებს და გვეუბნება, რომ იმისთვის კი არ განვისჯებით ქრისტეს სამსჯავროზე, რომ სასწაულებს არ აღვასრულებდით და არ ვღმრთისმეტყველებდით, არამედ იმისთვის, რომ არ გვქონდა სინანული და არ ვგლოვობდით ჩვენს დაცემულობას.

აი, სწორედ აქედან იწყება ჩვენი ხსნა. ჩვენ ბევრი რამის გამო ვღვრით ცრემლს: ვტირით ჩვენი დანაკარგების გამო, მწუხარებებისა და დამცირებების გამო, სნეულებების გამო და ა.შ პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ იმას, რომ თუკი ამ ტკივილებსა და დანაკარგებს სწორად მივიღებთ და დავითმენთ, ჩვენ ქრისტესთან და ადამიანებთან ერთობას მივაღწევთ.

მარტივად გვავიწყდება, რომ ჩვენში არსებობს ცოდვა და ჩვენ კი ნაკლებად გვაწუხებს ეს. ყველაფერთან ერთად, ეს არის ერთადერთი უბედურება ადამიანის ცხოვრებაში. ცოდვა ბილწავს და კლავს ადამიანს და ღმერთთან ურთიერთობას აზიანებს. როგორი ცოდვაც არ უნდა ჩავიდინოთ, პირველი, რისკენაც ქვეცნობიერად ვისწრაფით ის არის, რომ როგორმე დავემალოთ ქრისტეს. ოღონდაც ღმერთმა ვერ გაიგოს ეს ან დაავიწყდეს!

ასე რომ, ცოდვა ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერს კლავს და ჩვენ კი ყველაზე ნაკლებად განვიცდით მას, როგორც სიკვდილს. ყველაფერზე ვტირით, ვმწუხარებთ, გარდა იმისა, რომ ცოცხლად ვკვდებით და თანდათანობით ქრისტესგან გაუცხოვების გამოუვალ წრეში ვექცევით. ჩვენ აქედან ვერც სხვების სიყვარულით გამოვალთ, რადგან რაც უფრო მეტად ვუყვარვართ სხვებს, მით უფრო მეტად გვრცხვენია და გვეშინია… სწორედ ამიტომ გვირჩევს წმ. იოანე სინელი, რომ ჩვენს სულიერ ცხოვრებას საფუძვლად საკუთარ დაცემულობაზე გლოვა ჩავუდოთ, რადგან სწორედ ეს არის ჩვენი გადარჩენის საწყისი.

ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიცით, რომ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვიტიროთ, როდესაც ტკივილი, სიხარული ან სირცხვილი განგმირავენ შუბივით ჩვენს სულს, მხოლოდ მაშინ მოგვდის ცრემლები, როდესაც ჩვენი ტკივილი ზღვარს აღწევს. ასეთი უნდა იყოს ჩვენი სინანულიც, აქედან უნდა დავიწყოთ ყველაფერი. უნდა შევიძრათ საკუთარი მდგომარეობის ხედვით და ასე შევიძენთ ნამდვილ სინანულს, რომელიც არის სულის სრული შემოტრიალება და დაუნდობელი ბრძოლა საკუთარ თავთან. ეს ყველაფერი ჩვენ ქრისტესკენ გვიბიძგებს და გვასწავლის იმას, რომ მას ვთხოვოთ განკურნება, წყალობა და განწმენდა.

აი, მაშინ, როდესაც საკუთარი თავის ხედვიდან მომდინარე განცდა ისეთ სიღრმესა და სიმძაფრეს მიაღწევს, რომ ჩვენთვის აუტანელი გახდება ქრისტეს გარეშე ყოფნა და იმის გაცნობიერება, რომ ასე ჩვენ საკუთარ თავს ვიკლავთ და სხვებსაც ვაზიანებთ, აი, მაშინ გადმოდინდება ჩვენს თვალთაგან ჩვენი სულის განმწმენდელი ცრემლები. თუ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვგლოვობთ საკუთარ ცოდვაზე, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გაგვიცნობიერებია ის, რომ ცოდვის წყვდიადში ვიმყოფებით და ჩვენი გული ჯერ კიდევ ცივია.

ამრიგად, ცოდვა კლავს ჩვენს სულს, აუხეშებს მას და აბნელებს. ის აზიანებს ქრისტესთან და ადამიანებთან ურთიერთობას, კლავს ჩვენს სინდისს და ჯვარს აცვამს ქრისტეს ჩვენში…

ჩაუღრმავდით საკუთარ თავსა და თქვენს ცხოვრებას. ჩაუღრმავდით მკაცრად და დაუნდობლად. ასე შესწირეთ ქრისტეს ჭეშმარიტი და მუდამ ზრდადი სინანული, სანამ თქვენი გულიდან ცრემლი არ გადმოდინდება.

მარხვა – დროა სინანულისა. ის პერიოდია, როდესაც ჩვენი გაქვავებული გული ქრისტეს ძალით უნდა გაფაქიზდეს, უგრძნობელობიდან მგრძნობიერე, სიცივიდან და დახურულობიდან კი – თბილი და ქრისტესა და ადამიანებისთვის გახსნილი გახდეს.

მარხვა ჟამია განახლებისა. როგორც გაზაფხულზე ამინდი იცვლება, ირგვლივ ყველაფერი თბება და ყვავდება, მარხვაშიც ჩვენს მინავლებულ ცხოვრებასაც აცოცხლებს ქრისტე იმ ძალით, რომელსაც ევქარისტიის მიერ გვაძლევს და თავის საღმრთო ბუნებასთან გვაზიარებს.

ეს არის ჟამი შერიგებისა, ეს არის ახალი, სიხარულის მომგვრელი დასაწყისი.

ახლა კი, მოგიყვანთ წმ. იოანე სინელის მცირე ამონარიდს სინანულის შესახებ: ‘’სინანული ეს არის დაბრუნება ჩვენს შემოქმედ ღმერთთან და ნათლობის მადლის განახლება, ეს არის ღვაწლი იმისთვის, რომ ცოცხალ ღმერთთან კავშირი განვაახლოთ და ეს არის ჩვენი აღთქმა იმისა, რომ შევცვლით ჩვენი ცხოვრების წესს. ეს არის დრო, როდესაც სიმდაბლისა და სიმშვიდის სწავლა შეგვიძლია – სიმშვიდე ღმერთთან, საკუთარ თავთან და მთელ სამყაროსთან. სინანული იმედისგან და სასოწარკვეთილების მტკიცე უარყოფისგან იბადება. მონანული ადამიანი კი არის სასჯელის ღირსი, მაგრამ სამსჯავროდან სირცხვილის გარეშე გამოდის, რადგან სინანული – ღმერთთან შერიგებაა. ეს ყველაფერი მიიღწევა ღირსეული ცხოვრების წესით და ვნებებთან ომით. სინანული – ჩვენი სინდისის განწმენდა და იმის მზადყოფნაა, რომ უდრტვინველად და სიყვარულით დავითმინოთ ნებისმიერი მწუხარება და ტკივილი’’.

ვკითხოთ საკუთარ თავს, თუ როგორ მივაღწიოთ ამ ყველაფერს, როგორ გადავდგათ საპასუხო ნაბიჯი ჩვენი ზეციური მამისკენ, რომელიც მუდამ ისე გვიღებს ჩვენ, როგორც უძღები შვილი მიიღო, ზეციური მამისკენ, რომელიც დიდი ხანია მონატრებით გვიცდის მას შემდეგ, რაც უარვყავით ის და არასდროს ზურგი არ უქცევია ჩვენთვის. როგორ გადავდგათ ნაბიჯი ასეთი ღმერთისკენ? კიდევ მოკლე ამონარიდს წარმოგიდგენთ ლოცვის შესახებ: ‘’ ლოცვისას ნუ მიმართავ მრავალსიტყვაობას, რადგან ჩვენს ზეციურ მამას მორიდებული პატარა ბავშვის ტიტინი უფრო ახარებს. როდესაც ღმერთს ესაუბრები, ნუ მრავალსიტყვაობ, რადგან როდესაც სიტყვების ძებნას დაიწყებ, შენსავე სიტყვებში აიბნევი. მეზვერე სულ რამდენიმე სიტყვის გამო შეიწყალა ღმერთმა, მხოლოდ რამდენიმე სიტყვით მიმართა ჯვარცმულმა ავაზაკმაც ქრისტეს. ლოცვისას მრავალსიტყვაობა ფანტავს ჩვენს გონებას და მრავალი გამოსახულებით ავსებს. ღმრთისაკენ მიმართული მოკლე ლოცვა კი კრებს ჩვენს გონებას ქრისტეს წინაშე. თუკი ლოცვისას რომელიღაც სიტყვა განსაკუთრებით შეეხო შენს გულს და შენი არსების სიღრმეებს მიაღწია, ჩაეჭიდე ამ სიტყვას და ხშირად იმეორე, რადგან იმ წუთებში შენი მფარველი ანგელოზი შენთან ერთად ლოცულობს’’.

მოდით, მუდამ გვახსოვდეს წმ. იოანეს სიტყვები, გვახსოვდეს, რადგან ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ქრისტესთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება. სწორედ წმ. იოანეს პიროვნებას გვახსენებს ქრისტეს ეკლესია დიდმახვის ამ პერიოდში იმის მაგალითად, თუ როგორ აქცევს ღმრთის მადლი ერთ უბრალო ადამიანს მსოფლიოს მნათობად.

ვისწავლოთ მისგან, მივსდიოთ მის მაგალითს. მტკიცედ, იმედითა და მშვიდი სიხარულით დავემორჩილოთ ქრისტეს, რომელიც მუდამ გვევედრება, რომ ვიპოვოთ ცხოვრების გზა და გვეუბნება, რომ მხოლოდ მასთან ერთად ვიქნებით ჩვენ ცოცხალნი, რადგან ის არის ჭეშმარიტება, გზა და მარადიული სიცოცხლე. ამინ.

წყარო: http://www.mitras.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •