DSC08274

სინანული — ჩვენი პიროვნების აღდგენის გზა – ბერი იოსებ ვატოპედელი

„ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამრთგუნველი“.

დიდება და მადლობა ჩვენს ქრისტე ღმერთს, რომელმაც განგვამტკიცა, რათა მიგვეღწია მისი აღდგომიდან მეორე კვირისათვის. დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენებას.

წმინდა მენელსაცხებლე დედებს ორმაგი მადლი და ძალა ჰქონდათ, განსხვავებით თომა მოციქულისაგან, რომელიც თავიდან თითქოს არ იჯერებდა ქრისტეს აღდგომას. ნახეთ, მენელსაცხებლე დედებმა იხილეს და ისმინეს მისი აღდგომის შესახებ, შემდეგ კი ხელით შეეხნენ ჩვენი ქრისტეს ფეხებს. ამრიგად, ჩვენ გვაქვს აღდგომის ორმაგი მოწმობა.

ეს ყველაფერი იმიტომ გვინდა გავიხსენოთ, რომ რადგან ეს საიდუმლო აღსრულდა, ჩვენი დანიშნულება მხოლოდ ისაა, რისთვისაც ქრისტე გარდამოხდა: რათა დაგვაბრუნოს ჩვენს ღვთაებრივ ბუნებასთან და თავისი საღვთო თვისებების თანაზიარნი გაგვხადოს. ჩვენ ხომ მის ხატებად და მსგავსებად ვართ შექმნილნი. მან ეს ნიჭი თავისი აღდგომით მოგვანიჭა. თუმცა ჩვენ ეს ვერ შევინარჩუნეთ, ამიტომ მან კიდევ უფრო დაიმდაბლა თავი და მოგვცა სინანული.

ამრიგად, დღეს მთელი კაცობრიობისა და ყველა იმ ადამიანის მიზანი და დანიშნულება, ვისაც სწამს, სხვა არაფერია, თუ არა სინანული. რა აზრი აქვს მხოლოდ ბიოლოგიურ არსებობას, როცა ერთი ლუკმა პურისთვის დავრბივართ? ადამიანის ყოველი საქმიანობა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება თანმიმდევრულად და წარმატებულად, თუ იგი სინანულს ემსახურება.

ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: დაცემის შემდეგ ჩვენ მხოლოდ სამოთხე კი არ დავკარგეთ და განდევნილნი აღმოვჩნდით, არამედ გვითხრეს, რომ ჩვენი პიროვნებაც გაირყვნებოდა. ჩვენი გონება ბოროტებისკენ მიდრეკილი გახდა და ბოროტი გავლენის მსხვერპლნი შევიქენით. ყოველივე ეს ჩვენში წარმოშობს ბრძოლას, რომლისთვისაც აუცილებელია სინანული.

ამიტომ, კვლავ გთხოვთ, ჩემო ძვირფასებო: ნუ ივიწყებთ, რომ საერთო მიზანი სინანულია და სხვა არაფერი. რა მოვიგეთ აქამდე სირბილით? ვეკითხები ახალგაზრდებსაც და მოხუცებსაც — რა შეიძინე, შვილო ჩემო? მხოლოდ სტრესი, ბრძოლა და შფოთვა. ადამიანები დარბიან და არც კი იციან, რატომ. ჩვენ გზა დავკარგეთ.

ახლა უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს საწყისს. უცოდველი არავინაა, მაგრამ რადგან ქრისტეს მამობრივი სიყვარული უცვლელია და იგი სინანულით მიბრუნებულებს მიგვიღებს, ეს ჩვენს ჩვევად და მოვალეობად უნდა იქცეს. ეს არ არის მხოლოდ მცნებისა თუ სისტემის საკითხი, ეს არის ჩვენი პიროვნების აღდგენის აბსოლუტური მოვალეობა. ადამიანი არის პირი (პიროვნება).

პიროვნება ნიშნავს ბატონობას, ავტორიტეტს. იმისთვის, რომ ადამიანი ჭეშმარიტი პიროვნება იყოს, მასში გარყვნილების კანონი არ უნდა ბატონობდეს. გარყვნილების კანონი კი, როგორც ვთქვი, სწორედ იმ ნაკლოვანებებითა და ვნებებით მკვიდრდება, რომლებიც შევიძინეთ.

ახლა სინანულის ბრძოლის ხაზზე უნდა დავდგეთ, რათა დავამტკიცოთ და დავარწმუნოთ ჩვენი ღმერთი და მამა, რომ ის, რაც ჩავიდინეთ, არ გვსურს. ჩვენ შეგნებულად ვინანიებთ და ვითხოვთ მის შეწევნას, რათა განგვამტკიცოს, რომ უარვყოთ, ვძლიოთ და განვიშოროთ ვნებები. აი, ეს არის არსი. ჩვენთვის, მონაზვნებისთვის კი, სინანულის საკითხი არ არის ისეთი მარტივი, როგორიც ზოგადად საზოგადოებაშია.

რა თქმა უნდა, ჩვენც სინანულით მივდივართ წინ, სინანული ჩვენი ცხოვრებაა. მაგრამ ჩვენ არ ვკმაყოფილდებით მხოლოდ იმით, რომ ღმერთმა მოგვიტევოს ჩადენილი ცოდვები. ეს აუცილებელია, მაგრამ ჩვენ, აქ არ ვჩერდებით. ჩვენ ზევით მივილტვით. ქრისტემ თავისკენ მიგვიზიდა, რათა მას მივბაძოთ და მისი აღთქმების თანაზიარნი გავხდეთ. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ იმ ღვთაებრივ მსგავსებას, რომელიც დავკარგეთ და რომელიც ჩვენ გვეკუთვნის — ეს არის ჩვენი ნამდვილი პიროვნება.

ამიტომ გთხოვთ, ჩვენი სინანულის არსი ეს იყოს. როგორც მამები გვასწავლიან, ვიწყებთ პრაქტიკული მოღვაწეობით — იმ განდგომილებით (ამქვეყნიური ამაოების უარყოფით), რომელიც ქრისტემ მოგვანიჭა. მან მიგვიხმო, რათა შევდგომოდით მას, მიგვითითა ამ გზაზე და ჩვენც მივიღეთ იგი. ყველაფერი განვიშორეთ.

უარვყავით საკუთარი თავი, რათა აღვასრულოთ პირველი მცნება: შევიყვაროთ ღმერთი მთელი ჩვენი სულით, გულით, ძალით და გონებით. მას ყველაფერი სურს, რადგან თავადაც „შეიყვარა თვისნი და სრულიად შეიყვარა იგინი“.

რაც შეეხება სიყვარულს: ძმებო, სიყვარული არ არის მხოლოდ სათნოებათა სწავლება ან ეთიკა, ან რაღაც სისტემა. სიყვარული არის ჩვენი პიროვნების, ჩვენი არსების საფუძველი და ცენტრი. მან, ვინც თავის ხატად და მსგავსად შეგვქმნა, თავად არის სიყვარული. ღმერთმა თქვა: „ვქმნეთ ადამიანი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ“. ჩვენ უნდა დავემსგავსოთ ჩვენს შემოქმედს, რომელიც არის აბსოლუტური სიყვარული.

ამიტომ, სიყვარულის საკითხი გარედან თავსმოხვეული სისტემა კი არ არის, არამედ ონტოლოგიური აუცილებლობაა. თუ სიყვარული არ არის, პიროვნება იშლება. როდესაც არსებობს სიყვარული, უსჯულოების კანონი უქმდება. ყველა ბოროტება და ადამიანური უბედურება სწორედ სიყვარულის ნაკლებობისგან მოდის. თუ იარსებებს ჭეშმარიტი სიყვარული, ისეთი, როგორიც ღმერთმა დაგვიწესა, მაშინ სკანდალები შეწყდება. მაშინ ეშმაკი ვეღარ იპოვის გზას ჩვენს დასაზიანებლად, იგი გარეთ დარჩება. მაგრამ როცა სიყვარული ქრება, ვნებები დაუბრკოლებლად მოქმედებენ.

ჩვენი ბრძოლა გონების დაცვით იწყება. ეს იცით, ბევრჯერ გვისაუბრია. გონება პიროვნების საფუძველია. გონებაა ის, რაც შეადგენს ადამიანის არსებას. გონების მეშვეობით ვამყარებთ კავშირს სამყაროსთან. გონების გარეშე არაფერი ხდება. რადგან გონება ვალდებულია თავის საფუძველზე იდგეს, მაგრამ ახლა ვნებებისა და ეშმაკის ზეგავლენით აზრებს ბოროტად იყენებს, ამას აუცილებლად მოჰყვება საგნების ბოროტად გამოყენებაც და ღვთისგან განდგომა. ამიტომაა აუცილებელი გონების დაცვა.

ჩვენ, მონაზვნებს, ქრისტეს მიერ მოცემული განდგომილების გამო, არ გვაქვს უფლება გონება მიმომწვლილველობაში დავტოვოთ. რისთვის? ჩვენ აღარაფერი გვაინტერესებს. მშობელი დედაც კი დავტოვეთ, საკუთარი თავიც უარვყავით. ბიოლოგიური არსებობისთვის მონასტერში ყველაფერი მზადაა: ერთი ლუკმა საჭმელი, სამოსელი და სენაკი ძილისთვის. თუ ესენი გვაქვს, გონებას აღარ აქვს უფლება სხვა რამეს ეძებდეს ან განიკითხავდეს. მან უნდა იფიქროს იმაზე, თუ ვინ არის, საიდან მოდის და სად იმყოფება.

მონაზვნის საქმე გონების მღვიძარებაა. ფანტაზიის ეკრანზე მოდის ხატი — ეს არის „გულისსიტყვის შემოტევა“. ეშმაკს არ აქვს უფლება უშუალოდ შეგვეხოს, ამიტომ შორიდან ისვრის ხატებს, რომლებიც აღგვაგზნებენ. ეს ხატები გვაცდუნებენ: რომ არ ვირწმუნოთ სწორად, არ მოვუსმინოთ მოძღვარს, არ დავთმოთ ის, რაც მოგვწონს, ან შური ვიძიოთ იმაზე, ვინც დაგვაზიანა.

თუ გონება ჯანსაღია, იგი მაშინვე აღდგება და იტყვის: „განვედ ჩემგან, სატანა!“. განა ქრისტემ არ გვიჩვენა ეს, როცა ნათლისღების შემდეგ უდაბნოში გავიდა და მონაზონივით იცხოვრა? მონაზვნობა თავად ქრისტეს მიერაა დაფუძნებული: განდგომილება, თავშეკავება, მარხვა, მღვიძარება, ლოცვა, უპოვარება, ქალწულება და ღვთის ნებისადმი აბსოლუტური მორჩილება. აი, ეს უნდა იყოს მონაზონი.

როცა გონებას ვიცავთ, ნებისმიერ შემოტევას უნდა ვკითხოთ: „რას ეძებ აქ?“. თუ გულისსიტყვა გვეუბნება, რომ შევცდით, უნდა ვუპასუხოთ: „მე მონაზონი ვარ, ტყუილად მოხვედი“. ასეთია წინააღმდეგობის გზა. მაგრამ სიფხიზლეა საჭირო, რადგან ბრძოლა რთულია. არსებობს გარეგანი ბრძოლა გრძნობებით და შინაგანი ბრძოლა, რომელიც უფრო ნატიფია.

შიმშილს, წყურვილს, დაღლასა და მორჩილებას ადვილად ვუმკლავდებით. მაგრამ გონებისა და ფიქრების შეუბილწავად შენარჩუნება ადვილი არ არის. შემოტევებს ვერ ავცდებით, მაგრამ თუ ყურადღებიანნი ვიქნებით, ღვთის მადლი, რომელიც ნათლისღებისა და აღკვეცის დროს მივიღეთ და რომელიც დედასავით გვფარველობს, აღგვძრავს აღსარებისა და სინანულისკენ.

მთელი არსი უარყოფასა და აღსარებაშია. პირველქმნილმა ადამიანებმა უარყვეს ღმერთი და ამით მოკვდნენ, შემდეგ კი ქმნილებასაც ხრწნილება გადასცეს. ახლა ჩვენ რატომ ვართ აქ? ქრისტეს ვეკითხებით: „ყოვლადსახიერო, რატომ გვამყოფებ აქ? განა შენ არ დაასრულე ჩვენი გამოხსნის საქმე?“. ის კი გვპასუხობს: „რადგან თქვენ ნებაყოფლობით შესცოდეთ, ახლა მსურს, ნებაყოფლობით აღიაროთ სიმართლე და ასე აღდგეს წონასწორობა“.

როგორც მაშინ ეუბნებოდა ეშმაკი ადამს — „ნუ უსმენ ღმერთს, შენ თავად გახდები ღმერთიო“, ახლაც ისე მოდის ჩვენს ფანტაზიაში და გვატყუებს. ჩვენ კი წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ. ეს არის ჭეშმარიტი აღსარება. თუ საღვთო მადლი დაინახავს ჩვენს ამგვარ ღვაწლს, მაშინ თავად იტვირთებს ჩვენს განახლებას, განგვმოსავს ძველი ადამიანისგან და შეგვმოსავს ახლით. მადლი მუდამ ჩვენთანაა, მაგრამ იგი ძალით არ ერევა ჩვენს თავისუფლებაში. ჯერ ადამიანის თავისუფალი ნება უნდა გამოვლინდეს და მას მადლის მოქმედება მოჰყვება.

ესაა მიზეზი, რის გამოც უფალმა აქ დაგვტოვა — რათა საქმით აღვასრულოთ მისი მცნებები. მან მცნებები მბრძანებლურად კი არ მოგვცა, არამედ თავად განკაცდა, შეიმოსა ჩვენი ბუნება და პრაქტიკულად გვიჩვენა ცხოვრების გზა, რათა არ გვეგონა, რომ ეს შეუძლებელია.

მონაზვნობისთვის უმთავრესი მორჩილებაა. თუ ღვთის ნებას დავემორჩილებით, ჩვენი აღსარება სრულყოფილი გახდება. მაშინ საღვთო მადლი შიგნიდან იწყებს ჩვენს გარდაქმნას, აღმოფხვრის ვნებებს და გონებას განანათლებს, რათა აღარ შეცდეს. თუ ადამიანი ღვთის ნების ერთგული დარჩება, მადლი მას სიწმინდის ხარისხამდე აიყვანს. ყოველივე ამას ეწოდება სინანული.

ამისთვისაა საჭირო განსაცდელებიც — რომ გამოცდილება შევიძინოთ. ხშირად ვკითხულობთ: „რატომ ეს განსაცდელი?“. კითხვა „რატომ?“ ღვთის მიმართ მკაფიო ბლასფემიაა (ღვთისგმობაა). თუ ჩვენი თავის ყოველი ბალანი დათვლილია უფლის მიერ, მაშინ კითხვა „რატომ“ ზედმეტია. იგი უშვებს განსაცდელს, ჩვენ კი ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ არ ვიდრტვინოთ და არ ვეურჩოთ მას. დრტვინვისას მადლი უკან იხევს.

ხანდახან ვამბობთ, რომ მოვინანიეთ, მაგრამ ჩვენი სინანული არ იყო ჩადენილი ცოდვის შესაფერისი. ცოდვის ნარჩენები გროვდება, ჩვენ კი არ გვაქვს ძალა მათი გამოსყიდვისა. მაშინ ღმერთი, თავისი მამობრივი სიყვარულით, უშვებს განსაცდელს — რაიმე სამწუხარო მოვლენას, რომელიც ჩვენი წარსული დაუდევრობის საპირწონე იქნება. ამიტომ ამბობდნენ ღვთისგან განბრძნობილი მამები: „მოაშორე განსაცდელები და ვერავინ ცხონდება“.

ღმერთს სურს ადამიანის წინსვლა, ამისთვის დაღვარა სისხლი და გამოგვისყიდა. ზოგი განსაცდელი ცოდვების გამოსასყიდად მოდის, ზოგი კი — იმისთვის, რომ დაგვიფაროს მომავალი სასიკვდილო შეცდომისგან, რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცით. ამრიგად, ყოველი განსაცდელი სასარგებლოა.

თუმცა ყველაზე მეტად გთხოვთ ერთობასა და სიყვარულს. თუ ერთმანეთი გვეყვარება, მადლი იოლად მოგვცემს განწმენდასა და განათლებას. ჩვენ ერთობა ვართ. ყველას განსხვავებული ხასიათი აქვს. თუ ვინმე რაღაც უადგილოს იტყვის ან დაგვაბრალებს, ჩვენი მოვალეობაა არ დავიწყოთ თავდაცვა, არამედ სიყვარულით დავითმინოთ. თუ განსაცდელი იზრდება, ჩვენთვის უფრო დიდი გამარჯვებაა — მაშინ უნდა მივმართოთ თვითყვედრებას.

მაგალითად, თუ ძმა მადანაშაულებს იმაში, რაც არ ჩამიდენია, მე უნდა ვუთხრა საკუთარ თავს: „ასეთი ხარ და ვერ ხვდები, შენი ძმა სიმართლეს გეუბნება“. ამით ეშმაკს შემუსრავ და წინ წაიწევ. ასე თუ ვიქნებით, ჩვენ შორის განხეთქილება არასოდეს მოხდება.

ჩვენს დროში ერთ საძმოში მოხდა ასეთი რამ: ორი ძმა დაუპირისპირდა ერთმანეთს. ერთმა შენდობა სთხოვა, მეორემ არ აპატია. მაშინ პირველმა დუმილი არჩია და საკუთარ თავს უთხრა: „შე უბადრუკო, შენმა ძმამ სიმართლე გითხრა და კიდევ ეწინააღმდეგები?“. შემდეგ კი ილოცა: „სახიერო უფალო, შეუნდე ჩემს ძმას, ნუ დასჯი მას ჩემი ტკივილისთვის“. მან საკუთარი თავი აყვედრა და ძმის მიმართ სიყვარული გამოავლინა. მაშინ მას ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „ეს, რაც ახლა გააკეთე, კეთილსურნელოვან მსხვერპლად ავიდა წმინდა სამების წინაშე“.

აი, რამხელა მნიშვნელობა აქვს მოთმინებას. „ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ“. ნუ იკითხავთ „რატომ“. ხშირად შეცდომები გამოსაცდელად გვეძლევა. გაიხსენეთ იობი — ღმერთმა თავად დაამოწმა მისი უცოდველობა, მაგრამ მაინც დაუშვა უმძიმესი განსაცდელები, რათა იგი მაგალითად ქცეულიყო მთელი ეკლესიისათვის.

ჩვენი მთავარი დასაყრდენი რწმენაა. ჩვენ ჩვენი ნებით კი არ გავხდით მონაზვნები, არამედ უფალმა აგვირჩია: „არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიეთ თქუენ“. მეტიც, უფალი ამბობს: „ვერავინ მოვა ჩემთან, თუ მამამ არ მოიყვანა იგი“. ამრიგად, ჩვენ კი არ მოგვიხმეს, არამედ ხელით გამოგვიყვანეს ამაოებიდან. ახლა ჩვენი მოვალეობაა ყოველდღე მივბაძოთ მის ვნებებს და მის ცხოვრებას. აი, ეს არის სინანულის მწვერვალი.

ერში მყოფ ჩვენს ძმებს უფრო უჭირთ, რადგან ისინი მუდმივად არიან ცოდვის მიზეზებთან კონტაქტში. ჩვენ კი ეს მიზეზები არ გვაქვს. ჩვენი ერთადერთი დაბრკოლება უყურადღებობა, დაუდევრობა და ურჩობაა. ნუ დავკარგავთ დროს ამაოდ. ვიშრომოთ სინანულისთვის, რათა მაგალითი ვიყოთ სხვებისთვის.

დღეს ჩვენი საზოგადოება და ერი საფრთხეშია. ეშმაკმა რწმენას დაარტყა და სატანიზმი შემოიტანა. ადამიანები დაბნეულნი არიან და კითხულობენ: „შესაძლებელია კი დღეს ქრისტიანულად ცხოვრება?“. ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიყოთ ნათელი და ვუჩვენოთ მათ, რომ ქრისტე დღესაც ჩვენთანაა. ჩვენს საძმოს აქვს ამის დასტური — ჩვენი სულიერი მამები, რომელთაც შემოსეს ჩვენი სამონაზვნო კაბა, წმინდანები გახდნენ. აი, მაგალითად, მამა ეფრემ კატუნაკელი, რომელიც ჩვენთან იყო. მან აბსოლუტური მორჩილებით მოიპოვა წინასწარმეტყველების ნიჭი. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ: ჭეშმარიტება ცოცხალია!

ჩვენი მოვალეობაა არა ამბიონებზე დგომა, არამედ პრაქტიკული ცხოვრებით მოწმობა. დუმილითაც კი უნდა ვქადაგებდეთ. ეს არის ჩვენი მისია ჩვენი ხალხის წინაშე.

ქრისტემ, როცა ბერძნებმა მისი ნახვა მოისურვეს, თქვა: „მოვიდა საათი, რათა იდიდოს ძემ კაცისამან“. მან დაინახა ებრაელთა ურჩობა და თქვა, რომ სასუფეველი მიეცემოდა იმ ერს, რომელიც გამოიღებდა ნაყოფს. ჩვენი წინაპრები იყვნენ მოციქულთა გამგრძელებლები. ბერძნულმა სულმა მთელ მსოფლიოს გადასცა სახარების ჭეშმარიტება. ჩვენ არ უნდა ვუღალატოთ მათ. უნდა დავდგეთ აღსარებისა და მოწამეობის გზაზე.

სინანული მხოლოდ ცოდვების გამოსყიდვა კი არ არის, არამედ სისავსის განცდა. რა არის ეს სისავსე? „სასუფეველი ცათაი თქუენ შორის არს“. თუ გვეყვარება ქრისტე და დავიცავთ მის მცნებებს, ის და მკვიდრდება ჩვენში: „მე და მამა მოვალთ და მასთან დავიდებთ ბინას“. ამას განიცდიან ჭეშმარიტი მონაზვნები. ჩვენ ეს ვნახეთ ჩვენს ბერებში — მათში ღმერთი მკვიდრობდა.

ეს იყოს ჩვენი მიზანი და სწრაფვა. გთხოვთ, იღვაწეთ, რათა ჩვენი მისია წარმატებული იყოს. გფარავდეთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, წმიდა მენელსაცხებლე დედები, წმიდა იოსები და ნიკოდიმოსი, რომელთაც  ხსენებასაც დღეს ვდღესასწაულობთ. დაგვიმკვიდროს ყველას უფალმა ადგილი თავის მარჯვნივ. ამინ.


წყარო: https://youtu.be

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©