UTA 6878

სიცრუე და თავის მართლების სურვილი – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი)

თუკი რაიმეთი შესცოდავ, ნუ მოინდომებ დაფარო იგი სიცრუით, რამეთუ სიცრუით, შენ კიდევ უფრო დიდად შესცოდავ. აღიარე შენი შეცოდება და თქვი: “შემინდე”, და ეს შეცდომა, ისევე, როგორც თავად ბოროტება, აღარ დაგამძიმებს და აღარც განმეორდება. მოყვასიც კი დაგაფასებს, ნახავს რა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესცოდე, შენ სიმართლე აღიარე. თავის მართლება – უძლურებაა. საჭიროა გულწრფელობა.

მოდის ვიღაც და გეუბნება, რომ შენ ჭიქა გაგიტყდა. ნუ უპასუხებ მას: “მე არ გამიტეხავს ის და საერთოდ არ ვიცი, რა მოხდა”, არამედ მაშინვე თქვი: “მაპატიე, აწი აღარ ვიზამ ამას”. ხედავთ პრობლემის სულიერ მოგვარებას?

შეწინააღმდეგება, თავდაცვის მცდელობანი, თავის მართლება, აღშფოთება – სილაჩრეა. როგორც ხელში აყვანილი ბეღურა, ფრთხიალსა და ცახცახს იწყებს შიშისაგან,  ასევე ცახცახებ შენც მაშინ, როდესაც თავის მართლებისა და წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, თავს ესხმი სხვას.  რაც არ უნდა გითხრან, ნუ გეშინია, თუნდაც რომ ეს ცილისწამება და სიცრუე იყოს, ის, რაც სინამდვილეში არ ჩაგიდენია. მიიღე ეს სიმძიმე საკუთარ თავზე და უთხარი მას: “ძმაო, შემინდე, აწი  აღარ მოვიქცევი ასე”. და თუკი იგი მიყენებული ზარალის ანაზღაურებას გთხოვს, აუნაზღაურე. რას კარგავ? ამგვარად, შენი სულის ამაღლებულობა გამომჟღავნდება.

ჩვენ ცოდვილნი ვართ იმიტომ, რომ არ გვსურს წამოდგომა, იმიტომ, რომ გვიყვარს ჩვენი ცოდვები. ჩვენ ვცრუობთ, როდესაც ვამბობთ: “მინდა, მაგრამ არ შემიძლია”, რადგან ჩვენი “შემიძლია”, უფლის ხელშია. ვცრუობთ, როდესაც ვამბობთ: “მინდა, მაგრამ მოყვასი არ მაძლევს ამის საშუალებას”, რადგან, ჩემი ცხოვრება არ არის დამოკიდებული მოყვასზე. ვართ მარტო მე და ღმერთი. ჩვენ ვცრუობთ, როდესაც ვამბობთ: “მინდა, მაგრამ არ გამომდის”, რადგან ამით, ჩვენ შეურაცხვყოფთ ღმერთს: თითქოს ვამტკიცებთ, რომ უფალს რაღაც არ შეუძლია.

წმინდა ისაია, ჩვენი ცოდვის საშინელი ჭეშმარიტების წინაშე გვაყენებს, რომელიც, მართალია, “წინაშე ჩემსა არს მარადის”(იხ. ფსალმ. 50,5), მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ისე, თითქოს არ არსებობდეს იგი. მაშინაც კი, როდესაც აღსარებას ვამბობთ, ვლოცულობთ და ცრემლებით მოვუხმობთ: “ღმერთო! მილხინე მე ცოდვილსა ამას!” – ჩვენი ცოდვა არ იმყოფება ჩვენს თვალწინ. ჩვენ გვამოძრავებს სწრაფვა შეცნობისა, გამოცდილებისეულად შეგრძნობა უფლისა და ამგვარად, განმართლება საკუთარი თავისა. მაშინაც, არა იმისათვის ვუმხელთ უფალს ჩვენს ცოდვებს, რომ დავრწმნდეთ, შეგვინდო თუ არა მან, არამედ თავს ვიმართლებთ, როგორც ფარისეველი.

სიცრუე – ერთ-ერთი ყველაზე მზაკვარი ცოდვაა. ამაში, ძირითადად,  სიცრუით ცხოვრება იგულისხმება. ზოგჯერ, ჩვენ ვემალებით ღმერთს და ადამიანებს, სინამდვილეში კი, ვატყუებთ საკუთარ თავს. მაგალითად, მე ვხედავ, რომ მსურს ვინმეს ველაპარაკო. მე მაშინვე ვნიღბავ ჩემს ცოდვას და ვამბობ, რომ სიყვარულიდან გამომდინარე მივდივარ ამ ადამიანთან, რომ უფალი მოითხოვს ამას,  ურთიერთობის აუცილებლობას. ეს სიცრუეა.

თუკი ბავშვობაში რაიმე გვაწყენინეს და ჩვენ დღესაც ვიხსენებთ ამას, უნდა გვახსოვდეს, რომ აქ ჩვენს შელახულ თავმოყვარეობაზეა საუბარი და ნუღარ გავიმართლებთ თავს.  ჩვენზე ნებისმიერი გარემო ახდენს ზეგავლენას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით თავი უნდა ვიმართლოთ. ადამიანის ცნობიერების სიღრმეებში,  მისი საკუთარი ნება იმალება. თუკი თავს არასრულფასოვნად მივიჩნევ და ამას იმით ვხსნი, რომ ბავშვობაში ვიღაცამ მაწყენინა ან არ ავლენდნენ სიყვარულს ჩემს მიმართ, ამგვარად, ჩემს მდგომარეობას, რაღაც ფსიქოლოგიურ ახსნას ვუძებნი, რომელიც შესაძლოა სიმართლის მსგავსი იყოს. სინამდვილეში კი, ჩემი არასრულფასოვნების უკან ბევრად უფრო ღრმა რაღაც იმალება: ის მიანიშნებს, რომ ცოდვით არის შელახული ჩემი საკუთრი “მე”.

დაე, არასოდეს დაგვაბრკოლოს მსგავსმა ფსიქოლოგიურმა განმარტებებმა, რადგან ისინი, შესაძლოა სასარგებლო იყოს ექიმისათვის ან არაეკლესიური ადამიანისათვის, რომელსაც სურს დაეხმარო, რომ გახდეს ეკლესიური, თუმცა, მათ არანაირი კავშირი არა აქვთ ჩვენთან.  მაგალითად, ვიღაც,  გამუდმებით მოითხოვს სიყვარულს მის მიმართ და თავს იმით იმართლებს, რომ: “ოჯახში შვიდი დედმამიშვილი ვიყავით, დედა მუდამ გულცივად მეპყრობოდა, დანარჩენები კი უყვარდა. მარტოობასა და სიგლახაკეს ვგრძნობდი. ჩემს ძმებსა და დებს, მან მისცა განათლება, მე კი არა”. ყოველივე ეს, თავის მართლებაა მხოლოდ. თუმცაღა, ჩანს ქვეცნობიერი ფსიქოლოგიური კავშირები, მაგრამ ისინი გამართლებად ვერ ჩაითვლება.

მოვიყვანოთ სხვა მაგალითი. მე ვერ ვავლენ მორჩილებას უფროსისადმი იმ მიზეზით, რომ როდესაც ერთად ვსწავლობდით, ის გამუდმებით მლანძღავდა და ახლა, მას რაღაც ეწინააღმდეგება ჩემში – ვერაფერს ვუხერხებ თავს. მანამ, სანამ ამ ფსიქოლოგიური ახსნის შემწყნარებელი ვიქნები, ვერასოდეს შევძლებ უფროსისადმი მორჩილებას, ვერასოდეს ვეტყვი უფალს “დიახ”, რადგან თავს ვიგრძნობ გამართლებულად. უფრო მეტიც, მე პასუხსაც მოვითხოვ უფლისაგან, რომელმაც მსგავსი რამ დაუშვა, – ასეთ დროს, ვნება მყარდება და ჩემი ცოდვასთან კავშირი გახდება მუდმივი.

წუწუნი

როდესაც წუწუნებ, შენი ღვაწლი  უფლისათის სათნო არ არის. შესაძლოა,  მორჩილებისას აღსრულებული შენი ღვაწლი ნაყოფიერი იყოს, მაგრამ, უფლისათვის შეწირულ შენს ძღვენს ფასი არ ექნება. მაგალითად, შეუძლებელია ლიტურგია წუწუნით აღავლინო: შესაწირი ძღვენი, რა თქმა უნდა, განიწმინდება, მაგრამ შენ, ვეღარ განიწმინდები. ასევე ყოველი საქმე, რომელიც თავის მხრივ ლიტურგიაა, წუწუნის გარეშე უნდა აღასრულო. ვთქვათ, რაღაც საქმე დაგავალეს, შენ მას აღასრულებ, მაგრამ წუწუნებ, რომ დაიღალე, რომ ყველაფერი შენი გასაკეთებელია. მე შენ გეკითხები: “როდის მოასწარი დაღლა? სამუშაო დრო დიდი არ არის. რატომღა წუწუნებ? იმუშავე, აიძულე  ცოტა თავი”. წუწუნი – სულის განადგურებაა. ის განგრენის მსგავსია, რომელიც ადამიანს თანდათან კლავს. სამუშაოს დროს წუწუნი, ჰგავს გველს, რომელიც ჩვენ გვგესლავს. ის სულის პარალიზებას ახდენს.

წუწუნი ვლინდება იმაში, რომ ჩვენ  ვმუშაობთ უსიხარულოდ, ვწუწუნებთ  მოყვასსა და იღუმენზე იმ მიზეზით, რომ გული უნდა გავუხსნათ, დავანახოთ საკუთარი ტკივილები და  მივიღოთ რჩევა. წუწუნი ვლინდება დაცინვაშიც, მწარე სიტყვბშიც, წინააღმდეგობის გაწევაში, კრიტიკაში   და სხვა მრავალში. წუწუნი, მომაკვდინებელ ცოდვათა რიცხვს მიეკუთვნება, რადგან, ის აჩვენებს, რომ მე მყავს მხოლოდ ერთი ღმერთი  – თავად მე. ყველა სხვა ღმერთი და თვით ყოვლადწმინდა სამებაც,  ქრება ამ ღმერთის – საკუთარ “მეს” წინაშე. თუკი ყურადღებით წაიკითხავთ ჯერ ძველ, შემდგომ კი ახალ აღთქმას, დაინახავთ, რომ წუწუნი, უმძიმესი ნებაყოფლობითი ცოდვაა. წუწუნა ადამიანი, საღმრთო მცნებებსა და მის სიმართლეს ვეღარ აღასრულებს.


წყარო: წიგნიდან “Жить в присутствии Бога” , არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი), მოსკოვი 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share