კეთილი იოსები

იოსების ცხოვრებიდან მიღებული სარგებლობები – მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი (დიდი ორშაბათი)

კეთილი იოსების პიროვნება, ერთ-ერთი სახასიათო და მნიშვნელოვანია ძველ აღთქმაში, რომელმაც გავლენა იქონია მართლმადიდებლურ ჰიმნოგრაფიასა და მამათა სწავლებებზე.წმინდა მამებმა დიდი მარხვის ბოლო კვირეულის პირველი დღე – დიდი ორშაბათი, კეთილი იოსების ხსენების დღედ დააწესეს. მლოცველთა გულისხმა მიემართება წმინდა იოსებისკენ, რომლის ცხორებაც წარმოჩენილია, როგორც წინასახე იესუ ქრისტეს ვნებისა. მნიშვნელოვანია კონდაკი ამ დღისა: ,,იოსების წარწყმედასა იგლოვდა მწარედ იაკობ, ხოლო მას დაედგნეს ახოვნებისა შარავანდედნი და მეფობდა ამისთვის, რამეთუ არა დაამონა გულისთქმა თვისი მეძვისა ნებასა და სამართლად იდიდა იგი გულთ მეცნიერისა ღმრთისაგან და მიეცა გვირგვინი უხრწნელებისა’’.

იოსები, სახე ქრისტესი

იოსები ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს სახედ მიიჩნევა. მთელი თავისი ცხოვრებით ის წინასახეა ქრისტესი და მისი ვნებისა. მრავალი ნიშანია, რომელიც შეგვიძლია, რომ აღვნიშნოთ.

იოსები თავისი ძმებისგან უპირველესად ჩაგდებულ იქნა ორმოში, სადაც განაშორეს მას მოსასხამი: ,, როგორც კი მივიდა ძმებთან იოსები, შემოაძარცვეს იოსებს მისი კვართი, ჭრელი კვართი, ზედ რომ ეცვა. აიღეს და ჭაში ჩააგდეს იოსები; ცარიელი იყო ჭა, წყალი არ იდგა’’(დაბ.37:23-24). ასევე, ქრისტესაც განძარცვეს სამოსელი და გადასცეს სიკვდილს. როგორც იოსები ეგვიპტეში მონად გაიყიდა, ასე გაიყიდა ქრისტე, როგორც დამნაშავე, მისივე მოწოდებული მოწაფისგან. როგორც იოსები შეხვდა და უმკლავდებოდა დიდ განსაცდელს პეტეფრეს ცოლისგან და გამარჯვებას მიაღწია, ,,იოსებმა ხელში შეატოვა სამოსელი და გარეთ გავარდა’’(დაბ.39:12) ასე გაუმკლავდა ქრისტე უდიდეს ადამიანურ ბოროტებას და თავისი ღმრთეებით დაამარცხა სიკვდილი. შეიძლება მას განძარცვეს შესამოსელი, შეიძლება ის მოკლეს, მაგრამ თავისი სიკვდილით მან სიკვდილის სამეფო დაამარცხა. როგორც იოსები ჩაგდებულ იქნა საპყრობილეში, ასე ძე კაცისა მოკლულ იქნა და ჩავიდა ჯოჯოხეთში და როგორც იოსები გამოვიდა საპყრობილიდან გამარჯვებული და ეგვიპტის მმართველობამდე ამაღლდა, ასე ქრისტე გამოვიდა ჯოჯოხეთიდან ქრისტე განდიდებული და გახდა მეუფე ახალი ისრაელისა, განახლებული მადლიანი ისრაელისა.

იოსების ცხოვრებიდან მიღებული სარგებლობები

უპირველეს ყოვლისა, ნეტარი და ბრძენი იოსები ძალიან ბევრ ბოროტებას შეხვდა თავის ცხოვრებაში. ერთ განსაცდელს მეორე ცვლიდა. განსაცდელების აზვირთებული ტალღები ეხეთქებოდა მას, მაგრამ ის მაინც წმინდა რჩებოდა.

ჩვენც ხშირად ვიცდებით ჩვენს ცხოვრებაში, რომ გაცხადდეს ჩვენი პიროვნული თავისუფლება, რადგან სულიერი ცხოვრების არსი ქრისტეს და ადამიანის სინერგიაა. განსაცდელისა და თავისუფლების გარეშე არ არსებობს არანაირი სიკეთე.

შემდეგ, ნეტარი იოსები პეტეფრეს მეუღლისგან მომდინარე საცდურებს გაუმკლავდა. ,,ჩემზე დიდი არავინ არის ამ სახლში, არაფერი აუკრძალავს ჩემთვის, გარდა შენი თავისა, რადგან შენ ცოლი ხარ მისი. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?’’(დაბ.39:9). იოსები, როგორც კეთილი, სათნო და ჭეშმარიტი ისრაიტელი, მუდამ განიცდიდა საკუთარ გულში ცოცხალი ღმერთის მყოფობას და სწორედ ამით დაამარცხა ეს საცდური.

იოსების ეს წინააღმდეგობა ჩვენ გვიჩვენებს მართლმადიდებლურ პრაქტიას ბოროტთან ბრძოლისა და ჩვენს პირად, ხორციელ განსაცდლებს. ცოცხალი ღმერთის განცდა, მისი გამოუთქმელი სიყვარულისგან შორს დარჩენის შიში, ანადგურებს ბოროტის ნებისმიერ თავდასხმას. იოსების გაქცევა ამ შემთხვევაში, არ არის სისუსტის ნიშანი, როგორც ეს ჩვეულებრივ ადამიანურ მდგომარეობებში ითვლება, არამედ ღმრთის შიშისა და სიბრძნის გამოხატულება, რადგან მხოლოდ საკუთარი ძალისხევით არ ძალგვიძს ამგვარი ბოროტების დამარცხება.

პეტეფრეს ცოლს ხელში იოსების შესამოსელი შერჩა, მაგრამ თავად იოსები დაუსხლტა ხელიდან. როდესაც ადამიანი გონებას განიწმენდს და ამ გარეგნული ხორციელი შესამოსლისგან თავისუფლდება, მაშინ ზეციური მამა მას სიტყვა ღმერთს – ქრისტეს განუცხადებს.

წმ. მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ წმინდა წერილზე მხოლოდ გარეგნული ფიქრი, არც კონტექსტიდან ამოგლეჯილი ნაწყვეტების განხილვა, როგორც ეს მრავალ ერეტიკოსთან მოხდა, არაფერს მოგვცემს. იმისათვის, რომ ადამიანმა წმინდა წერილის სული შეიცნოს, მან მართლმადიდებლური ტრადიციით, მისტიკური-ისიქასტური ცხოვრებით უნდა იცხოვროს. გონების ეს განათლება არის გულის ვნებებისგან განწმენდის გაგრძელება, რადგან ამგვარი სულიერი კურნების გარეშე ადამიანს ღმრთის მარადიული სიტყვით კვება არ შეუძლია. სხვაგვარად მას ხელში შერჩება სამოსელი, ხოლო სიტყვა დაუსხლტება. იცხოვრებს გარეგბული შესამოსლით და არა ცოცხალ ღმერთთან შინაგანი ურთიერთობით.

იოსები, შიშველი, გარბის ბოროტისაგან. ღირსი ნილოს მონაზონი წერს, რომ თუკი სულიერ ცხოვრებაში წარმატება გვსურს, უნდა გავშიშვლდეთ ამასოფლის სულისგან. მსგავსი რამ ყველა ქრისტიანის სულიერ ცხოვრებაში ხდება და ამიტომაც, არ უნდა მივეჯაჭვოთ მატერიალურს.

სამწუხაროდ შევნიშნავთ, რომ დღევანდელ ეპოქაში ბევრს სურს ქრისტიანული სულიერი ცხოვრება და სახარებისეული მცნებების აღსრულება, მაგრამ ისინი მატერიალურზე ზედმეტად არიან მიჯაჭვულნი. ჩვენ მუდამ მატერიალური სიკეთეების გამრავლებისკენ ვისწრაფვით და ასე ამ ეგვიპტელის მსგავსს იმის საშუალებას ვაძლევთ, რომ მხოლოდ მიწაზე ვყავდეთ დაკავებულნი.

კეთილი იოსები, რომელიც ქრისტეს წინასახეა, დაე ჩვენი წინასახეც გახდეს ქრისტეს მსახურების გზაზე და ამ შემთხვევაში, ჩვენ მის მსგავსად განვდიდდებით, როგორც სულიერი ათლეტნი.

მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის წიგნიდან: ,,სულიერი მედიცინის მეცნიერება’’. გამომცემლობა ,,ახალი ივერონი’’. თბილისი. 2017 წელი.

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ.