ქალწული 1

იგავი ათი ქალწულისა და ტალანტების შესახებ – წმინდა იუსტინე პოპოვიჩი (დიდი სამშაბათი)

,,მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თჳსნი და განვიდეს მიგებებად სიძისა’’.

რა არის ამქვეყნიური ცხოვრება? სხვა არაფერი თუ არა, მზადება მარადიული სიცოცხლისთვის. მიწაზე ცხოვრება ეს არის ზეცისთვის მოუკლებელი მზადება. ეს სულიერი სამზადისი კი ზეციური სათნოებების მოხვეჭისთვის შრომას – ქრისტეს მსგავსების გზაზე სვლას ნიშნავს. ეს ის სახარებისეული სათნოებებია, რომელიც ზეცის მეუფემ – უფალმა იესუ ქრისტემ, ადამიანად მოსულმა ღმერთმა გვიქადაგა. მათ მიერ ადამიანის სული ზეციური, ბრძენი და ქრისტეს სამეფოს ღირსი ხდება. მათ გარეშე კი ადამიანის სული შეშლილს ემსგავსება, იძირება ცოდვაში, ბოროტდება და ჯოჯოხეთით ავადდება. მხოლოდ საღმრთოს და ზეციურს მივყავართ ჩვენ ქრისტემდე და მის სამეფომდე. ცოდვა და ბოროტება კი არსით დემონურია და ამიტომაც, ისინი ეშმაკის სამფლობელოში გვატყვევებენ.

დედამიწაზე დაბადებული თითოეული ადამიანი იღებს ლამპარს, ანუ ღმრთის ხატება სულს, რომელიც მას ამ წყვდიადით მოცულ სამყაროში ქრისტესკენ სავალ გზას უნათებს. ადამიანის ცხოვრებაც ამქვეყნად ხომ სვლაა ქრისტესთან შესახვედრად. როგორც არ უნდა იცხოვროს, რაც არ უნდა აკეთოს ადამიანმა, ის ამ ცხოვრების შემდეგ მაინც აუცილებლად შეხვდება ზეციურ სიძეს. რადგანაც ეს სამყარო სიმბოლოა ცათა სასუფევლისა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი არსიც მარადიული სიცოცხლისთვის მზადებაა.

,, ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი და ხუთნი – სულელნი. მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი. ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა’’

ადამიანში სული ძალიან ცუდად ხდება, როდესაც არ ვკვებავთ მას საღმრთო საზრდელით: სახარებისეული სათნოებებითა და თავად ,,ზეციური პურით’’, ,, რამეთუ პური ღმრთისაჲ არს, რომელი გარდამოჴდა ზეცით და მოსცა ცხორებაჲ სოფელსა’’(ინ.6:33) – რომელიც თავად ღმერთკაცი, იესუ ქრისტეა. როდესაც ჩვენს სულს ქრისტეს გარდა ყველაფრით ვკვებავთ, ის ქრისტეს შიმშილისგან ლამის ჭკუიდან შეიშალოს. ამ სამყაროდან მიღმიერში კი ზეციური მეფის – ქრისტეს გარეშე მიდის. ,, მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი’’. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი სულები მიღმიერ სამყაროში ქრისტესა და მისი ნათლის გარეშე წავიდნენ. ეს კი მათთვის საშინელება და მეორე სიკვდილი იქნება. ის სული კი, რომელიც ცოცხალი ღმერთისკენ ისწრაფვის, აუცილებლად კვებავს ქრისტეთი თავის სულს. თუკი ის ამქვეყნად ქრისტეთი ცოცხლობს, ქრისტეთი აზროვნებს, ქრისტეთი გრძნობს და ქრისტეთი მოქმედებს, მაშინ ასეთი სული საბოლოოდ ემსგავსება მას და ბრძენი ხდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ნათლად ხედავს ამ ცხოვრების საზრისს და მისკენ სავალ გზასაც. ის თავის ლამპარს მოუკლებლად ავსებს ზეთით და ამ ლამპრიდან მომავალი ნათელი ამ ცოდვით, ბოროტებითა და სიკვდილით აღსავსე ცხოვრების გზას უნათებს. ის მოუკლებლად უმატებს სათნოებას სათნოებას: სიყვარულს რწმენას, რწმენას იმედს, იმედს ლოცვას, ლოცვას მარხვას, მარხვას სიმდაბლეს, სიმდაბლეს სიმშვიდეს და ასე ამგვარად ის უფრო და უფრო მეტად ინთება და ანათებს. მან იცის, რომ ადამიანის არსების ეს ლამპარი, მხოლოდ მაშინ ანათებს ძლიერად, როდესაც ის მოუკლებლად ივსება ქრისტესმიერი სათნოებების ზეთითა და ეკლესიის წმინდა საიდუმლოებებით, განსაკუთრებით კი – წმინდა ზიარებით. მაშინ თავად ქრისტე ანთია და ანათებს ჩვენი სულიდან, რადგან ის არის სწორედ ნათელი და შემწველი ცეცხლი.

სათნოებები მკვდარია, თუ ისინი არ იკვებებიან სინანულისა და წმინდა ზიარების საიდუმლოებებით. ეს უგუნური ქალწულები ისე ცხოვრობდნენ, რომ თავიანთ ღმრთის ხატების მქონე სულის ლამპარს საღმრთო, ზეციური და მადლისმიერი ზეთით არ ავსებდნენ. სინანული კი ნებისმეირ სათნოებას განწმენდს ცოდვის, ამაოების, თვითკმაყოფილებისა და სიამაყისგან. ამრიგად, ევქარისტია არის წყარო ქრისტეს მსგავსი სათნოებებისა, თავის მხრივ ამ სათნოებებში ღვაწლი გვამზადებენ მასთან მისაახლებლად და პირიქით. ისინი ერთმანეთს ასაზრდოებენ.

,,და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. ხოლო შუვა-ღამეს ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა’’.

სიძემ შეაყოვნა თავისი მეორედ მოსვლა, სიკვდილის თვლემამ მოიცვა ყველა ქალწული და დაიძინეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სიკვდილის ძილით დაიძინეს, რომ მათი ამქვეყნიური ცხოვრება დასრულდა: თითოეული სული მიწაზე თავის თანამგზავრ სხეულს ტოვებს, თავად კი მიღმიერ სამყაროში ამ ზეთით, ან მის გარეშე მიემგზავრება, რათა იქ სიძიეს მოსვლას დაელოდოს. დადგა შუაღამე. როდესაც არავინ ელოდებოდა: ,, ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა’’. კაცობრიობის ისტორიის შუაღამეს, როდესაც ცოდვის სიბნელე და ბოროტების წყვდიადი იმდენად მოიცავენ ადამიანებს, რომ ეს მდგომარეობა უკიდურეს მწვერვალს მიაღწევს, მაშინ დაბრუნდება ამ სამყაროში ქრისტე – ზეციური სიძე, უფალი ზეცის და ქვეყნის. იმ შუაღამეს, ყველაზე მეტად საკუთარ გულში მისი ნათელი დაგვჭირდება.

,,მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი მათნი’’.

მაშინ აღდგა ყველა ქალწული და განამზადეს თავიანთი ლამპრები. ყველა მკვდრეთით აღდგა და მათი სულები სხეულს შეუერთდნენ, ანუ სიკვდილის ძილისგან გაიღვიძეს. ეს აღდგომა საყოველთაო იქნება, უკლებლივ ყველა უნდა აღდგეს. სწორედ ასეთია ადამიანის გზა ამ სამყაროში. მკვდრეთით აღდგომა კი ნიშნავს იმას, რომ თითოეული სული უნდა შეუერთდეს თავის სხეულს და თან წაიღოს ის, რითიც აღსავსე იყო ქრისტეს მეორედ მოსვლამდე.

,, ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაეჴშა კარი. შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ! ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს’’.

ქრისტეს დაბრუნებისთვის სულიერად მზად უნდა ვიყოთ, რათა მასთან ერთად მის სამეფოში, მის ზეიმში შევიდეთ. ეს იქნება ზეციური ქორწილი, როდესაც თითოეული განღმრთობილი და ქრისტეშემოსილი სული მარადიულად დაიწინდება ზეციურ სიძეზე და მის სიხარულში შევა. აქამდე კი, ადამიანის სული ეკლესიის წმინდა საიდუმლოებებით, განსაკუთრებით კი ზიარებით, ქრისტესმიერი სათნოებებითა და სწორი სულიერი ცხოვრებით სრულიად ქრისტეშემოსილი უნდა გახდეს. სწორედ ეს შინაგანი მდგომარეობა გადაგვარჩენს და ნებისმიერი ცოდვისგან დაგვიფარავს. ცოდვა ქრისტეს მტრობა და სულის უგუნურებაა. ქრისტეს დაბრუნებისთვის მზადმყოფნი კი ისინი არიან, რომლებმაც თავიანთი სული ქრისტესმიერი სათნოებებით შეამკეს – ანუ შინაგანად მას დაემსგავსნენ. მარადისობის კარიბჭე დაიხურა მათთვის, ვინც არ იყო შინაგანად მზად, ვის გულშიც არ იყო ქრისტე. როდესაც ისინი მიდიან უფალთან და თხოვენ, რომ კარი გაუღოს მათ, ყოვლადმოწყალე ქრისტე პასუხობს მათ: ,, ამენ გეტყჳ თქუენ: არა გიცნი თქუენ’’. ამით უფალი ეუბნება: ცოდვებით სრულიად დაამახინჯეთ თქვენში არსებული ღმრთის ხატება, ამოშალეთ ყველა საღმრთო თვისება, იმდენად შეენივთეთ ბოროტებასა და მის შემოქმედს, რომ ვეღარ გცნობთ. თქვენ აღარ ხართ ჩემი ქმნილებები. თითოეული თქვენი ცოდვით, მანკიერებითა და ვნებით მეუბნებოდით: არ მინდიხარ, არ გიცნობთო. ცოდვით იმდენად დაამახინჯეთ საკუთარი თავი, რომ თქვენში ჩემს მსგავსს ვეღარაფერს ვპოულობ, აღარ გიცნობთ, თქვენი ყველაფერი ჩემთვის უცხოა, ჩემი არ არის, ჩემგან არ არის, არამედ ჩემი ბოროტი მოწინააღმდეგისაა. ძმებო და დებო, ამაზე საშინელი განაჩენი არ არსებობს, როდესაც სამსჯავროზე შემოქმედი თავის ქმნილებას ეტყვის: ,, არ გიცნობ’’. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქმნილებამ საკუთარი თავიდან ყველაფერი საღმრთო, უკვდავი და მარადიული ამოძირკვა და საკუთარ თავში შემოქმედის ყველა კვალი გაანადგურა. სწორედ ეს იქნება სამსჯავროს მთავარი საშინელება. სწორედ ამიტომაც, ქრისტეს ამ იგავში ერთი გამომხსნელობითი სწავლება მოჰყავს და გვეუბნება: ,, იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს’’. ადამიანის მთელი ცხოვრება ქრისტესთან შესახვედრად მზადებისთვის საკუთარ სულზე მღვიძარება უნდა იყოს.

იგავი ტალატების შესახებ

,, ვითარცა-იგი რაჟამს წარვალნ კაცი და მოუწესის მონათა თჳსთა და მისცის მათ მონაგები თჳსი’’.

ეს იგავი თითქოს განმარტებაა ათი ქალწულის იგავისა. ის ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა ვმღვიძარებდეთ და ვფიხლობდეთ, რათა მარადიული სიცოცხლისთვის მოვემზადოთ. ამასთანავე, ეს იგავი იმასაც გვიჩვენებს, თუ როგორ კარგავს სული ქრისტეს და მასთან ერთად სიბრძნესაც. ამას მოჰყვება ღმერთის უარყოფა, მასთან და საკუთარ თავსა და გარესამყაროში ყოველივე საღმრთოსთან დაპირისპირება.

ეს სამყარო შემოქმედის საკუთრებაა. მან ადამიანები არარსებობიდან არსებობაში მოიყვანა და ყველაფერთან ერთად, საკუთარი სიკეთეც მიანიჭა. სული და სხეული შემოქმედისგან მონიჭებული სიკეთეებია და ამ სამყაროსთან ერთად, მისი საკუთრებაა. აქედან გამომდინარე, ადამიანს საკუთარი არაფერი გააჩნია; ყველაფერი, რაც მას აქვს – შემოქმედის საჩუქარია. მან იმდენი საღმრთო ძალა მოგვანიჭა, რომ მთელი სამყაროს გვირგვინად და ბატონად დაგვადგინა. როგორც შესაქმეში ვკითხულობთ, ადამიანის შემნის შემდეგ, ასეთი მცნება მოგვეცა: ,, ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას’’.(დაბ. 1:28)

,, რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი და რომელსამე ორი ქანქარი და რომელსამე ერთი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თჳსისა, და მეყსეულად წარვიდა’’.

ღმერთი ყველას ერთნაირ ნიჭებს არ აძლევს. ის თავისი ყოვლისმცოდნეობიდან, გულთმეცნიერებიდან, ყოვლისმხილველობიდან და სიბრძნიდან გამომდინარე, ჩვენი ძალების შესაბამისად გვინაწილებს ნიჭებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან იცის, თუ როგორ გამოიყენებს თითოეული ადამიანი თავისუფალ ნებას და ამის მიხედვით გვიწილადებს თავისი სიკეთეებიდან. მთავარი კი ის არის, რომ ის ცუდ და ზარმაც მონასაც კი არ ტოვებს თავისი სიკეთის გარეშე და მასაც კი აძლევს ერთ ტალანტს. რას ნიშნავს ეს? რა ნიჭებზე საუბარი? ესენია: გონიერება, გრძნობა, სიყვარული, ჭეშმარიტება, სიმართლე, ლოცვა და თავისუფლება. ხუთი ტალანტი ამ ყველაფრის კიდევ უფრო სიღრმისეულად და ძლიერად განცდას ნიშნავს. ორი ტალანტიც იგივეა, ოღონდ შედარებით მცირე საზომით.

,, ხოლო წარვიდა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, აქმნია მას ზედა და შესძინა სხუაჲღა ხუთი ტალანტი’’.

ხუთი ტალანტის მფლობელი მონა ის ადამიანია, რომელიც საკუთარ თავში საღმრთო სიკეთეებს ამრავლებს, ანუ უფრო და უფრო ცდილობს ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობას და მის ტალანტებს საქმეში იყენებს. ის საღმრთო ჭეშმარიტებით, საღმრთო სიყვარულით, საღმრთო სიმართლით, საღმრთო სიბრძნით, საღმრთო სიკეთით, საღმრთო სიწმინდითა და მარადიული სიცოცხლის განცდით ცხოვრობს. უფრო კარგად რომ ვთქვათ: ცხოვრობს ქრისტეთი, ქრისტესთვის და ქრისტეში. ის საღმრთო სიკეთეებს თავის საკუთრებად აქცევს და მთელს სამყაროს ღმრთის საკუთრებად და შემოქმედებად აღიქვამს, რომელშიც ის ქრისტეს საქმეს უნდა აგრძელებდეს და თავის ხუთ ტალანტს, კიდევ ხუთს უმატებდეს. ის ხვდება, რომ ეს ცხოვრება ღმრთისმსახურებაა და მთელ თავის ძალებსა და საკუთრებას ქრისტესკენ წარმართავს.

,, ეგრეთვე, რომელმან-იგი ორი მიიღო, შესძინა სხუაჲ ორი’’.

ზუსტად ასევეა ორი ტალანტის მფლობელიც. მთელ თავის ძალებს ისიც ისე წარმართავს, თითქოს ქრისტეს სახელოსნოში მუშაობდეს. იქ სადაც, ქრისტეს მიერ დავალებული საქმე უნდა აღასრულოს. რა საქმეა ეს? ეს არის ღმრთისაგან მოცემული ნიჭების მიერ საკუთარ თავში კიდევ უფრო მეტი ქრისტეს სიყვარულის, მისი ჭეშმარიტების, მისი სიმართლის, მისი სიბრძნის, მისი სიკეთის, მისი მოწყალებისა და მარადიულობის მოხვეჭა. ასე ამრავლებს ის ღმრთისაგან მოცემულ ნიჭებს. რაც ქრისტესგან მიეცა, არაფერი უმოქმედოდ არ დაუტოვებია, ყველაფერი ამ საღმრთო, სულიერ ,,ბრუნვაში’’ მოაქცია. მოუკლებლად საღმრთოთი, უკვდავით და მარადიულით ცხოვრობდა და ასე გაამრავლა თავისი საკუთრება.

,, ხოლო რომელმან-იგი ერთი მიიღო, წარვიდა და მოთხარა და დაჰფლა ქუეყანასა ვეცხლი იგი უფლისა თჳსისაჲ’’.

ერთი ტალანტის მქონე კი წავიდა და ღმრთისაგან მიცემული ტალანტი მიწაში ჩაფლა. რას ნიშნავს ეს? მან თავისი ღმრთის ხატი სული დამარხა მიწაში, მიწიერსა და ხორციელს მიაჯაჭვა და დაუქვემდებარა. ამ ქმედებით ის თქვა, რომ მისი სხეული უსულო მიწაა და რომ არ არსებობს სული ადამიანის სხეულში. ეს არის ყველაზე საზარელი გზააბნეულობა. ის ყველაფერ საღმრთოს უმალავს საკუთარ თავსა და მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს, მარხავს მიწაში, რომ იქ როგორმე მოკვდეს, გაქრეს და განადგურდეს. ის თითოს საკუთარ სულს ეუბნება: არ მჭირდები, არ მინდიხარ და შენს გარეშეც კარგად ვიქნები, შენ ჩემთვის არ არსებობ, მარტო ჩემი სხეული მჭირდება, ის არის ჩემი არსი, ჩემი ,,მე’’, ჩემი იდენტობა, არ მაინტერესებს და არ მინდა ვიცოდე რაიმე შემოქმედის შესახებ და რაც მას უკავშირდება, ყველაფერ ამას მიწაში ვმარხავ, რომ რაც შეიძლება შორს იყოს ჩემგან, რომ არასდროს ვნახო, არასდროს შევიგრძნო, ღმერთის გარეშე ყოფნა მინდა და მისი არაფერი მჭირდება და ვმარხავ, ღრმად, ღმრმად და კიდევ უფრო ღრმად!

მან დამარხა ყველაფერი, რაც შემოქმედს ახსენებდა, რაც მის არსებობაზე მოწმობდა ან ასწავლიდა მის შესახებ. მან ეს მის გარშემო მყოფთათვისაც დამალა და მათაც ამისკენ მოუწოდა. ეს არის სახე უღმერთო, უსულო ადამიანისა. ის პირველ რიგში უსულოა და შემდეგ უღმერთო. ის ჯერ სულს უარყოფს და შემდეგ კი მის შემოქმედსაც. ისიც შეიძლება ითქვას, რომ ეს უარყოფის ერთდროული პროცესებია, რადგან ის, ვინც უარყოფს სულის არსებობას, უარყოფს ცოცხალ ღმერთსაც – სულის შემოქმედს.

თუკი ადამიანის გონება ქრისტეს შორდება, მისი ხსოვნა აღარ აქვს, ის ზიანდება და ირღვევა. ღმრთისაგან სრული გაუცხოვება დემონური მდგომარეობაა – როდესაც არ გვინდა მასთან ყოფნა, მისი მსგავსება. სწორედ ასეთ შინაგან მდგომარეობას წარმოაჩენს ეს ზარმაცი, ბოროტი მონა, რომელიც ღმრთისაგან მონიჭებულ ტალანტს საკუთარ ხორციელ გრძნობებში მარხავს.

,, შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათაჲ და სიტყუაჲ ყო მონათა მათ თანა’’.

კაცობრიობის ისტორია დიდ ხანს უნდა გაგრძელებულიყო. დიდი ხანი უნდა გვეცხოვრა ამ სამყაროში… მასაც, ამ სამყაროს შემოქმედსაც დიდი ხნით უნდა დაეყოვნებინა დაბრუნება და ჩვენგან პასუხის მოთხოვნა. ამ დროის განმავლობაში, რახან შემოქმედმა დააყოვნა, მრავალმა უგუნურმა იფიქრა: არ არსებობს ღმერთი, რომ ყოფილიყო ხომ მოვიდოდა და არსებულ ბოროტებას განაქარვებდაო. დიდი ხანი დააყოვნა, რომ არ გვეთქვა: არ მოგვეცა საშუალება ჩვენი მოშურნეობის, ჩვენი ძალისხმევისა და ნიჭების რეალიზებისაო. ამიტომაც, ჩვენი ძალების შესაბამისი ნიჭები მოგვცა და ამასთან ერთად, საკმარისი დროც მათი რეალიზებისთვის.

,, და წამოდგა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, და მოართუა მას სხუაჲღა ხუთი ქანქარი და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა ესერა სხუაჲღა ხუთი ქანქარი შევსძინე’’.

პასუხიც მარტივია ისევე, როგორც დავალება: მსახურმა, რომელმაც ღმრთისაგან ხუთი ტალანტი მიიღო, იშრომა და კიდევ ხუთი შეიძინა. მაგრამ შეხედეთ, ის ამასაც კი თავისი სიმდაბლიდან გამომდინარე, შემოქმედის სიკეთეს და მის ტალანტებს მიაწერს: ,, უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა ესერა სხუაჲღა ხუთი ქანქარი შევსძინე’’. ამით ფაქტობრივად უთხრა: შენს მიერ მოცემულ სიყვარულს, ჭეშმარიტებას, სიმართლეს, სიკეთეს, სიმდაბლეს და წყალობას გავცემდი ამ ცხოვრებაში და ჩემთან კიდევ უფრო მეტი საღმრთო სიმდიდრე ბრუნდებოდა. მართლაც, ეს სამყარო საღმრთო სიკეთეების საუნჯეა და ის სული, რომელიც ქრისტესკენ ისწრაფვის, ყველგან ქრისტეს პოულობს. რადგანაც ეს სამყარო შემოქმედის საკუთრებაა, ეს არის ნიადაგი, სადაც მისი სიკეთეებია დათესილი. ყველაფერი მისი საკუთრებაა, განსაკუთრბით კი ადამიანები. ადამიანის სულის ლამპარი, რომელიც საღმრთო სიყვარულით, სიმართლითა და ჭეშმარიტებით ანთია, ამ ყველაფერს ადამიანებშიც მარტივად პოულობს. ეს ყველაფერი შემოქმედისაა: ,,შენნი შენთაგან’’. ყველაფერი შენია, ჩემი არაფერია, გარდა სურვილისა და შენსკენ მსწრაფი ლოცვისა: დაე ამ ყველაფრის მიერ მარადიულად შენი ვიყო უფალო და მხსნელო ჩემო..

,, ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა’’.

ეს იყო საღმრთო ღირსების პასუხი: კეთილო და ერთგულო მსახურო! რადგან მიხვდი, რომ ადამიანის მიწიერი სიცოცხლე ღმრთისა და მოყვასის მსახურება – იგივე ღმრთისმსახურებაა. შენ ხარ ერთგული მსახური, რადგან მიხვდი, რომ მიწიერი ცხოვრება ეკლესიის საიდუმლოებებისა და სათნოებებში შრომის მიერ შემოქმედის ერთგულების მოუკლებელი ღვაწლის ასპარეზია. მცირედში სარწმუნო იყავი: რადგან ამ მცირე, მიწიერ სამყაროში, მცირე შრომით ცოცხალი ღმერთი მოიხვეჭე და ამიტომაც, უფრო დიდზე დაგადგენ: ჩემი მიწიერი ნიჭებისა და ტალანტების მიღმა, ჩემი უსასრულო და უსაზღვრო სრულყოფილება, ჩემი ჭეშმარიტება, ჩემი სიმართლე, ჩემი წყალობა და ჩემი სიბრძეა. ეს ყველაფერი მარადიულად შენი იქნება და არასდროს წაგერთმევა. ის ის არის, რაც არასდროს შეწყდება და რაშიც ადამიანის არსება მარადიულად დარჩება. ეს სრულყოფილება არის მარადიული, უკვდავი და არამიწიერი სიხარული. ეს ის მარადიული სიხარულია, რომელსაც ვერავინ წაგართმევს.

,, . მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა: უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შენ: მოიმკი, სადა არა დასთესი, და შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიედ. და შემეშინა, წარვედ და დავმალე ქანქარი იგი შენი ქუეყანასა. აჰა ესერა შენი შენ თანა არს’’.

როგორია ზარმაცი მონის ფენომენი? ეს არის უარყოფა და სიძულვილი ღმრთისადმი და მისი აღქმა, როგორც უსამართლო და უმოწყალო ბატონისა. ის ღმერთს ტირანად და მოძალადედ აღიქვამს. მასში მხოლოდ შიში დარჩა შემოქმედის მიმართ. მან არ თქვა სიმართლე და ვერ შეძლო მის წინაშე გულწრფელად საუბარი და უთხრა: ღმერთო, შენ მკაცრი და სასტიკი ხარ, რადგან იქ იმკი სადაც არ დაგითესავს და იქ შეკრებ, სადაც არ განგიბნევიაო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ეს სამყარო და ეს ადამიანები შენი არ არის, შენ უსამართლოდ იყენებ ადამიანურ შრომას და იღებ იმას, რაც შენ არ გეკუთვნის. საკუთარ თავს სამყაროს შემოქმედის დიდებას უკუთვნებ, თითქოს მოწყალე და სულგრძელი ხარ, ხოლო სინამდვილეში, სასტიკი და უსამართლო ხარ, რომელიც არ გასცემს არაფერს და სხვისას იღებს. რადგანაც ასეთი ხარ, მე არ მინდოდა შენი ტალანტის გამოყენება, მეშინოდა შენი, შენგან შორს ყოფნა მინდოდა და შენი ტალანტიც მიწაში დავმარხე – აი, აიღე, შენი შენვე გქონდეს!

,, მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: ბოროტო მონაო და მედგარო! უწყოდე, რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა არა განმიბნევიედ’’.

ღმრთისადმი მისი ეს დამოკიდებულება სიზარმაცისა და მზაკვრობის ნაყოფია. მზაკვრობა, ბოროტება და სიზამაცე მისი შინაგანი სამყაროს მთავარი შემადგენლებია. სწორედ აქედან მომდინარეობს ღმრთისადმი ნებისმიერი კრიტიკა, მასზე არასწორი წარმოდგენები და მისი სიძულვილი. მას სძულს ნებისმიერი საღმრთო სიკეთე: ეზარება საკუთარ თავში ჩაღრმავდება და თავისი ზრახვებისა და შეგრძნებების გამოკვლევა.

,, ჯერ-იყო შენდა დადებად ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, და მომცა-ვედ და მოვიღე ჩემი იგი აღნადგინებითურთ’’.

ამ საღმრთო ‘’ვერცხლის’’ დანიშნულება ის არის, რომ ადამიანებმა მათი დახმარებით ეს ნიჭები კიდევ უფრო გაამრავლონ და ამქვეყნიურ ცხოვრებაში რაც შეიძლება მეტი საღმრთო და ქრისტესმიერი შეიტანონ. ადამიანმა უნდა გაამრავლოს ის საღმრთო ნიჭები, რასაც საკუთარ თავში ატარებს, რათა მათ მიერ ჰქონდეს გარესამყაროსთან ურთიერთობა. ასე გაამრავლებს ამ ნათელს საკუთარ თავშიც და სამყაროშიც. ეს მხოლოდ მისი მონაგები კი არ იქნებოდა, არამედ თავად შემოქმედისაც. ტრაგედია და წარუმატებლობა კი ის არის, როდესაც ადამიანი მთელ თავის ცხოვრებას ამ მზაკვრობასა და სიზარმაცეში ატარებს.

,, მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს ათი ქანქარი’’.

ქრისტე არაფერს გვახვევს თავზე და არაფერს გვაძალებს. ის მხოლოდ გვაძლევს და გვთავაზობს. თუ არ გვინდა, არ ძალადობს, უკან მიაქვს და აძლევს მას, ვისაც ეს სურს. მსგავსი მსგავსს იზიდავს. საღმრთო საღმრთოს, წმინდა წმინდას, მარადიული კი მარადიულს. ჩვენი მზაკვრობითა და სიზარმაცით რაც არ უნდა მოვინდომოთ, მაინც ვერ გავაქრობთ, დავმალავთ, მოვკლავთ და დავამცირებთ იმას, რაც ქრისტესია.

,, რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან’’.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ თუკი მოისურვებს ქრისტეს კეთილი და ერთგული მსახიური გახდეს. ქრისტეს ერთგული მსახური შრომობს, საკუთარ თავზე მუშაობს, საკუთარ თავში ქრისტეს თვისებებს ამრავლებს და გარესამყაროს უზიარებს, როგორც ნათელს. ამიტომაც, ეს ნათელი უფრო მეტად ანათებს და მრავლდება მასშიც და მის ირგვლივაც. ზარმაც მსახურს კი არაფერი უნდა საჩუქრადაც კი და ამიტომაც წაერთმევა. რა დარჩება მას? მხოლოდ საკუთარი თავი და ის, რაც ადამიანურია და ამასოფლისაა. ამიტომაც, მას საძირკველი ეცლება და ,,არაფერზე’’ რჩება. რადგან თუკი ადამიანი ქრისტეს დაკარგავს, მაშინ მასში რაღა დარჩება მარადიული და ღირებული?

წყარო: http://www.bible.optina.ru

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share