beri

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეექვსე: ათონზე დაბრუნება

საძმოს პროგრამა

ნეა სკიტის მყუდრო გარემო, ოდნავ და გონივრულად შემცირებული სატაძრო ღმრთისმსახურება, გულისსიტყვებისგან დაცვაზე ზრუნვა, წმინდა მამების ნაშრომების კითხვა, სენაკებში სინანულსა და ლოცვაში მოღვაწეობა, – თანაც, ყველაფერი ბერის უშუალო ზედამხედველობით, – აი, რა ვითარებაში მიმდინარეობდა ჩვენი იმდროინდელი სულიერი საქმიანობა, რომლის ნაყოფსაც აშკარად ვგრძნობდით. ძირითადი ტრაპეზი შუადღეს დადგინდა, ამას მოსდევდა დასვენება, რათა გონებას, გაღვიძების შემდეგ, დასვენებულ სხეულთან ერთად, მეტი უნარი ჰქონოდა სულიერი საქმიანობისთვის. დასვენების დრო მთელი წლის განმავლობაში (ზამთარშიც კი, როდესაც დღე უფრო მოკლეა) ორად იყო გაყოფილი, რაც გონების სიფხიზლეს უწყობს ხელს. ამგვარად, შუადღისას ვსადილობდით, შემდეგ ვისვენებდით, დასვენებას კი მწუხრი, სერობა და სენაკებში ოთხ-ხუთსაათიანი სულიერი მოღვაწეობა მოჰყვებოდა (წმინდა მამების ნაწერების კითხვა და მონაზვნური კანონი) დაახლოებით 23:00 საათამდე, ძალების შესაბამისად.

ამის შემდეგ ღამის 4:00 საათამდე ვისვენებდით, და შემდეგ ცისკარსა და ჟამისწირვას აღვასრულებდით. მორჩილების საქმეებს შუადღემდე ვასრულებდით. ბერი ითხოვდა, რომ ფიზიკური შრომის დროს განუწყვეტლივ გვეთქვა იესოს ლოცვა. შუადღის მერე კალივის ჭიშკარი იკეტებოდა და სტუმრებს აღარ ვიღებდით. ამიტომ კარზე მუდმივად ეკიდა დაფა: „სტუმრებს 13:00 საათამდე ვიღებთ”. აგრეთვე, დიდი საჭიროების გარეშე, აკრძალული იყო საღამოს საათებში მუშაობა და სერობის შემდეგ საუბარი.

მოძღვარი ძმებს შორის სიყვარულს ნერგავდა. გვირჩევდა ერთმანეთისთვის გველოცა და გვასწავლიდა, თუ როგორ მოქმედებს საღმრთო მადლი. გვიხსნიდა, რომ პროგრამის შესრულება აუცილებელია, რათა მან ჩვენი დაცემული და ცვალებადი ბუნება შეზღუდოს და ცოდვის გამომწვევი მიზეზებისგან დაგვიცვას. პროგრამის დაცვა აგრეთვე ქრისტესადმი სიყვარულისა და ქრისტეს აღმსარებლობის აშკარა გამოხატულებაა, რადგან ის, ხშირ შემთხვევაში საჭიროებს თავის იძულებასა და ჭირთათმენას. ბერი გვასწავლიდა, რომ ღმერთის მადლის შეგრძნება მაშინაც „მცირდება“, როდესაც პროგრამა რაიმე აუცილებელი საჭიროების გამო ირღვევა. როგორც გამოცდილი სულიერი მხედართმთავარი, ჩვენს ყურადღებას იმაზეც ამახვილებდა, რომ პროგრამის დაცვაზე ზედმიწევნით კი უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე მთავარი მაინც ადამიანია და ის ყოველგვარ პროგრამაზე მაღლა დგას, რადგან ღმრთის შვილია.

ბერი ამის შესახებ თავის დარიგებებში ამბობდა: „როგორ მოიპოვებს ადამიანი სწორ ცნობიერებას – სუფთა სინდისს? პროგრამის ზედმიწევნითი დაცვით. მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, რომ პროგრამის მონები გავხდეთ, თუმცა მისი მკაცრი დაცვა ჩვენთვის აღმსარებ ლობის ტოლფასია. შაბათი – შეიქმნა ადამიანისთვის და არა ადამიანი შაბათისთვის“, რადგან ჩვენ მადლის ქვეშ ვართ და არა რჯულის ქვეშ, მსგავსად იუდეველებისას მიუხედავად ამისა, ძალიან სერიოზული მიზეზების არეშე პროგრამა არ უნდა დავარღვიოთ. როდესაც რამე – მისი დარღვევისკენ გვიბიძგებს, ეს მიზეზი ზედმიწევნით უნდა გამოვიძიოთ. თუ უმნიშვნელო მიზეზების გამო ვარღვევთ პროგრამას, წინ ვერასდროს წავიწევთ. თანაც, არათუ წინ ვერ წავიწევთ, არამედ ეშმაკის სათამაშოებიც გავხდებით, რადგან ეს უკანასკნელი ყველგან ძვრება და ყველაფერს თავის სასარგებლოდ იყენებს: ხორციელ ავადმყოფობას, დაღლას, მემკვიდრეობით თვისებებს, ჩვევებს, სისუსტეებს და ა.შ. ამიტომაც დიდი ყურადღება გვმართებს, რამეთუ სწორედ პროგრამის დაცვა გვანიჭებს საღმრთო მოშურნეობას, საღმრთო მოშურნეობა კი შრომისა და დაღლის ტვირთს საკუთარ თავზე იღებს. სულიერი მოღვაწეობის სიმძიმეს საღმრთო მოშურნეობა ტვირთულობს და ამგვარად მივიწევთ წინ“ .

„სანამ პირველქმნილი კაცი დაეცემოდა, მადლი თითქოს მისი მეორე სული იყო და იგი კარნახობდა მას, რა უნდა ეკეთებინა. ხოლო როდესაც ადამიანი დაეცა, რჯულის ჩარჩოებში მოექცა, სანამ ისევ მადლის მიერ არ გახდა თავისუფალი“ . „დაიცავით პროგრამა, პირდაღებულები კი ნუ უგდებთ ყურს გულისსიტყვებს. წმინდა მატოი ამბობს: „მირჩევნია მქონდეს ცოტა და მუდმივად, ვიდრე ბევრი და საწყისში და შემდეგ არაფერი“. თუ პროგრამას დაიცავთ, თუკი არ გაქვთ, შეიძენთ და თუ გქონდათ და დაკარგეთ – იპოვით. ხოლო როდესაც ეშმაკი შეამჩნევს, რომ გულის სიტყვებს მისჩერებიხართ, მაშინ იმ მონაზონს ემსგავსებით, რომლის შესახებაც ამბა მაკარი გვიამბობს: მონასტერში, სადაც ორასი – სამასი მამა მოღვაწეობდა, მხოლოდ ერთი მონაზონი იყო, რომელიც ეშმაკის დათესილ გულისსიტყვებს იწყნარებდა. წმინდანმა მას ურჩია, რომ გულისსიტყვებს შესწინააღმდეგებოდა და როდესაც მონაზონმა ეს რჩევა შეასრულა, ეშმაკი დაიკარგა, თან დაიფიცა, რომ იქ ფეხს აღარ დაადგამდა”

ერთხელ ჩვენი რამდენიმე ძმა კატუნაკებში გადავიდა, რათა ბერ ეფრემსა და მის საძმოს რაღაც ფიზიკურ სამუშაოებში მიხმარებოდა. როდესაც მობრუნდნენ, მოძღვარმა შესაფერისი შემთხვევა გამოიყენა და ტრაპეზის დროს ასე დაგვარიგა: „აი, მამები მობრუნდნენ და სიყვარულის მისიაც თითქმის შესრულებულია… თქვენ თვითონაც ხედავთ, თუ რამდენად სასარგებლოა ის ტიპიკონი, რომელიც ჩვენმა ბერმა დიდი შრომით შექმნა და გადმოგვცა და რომელსაც ახლა მისი ლოცვა-კურთხევით ვასრულებთ. ოცდაოთხი საათი სამად გვაქვს გაყოფილი: ერთი ნაწილი გარეშე სამუშაოებს ეთმობა, მეორე ნაწილი დასვენებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო მესამე ნაწილს ვუთმობთ ჩვენს უმთავრეს საქმეს, სულიერ მოღვაწეობას. ახლა, რადგანაც საქმეების დრო ამოიწურა, გონების თვალი ზეცას მივაპყროთ, რამეთუ „კმა არს დღისა ამის სიბოროტე თკსი”. მწუხრიდან დაწყებული, ჩვენი გონება სულ უფრო და უფრო მაღლა მიიწევს. თუ მანამდე გარეთ, სტოვაში იმყოფებოდა, ახლა შედის უფრო შიგნით, წმინდათა წმინდაში , ტაძრის კრეტსაბმელს მიღმა და განუწყვეტლივ შეუვრდება მას,ვინც არა მარტო ამქვეყნად ცხოვრების დროს იმყოფებოდა ჩვენთან, არამედ არ გვტოვებს, როცა ზის მარჯვენით მამისა და დიდებითაა მოცული. არ დაგტოვებთ ობლადო”, ამბობს. „მე წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი და უკუეთუ მე წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი, კუალად მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ თავისა ჩემის თანა რაითა სადაცა მე ვიყო, მუნცა თქუენ იყვნეთ“.

რომელი გული გაუძლებს, გრანიტისაც რომ იყოს, ამ დიდი აღთქმისა და უფლის სახიერების წინაშე რომ არ მოლბეს. დაე, შეუვრდეთ მას მოუკლებელად (მუდმივად), უკანისა მის დამვიწყებელნი და წინაისა მის მიმწვდომელნი, წარსულს კარი ისე დავუკეტოთ, თითქოს არც ყოფილა. მივიქცეთ ზეცისკენ, სადაც ჩვენი „მოქალაქეობა არს. სულიერად ვიგემოთ ის, „რომლისათვს გული უთქუამს ან გელოზთაცა ხილვად“: ანუ ხედავთ, რა დიდი სირთულეებისა და წინააღმდეგობების გადალახვა უწევთ ადამიანთა სულებს, რათა ზეცად ავიდნენ. ასე რომ, ყველანი წინ და ნურავინ დარჩება უკან“ .

სხვა დროს იმავე თემაზე ბერი ასე გვესაუბრა: „პროგ რამის დაცვაში ნუ იქნებით ნელთბილები, ადვილად ნუ დაარღვევთ დაწესებულ განაწესს. რამეთუ ის, ვინც უკან არ იხევს, პირველ რიგში, ვაჟკაცობას იძენს, ხდება მა მაცი, საკუთარი თავის განმგებელი, ხდება პიროვნება. ხედავ, რომ ასეთი კაცი თავის თავს ფლობს: როცა სა ჭიროა, რომ არ ილაპარაკოს, დუმს და როცა საჭიროა
ილაპარაკოს, იცის ვისთან, როდის და რა თქვას. საქციელიც ეცვლება, სხვანაირად იქცევა, სწორად მოქმედებს, უპირველეს ყოვლისა კი, რთულ სიტუაციებში ვაჟკაცურად რეაგირებს. ამიტომაც დაჟინებით მოვითხოვ და ვამბობ: ვალდებულნი ვართ არა მხოლოდ შევინარჩუნოთ ის, რაც გაგვაჩნია (ჩვენი პროგრამა), არამედ სხვებსაც გადავცეთ და როცა ამას დაინახავენ სხვა ქრისტიანები, პირჯვარს გადაისახავენ და იტყვიან: „აი, ღმრთის ნამდვილი, ჭეშმარიტი მონები“.

რა თქმა უნდა, სხვაგვარადაა მდგომარეობა მათთან დაკავშირებით, ვინც მიაღწია იმას, რომ იყოს მართალი, რამეთუ „მართალსა რჯულ არა უც“. ისინი თავისუფლები არიან, რადგან ღმერთი მკვიდრობს მათში და შეუძენიათ ქრისტეგონება, ქრისტენება, ქრისტეგადაწყვეტილება, ქრისტემოქმედება. ყურადღებით ვიყოთ, რათა წარვემატოთ. არ გეგონოთ, რომ გონების დაბინდვა და ვნებების მოძალება სხვების მიზეზით გვემართება, სასაცილოა ასეთი ფიქრი. ამის მიზეზი ჩვენშია, რადგან ჩვენი ვნებები ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენივე მიზეზით ასე მჟღავნდება, სხვა შემთხვევაში კი ისინი სხვაგვარად გამოაჩენდნენ თავს.

როდესაც ღამის ლოცვისთვის ამგვარი გულისსიტყვით მოვემზადებით, მაშინ ეშმაკი, შურს რა ჩვენი წინსვლა, ბევრჯერ აღარ გვესხმის თავს, და არა მარტო იმიტომ, რომ დამარცხდება და შერცხვება (ისედაც ხომ სულ სირცხვილსა და უპატიოებაშია), არამედ იმიტომ, რომ შურს მოღვა წეების წინსვლა. ასე ვაღწევთ თავს ეშმაკის ბილწებას“ .


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: გადმოწერილია საიტიდან https://asceticexperience.com

Share