FW3A8617 1

სულთმოფენობის მოლოდინში – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი)

მოდით წმინდა მოციქულთა ცხოვრების პერიოდში გადავინაცვლოთ, ისტორიის იმ პერიოდში, რომელიც ჩვენსას საკმაოდ ჰგავს. ეს იყო ჟამი სიხარულთან შერეული მწუხარებისა, მოლოდინისა და ამავდროულად, განსაცდელებისა. სწორედ მაშინ იდგა ქრისტეს მოწაფეთა ცხოვრებაში ყველაზე გარდამტეხი ეტაპი.

არაერთხელ გვითქვამს, თუ რა აძლევს აზრს მონასტერში ჩვენს ყოფნას და რა გვაძლევს ჩვენ ყოველ წამს ზეცის შეგრძნებას ამ სავანეში ყოფნისას, ეს არის მოციქულებრივ გზაზე ჩვენი სვლა, ანუ ქრისტეს მოწაფეობა. ამიტომაც, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სულის მზერით ჩავუღრმავდეთ იმას და თუ რამდენად ჰგავს ჩვენი ცხოვრების წესი მოციქულებისას, რამდენად ჰგავს ჩვენი დღე და ღამე მოციქულების დღეს და ღამეს.

ამიტომაც, მოდით მოციქულთა ცხოვრების შესაბამის პერიოდში გადავინაცვლოთ. იმ ჟამს, როდესაც ქრისტეს აღდგომა უკვე აღესრულა და მოციქულები სულიწმიდას ელოდნენ. ისტორია სწორედ იმ წერტილიდან იწყება, როდესაც მოციქულთა თვალწინ ქრისტე ამაღლდა. ,, რომელთაცა წარუდგინა თავი თჳსი ცხოველი შემდგომად ვნებისა თჳსისა მრავლითა სახითა, ორმეოცთა დღეთა ეჩუენებოდა მათ და ეტყოდა სასუფეველისათჳს ღმრთისა’’(საქმ. 1:3).

მოციქულთა საქმეების თითოეული სიტყვა სიღრმისეული არსითაა განმსჭვალული და შემთხვევით არაფერი დაწერილა, რადგან წმ. ლუკა მახარებელში სულიწმიდა მეტყველებდა.

ის გვაუწყებს, რომ ქრისტე მის მიერ არჩეული მოციქულების წინაშე ამაღლდა. რასაკვირველია, სამყაროში არაფერი ხდება საღმრთო განგებულების გარეშე. ვერავინ ვერ გახდება მოციქული და მათ შორის ვერც ჩვენ, თუკი თავად ქრისტემ თავისი კეთილი განგებულებით არ ინება, არ მოგვამზადა და არ გამოგვირჩია.

,, შემდგომად ვნებისა თჳსისა’’, ანუ იმ უბედურების შემდეგ, რაც მისმა მოწაფეებმა გადაიტანეს. მათ ეგონათ, ყველაფერი დასრულდა, მათ მოლოდინებსა და იმედებს წერტილი დაესვა და ხელჩასაჭიდი აღარაფერი დარჩა. მათი ერთადერთი საყრდენი გამოქვაბულში საფლავად დაიდო. აი, სწორედ ამ წყვდიადის შემდეგ ქრისტე თავის მოწაფეებს საკუთარ თავს უცხადებს.

,, წარუდგინა თავი თჳსი ცხოველი’’ – ქრისტე სიცოცხლეა. თავადაა სიცოცხლის წყარო.  ეს ის სიცოცხლე აღარ იყო, რომელიც მათ წინაშე დააბიჯებდა, რომელსაც საკუთარი თვალებით ხედავდნენ და რომელიც თავისი ქმნილების უსაზღვრო სიყვარულის გამო მიიღო. ქრისტე მხოლოდ ხილული აღარ იყო. ის ქრისტე აღარ იყო, რომელსაც წმინდა მარიამ მაგდალინელი იცნობდა. ამიტომაც ვერ იცნო ის და ვეღარ შეეხო მას. ეს წმინდა მენელსაცხებლე ელოდა იმის ნახვას, ვისაც იქამდე იცნობდა, მაგრამ არა, ეს უკვე განდიდებული, ახალ სიცოცხელე შემოსილი ქრისტე იყო.

რატომაა დაწერილი, რომ ,,უჩვენა თავი თვისი ცხოველი’’ და არა ,, განცხადდა ცხოველი’’? ამ სიტყვებით ქრისტეს აბსოლუტურად თავისუფალი ნება გამოიხატება. არ წერია, რომ უბრალოდ ცოცხალი იყო. რა თქმა უნდა, ეს ისედაც ასეა, რადგანაც ის მარადიული და დაუსაბამოა. საქმე იმაშია, რომ აქ მის ნებასა და საჭიროებაზე კეთდება აქცენტი. მას ნებავს, რომ საკუთარი თავი ცოცხლად უჩვენოს მოწაფეებს.

იქამდე ქრისტე თავისი ხორცით ბუნების კანონებსა და ხრწნადობას ექვემდებარებოდა, ახლა კი გათავისუფლდა ამ ყველაფრისგან. ხომ ხედავთ თუ როგორ შედის ქორედში. არა ფანჯრიდან და არც კარიდან. მაგრამ როგორ? ის უშუალოდ ქორედში აცხადებს საკუთარ თავს. ახლა უკვე მისი ადამიანური ბუნება ზეციური მამის მიერაა განდიდებული.

მისი სიცოცხლით, ჭეშმარიტი მარადიული სიცოცხლე განგვეცხადა. საკუთარი ნებით მიიღო სიკვდილი, საკუთარი ნებით აღდგა და საკუთარი ნებით განეცხადა მოწაფეებს. ყველაფერი, რაც დაიწყო, თავადვე განასრულა. ყველაფერი მისი კეთილი განგებულების მიერ მოხდა. რაც ნებავს, მას იქმს. მოქმედებს იქ, სადაც სურს და განაცხადებს იმას, რასაც ინებებს. ის არის შემწირველიც, შეწირულიც, შემწყნარებელიც და მიმცემელიც. ის გვაძლევს მხოლოდ იმას, რისი გაგებაც და დატევნაც შეგვიძლია.

მან არ აღასრულა მარიამ მაგდალინელის სათხოვარი, რადგან ამ უკანასკნელმა თავადაც არ იცოდა, თუ რას სთხოვდა მის წინაშე წარმდგარ ცოცხალ ქრისტეს. მან პირდაპირ არ უპასუხა, მაგრამ შეუქმნა წინაპირობა, რომ რეალურად შეეცნო ჭეშმარიტი ღმერთი.

,, წარუდგინა თავი თჳსი ცხოველი’’ – ამით მან დაამოწმა და გვიჩვენა, რომ ისაა ჭეშმარიტი სიცოცხლის წყარო. ის მეფობს, განაგებს, ხელმწიფებს და აღასრულებს იმას, რაც ნებავს. ამ ყველაფრის დატევნისა და ღმერთის შეცნობისთვის აუცილებელია, რომ თავად მან ისურვოს ეს. ჩვენი საქმე რაღაა? ჩვენ როგორმე უნდა მოვდრიკოთ, მოვიზიდოთ და ,,ვაიძულოთ’’, რომ ჩვენს წინაშე წარსდგეს. როგორც არ უნდა ვწვალობდეთ, ვშრომობდეთ, ვლოცულობდეთ, ვტიროდეთ, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, მხოლოდ საკუთარი ძალებით შეუძლებელია ნაყოფის გამოღება. ვერ მივიღებთ ვერაფერს, გარდა იმისა, რასაც თავად უფალი ისურვებს რომ მოგვცეს. თუ ინებებს პატარა წყაროსავით წარმოდინდება და შეგვეძლება მისი ცოცხალი წყლის შესმა, ხოლო თუ კეთილინება, აზვირთებულ ნაკადად მოგვევლინება, რომელიც თავისი ტალღებით კურნებას მოგვანიჭებს.

უფალი გვიჩვენებს, რომ მხოლოდ მაშინ მოვდრეკთ მას რომ მიგვიღოს, როდესაც სიყვარულს, დათმობას, ტკივილისა და სიკვდილისათვისაც კი მზაობას გამოვავლენთ. მაშინ ვიხილავთ ცოცხალ ქრისტეს. რაც უფრო მოშურნედ მოვაკვდინებთ საკუთარ ნებას ქრისტესთვის და ვენდობით მას, უფრო მეტად გვიახლოვდება ჩვენ.

თუკი მწამს, რომ ვეკუთვნი ქრისტეს, თუკი ვიცნობ მას და ვხარობ მისით, ან სულაც რომ არ ვხარობდე და ვერ ვგრძნობდე მას, ის მაინც არსებობს. ის მაინც ჩემი უფალი და ჩემი ღმერთია. ჩემი ცხოვრების ყველაზე წყვდიადით მოცულ მომენტებშიც კი, როდესაც მგონია, რომ თითქოს ის არ არის ჩემთან, ის მაინც არსებობს. როდესაც საკუთარი არსებობის უნაყოფობასა და უსარგებლობაზე ვფიქრობ და მეჩვენება, რომ ჩემი წლები ამაოდ მიედინება, ქრისტე მაინც მუდამ ჩემთანაა. ის არის ის, ვინც შემქმნა და აქედან გამომდინარე, ერთადერთი რისიც უნდა მეშინოდეს მასთან ურთიერთობის გაწყვეტაა.

ის მოვიდა ვნებისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. ჯვარცმის შემდეგ, ქრისტე მათთვის მიუწვდომელი გახდა, ახლა კი ის მათი აღქმისთვის შეგრძნებადი ხდება და მიეახლა მათ. განადგურდა დაბრკოლებები და გაიფანტა ყოველგვარი ქაოსი. აი ღმერთი, რომელიც შენს წინაშეა და შეგიძლია ნებისმიერ დროს შენს საკუთარ ღმერთად აქციო. ამიერიდან ღმერთი და უფალი – შენი ღმერთი და უფალი, შენი მეგობარი, ძმა და მამაა.

იქამდე, ხალხის ცნობიერებაში ღმერთი ძველაღთქმისეულ შიშისმომგვრელ ღმერთად აღიბეჭდებოდა. ის აღიქმებოდა, როგორც ღმერთი ზეცისა და ქვეყანისა. მაგრამ არა ის ღმერთი, რომელსაც შეიძლება საკუთარი ხელები შეახო და მასთან მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებოდე.

ახლა კი ღმერთი მოგვეახლა და სრულად გასცემს ჩვენთვის საკუთარ თავს, რათა ჩვენთვის მასთან მიახლება შესაძლებელი გახადოს. ასე მოვიდა ღმერთი ჩვენთან შესახვედრად, რათა ჩვენც მისკენ საპასუხო ნაბიჯი გადაგვედგა და მიგვეღო ის.

იმისთვისაც გამოუცხადა საკუთარი თავი, რათა ეჩვენებინა მოციქულებისთვის ის, რომ მათი ერთადერთი სწრაფვა ცოცხალი ღმერთის ხედვა და განცდა უნდა ყოფილიყო. ისინი უნდა დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ ქრისტე ჩვენთვისაა ცოცხალი. თუკი არ შემიძლია ვიხილო, მივწვდე და ნამდვილად ყოვლისმომცველი სიყვარულით შევიყვარო ღმერთი, მაშინ ის ჩემთვის ცოცხალი კი არა, მკვდარია. ისევე როგორც მზის სინათლე ღამით მთვარის მიერ აღქმება, ასევე მეც, ბნელი მთვარე, მკვდარი არსება, ვირეკლავ ცოცხალ ქრისტეს.

ამრიგად, ჩვენ სულიწმიდის მოსვლის საიდუმლოებისთვის ვემზადებით. ამით კი ქრისტე იმას მასწავლის, რომ მე მხოლოდ მაშინ ვარ ცოცხალი, როდესაც ცოცხალ ღმერთს ვუერთდები. ცოცხალი ვარ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩემი ცხოვრების მიზანი ცოცხალი ქრისტეა! ყველაფერი დანარჩენი აჩრდილია. ყველაფერი დანარჩენი საშუალებაა და არა მიზანი. ჩემი ერთადერთი მიზანი, ერთადერთი მამოძრავებელი და ერთადერთი საქმიანობა ცოცხალი ქრისტეს ჭვრეტაა.

ქრისტემ განაცხადა საკუთარი თავი, რადგან მან იცოდა, რომ ადამიანი ის არსებაა, რომელიც მუდამ სინათლესა და წყვდიადს შორის, წარმავალსა და მარადიულს შორის, უფსკრულსა და ღმერთს შორის დაეხეტება. ადამიანისთვის ბუნებრივია დაცემა და წამოდგომა. ამიტომაც, ის გვაძლევს სინანულის საიდუმლოებას, რათა ადამიანს მუდამ ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარი ცხოვრების შეცვლისა. თუკი ადამიანი ცოდვისგან არ განიწმინდება და ზიარების მიერ სიცოცხლეში არ ბრუნდება, ის აუცილებლად ჩაქვრება. ის ვეღარ შეძლებს სიცოცხლის შეგრძნებას, ისევე როგორც აღარ გამოჩნდება მთვარე, თუკი მზე ჩაქვრება.

ადამიანი იმდენად დაცემულია, საკუთარი სულის გადარჩენისა და ღმერთთან ურთიერთობის საკითხში იმდენად უარყოფითი პოზიცია უკავია, იმდენად ძლიერად უყვარს საკუთარი თავი, საკუთარი დაცემულობა, ხრწნადი ბუნება, ცოდვილობა, რომ არ შეუძლია სამმზე ნათლის(ყოვლადწმიდა სამების), სამმზე სიცოცხლის სხივქვეშ მოუკლებელი მყოფობა. ის მუდამ საკუთარ სიკვდილთან, ხრწნადობასა და დაცემულ ბუნებასთან იმყოფება.

ღმერთმა იცის ეს და ამიტომაც საკუთარი თავი უჩვენა მოციქულებს და საკუთარი აღდგომისა და ახალი სიცოცხლის განცდა მიანიჭა. მან ამცნო მათ, რომ ის ცოცხალია! მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვხედავთ ცოცხალ ქრისტეს, ის მაინც აღდგა, ის ცოცხალია და ამას საკუთარი თვალით მხილველი მოციქულები გვიდასტურებენ.

როდესაც ვიღებ ქრისტეს, როდესაც ვხარობ ქრისტეთი, როდესაც ვხედავ ქრისტეს, მაშინ აღესრულება ცოცხალი ღმერთის ხილვის დიდებული დღესასწაული! როდესაც საკუთარ მიწიერებაში, ცოდვაში, ხრწნადობაში, უფსკრულში ვიმყოფები, ვიხსენებ ქრისტეს აღდგომის უწყებას.  ქრისტე ცოცხალია, ჩემი სიცოცხლე ცოცხალია და ყოველ წამს, ყოველი ლოცვით: ,, უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’ მე მკვდარს, შემიძლია ამ სიცოცხლესთან მიახლება და მყისიერად გაცოცხლება.

ის გვეჩვენა ცოცხალი, რათა ამოუძირკველი, უმყარესი, მარადიული რწმენისა და იმედის წყარო ყოფილიყო ადამიანებისა, რომლებზეც შეიძლება რომ ითქვას: ,,ნეტარ იყვნენ რომელთა არა ვუხილავ და ვრწმენე’’(ინ.20:29).

ნეტარ არიან ისინი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ არ უხილვთ, მათ სწამთ და იციან, რომ მათთან ცოცხალი ღმერთია!

პირველშობილმა ადამმა პირველი, რაც თვალის გახელვისთანავე დაინახა, იყო ღმერთი, რომელმაც მიწისაგან შექმნა ის და სულიწმიდით სიცოცხლე შთაბერა მას. მამა სიფაქიზით ეფერება და გულში იკრავს ახალგაღვიძებულ ბავშვს, რომელიც მამის სითბოს გრძნობს და მისკენ მიიწევს. ღმერთის მიერ შექმნილ ადამიანსაც თავისი სიცოცხლის პირველ წამებში სხვა არავინ უხილავს, თუ არა საკუთარი მამა! ადამი გასაოცარ სამყაროში ცხოვრობდა. ეს იყო ანგელოზთა, ულამაზეს მცენარეთა, ცხოველთა და უმშვენიერეს ბაღთა სამყოფელი. მაგრამ ღმერთმა ისე განაგო, რომ ადამიანმა პირველად თავისი შემოქმედი იხილა. ის, ვინც მასში სიცოცხლე შთაბერა. ადამი  ღმერთს ძალიან ახლოს და ცოცხლად ხედავდა! მან ადამში სიცოცხლის სუნთქვა შთაბერა და ისიც სულით ცოცხალი გახდა (დაბ. 2:7). სულით ცოცხალი, რადგან მას თავად ღმერთი – სიცოცხლის წყარო მიეახლა. უფალმა თითქოს ადამს უთხრა: შეგიძლია იმდენად მომეახლო, რომ მემთხვიო და მეც შენი სუნთქვა შევიგრძნო. აი ამდენად ახლოს იყო ღმერთი ადამიანთან! ხედავთ, როგორ ცდილობს ის, რომ ადამიანისთვის შესაცნობი და შესამჩნევი გახდეს!

ცოდვით დაცემულ ადამს ედემში მოსიარულე ღმერთის ნაბიჯების ხმა ესმის და ხვდება, რომ ღმერთი ცოცხალია, ხოლო თავად, თავისი დაცემის შემდეგ მოკვდა (დაბ. 3:8). თითქოს უფალმა უთხრა: ,, განა არ გესმის ჩემი? მე ცოცხალი ვარ, შენ? შენ მოკვდი, რადგან განმეშორე. ხომ გეუბნებოდი, რომ თუკი ამ ნაყოფს იგემებდი სიკვდილით მოკვდებოდი? (დაბ. 2:17). ათასი წელიც რომ იცოცხლო, მაინც მკვდარი ხარ, რადგან დამკარგე, მაგრამ მე ცოცხალი ვარ და მაინც შენთან ვიქნები’’. მან ჰკითხა: ,,ადამ, ადამ, სადა ხარ?’’ (დაბ. 3:9). მისი მიახლება, ხმა და მოძრაობა მიანიშნებენ იმაზე, რომ უფალი ცოცხალია და რომ ის ადამიანურ ბუნებას მიიღებდა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა მას პირველსახარება უჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ ადამი უფსკრულში ჩავარდა, ღმერთი კიდევ და კიდევ ეხმარებოდა, აყენებდა და გამოსწორების საშუალებას აძლევდა. მაგრამ ადამიანი ქვასავით იყო. უფალი მასთან ათასობით გზით მიდიოდა, რათა საკუთარი თავი განეცხადებინა, ეგრძნობინებინა, რომ ის ახლოსაა. უფალი უამრავ ხერხს მიმართავდა.

ღმერთის ერთ-ერთი ასეთი წინასახე ფსალმუნებშია ნაჩვენები. ეს არის ქრისტეს წინასახე, რომელიც წყაროს წყლის დასალევად იხრება ისევე, როგორც ჩვენ ყველანი ვაკეთებთ ამას. ,, ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას; ამისთჳს აღამაღლოს თავი’’(ფს.109:7). რას ნიშნავს ეს?  უფალი გვეუბნება: ,,მიუხედავად იმისა, რომ დამივიწყე, მე, უფალი ისევე ვსვამ წყაროს წყალს, როგორც შენ. ვეხები შენს სიცოცხლეს, რათა შენც შეეხო ჩემსას. მე ვშრომობ ისე, როგორც შენ, რათა გიჩვენო, რომ შენი მსგავსი გავხდი, რათა შენც დამემსგავსო მე. დაიღალე? მეც დავიღალე. გწყურია? მეც ვგრძნობ წყურვილს. წყაროს წყალს სვამ? მეც ასე ვაკეთებ, საკუთარ თავს ვიმდაბლებ და ისე ვსვამ, როგორც შენ და ვგრილდები. განა არის რამე ისეთი, რასაც აკეთებ შენ და მე არა? როდესაც შენთან ასე ახლოს ვარ, მაგრამ შენ არ ძალგიძს, რომ შემიგრძნო, ხელი ჩამჭიდო და შენს მარადიულ მეგობრად მაქციო, მაშინ ერთხელაც დამკარგავ და ვეღარ შეძლებ ჩემს ხილვას. მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც ერთად ვიყავით, ერთ წყაროსთან ვიხრებოდით წყლის დასალევად. შემხედე, ეს მე ვარ, რომელიც არაფერში დანაკლისს არ განიცდის, რომელმაც არ იცის დაღლა, რომელიც მთელ სამყაროს მოიცავს და განაგებს, მოვდივარ იმ ადგილას, სადაც შენ ხარ და შენ მოგყვები. კიდევ რაღ გინდა, მე სრულიად დავიმდაბლე საკუთარი თავი!’’ ასე გვიჩვენებს ღმერთი თავის სიახლოვეს, თავის სიცოცხლეს, რათა ამის გაცნობიერებით უსაზღვროდ გავიხაროთ.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ადამიანი მაინც უგრძნობი რჩება! უფალი წინასწარმეტყველებს მოგვივლენდა ხოლმე, მაგრამ მაინც ვივიწყებდით ღმერთს. ის სასწაულებრივად ეხმარებოდა ადამიანს, რომ მტრის წინააღმდეგ გაემარჯვათ(ეს. 17:9-13). ისინიც ხარობდნენ ამ გამარჯვევბებით, მაგრამ მისი მომნიჭებელი ავიწყდებოდათ. უფალი მუდამ პატიობდა ისრაელს თავის შეცოდებებს. ისინიც ხარობდნენ ამით, მაგრამ მაინც იგივეს აგრძელებდნენ და მიმტევებელს ივიწყებდნენ. ცოცხალი ღმერთი მიუძღოდა მათ უდაბნოში, ციდან მანანას მოუვლენდა, ხან კლდისგან წყალს წარმოადენდა და კიდევ სხვა მრავალ სასწაულს აღასრულებდა… მაგრამ ისინი მაინც ღმერთის გარეშე რჩებოდნენ.

ისინი ხედავდნენ სასწაულებრივ ჭექა-ქუხილს, ელვას და ესმოდათ ის სიტყვები, რომლებსაც ღმერთი მოსეს ეუბნებოდა. მათ იციან, რომ მოსე მთაზე უფლის მოწოდებით ავიდა მას შემდეგ, რაც მან ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იმარხულა, მას შემდეგ რაც უთხრა მათ რომ რჯულს ჩამოუტანდა და მას შემდეგ, რაც უთხრა მათ, რომ თავად ღმერთს ჩამოუყვანდა. ისინიც შიშითა და კანკალით უმზერდნენ აკვამლებულ მთას და ღმერთის მყოფობის ყველა ნიშანს ხედავდნენ, მაგრამ ისინი მაინც კარგავენ მას, ავიწყდებათ ის და კერპს ამზადებენ! თავისთვის სხვა, ცრუ ღმერთს ქმნიან! რატომ? იმიტომ, რომ არ შეუძლიათ ცოცხალი ღმერთის დატევნა, რომლის გარეშეც ვერც სულით ცოცხლები იქნებოდნენ. ისინი კერპს ამზადებენ. რატომ? ეს იმას მიანიშნებს, რომ ადამიანებს ღმერთის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. შეიძლება საკვირველად მოგვეჩვენოს ერთი შეხედვით, მაგრამ ეს შეცოდება, ეს გზააბნეულობა და ღმერთისგან განშორება იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს არ შეუძლია ღმერთის გარეშე, რადგან მას საკუთარი არაფერი გააჩნია. კერპის დამზადებით ადამიანი ღმერთის მოხვეჭის დაფარულ სწრაფვას გამოხატავს, რადგან ქვეცნობიერად იცის, რომ მხოლოდ მასში შეუძლია იცოცხლოს. ისინი ქმნიან კერპს და ჭეშმარიტ ღმერთს ზურგს აქცევენ, მაგრამ ის მაინც პატიობს ადამიანს და ცდილობს მონახოს გზა, რათა მუდამ ადამიანთან იყოს, მუდამ მისთვის ხილული და შესაცნობი გახდეს. ისიც მუდამ პოულობდა ამ გზებს.


* * *

,, დღისით უდაბნო გვწვავს და გაგრილება გსურს. მე გავხდები შენთვის ღრუბელი, რომელიც გაგაგრილებს, მე მოგანიჭებ ჩემს ნათელს, რათა შემიცნო მე. ღამით სინათლის წყარო დაგჭირდება და მე გაგინათებ გზას. მე გავხდები შენთვის ცეცხლოვანი სვეტი და ამ ნათლის მხილველი შეიცნობ, რომ თავად მე ვარ ეს ნათელი. ეს ნათელი ჩემი დიდების ბრწყინვალებაა. დღისით ღრუბელი გაქვს, ღამით კი ნათლის სვეტი. მარადიულად მყოფი ღმერთი. შენ მიდიხარ, მე კი წინ მიგიძღვები, რათა მუდამ მხედავდე. შენ ჩერდები, მაგრამ მე მოვდივარ და კვლავ შენს წინ ვდგები, რათა ისევ მხედავდე. შენ აღთქმის კიდობანი მიგაქვს და გესმის ჩემი. შენ მიდიხარ შენს მღვდელმთავართან და იქ ხედავ ჩემი მყოფობის სიმბოლოებს’’.

გაიაზრეთ ღმერთის ეს შრომა, მოთმინება, სიბრძნე და ყოვლისშემძლეობა. ის ყველაფერი ხდება, ყველგან მიდის, ყველაფრს უერთდება – ღრუბლებს, ნათლის სვეტს, ჩვენს ცოდვებს, ტკივილებს. ყველაფერს უერთდება, რათა ყველაფერში იყოს. ამიტომაც ვიცი, რომ არ შემიძლია მის გარეშე, არ შემიძლია, რომ მოუკლებლად არ ვატარებდე საკუთარ გულში მას.

მის მყოფობას ამოწმებდნენ ნათლის სვეტიც, ღრუბელიც, მღვდელმთავარიც და აღთქმის კიდობანიც. მრავალი მოწმობა გვხვდება. მთელი ამ ათასწლეულების გარეშე ღმერთი მუდამ მრავალი სახით გვიცხადებდა საკუთარ თავს. ისეთად გვევლინებოდა, რომ მისი შეცნობა შეგვძლებოდა, რათა აღარ დაგვეკარგა მისი სიცოცხლე.

ვნების შემდეგ, დაიწყო მარადიული სიცოცხლე, რომელიც მრავალი სახით გამოვლინდა. ქრისტეა ის, ვისაც ამ სამყაროს კრეტსაბმელს მიღმა, ღმრთის სასუფეველში პირისპირ ვიხილავ.

აცნობიერებთ თუ რამდენი გააკეთა ჩვენთვის ღმერთმა და ამავდროულად იმას, თუ როგორი გულსასტიკნი და ურჩები ვართ? თითქოს ვიღაცას სურს, რომ პირში საჭმელი ჩაგიდოს, შენ კი ხურავ მას, თითქოს შენს მზერას ერთი მიმართულებით მიაპყრობენ, შენ კი ზურგს აქცევ, რათა აღარასდროს იხილო ის, რისი ჩვენებაც შენთვის უნდოდათ. სწორედ ასეთი დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ქრისტეს მიმართ. ჩვენ მის წინააღმდეგ მივდივართ იმის ნაცვლად, რომ გავიცნოთ, შევიყვაროთ და შევიგრძნოთ ის. ქრისტე მუდამ მომსდევს მე, როგორც ლაჩარს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გამოვფხიზლდე, შემოვბრუნდე, ვიხილო ჩემი ,,მდევნელი’’ და გავაცნობიერო ჩემი ლაჩრული გაქცევა, რომელიც მუდამ მახასიათებს.

გთხოვთ მიაქციეთ ყურადღება ღმერთის განცხადების ორ სახეს, რომელსაც არსობრივი მნიშვნელობა აქვს. ქრისტე ორმოცი დღის განმავლობაში ეცხადებოდა მათ, ღმრთის სასუფევლის შესახებ ასწავლიდა და ამცნო: ,, იერუსალჱმით ნუ განეშორებით, არამედ მოელოდეთ აღთქუმასა მამისასა, რომელი გესმა ჩემგან (საქმ. 1:3-4).

მიაქციეთ ორ რამეს ყურადღება. ეს იყო მისი ბოლო გამოცხადება და მისი სიცოცხლის ყველაზე ძლიერი გამოვლინება. ამიერიდან შეწყდა ყოველივე წარმავალი და იწყება მარადიული, დაუსრულებელი და მუდმივი. უფალი გვეუბნება: შენ რომ უდაბნოში მყოფ ებრაელებზე მეტად გულსასტიკი, ბრმა და ცოდვილი იყო, მაინც მოგცემ შესაძლებლობას, რომ შემიცნო.

სწორედ ეს არის ეკლესიის საიდუმლოება. ეკლესია ქრისტეს სიცოცლე და მისი დროის მიღმიერი განცხადებაა.

* * *

რომ გავიგოთ, თუ რატომ უცხადებს ადამიანებს საკუთარ თავს, გავიაზროთ, თუ როგორ გვესაუბრება ქრისტე: მე გესაუბრები, შენ კი არ მისმენ, მე მოგმართავ, შენ კი არ მპასუხობ, მე გეძახი, შენ კი სხვას ესაუბრები. ხელს გკიდებ და გეუბნები: ,, აი, აქ ვარ’’. შენს წინაშე წარვსდგები და გეკითხები: ,,მხედავ?’’ ზუსტად ამას აკეთებს ღმერთი ადამიანთან მიმართებაში. ის მიეახლება მას, ხელს ჩასჭიდებს და მის წინაშე წარსდგება, რათა დანარჩენი ყველაფერი გაქრეს, უმნიშვნელო გახდეს და მხოლოდ ის დარჩეს – ქრისტე.

რაც უფრო ახლოს ვჭვრეტ ქრისტეს, იმდენად ვიცნობ მას. რამდენადაც ვიცნობ, იმდენად მესმის მისი, რამდენადაც მესმის, იმდენად მიყვარს, რამდენადაც მიყვარს, იმდენად მტკივა, რამდენადაც მტკივა, იმდენად ვუახლოვდები, რამდენადაც ვუახლოვდები, იმდენად შემიძლია გულში ჩავიკრა, რამდენადაც შემიძლია გულში ჩავიკრა, იმდენად ვუერთდები მას. ამის შემდეგ, აღარაა განსხვავება ჩემსა და მას შორის. ამ დროს ვხვდები ახალი ადამიანი, ჩემში ქრისტეს გამოცხადება და მისი შობა აღესრულება.

ქრისტესთან შეხვედრის სიდიადე ადამიანში ყველანაირ ეჭვს ფანტავს. აძლევს ახალ, უკეთეს, სრულ და უფრო ძლიერ ხედვას. ღმერთი ყველაფერს სრულყოფილად აღასრულებს!

,,და ეტყოდა მათ სასუფევლისათვის ღმრთისა’’. თითქოს ჩასჭიდა მათ ხელი და ჰკითხა: ,, მხედავ?’’. – გხედავ უფალო და გცნობ, შენ ხარ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!’’ – ,, მაშინ მისმინე’’. ამის შემდეგ ესაუბრებოდა სასუფეველზე. რიდესაც მას ხედავ, როდესაც მას შეიცნობ, როდესაც არანაირი ეჭვი აღარ გრჩება – ზუსტად იმ მომენტში გესაუბრება ღმერთი. მას არ სურს საუბარი იმასთან, ვისაც მისი მოსმენა არ უნდა.

როდესაც ღმერთი ხედავს, რომ არ გსურს მისი მოსმენა ის გტოვებს, რადგან პატივ სცემს შენს თავისუფალ არჩევანს. საკმარისია შენი სულის მზერა მისკენ მიაპყრო და მისი მოსმენა მოისურვო, ის მყისვე მოგმართავს:

– გესმის ჩემი?

– მესმის.

– მე ვარ სიტყვა ღმერთი და ღმრთის სასუფევლის შესახებ გამცნობ. მე ვარ ის, ვინც მარადიულად დაუკავშირდა ადამიანურ ბუნებას და ამიტომაც, შენს პიროვნებასაც მარადიულად უნდა დავუკავშირდე. მე ვარ შენი სიცოცხლე, მე ვარ შენი ღმერთი. როდესაც ჩემთან ხარ, მხოლოდ მაშინ ფლობ განსრულებულ ადამიანურ ჰიპოსტასს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არსებობ.

  • როგორ ვიქნებით ერთად? ჩვენ ორნი როგორ ვიქნებით ერთნი? სად გაქრება ჩემსა და შენს შორის არსებული უფსკრული?

    – ყური მომაპყარი და მისმინე. მე მოვკვდი, მკვდრეთით აღვდექი და ზეცად ავმაღლდი მხოლოდ ერთადერთი მიზნით – რათა შენთვის სასუფეველი მომენიჭებინა (ინ. 16:7). არაინ აქ მდგომარეთა შორის, ვინც არ იხილავს სიკვდილის გემოს, სანამ დიდებით მოსულ სასუფეველს არ იხილავს (მკ. 9:1).

საოცარი რამაა. მას არც საკუთარი ვნების არსი, არც საიდუმლოებანი, არც საკუთარ თავზე უთხრა ყველაფერი პირდაპირ. ქრისტემ ყველაფერი სულიწმიდის მიერ აგვიხსნა. ,, არამედ მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ: უმჯობეს არს თქუენდა, რაჲთა მე წარვიდე; უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინის-მცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა; უკუეთუ მე წარვიდე, მოვავლინო იგი თქუენდა’’(ინ.16:7).

ღმრთის სასუფეველი კი არის იქ, სადაც თავად ღმერთი განისვენებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ღმერთია სასუფეველი. ის თავის სამეფოსთან განუყოფელ კავშირშია. ისევე როგორც არ არსებობს სამეფო მეფის გარეშე, ასევე სასუფეველი ღმერთის გარეშე.

წყარო: http://azbyka.ru

მთავარი ფოტო: სულთმოფენობის ხატი მდებარე ჯვართამაღლების ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •