Untitled design

სულიერი ოჯახი – არქიმანდრიტი ვიქტორ მამონტოვი

ქრისტეს ეკლესია არა ორგანიზაცია, არამედ სულიერი ორგანიზმია, რომლის წევრებიც ცდილობენ, რომ მუდამ ერთად, სიყვარულით იცხოვრონ. ძველ ეკლესიაში ეს ძალიან კარგად იყო გააზრებული.

დეკანოზი ნიკოლოზ ათანასიევი წერდა: ”სხვებისგან განცალკევებული ქრისტიანი ქრისტეს არ ეკუთვნის”. ჩვენ ქრისტეს სხეულის ნაწილები ვართ, რომლებსაც ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია.

მარტოობა სიკვდილის დასაწყისია და ამიტომაც, მუდამ ადამიანებთან ურთიერთობებისკენ უნდა მივისწრაფვოდეთ. სხვებისგან განცალკევებული ადამიანი ინდივიდია და არა პიროვნება. ადამიანმა საკუთარი თავი არამხოლოდ ღმერთში, არამედ მოყვასშიც უნდა ეძებოს. თუკი გავემიჯნებით სხვებს, ვერასდოს აღმოვაჩენთ საკუთარ თავს და იმისთვის, რომ ადამიანური სახე შევინარჩუნოთ, აუცილებლად გვჭირდება ურთიერთობა.

ჩვენი ერთი მრევლის წევრი ქალბატონი მიყვებოდა თუ როგორი დანაკლისი ჰქონდა, როდესაც კვირის წირვაზე ის სულიერი დები ვერ დაინახა, რომლებიც მუდამ მის გვერდით ლოცულობდნენ.

ზოგ ადამიანს საერთოდ არ აქვს ურთიერთობის მოთხოვნილება და ამბობენ:

– რა კარგი იყო გუშინ ტაძარში! არავინ იყო და ლოცვაში ხელს არავინ მიშლიდა.

როდესაც მოყვასი ხელს გიშლის, ეს შენი სულიერი დაავადების ნიშანია.

ჩვენ მუდამ შეგვახსენებს ქრისტეს ეკლესია, რომ სულიერი და-ძმები არ მოწყდენენ ერთმანეთს და ერთი ოჯახივით ცხოვრობდნენ. რადგანაც ქრისტეს ეკლესია ”მე” კი არ არის, არამედ ”ჩვენ” – ქრისტეს სხეულის შემადგენლები და ნამდვილად დაინგრევა ჩვენი სულიერი ცხოვრება, თუკი ჩვენთვის, მარტო ყოფნას მოვისურვებთ.

ზოგი ამბობს: ”არავისთან ურთიერთობა არ მინდა, ადამიანებს განკითხვა უყვართ, ცნობისმოყვარეები არიან და აინტერესებთ რას ვჭამ, რაზე მძინავს და რა მაქვს სახლში”. მაგრამ ჭეშმარიტ მორწმუნეებს არ აქვთ არაჯანსაღი ცნობისმოყვარეობა და ცდილობენ, რომ არავინ განიკითხონ. მათ აქვთ მოყვასის თანაგრძნობისა და მსახურების უნარი. ხშირად ჭეშმარიტ ქრისტიანებს ცოტა აქვთ, მაგრამ ამავდროულად ისინი ყველაფრის მქონენი არიან, რადგანაც თითოეული მათგანი, რაც გააჩნია ყველაფერს მოყვასს უზიარებს. ზოგს ბაღი აქვს, ზოგს მანქანა ჰყავს, ზოგს თავისუფალი დრო და მოხერხებული ხელები აქვს, ზოგი კი ექიმია და თითოეული მათგანი თავისი ნიჭისამებრ ემსახურება მოყვასს.

საზოგადოებაში, ეკლესიის გარეთ, ჩვენ ვხედავთ არა ურთიერთობას, არამედ თანაარსებობას, რაც ბილიარდის ბურთების ერთმანეთთან შეხაჯებისა და მათი სხვადასხვა მხარეს გაფანტვის მსგავსია.

ურთიერთობაში ჩვენ ერთმანეთის სიყვარულს და ერთმანეთისადმი გამჭვირვალობას ვგულისხმობთ, რომელიც ითვალისწინებს მეორე ადამიანის თავისუფლებას და არაფერს ახვევს თავზე.

ამ ყველაფრის გარეშე, ადამიანი ცდილობს, რომ იბატონოს სხვა ადამიანზე. უფროსი თავის ხელქვეითში ადამიანს კი არა ფუნქციას ხედავს: ზოგი მდივანია, ზოგი ბუღალტერი, ზოგი დამლაგებელი, მაგრამ მას სულ არ აინტერესებს რა აქვთ ამ ადამიანებს სულში, რა ტკივათ და რა აწუხებთ.

მხოლოდ ეკლესიაში ისწავლება ჭეშმარიტი ურთიერთობა. ჩვენი ცხოვრება საერთოა და ქრისტე გვაკავშირებს და ყველანი ყოველთვის ერთად ვართ.

ერთად ცხოვრებით საკუთარ სულს ვუზიარებთ ერთმანეთს. ასე აღმოვაჩენთ საკუთარ თავში იმ ნიჭებს, რომლითაც ერთმანეთს უნდა ვემსახუროთ, რადგან ქრისტეში სიცოცხლე მიღებას და გაცემას გულისხმობს.

ამიტომაც, ღმერთს მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არ შევიცნობთ, არამედ სხვების მსახურებისთვისაც. სულიერ ოჯახში ყველანი ერთმანეთის მსახურებას ვსწავლობთ. ასეთ ოჯახში აღზრდილი ბავშვები ყოველთვის ეკითხებიან თავიანთ დედას: ”დე, როგორ დაგეხმარო?”. რა მშვენიერია! დახმარების ეს მზაობა არასოდეს უარყოთ. დაე თუნდაც ისე გათალოს ბავშვმა კარტოფილი, რომ დედას კიდევ ერთხელ მოუწიოს ჩუმად გათლა და გულმოდგინებისთვის მადლობაც გადავუხადოთ.

ადრეული ასაკიდანვე ბავშვში მოყვასის სიყვარულისა და მსახურების სურვილის აღზრდა, დაიცავს მას დიდებისმოყვარეობისა და სხვებზე ბატონობის სურვილისგან. ნებისმიერი მაღალი თანამდებობა, რაც არ უნდა დაიკავოს ცხოვრებაში, არ გახდება მისთვის სხვებზე ბატონობის მიზეზი, არამედ ამ ყველაფერს მოყვასის მსახურების უკეთეს შესაძლებლობად აღიქვამს.

ერთმანეთის მსახურების შესანიშნავი მაგალითი რიჟისა და ლატვიის მიტროპოლიტ ლეონიდეში აღმოვაჩინე. ერთხელაც, საძმოს საერთო ტრაპეზზე შენიშნა, რომ მაგიდაზე რამდენიმე თეფში აკლდა. მე, მასზე ბევრად ახალგაზრდას კი არ მთხოვა მოტანა, არამედ თავად გავიდა სამზარეულოში, ჩაიმუხლა და თეფშების შერჩევას შეუდგა. როდესაც ჭურჭლის ხმაური გავიგე და დასახმარებლად მივედი მითხრა: ”მეც ხომ უნდა გემსახუროთ”.

რამდენადაც დიდია ძალაუფლება, იმენად დიდი სიყვარული უნდა გამოიხატებოდეს.

ბელგიის აწ გარდაცვლილ მეფე ბოდუენს, მეფე-მწყემსი უწოდეს, რადგანაც მან საკუთარი მაღალი თანამდებობა ადამიანების მსახურებისთვის გამოიყენა და პირველ ადგილზე პოლიტიკის ნაცვლად ცოცხალ ადამიანს აყენებდა. ვინც მას პირადად იცნობდა ყვებოდნენ: ”ერთხელაც ერთ ნაკრძალს ათვალიერებდა და დამშვიდობებისას გიდს ჰკითხა: ”როგორაა თქვენი ოჯახი?”, – ”ჩემი მეუღე ავადაა, სიმსივნე აქვს” -უპასუხა მან. მეფემ კი უთხრა: ”გადაეცით თქვენს მეუღლეს, რომ მისთვის ვილოცებ”. გახარებული გიდი სახლში დაბრუნდა და თავის ცოლს უთხრა: ”შენთვის სიურპრიზი მაქვს!”, – ”მეც მაქვს!” – უპასუხა ცოლმა და კალათაზე მიუთითა, რომელშიც ლამაზი ყვავილები იყო წარწერით: ”მეფე ბოდუენისგან”. მას წესად ჰქონდა, რომ კეთილი საქმე არასდროს გადაედო.

წყარო: https://alla-vlady.livejournal.com

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©