W3A1192 1

წმიდა პორფირი კავსოკალიველი – ქრისტე ყველაფერია

აი ჩვენი რელიგიის არსი: სულმა გამოიღვიძოს, შეიყვაროს ქრისტე, განიწმიდოს და მთლიანად ღვთიურ სიყვარულად იქცეს. მაშინ ის უფალში გაერთიანდება. როცა ქრისტე გულში შემოდის, ჩვენი ცხოვრება სრულიად იცვლება. ქრისტე ყველაფერია. ვის გულშიც ის ცხოვრობს, მთელ სამყაროს სათუთად აღიქვამს და ყოველი მოვლენა აღუწერელ სიყვარულად ვლინდება მის გულში. ასეთი ადამიანი გაუნელებელ სიხარულში ცხოვრობს. ეს სიმართლეა! ამას ადასტურებს ათონის წმიდა მთის ურიცხვი მოსაგრე. ამ სიხარულში ისინი განუწყვეტლივ ჩურჩულებენ უწყვეტ ლოცვას: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. როცა ქრისტე გულში შემოდის, ვნებები ქრება. უკვე არ შეგიძლია სიძულვილი, შურისძიება, გინება, განკითხვა, რადგან აშკარად გრძნობ, რომ ყველა და ყველაფერი შენი ღვიძლი ნაწილია ქრისტეში. როცა გულში მეფობს ქრისტე და მარადიული ნათელი, როგორ დაივანებს მის გვერდით სიძულვილი, ანტიპათია, განსჯა, ეგოიზმი, დარდი და სტრესი?

ყველა ზეიმისა და სიხარულის ცენტრი – ეს ქრისტეს პიროვნებაა, რომელიც არ შეგვიძლია მთელი სიღრმით გავისიგრძეგანოთ, რამეთუ ღმერთი უსასრულობაა, ამიტომ ეს საიდუმლოებაა, მდუმარებაა. ღმერთი ძალიან დაფარულია, მაგრამ ის ყველგანაა. ჩვენ ვცოცხლობთ უფლით, ვსუნთქავთ მისით, მაგრამ მისი სიდიადისა და განგებულების სრულიად წარმოდგენა არ შეგვიძლია. ის ხშირად შეფარულად ავლენს თავის განგებულებას, მაგრამ როგორც კი წმიდა თვინიერებას მოვიპოვებთ, მაშინვე გვეხსნება სულიერი მხედველობა, ვიწყებთ უფალში სიცოცხლეს და რეალურად შევიგრძნობთ მის საიდუმლოებებს. მაშინ ვიწყებთ მის სიყვარულს. და ეს სწორედ ის არის, რასაც ის ეძებს ჩვენში. მთავარი მისი მისწრაფება – ეს ჩვენი ბედნიერებაა, როგორც ამბობს თავად: “გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და მთავარი მცნება.” (მთ. 22, 37-38). ასეთი სიყვარული აქვთ წმიდანებს. ისინი ეღირსნენ უაღრესად სასურველს. სასურველიდან უზენაესისკენ, უკიდურესი სურვილისკენ ამაღლდნენ. უკიდურესი სურვილი – ღმერთია: მამა, ძე და სულიწმიდა. სამივე ერთიანი, ერთმანეთში და ეკლესიაში. ქრისტე, შენ ჩემი სიყვარული ხარ! მე არ ვფიქრობ სიკვდილზე. დე, იყოს ნება შენი! მე მსურს მხოლოდ შენზე ვიფიქრო. თქვენც გაშალეთ ხელები და ჩაეხუტეთ ქრისტეს. მაშინ ის თქვენში დაიწყებს ცხოვრებას და თქვენ იფიქრებთ, რომ ჯერ კიდევ არასაკმარისად გიყვართ და მეტად დაახლოების სურვილი გაგიჩნდებათ, მასში სრული გაერთიანების მისწრაფება შეგიპყრობთ. შეიძულეთ მიწიერი ვნებანი, ნუ თანამშრომლობთ სატანათან! მიმართეთ თქვენი გულები ქრისტესკენ. მაშინ ის მთელი ღვთიური სინაზით ჩაგეხუტებათ და თქვენ იგრძნობთ საოცარ სულიერ სიხარულს, რაც ნიშნავს – მოვიდა ღვთიური მადლი, უძლურთა და დავრდომილთა აღმადგინებელი.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©