mama emiliane 1122

სულიერი შვილების თვალით დანახული არქიმანდრიტი ემილიანე ვაფიდისი

არქიმანდრიტი ილია – მამა ემილიანეს სულიერი შვილი. საფრანგეთში არსებული უფლის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტრის სულიერი მოძღვარი.

მამა ემილიანე და სათნოებათმოყვარეობა

მინდა მოგიყვეთ იმ მამათაგან ერთ-ერთზე, რომლებმაც „სათნოებათმოყვარეობის“ ტრადიცია შეინარჩუნეს და ჩვენ გადმოგვცეს. საუბარია ათონის წმინდა მთის, სიმონა-პეტრას მონასტრის იღუმენზე, არქიმანდრიტ ემილიანე ვაფიდისზე, რომელიც ნამდვილად იმსახურებს იმას, „სათნოებათმოყვარეობაში“ იკითხებოდეს. წიგნში „ჭეშმარიტების ბეჭედი“ შესული მისი ნაშრომი „სიტყვა ლოცვის შესახებ“ წმინდა პეტრე დამასკელის, წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველისა და სხვა დიდ მამათა გვერდით იკითხებოდეს. მისი სწავლება კარგად რომ გავიგოთ, აუცილებელია, რომ დიდი ძალისხმევა ჩავდოთ, რაც ჩვენთვის, თანამედროვე ადამიანებისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს და ვხედავთ მისი მაგალითით, რომ ამ ყველაფრის აღსრულება შესაძლებელია.

საჭიროა ღვთისკენ უკანდაუხეველი სწრაფვა და საკუთარი გონების ამასოფლის სულისგან და ცოდვისმიერი სიამოვნებებისგან დაცვა, რადგანაც ეს ყველაფერი ადამიანის სულს, მისი არსებობის ჭეშმარიტ საზრისს – ცოცხალ ღმერთთან ერთობას განაშორებს.

მამა ემილიანეს წიგნები ნამდვილი ნათელია მათთვის, ვინც ღმერთს მოწყურებული გულით მიეახლება. მისი წიგნები გვასწვალიან, თუ ვინ ვართ ჩვენ და ვინ არის ის – ღმერთი, რომ ის უსაზღვროდ დიდებულია და ჩვენ კი გლახაკნი. ეს ნაშრომები სულიერ თვალს აგვიხელს და მასაც ვინც უხილავად ჩვენში მკვიდრობს. ავტორი მოგვიწოდებს, რომ დავემსგავსოთ ქრისტეს, როგორც წმ. პავლე მოციქული: „ხოლო ჩუენ ყოველნი განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდით, მასვე ხატსა მივიცვალებით დიდებითი დიდებად, ვითარცა-იგი უფლისაგან სულად“ (2 კორ. 3:18).

ღამე ლოცვისას უფალი იხილა, ფერისცვალების მოწმე გახდა და ნათელშემოსილი ღრუბლით დაიფარა.

ასე რომ, თქვენ ვინც მშვენიერება და სათნოება შეიყვარეთ („ფილოკალია“ იგივე „სათნოებათმოყვარეობა“) მამა ემილიანეში შეგიძლიათ ამ სათნოებისა და მშვენიერების ანარეკლი დაინახოთ. ყველაფერი ის, რაც ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ მისგან არის ცოცხალ ღმერთთან მისი პირადი ურთიერთობის ნაყოფი.

როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა მონაზონი გახლდათ, ღამე ლოცვისას უფალი იხილა, ფერისცვალების მოწმე გახდა და ნათელშემოსილი ღრუბლით დაიფარა. კიდევ რა იხილა მამა ემილიანემ? ამის შესახებ ვერავინ გაიგებს, რადგან ის თავის პირად სულიერ გამოცდილებებზე არ საუბრობდა.

მამა ემილიანეს ლიტურგიული გამოცდილება

ჩვენ ვიცოდით, რომ ის ღვთის კაცი იყო. ვხვდებოდით, რომ რასაც ის პირად ან საზოგადო საუბრებზე გვეუბნებოდა, ის არ იყო უბრალოდ სხვისგან გაგონილის ან წაკითხულის მიხედვით, არამედ მხოლოდ იმას იტყოდა, რაც ღვთისგან ეუწყებოდა. მას განსაკუთრებით უყვარდა პავლე მოციქული და თავისუფლად შეიძლებოდა, მის მსგავსად ეთქვა: „არამედ ვითარცა წერილ-არს: რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა. ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა; რამეთუ სული ყოველსავე გამოეძიებს და სიღრმესაცა ღმრთისასა“(1 კორ. 2:9-10).

მამა ემილიანეს აღსრულებული ლიტურგია ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. მსახურებისას ის უკიდურესად იყო დაძაბული და ვგრძნობდით, რომ იმ მომენტში მისი გონება და გული ამ სამყაროს მიღმა, ქრისტესთან იმყოფებოდა. თავის მზერას მიწიერზე არასდროს შეაჩერებდა, არამედ მუდამ მთელი არსებით იყო ღმერთში ჩაძირული. მასთან ერთად ლიტურგიაზე თანამსახურება ჭეშმარიტი ფერისცვალების მოწმობას ნიშნავდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ეს სულიერი რეალობა დაფარული იყო, მაინც საკმაოდ თვალასაჩინო იყო ის, რომ ის ზეცაში იმყოფებოდა და არაფერი მიწიერი მას არ აღელვებდა.

ლიტურგია მისთვის ღმერთთან შეხვედრის განსაკუთრებული მოვლენა იყო.

მახსოვს, ერთხელ კონსტანტინოპოლში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, პატრიარქთან, მიტროპოლიტებთან და ეპისკოპოსებთან ერთად თანამსახურობდა. ყველა კეთილსახოვნად გამოიყურებოდა, მაგრამ მისგან განსაკუთრებული ნათელი იფრქვეოდა და მის ყოველ მოძრაობას ანგელოზს მიამსგავსებდი. ეს რაღაც ფრესკის ხილვის მსგავსი იყო, რომელზეც ანგელოზთა მსახურებაა გამოსახული, თუ როგორ აწვდიან ანგელოზები შესამოსელს თავისი დიდების ტახტთან მდგარ, ლიტურგიის აღმსრულებელ მღვდელმთავარ ქრისტეს, ზუსტად მსგავსი მოძრაობები ჰქონდა მამა ემილიანესაც.

უეჭველია, რომ ლიტურგია მისთვის ღმერთთან შეხვედრის განსაკუთრებული მოვლენა იყო და რომლის დროსაც ღვთისგან ყოველთვის ახალი უწყება და გამოცდილება ენიჭებოდა. ზოგჯერ ვამჩნევდით თუ როგორ იწერდა რაღაცას თავის პატარა წიგნაკში, სანამ მსახურებაზე რომელიღაც ანტიფონის ან საგალობლის შემდეგ ასამაღლებელს იტყოდა.

მამა ემილიანე და ათონური მონაზვნობის აღორძინება

არქიმანდრიტ ემილიანეს სახელთან, რომელიც ისიხასტური ტრადიციის თვალსაჩინო მიმდევარი გახლდათ, მჭიდროდ არის დაკავშირებული მეოცე საუკუნის ათონური მონაზვნობის აღორძინება, რომელიც შეწყვეტილი ისიხაზმის ტრადიციის აყვავებაში გამოიხატებოდა, რომელიც იმ დროს, მხოლოდ ცალკეულ კალივებსა და მონასტრებში არსებობდა. ამ კალივებში ჭეშმარიტად ზეციური ცხოვრება სუფევდა.

ათონის ნახევარკუნძულის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, რომელსაც „უდაბნოს“ უწოდებენ, დიდი მოღვაწე მამები მკაცრ ასკეზასა და მოუკლებელ იესოს ლოცვაში იღვწოდნენ. მათ შორის ცნობილია ღირსი იოსები (ისიხასტი) და მისი მოწაფეები, რომლებიც შემდგომში დიდი მონასტრების წინამძღვრები გახდნენ. ჩვენ კარგად ვიცნობდით წმინდა იოსების ერთ-ერთ მოწაფეს – ღირს ეფრემ კატუნაკელს, რომელმაც მამა ემილიანეს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. პირადად მეც ვესწრებოდი მათ ერთ-ერთ უკანასკნელ შეხვედრას.

მამა ემილიანე საათზე მეტ ხანს ადიოდა იმ ციცაბო ასასვლელზე, რომელიც ნავსადგურსა და მამა ეფრემის კალივას შორის იყო. ამ რთულმა მგზავრობამ ის საკმაოდ გადაღალა. იმ დროს, მამა ეფრემი თითქმის სრულიად დაბრმავებული იყო, მაგრამ როგორც კი მიხვდნენ, რომ ერთმანეთს უკვე მიუახლოვდნენ, ორივემ ანაფორა ჩაიცვა და ერთმანეთთან შესახვედრად ხელებგაშლილნი ჩასახუტებლად გაეშურნენ. მამა ეფრემი სიხარულით გასძახოდა: „ამინ, ამინ. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!“ ორივე ბრწყინავდა სიხარულით, რომელიც ყველა გარშემომყოფს ედებოდა. ეს იყო მართლაც ორი დიდი მბრწყინავი მნათობის წმინდა შეხვედრა.

1970-იან წლებში ათონის სხვადასხვა მონასტერში თითქმის ერთდროულად დაიწყო ეს აღორძნება. მრავალმა მონასტერმა მიატოვა იდიორითმული ცხოვრების წესი და დაუბრუნდა ტრადიციულ კინოვიურ (საერთოსაცხოვრებელი. სადაც მთელი საკუთრება საერთოა, საერთო ტრაპეზი, საერთო მორჩილება, ღვთისმსახურება და ყველა ერთ სულიერ მამას ემორჩილება) წესს. სტავრონიკიტას მონასტრის შორიახლოს განდეგილი მონაზონი წმინდა პაისი გაბრწყინდა.

ამ დროს სიმონა-პეტრას მონატერში მამა ემილიანე იმ საძმოსთან ერთად მოვიდა, რომელიც ჯერ კიდევ მეტეორას მონასტერში შემოეკრიბა. მისი ახალგაზრდა საძმო გაიფურჩქნა ათონური სულიერი ცხოვრებითა და ისიხასტური ტრადიციით. მამა ემილიანეს მსგავსმა ქარიზმატულმა პიროვნებამ კი ეს ტრადიცია კიდევ უფრო გაამდიდრა.

ამ წლებიდან გრძელდება ათონის წმინდა მთის სულიერი აღორძინება, რაშიც მამა ემილიანემ თავისი დიდი წვლილი შეიტანა. როგორც მამა ეფრემ კატუნაკელმა მაშინ თქვა, იმ დროს ათონზე „ოქროს ხანა“ დადგა.

მუდამ მბრწყინავი მამა ემილიანე

ვინ არ ტყვევდებოდა მამა ემილიანეს თბილი ღიმილით? ეს იყო არა ხელოვნური, არამედ ნამდვილი, შინაგანი სიხარულიდან და სხვა ადამიანთან შეხვედრის ბედნიერებიდან გამომდინარე ღიმილი. მისი თვალები შენს სულს გამჭოლი მზერით უცქერდა და ხვდებოდი, რომ მან უკვე ყველაფერი დაინახა, ყველაფერს მიხვდა და შენი გზაც უკვე იცოდა.

ის არასდროს იღებდა ადამიანს ფორმალურად, არამედ მთელი გულით დახვდებოდა ხოლმე. ეს შეხვედრები მას ლოცვისგან წყვეტდა ხოლმე, თუმცა ის არასდროს გიჩვენებდათ დაღლილობის აჩრდილსაც კი და მთელი მისი ყურადღება მხოლოდ თქვენსკენ იყო მომართული. ყველაფერს მოწყდებოდა, კეტავდა კარებს, დამშვიდების დროს გაძლევდათ, სრულიად სმენად იქცეოდა და ასე ამგვარად, თქვენს გულს თანდათანობით გახსნაში ეხმარებოდა.

ყოველთვის რაიმე გამაგრილებელ სასმელს და ტკბილეულს შემოგთავაზებდათ, მაგრამ თვითონ პირს არ დააკარებდა და მეგობრულად გამოგკითხვდათ თქვენს ოჯახზე, მდგომარეობასა და საჭიროებებზე და ასე თანდათანობით, ყოველგვარი თავზე მოხვევის გარეშე, თქვენში მისდამი სრულ ნდობას აღძრავდა. ის უკიდურესად აფასებდა სხვა ადამიანის თავისუფლებას და თუ ამის უფლება არ მისცემდნენ, არასდროს ერეოდა სხვის ცხოვრებაში. თავის სულიერ შვილებს ერთნაირ რჩევებს არასდროს აძლევდა, არამედ თითოეულის საზომსა და შესაძლებლობებს ითვალიწინებდა. ფაქიზად ეპყრობოდა თითოეული ადამიანის პირად მოწოდებას და მასზე აღსრულებულ ღვთის განგებულებას.

მსახურებისას მისი სულიერი მზერა მუდამ ქრისტესკენ იყო მიმართული.

მისი სულიერი მშვენიერება განსაკუთრებით საღმრთო ლიტურგიისას ბრწყინავდა. ის მსახურობდა ძალიან უბრალოდ, ყველანაირი ხმოვანი ეფექტისა და სენტიმენტალურობის გარეშე, თუმცა მისი ლოცვის ძალა მის მიერ წარმოთქმული სიტყვების რიტმში ცხადად განიცდებოდა. მაგრამ მისი ცეცხლოვანი ლოცვის ძალა, უმთავრესად მის გამოხედვასა და მზერაში გამოიხატებოდა. მსახურებისას მისი სულიერი მზერა მუდამ ქრისტესკენ იყო მიმართული. უხილავი ღმერთის წინაშე წარმსდგარი, ჭვრეტდა უხილავს. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი იყო მოსეც, როდესაც ის სინას მთიდან ნათელმოსილი სახით ჩამოვიდა.

მამა ემილიანე, როგორც ღმერთის არსებობის მოწმობა

მამა ემილიანეს სწავლებებში ნათლად ჩანს მისი სულიერი გამოცდილება და ღმერთის მყოფობის ცოცხალი განცდა. ის მუდამ ხაზგასმით ამბობდა, რომ რწმენა მხოლოდ ღმერთის არსებობის დაჯერებაში კი არა, არამედ მის ცნობაში, ხედვაში, განცდაში მდგომარეობს. უნდა ვხედავდეთ და ვგრძნობდეთ, რომ ღმერთი მუდამ მოქმედებს სამყაროში, მოქმედებდა ისტორიაში, ეკლესიაში და ადამიანების რეალურ ცხოვრებაში.

ქადაგების მომზადების წინ, მთელ ღამეს იესოს ლოცვაში ატარებდა და დილით მცირე ჩანაწერებს აკეთებდა

ჩვენი რწმენა ვლინდება იმაში, რომ იცნობ და გრძნობ ცოცხალ ღმერთს.
მე რამდენიმეჯერ გავხდი ღირსი, რომ მამა ემილიანეს თანმხლები ვყოფილიყავი მის სხვადასხვა მოგზაურობებში, შეხვედრებსა თუ საუბრებში. მისი მსმენელები შეძრწუნებულები იყვნენ. რამდენი ადამიანი განიცდიდა მისი სიტყვების ზეგავლენით შინაგან გადატრიალებას! ის არ საუბრობდა, როგორც დიდი მამებისა და ღვთისმეტყველების მცოდნე, არამედ როგორც ხელმწიფებისა და გამოცდილების მქონე. მისი სიტყვა მისი გამოცდილების ნაყოფი გახლდათ, რომლის სხვებისთვის გადაცმას ცდილობდა.

ქადაგების მომზადების წინ, მთელ ღამეს იესოს ლოცვაში ატარებდა და დილით მცირე ჩანაწერებს აკეთებდა, რომელზე დაყრდნობითაც აუდიტორიის წინაშე სათქმელს აწყობდა. ასე რომ, მისი საუბრები სულიწმინდით შთაგონებული გახლდათ.

მამა ემილიანე გვასწავლიდა, რომ ისტორიულ მოვლენებში ღმერთის მოქმედება დაგვენახა. მახსოვს როგორ ტიროდა ის მრავალი წმინდანის მშობელ, კონსტანტინოპოლის სტუდიელთა მონასტრის ნანგრევებთან.

მამა ემილიანე და ეკლესიის მნიშვნელობა

ცნებას „საეკლესიო კრებული“ ხშირად მოისმენდით მამა ემილიანეს საუბრებში. ეს არ ნიშნავს მხოლოდ მორწმუნეთა შეკრებას, რომლებიც ერთი საერთო იდეის ან თუნდაც რწმენის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი. ეს არის მათ შორის დამკვიდრებული ქრისტეს სახელით შეკრებილთა სიღრმისეული და სულიერი ურთიერთკავშირის გამოცდილება. როდესაც უფალი მისი სახელით შეკრებილ ორსა და სამს შორის მკვიდრობს, ის (ქრისტე) მესამე ან მეოთხე პირი კი არ არის, არამედ ის რეალურად მოიცავს ამ კრებულს, რომელიც უკვე თავის მისტიურ სხეულს წარმოადგენს, რომლის თავიც თავად ისაა, ჩვენ კი მისი სხეულის ნაწილები. სწორედ ესაა ეკლესია.

როდესაც მამა ემილიანეზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვგულისხმობთ სწორედ ეკლესიის ადამიანს. მის ცოცხალ წევრს. პირველ რიგში ის მონაზონია, რომელმაც თავისი ცხოვრება ბავშვობიდან ღმერთს შესწირა და ასევე, პავლე მოციქულის მსგავსად სურს, რომ ყველამ შეიცნოს ის ნეტარება, რაც მან გამოსცადა.

მისი სწავლებები გასაოცარია. მე მხოლოდ ერთ ციტატას მოგიყვანთ:
„ადამიანი, რომლის გულშიც ჭეშმარიტი სიხარულია, შეიძლება მყისიერად ზეცად აიწიოს. ის, ვინც სასოწარკვეთასა და მწუხარებას მისცემია, არც ლოცვა შეუძლია და არც ქრისტე ახსოვს. რატომ ფიტავ შენს გულს? ასეთ მდგომარეობაში როგორ შეხვალ სამოთხეში?“ – გიხაროდენ! – მუდამ შევძახოთ საკუთარ თავსა და ჩვენს ახლობლებს. როგორც არ უნდა შეიცვალოს ამ სამყაროს მდგომარეობა ჩვენ უფრო და უფრო მხიარულები და მშვიდები ვიქნებით. რატომ? იმიტომ, რომ სიკვდილი მოიკლა და ზეცა ჩვენი გახდა. სიკვდილი ყოველთვის პრობლემა იყო ადამიანისთვის. მაგრამ ის დაინთქა და ახლა უკვე შეგვიძლია, რომ სიხარულითა და სიმშვიდით, ეკლესიასთან ერთად გავემართოთ მარადიული სიცოცხლისკენ. ამ ყველაფერში ლოცვა დაგვეხმარება. ის განსაცდელები, რასაც ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ვაწყდებით, ჩვენს რწმენას განამტკიცებენ. მწუხარებები და სირთულეები ეს არის ერთგვარი „გარიგება მართალ მსაჯულთან“. ჩვენ მცირე გროშს გავცემთ, ანუ ვშრომობთ, ვიღლებით, უსიამოვნებებში ვეხვევით, უძლურებებს ვითმენთ, და სანაცვლოდ კი მილიონებს ვიღებთ. ასე გადაიქცევა ჩვენი ცხოვრება გამოუთქმელ სიხარულად.

მამა ემილიანეს სიმდაბლე

ერთ-ერთ საუბარში, მამა ემილიანე ამბობდა, რომ სულიერი ადამიანი იმით შეიცნობა, რომ ის არასდროს საუბრობს და ზრუნავს ზედმეტად საკუთარ თავზე, არამედ მუდამ უკანა პლანზე წევს და სხვებს უთმობს გზას. ესაა სიმდაბლე. მამა ემილიანე თავის სულიერ გამოცდილებებზე არასდროს საუბრობდა, როგორც საკუთარზე, არამედ ისე გვიყვებოდა, თითქოს ეს ყველაფერი ვიღაც სხვას გადახდა… ეს სამაგალითო იყო ჩვენთვის. მიუხედავად თავისი სულიერი სიმაღლისა ჩვენნაირ ცოდვილებთან სრული ერთობის განცდა ჰქონდა.

სიტყვის ნიჭი

მამა ემილიანეს ერთ-ერთი ნიჭი მაოცებს ყველაზე მეტად. ეს არის მისი უნარი, რომლის საშუალებითაც შეეძლო, რომ უდიდესი საიდუმლოებებიც კი უბრალო, მარტივი და ჩვენი ეპოქისთვის ადვილად აღსაქმელი სიტყვებით გამოეთქვა. გამოთქვამდა არა იმ მიზნით, რომ ლოგიკურად აგვეხსნა ესა თუ ის საიდუმლოება, არამედ იმისთვის, რომ სიღრმისეულად ჩავწვდომოდით მის არსს. ის გვიხსნიდა, თუ რა იყო ჩვენი საკეთებელი. გვასწავლიდა იმას, თუ როგორ შევცლილიყავით და თუ რა როლი გვაქვს ჩვენსავე ფერისცვალების საქმეში.
ის წარმოგვიდგენდა უმაღლეს მოთხოვნებს, რომლებიც ჩვენს „მეს“ თრგუნავდა და კომფორტისგან განშორებას გვაიძულებდა. ის დეტალურად საუბრობდა იმ საგნებზე, რაც ჩვენნაირ ინერტულ ადამიანებს ზებუნებრივად ეჩვენებოდათ, მაგრამ მისი სწავლების წყალობით ეს ყველაფერი ხელშესახები ხდებოდა.

მამა ემილიანე გვასწავლიდა, თუ როგორ გვევარჯიშა ღამე გონიერ ლოცვაში, მარხვაში, ყველაზე დაფარულ გულისსიტყვებთან ბრძოლაში, როგორი წინააღმდეგობა გაგვეწია საცდურებთან და როგორ მოვმზადებულიყავით წმინდა ზიარებისთვის. ის რაღაც ძველაღთქმისეული პრაქტიკისკენ კი არ მოგვიწოდებდა, არამედ გვასწავლიდა, თუ როგორ გავხმდარიყავით დღეს ცოცხალი ქრისტეს მოწაფეები. მამა ემილიანესთან ერთად ტაძარში იმიტომ კი არ ვიკრიბებოდით, რომ ამას რაღაც წესი ან ტრადიცია მოითხოვდა, არამედ იმიტომ, რომ სწორედ იქ ხდებოდა ჩვენი მისტიკური, დაფარული, პირადი და საერთო შეხვედრა ჩვენს ცოცხალ, მოყვარულ, დიდებულ და მდაბალ ღმერთთან. სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვესმის ეკლესიის არსი!

სნეულება

ბოლო 20 წელი მამა ემილიანე მძიმე სნეულებაში იყო. სარეცელს მიეჯაჭვა და გარესამყაროზე აღარ რეაგირებდა. ეს ნათელმოსილი და ყველასთვის საჭირო დიდი მამა, ფიზიკურად ძალიან მალე დასუსტდა. მას ღიმილი არასდროს შორდებოდა და ღვთის განგებულებისადმი სრულ მორჩილებას ავლენდა. არანაირი მწუხარება, არანაირი შფოთი და წუწუნი, არამედ მხოლოდ „სევდიანი“ სიხარული ჰქონდა.

თავისი ცხოვრებით, სიწმინდით, შთამაგონებელი სწავლებით, თანაგრძნობითა და უსაზღვრო სიყვარულით, მამა ემილიანე ქრისტეს დაემსგავსა. ლუკას და კლეოპას მსგავსად ყველას შეგვეძლო გვეთქვა: „ანუ არა გულნი ჩუენნი განჴურვებულ იყვნეს ჩუენ შორის, ვითარ-იგი მეტყოდა ჩუენ გზასა ზედა და ვითარ-იგი გამომითარგმანებდა ჩუენ წიგნთა?“(ლკ. 24:32) პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად ქრისტიანობა ნიშნავს, რომ: „ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელცა-იგი ქრისტე იესოჲს მიერ“(ფლპ. 2:5), სწორედ ამის სრულყოფილ მაგალითს გვაძლევდა ჩვენ მამა ემილიანე.

უფალი გველოდება, თუ როდის შევალთ მის სიხარულში

განა შეწყდა მისი სნეულებით მისი საქმე? რა თქმა უნდა, არა! მიყვებოდნენ, რომ სნეულების წინ, როდესაც მისი ეს ხანგრძლივი აგონია იწყებოდა, ეს სიტყვები წარმოთქვა: „აი, სწორედ ახლა ვიწყებ ჩემს საქმიანობას“. ეს თქვა იმ ადამიანმა, რომელმაც უკვე ამდენი გააკეთა და თანაც მაშინ, როდესაც თითქოს სრულ უმოქმედობაში აღმოჩნდა!

დასკვნა

დასკვნის სახით, არქიმანდრიტ ემილიანეს ჩვენთვის დატოვებული მთავარი მცნების აზრს გაგაცნობთ:
წმინდა იოანე ოქროპირი თავის სააღდგომო სიტყვაში ამბობს: ჩვენ ყველანი ცათა სასუფევლისთვის ვართ მოწოდებულნი. პირველნიც და მეორენიც შედით ქრისტეს საქორწინო სასახლეში. პირველი ხარ? მეორე ხარ? მემილიონე ხარ? მოუხმე რწმენით ქრისტეს სახელს და მყისვე შეიგრძნობ, რომ ცათა სასუფელევლისთვის ხარ მოწოდებული. ჩვენ ყველანი ღვთის შვილები ვართ…

მოციქულებს, წმინდანებს და ყველა ქრისტიანს მოუწოდებს უფალი: „გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა“ (ლკ.10:20). უფალი გველოდება, თუ როდის შევალთ მის სიხარულში. დაე პირველნიც, მეორენიც, მესამენიც ვადიდებდეთ უფალს სიხარულით და დაე, ვიქცეთ ჩვენი ეკლესიის სიქადულად – მოციქულებად, მენელსაცხებლებად და პირველ რიგში, იესო ქრისტეს მოყვარულებად, რათა ყოველდღიურად შევიგრძნობდეთ აღდგომის სიხარულს.

ამ სიხარულით გტოვებთ და პავლე მოციქულის სიტყვებისამებრ მხურვალედ გისურვებთ: „ძმანო, გიხაროდენ, მარადის გიხაროდენ!“.

წყარო: https://pravoslavie.ru

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •