W3A9297

სულიერ ცხოვრებაში გმირული ბრძოლის შესახებ – არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი

მამა იოსებთან ცხოვრების დასაწყისში ათასობით გულისსიტყვა მაწუხებდა. მეფიქრებოდა: ,,ოხ, რა რთულია! აქ როგორ გავუძლებ? რატომ მოხვედი აქ? დაბრუნდი უკან!’’ ხან სახლი მახსენდებოდა, ხან ის რომ ერში ჩემი მოძღვარი მონასტრის დაარსებას აპირებდა და სურდა, რომ მეც მასთან ვყოფილიყავი. მეც როგორც შემეძლო ვიბრძოდი და ამ გულისსიტყვებს ვეწინააღმდეგებოდი.

მამა იოსები მეუბნებოდა:

– არ ინერვიულო, ყველაფერი კარგადაა, არ მიატოვო შენი სულიერი მოვალეობები, ღამე წამოდგომა და იესუს ლოცვა და დემონიც ვერ გაბატონდება შენს სულში.

მეც სულიერ ცხოვრებაში გულმოდგინედ ვშრომობდი. დადგა მომენტი, როდესაც ამ გულისსიტყვებმა უკან დაიხიეს და მაშინ დავინახე, თუ რა მშვენიერია უდაბნო! იქამდე ეშმაკი მას ძალიან ბნელ და წყვდიადით მოცულ ადგილად წარმომისახავდა, რადგანაც მაშინ ჩემი გონება ჯერ კიდევ ხშირად მიისწრაფოდა ერისკენ. საბოლოოდ საღმრთო მადლი დამეხმარა, ყველა დემონი განდევნა და ღმრთის ნებამ გაიმარჯვა.

ზოგჯერ მამა არსენისთან მივდიოდი და ისიც მეუბნებოდა ხოლმე:

– არ იდარდო. მეც და მამა იოსებსაც დიდი ბრძოლები გვქონდა.

ასე განმამტკიცებდა ხოლმე თავისი უბრალო სიტყვებით.

როდესაც აქ მოვედი, ორი მოძღვარი გვყავდა. პირველი მამა იოსები იყო. ჯერ მისგან ვიღებდით კურთხევას, შემდეგ კი – მამა არსენისგან. როდესაც კურთხევისთვის მივიდოდით ხოლმე, მამა არსენი გვეუბნებოდა: ,,მამა იოსებისგან ხომ აიღეთ კურთხევა, ხოდა ეგეც საკმარისია’’. ეს უკანასკნელიც ძალიან გვეხმარებოდა. თუ მამა იოსებს ვერ ვნახულობდი, სულიერი რჩევისთვის მას მივმართავდი ხოლმე.

რა თქმა უნდა, ხან სიამაყის გულისსიტყვა მებრძოდა, ხანაც სიზარმაცის და ა.შ. მამა იოსები გვასწავლიდა, რომ გულისსიტყვებისთვის ყურადღება არ მიგვექცია და მათთან დიალოგში არ შევსულიყავით:

– მტკიცედ გეპყრას იესუს ლოცვა! ყველაფერი გაივლის. ეს თავდასხმა და ქარიშხალია, რომელიც უკან დაიხევს. თუ შეეწინააღდეგები, მტკიცედ დაიცავ ფრონტის ხაზს და სიმამაცეს არ დაკარგავ, ყველაფერი ჩაივლის. ეშმაკის ტაქტიკა ასეთია: ის თავს გვესხმის, რათა ფრონტის ხაზი გაარღვიოს, წყლის ძლიერი ნაკადის მსგავსად კედელი დაანგრიოს და ყველაფერი წალეკოს. ამიტომაც, მტკიცედ დაიცავი კედელი და ისიც უკან დაიხევს.

რა თქმა უნდა, გულისსიტყვებიც უკან იხევდნენ.

* * *

მამა იოსებს სრულად ვუხსნიდი გულს და არაფერს ვუმალავდი.  ვიცოდი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სულში დარჩებოდა წყლული, რომელიც ლპობას გამოიწვევდა და თავის მხრივ ჩემს სულს სიმყრალით აღავსებდა. მოვიდოდა რომელიღაც გულისსიტყვა და სულში ყველაფერი თავდაყირა დგებოდა. ჩემს თავს ვეუბნებოდი: ,,მოიცა, ეხლა თუ არაფერს გავაკეთებ და ამ გულისსიტყვას მივიღებ, რაღა მეშველება?’’

მაგალითად, ერთხელ მამა იოსებზე ცუდი გულისსიტყვა მომივიდა. ის მუდამ ავადმყოფობდა და ამიტომაც, ლოცვისას ჯვრის სრულად გამოსახვა არ შეეძლო. წყალმანკისგან გასიებული ფეხების გამო სრულ მუხლდრეკასაც კი ვერ აკეთებდა. მივიდოდა ხოლმე კლდის დიდ ქვასთან, ეყრდნობოდა და ისე აკეთებდა მეტანიებს. ასაკში მყოფიც ისე აიძულებდა საკუთარ თავს, როგორც ახალგაზრდობაში. ალბათ ფიქრობდა, ღმერთმა ხომ იცის, რომ სხვანაირად არ შემიძლიაო.

მე და მამა იოსები კანონს ეზოში აღვასრულებდით. ის თავისი კალივის გვერდით იდგა, მე კი – მოშორებით. როდესაც მთვარე ანათებდა, ერთმანეთსაც კარგად ვხედავდით ხოლმე. ვხედავდი, როგორ ისახავდა ჯვარს და გულისსიტყვა მეუბნებოდა: ,,განა ასე უნდა ჯვრის გამოსახვა? რატომ არ ისახავს სწორად? გეგონება გიტარაზე უკრავსო!’’ რადგანაც მუდამ ვცდილობდი, რომ ქრისტესა და ჩემი მოძღვრის წინაშე გულწრფელი ვყოფილიყავი, ამ გულისსიტყვების გამო საკუთარ თავს ავუმხედრდი. მიუხედავად იმისა, რომ მამა იოსებისადმი დიდი რწმენა მქონდა, ხომ შეიძლებოდა, რომ შევმცდარიყავი და ამ სიცრუისთვის დამეჯერებინა. ხომ ვიცოდი ისიც, რომ ერთი მზაკვარი გულისსიტყვის შეწყნარებაც საკმარისი იქნებოდა და ჩემსა და მამა იოსებს შორის სულიერი კავშირი გაწყდებოდა. თუკი სულიერი მასწავლებლისადმი რწმენა ირყევა, შემდეგ ნდობა იკარგება და შედეგად სიყვარულიც ქრება. აბა, მერე სცადე და გამოიჩინე მორჩილება! ამიტომაც საკუთარ თავს ვეუბნებოდი: ,, შე ბრმა ლეკვო, შენს თავს მიხედე! მამა იოსები – დიდი ადამიანია. მისი ერთი ჯვრის გამოსახვა, შენს ათს უდრის. შენ ახლაგაზრდა ხარ ის კი მოხუცდა. განა შენ გაგიკეთებია იმდენი, რამდენიც მამა იოსებმა ახალგაზრდობაში? მისი ნეკა თითის ფრჩხილადაც კი არ ღირხარ! მის ასაკში შენ საერთოდ ჩვარივით იქნები და ვერც სრულად და ვერც არასრულად შეძლებ ჯვრის გამოსახვას!’’. შევამჩნიე, რომ გულისსიტყვა დაცხრა. ასე ვებრძოდი საკუთარ თავს და ვიკვეთდი ბოროტ გულისსიტყებს. ამ ყველაფერს კი შედეგად სიმშვიდე მოჰყვებოდა. გარკვეული დროის შემდეგ გულისსიტყვა კვლავ თავს მესხმოდა, ის ჩემზე ძლიერი იყო, მაგრამ შევძელი და დროებით მოვიგერიე.

მამა იოსებთან მივედი და ჩემი მდგომარეობა ავუღწერე:

– მამაო, აი ასეთ დღეში ვარ.

ამ საოცარმა და ყოვლითურთ გამოცდილმა ადამიანმა მითხრა:

– ნუ გეშინია, არაფერია. პატერიკში ერთი ძმა გულისსიტყვებში აიხლართა და მოძღვარს ეუბნებოდა: ,,მამაო, რამდენი გულისსიტყვაა, რამდენი ვნებაა! როგორ ამოვძირკვო ისინი? ღმრთის გულისათვის დამეხმარე მამაო, ძალიან ავიხლართე!’’ ამ გამოცდილმა ამბამ უპასუხა: ,, შვილო! გულისსიტყვები ყველა ერთად კი არ შემოგიტევს და არც ყველა ვნება აღდგება ერთდროულად, რომ მოგახრჩოს’’. თავს დაგესხა ხორციელი გულისსიტყვა? – ურტყი და ამათრახე ქრისტეს სახელით! მოიკვეთე წარმოსახვა და ის სახე, რომელიც გაცდუნებს, განდევნე, წაშალე შენი წარმოსახვიდან, ისევე, როგორც ეშმაკის გამოსახულებას წაშლიდი. დაფას როგორც შლიან ღრუბლით, ისე წაშალე შენც და მტკიცედ გეპყრას იესუს ლოცვა. მორჩა და გათავდა! ასე დაამარცხებ გულისსიტყვას და ისიც გაქრება. კიდევ მოვიდა? ისევ ასე გაუმკლავდი. მოვიდა სიზარმაცის გულისსიტყვა და გეუბნება: ,,დაიძინე!’’ შენც შენს თავს უთხარი: ,,არა! რატომ დავიძინო?’’ მოვიდა გულისსიტყვა და გეუბნება: ,,ესა და ეს სიტყვა თქვი’’, შენც ისევ შენს თავს უთხარი: ,,არ ვიტყვი!’’. აი, ასე უნდა იბრძოლო.

* * *

მამა იოსებზე კიდევ ერთხელ მქონდა ბრძოლა. როდესაც მასთან მივედი და მოვუყევი, თითქოს ეს მისთვის მზესუმზირის ჭამა იყოსო, მითხრა:

– ნუ ნერვიულობ, შვილო. რაც უნდა ის ილაპარაკოს. არანაირი ყურადღება არ მიაქციო. მოუკლებლად იმეორე იესუს ლოცვა, მან კი ილაყბოს რამდენიც უნდა. კიდევ ბევრ რამეს გეტყვის და შენც ერთ ყურში შეუშვი და მეორედან გამოუშვი. ჯოჯოხეთის შხამს რა გამოლევს. ეშმაკსაც ადვილად ვერავინ გაუმკლავდება. არ დაუწყო კამათი, რადგან ჯერ კიდევ გამოუცდელი ხარ. შენ უბრალოდ არანაირი ყურადღება არ მიაქციო მაგ გულისსიტყვებს, მოუკლებლად წარმოთქვი იესუს ლოცვა და ისინიც გაუჩინარდებიან.

მე არ ვიცოდი ეს სულიერი მეცნიერება და ამიტომაც ვუპასუხე:

– მამაო, ამ გულისსიტყვას ბოლომდე შევებრძოლები. არ მივცემ იმის უფლებას, რომ თქვენს წინააღმდეგ რაღაცეები მითხრას!

– ჰმ! – გამიღიმა და ალბათ გაიფიქრა კიდეც, ამან არ იცის რა ხდება მის თავსო.

სასტიკი ბრძოლა მქონდა გამართული, მაგრამ ეშმაკი თავისი საქმის დიდებული ოსტატი აღმოჩნდა. რა დღეში მაგდებდა? როგორც კი გონიერი ლოცვისთვის ღამე ვიღვიძებდი, თვალის გახელვისთანავე – ჰოპ! – მყისვე გულისსიტყვას შთამაგონებდა: ,,აჰა, შენი მოძღვარი ასეთი და ასეთია’’. ამ დროს თითქოს ჩემს გულში ჯოჯოხეთის ნიაღვარი იღვრებოდა, რომლითაც ეშმაკი ცდილობდა, რომ ჩემი ღამისთევა მოეწამლა.

მოვიდოდა რომელიღაც დემონური შეგრძნება და ჩამსისინებდა, შენი მოძღვარი ისეთი არ არის, როგორიც შენ გგონია და შეპყრობილიაო. მე კი ერთი ნაბიჯითაც არ ვიხევდი უკან. როგორც კი ეს გულისსიტყვა თავს წამოყოფდა, მყისვე ძირშივე ვკვეთდი:

– არა, ჩემი მოძღვარი მხედართმთავარია და ცხონებისკენ მიმიძღვის. მასში ეშმაკი კი არ არის, ქრისტეა!

ისიც არ იხევდა უკან, აგრძელებდა და მეც ვეწინააღმდეგებოდი.

ეს კრივიც კი არ იყო, არამედ რაღაც კიდევ უფრო უარესი ომი, რომელიც საათობით გრძელდებოდა. ის მე მეუბნებოდა, მე – მას. დაუსრულებელი პოლემიკა მქონდა მასთან გამართული და ვერ ვხდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს, რადგან მაშინ ისედაც ბევრი არაფერი ვიცოდი, უბრალოდ, ბუნებითი სიმამაც გამაჩნდა და თავისთავად ვავლენდი. ამ გულისსიტყვას საწინააღმდეგოს ვუმტკიცებდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რომ ეს სულიერად უფრო გამოცდილების საქმე იყო. ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა, საერთოდ ყურადღება არ მიმექცია მათთვის, რათა უფრო მალე გავთავისუფლებულიყავი.

ეს ომი მრავალი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მზაკვარი ჯიუტად მირტყდამდა ერთ წერტილში და ჩემს მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებდა. ამით კი, იმ უძვირფასეს დროს მართმევდა, რომელიც ღამის ლოცვისთვის იყო გამოყოფილი. ამიტომაც, ინტენსიურ თერაპიას მივმართე და ჩავთვალე, რომ სპეცოპერაცია იყო საჭირო, თორემ სხვაგვარად აღარ გამოდიოდა.

ამ უკანდაუხეველი ბრძოლის, თავგანწირვისა და სიმამაცის შედეგად, ეს ომიც დაცხრა. თუ ასეთ თავსახმებს ასე არ დავუხვდით, სული ყოველგვარი ნაგვით აივსება, რადგანაც თითოეული გულისსიტყვა ჩვენს სულში ჭრილობას აჩენს, ჭრილობა კი თანდათანობით ჩირქდება და სიმყრალეს გამოსცემს.

საკუთარ თავს ვუთხარი: ,,ნახე, რა ხდება! ის გულისსიტყვა რომ შემეწყნარებინა, ჩემი საქმე წასული იქნებოდა. მამა იოსებსაც დავტოვებდი და თავად გავხდებოდი შეპყრობილი. მასზე ცუდს რომ ჩამსისინებდა, ახლა უკვე ჩემში შემოვიდოდა და წამებას დამიწყებდა. აი, ასეთია ეს ომი!’’

* * *

იმ პერიოდში, ჩვენი ხელსაქმე ხეზე კვეთა იყო. ჯვრებს ვაკეთებდით, რომლებიც მამა ათანასეს სხვადასხვა მონასტერში მიჰქონდა და იქედან პროდუქტები და სხვა საჭირო ნივთები მოჰქონდა. ერთხელაც, სულთმოფენობას, როდესაც დაბრუნდა, ნავსადგურზე ორცხობილები, პომიდვრები და ყურძენი გადმოტვირთა.

მამა იოსებმა დამავალა:

– აბა, ჩანთა ზურგზე და ჩქარა ქვემოთ. თორემ ყველაფერს თაგვები შეჭამენ.

ამის გაგონება იყო და გულისსიტყვები ჭიანჭველებივით დამესიენ: ,,ასეთი დღე აღმა-დაღმა სირბილში გავატარო?! დღეს კელიაში უნდა ვყოფილიყავი, წამეკითხა და სკვნილზე მელოცა!’’. საკუთარ თავს ვუთხარი: ,,ვიწრო და ეკლიანია ეს გზა! მორჩილება უპირველეს ყოვლისა! ,, რამეთუ გარდამოვჴედ ზეცით, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ’’(ინ.6:38).  გულისსიტყვების ტვირთი ზურგზე მოკიდებულ ტვირთზე ბევრად მძიმე იყო. ვეუბნებოდი ხოლმე: ,,აი, ეხლა მივალ მამა იოსებთან და თქვენზე მოვახსენებ!’’.

როგორც კი მონასტრის კარი გადავკვეთე, იმ წამსვე გაქრნენ ისინი! მამა იოსებმა გვითხრა:

– დასხედით, ბიჭებო.

ჩვენს ტანსაცმელს ოფლისგან გაწურავდით, ისეთ დღეში ვიყავით.

– გამოიცვალეთ, ჭამეთ და დაიძინეთ. ხვალ სულთმოფენობაა და წირვა გვექნება.

ვჭამეთ და ცოტა სული მოვითქვით.  მამა იოსებთან პირისპირ შეხვედრა ვერ მოვახერხე, რახან გვითხრა რომ დაგვესვენა. მეც ტომარაში ქვები ჩავყარე, საწოლზე დავყარე და საკუთარ თავს ვუთხარი: ,,აი ეხლა, დაგსჯი იმის გამო, რომ ასეთ დღეს ტვირთის ზიდვა არ გინდოდა! ქრისტემ ჯვარზე გაცილებით დიდი ტკივილი დაითმინა’’. რა თქმა უნდა, ეს არ იყო გონივრული ქმედება, მაგრამ საკუთარი თავის ყვედრების განწყობის გამო, უფალმა მადლი უხვად მაჩუქა.

როგორც კი დამეძინა, ერთ მშვენიერ მდელოზე აღმოვჩნდი. ჩემს მარჯვნივ მამა იოსებ უმცროსი(ვატოპედელი) იდგა, მარცხნივ კი მამა არსენი. მოშორებით ულამაზესი, გამოუთქმელი ყვავილებით დაფარული ბორცვი მოჩანდა, რომელზეც მამა იოსები იდგა და გვითხრა:

– ახლა კონსტანტინე დიდი ჩაივლის და მისგან კურთხევა აიღეთ!

მეც ჟესტით ვუპასუხე ,,როგორც მაკურთხებთ-მეთქი’’. როდესაც წმინდა კონსტანტინე მობრძანდა, ვერც კი გავბედე მისთვის შემეხედა, ისე მოვიდრიკე მუხლი. როცა წამოვდექი, კონსტანტინე დიდის ნაცვლად ყრმა-ქრისტე ვიხილე, რომელმაც გამიღიმა, ჩემსკენ დაიხარა, ჩამეხუტა და გაიქცა. ო, როგორმა არამიწიერმა სიხარულმა მომიცვა!

როდესაც გამეღვიძა, სულში ისევ ის სიხარული მქონდა. მივედი მამა იოსებთან და ყველაფერი მოვუყევი. მანაც მკითხა, წინა დღეს როგორი გულისსიტყვები გქონდაო და მოვუყევი ყველაფერი, თუ როგორ ვიბრძოდი და ვიგერიებდი ბოროტის შემოტევებს.

მან მითხრა:

– როდესაც ადამიანი ღვაწლს აღასრულებს, ქრისტე ასეთ ნუგეშს აძლევს მას. მაგრამ შენ აწი ქვებზე აღარ დაიძინო!

ასეთ დროს გამოცდილი მოძღვარია საჭირო, რადგან მსგავსი ხილვები შეიძლება ბოროტისგანაც იყოს და ხიბლში აღმოჩნდე. ამ შემთხვევაში ეს ქრისტეს საჩუქარი იყო, რომელიც მოთმინების გამო მომცა.

* * *

ზღვის პირას, კარგად შემაღლებულ ადგილას ვცხოვრობდით. ზოგჯერ მენავე ფოსტალიონი ყვიროდა-ხოლმე:

– მამა არსენი!

ეს იმას ნიშნავდა, რომ მან ან წერილი მოგვიტანა, ან ვიღაც გვესტუმრა და ამიტომაც, დასახვედრად ქვემოთ უნდა ჩავსულიყავით.

მამა იოსები მეუბნებიდა:

– პატარავ, მოკიდე ჩანთას ხელი და გაიქეცი. მეც მოვიგდებდი ზურგზე ჩანთას და კვერთხით ხელში ათ წუთში ზღვასთან ვიყავი ხოლმე.

ზოგჯერ მამა არსენის კარგად არ ესმოდა და ცდებოდა. ყვიროდნენ: ,,მამა არტემი!’’ – ჩავდიოდი და მეუბნებოდნენ, მამა არსენის კი არა, მამა არტემის ვეძახდიო. გულისსიტყვა ჩემს აღშფოთებას ცდილობდა: ,, მამა არსენის ყურში დააკლდა და ახლა მამა იოსებს ეუბნება, რომ სანაპიროზე ჩავირბინო’’. ვპასუხობდი: ,,შე სულელო ეშმაკო! რას ბოდავ? მამა არსენისთვის რომ დაეძახათ ახლა ტვირთით უნდა ამოვსულიყავი, ახლა კი მსუბუქად ახვალ. აი ერთი დადებითი მხარე! მეორე კი იმაშია, რომ მორჩილება აღვასრულე. მადლობა უფალო შენ და მამა არსენის! ხომ არაფერი დამიკარგავს, პირიქით, მორჩილებაც აღვასრულე და მადლიც მივიღე’’.

* * *

ხორციელი ბრძოლისა და არაწმინდა გულისსიტყვების შემოტევაც მქონია. ქრისტეს მადლით, ერში მსგავსი არაფერი ვიცოდი და არც რაიმე წარმოდგენა მქონდა ამაზე. პატარა ასაკიდანვე ქრისტეს გზაზე ვიდექი და დედასთან ერთად სულიერი ცხოვრებით ვიყავი დაკავებული, ვმარხულობდი და ასკეტურ ცხოვრებას ვცდილობდი. არანაირი ხორციელი საცდური არ მქონია. თუმცა, ახლა ეშმაკმა მოინდომა, რომ ამითიც შევეწუხებინე. აჰა, ასე? წავედი მამა იოსებთან:

– მამაო, რა გავაკეთო?

– რა გააკეთო შვილო? ურტყი ამ ფანტაზიას იესუს ლოცვით, მაგრად ურტყი და თუ ძლიერია, კიდევ უფრო ძლიერად შეებრძოლე. სიკვდილზე უნდა წახვიდე, რათა სული გადარჩეს.

– აჰა, ესე იგი ასე უნდა ვიომო!

მეც შევუდექი. ომი ომია!

გულისსიტყვები მოდიოდნენ, მაგრამ ქრისტე მათ კი არ უყურებდა, არამედ ჩემს ბრძოლას უმზერდა. ასე შევიძინე გამოცდილება და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მამა იოსების სიმართლეშიც, რომელიც ვნებების წინააღმდეგ მამაცური და სწორი ბრძოლის ნაყოფების შესახებ გვესაუბრებოდა ხოლმე. ჩემთვის ვფიქრობდი: ,,ნახე, რა მშვენიერია ბრძოლა!’’. ბრძოლის შემდეგ კეთილსურნელება აღავსებდა ჩემს სულს.

ასე ვისწავლეთ მამა იოსებისგან, რომ განსაცდელისას საკუთარ თავს ვაიძულოთ და როდესაც გულისსიტყვები გვიტევენ, უკან არ დავიხიოთ. ის გვეუბნებოდა:

– შეეწინააღმდეგე და ვნებაც უკან დაეხევს! რატომ? იმიტომ, რომ შენ დემონი გებრძვის, რომელიც პიროვნებაა. მას განსაზღვრული ძალა აქვს და უფალმაც გარკვეულ საზომამდე მისცა შენთან ბრძოლის უფლება. როგორც კი ქრისტესგან დაწესებულ ამ საზღვარს მიაღწევს და ძალებს ამოწურავს, ყველა შემთვევაში უკან დაიხევს. შემდეგ რა იქნება? გამარჯვებას მოიპოვებ!

გულისსიტყვები აუცილებლად უნდა მოსულიყვნენ. მეც, როგორც ნებისმიერ სხვა მოღვაწეს, აუცილებლად უნდა განმეცადა მათი თავდასხმები. ისინი, როგორც წესი ღმერთის დაშვებით მოდიან, რადგან მას სურს, რომ ბრძოლის გამოცდილება მოგვცეს. ამის შესახებ მოსეს ცხოვრებაშიც ვკითხულობთ. მან ებრაელები ეგვიპტიდან გამოიყვანა და აღთქმული მიწისკენ გაუძღვა, თუმცა ღმერთმა მტრულად განწყობილი ზოგიერთი ტომი არ გაანადგურა, რათა ისრაელის ძეებისთვის ბრძოლა ესწავლებინა. ჩვენს შემთხვევაშიც ასე ხდება, უფალი ზოგიერთ ვნებას ტოვებს ჩვენში, რათა მის მოწააფეებს დემონების წინააღმდეგ ბრძოლა ასწავლოს.

მეც ხან ერთი ვნება შემომიტევდა, ხან მეორე და ხანაც მესამე. თუკი ეს თავდასხმები შეწყდებოდა და რამდენიმე დღით მშვიდობა მქონდა, ვხედავდი, რომ სულიერად ვეღარ ვიზრდებოდი. ერთ ადგილს ვტკეპნიდი და წინ ვეღარ მივდიოდი. ასე ხდება, როდესაც მშვიდ ზღვაში ნაგავს ყრიან: ზოგი ქაღალდს აგდებს, ზოგი ბოთლს და ზოგიც კიდევ ვინ იცის რას. საქმე იმაშია, რომ თუ შტორმი არ მოხდა, ზღვა ბინძური დარჩება. მეც ასე ვხედავდი, რომ ყველაფერი წესრიგში არ მქონდა და ჩემი სული ბრძოლას ითხოვდა. ,,ომი! ნეტავ რაღაც ბრძოლა დაიწყებოდეს! თორემ ჩემი საქმე არც ისე კარგადაა’’.  ჰოპ! ბრძოლაც იწყებოდა. ბრძოლა! როგორც კი ის ცხრებოდა, ჩემს გულს ქრისტეს უტკბესი მადლი ეხებოდა.


* * *

როგორც მამა იოსები გვასწავლიდა, სიწმინდის მოხვეჭის მცდელობა თამაში არ უნდა გვეგონოს. ადამიანი მას გულისსიტყვებთან უკანდაუხეველი ბრძოლის გარეშე ვერ შეიძენს. მონაზონს საერო ცხოვრებაში რომც არ განეცადა ხორციელი დაცემები, მონაზვნური ღვაწლისას დემონი მასთან ნამდვილ ომს იწყებს. მას მთელი თავისი უწმინდურობის ნიაღვარი მოაქვს და მოღვაწის გულსა და სხეულში წარმოსახვების მიერ გაშმაგებულ ომს იწყებს. აქ ვლინდება მონაზვნის სულიერი მდგომარეობა. თუ ოცნებებსა და წარმოსახვებს დაუთმობს, დემონურ უწმინდურებას შეიწყნარებს და საკუთარ სულში გულისსიტყვებს შეიტკბობს, იმ წამიდანვე სულიერი, გონებრივი, გულისმიერი და სხეულებრივი დაცემა იწყება.

მამა იოსები გვეუბნებოდა: ,,თუ მონაზონი ხორციელ დაცემაში აღმოჩნდება, შემდეგ ძალიან დიდი ღვაწლი სჭირდება, რომ გათავისუფლდეს. თუკი თავისი დაცემის შესაბამის ღვაწლს არ იტვირთავს, მაშინ უფალი მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვდასხვა სახის განსაცდელებს მიუვლენს. ამიტომაც ახალგაზრდობიდანვე საჭიროა შრომა, ღვაწლი და ბრძოლა, რათა დავამარცხოთ ეშმაკი და სიწმინდე აღმობრწყინდეს ჩვენს სულში. ამ გამარჯვებაზეა დამოკიდებული მონაზვნის ამქვეყნიური და იმქვეყნიური ხვედრიც’’.

კიდევ გვიხსნიდა, რომ სიწმინდის მოხვეჭაში გონიერი ლოცვისთვის ღამე წამოდგომა, წარმოსახვებისადმი სიფხიზლე და ყურადღება გვეხმარება. მოძღვრის წინაშე გულის გახსნა, ცრემლები, სინანული, ჭეშმარიტი და გულწრფელი მორჩილება, სწორი დამოკიდებულება მოძღვრისადმი და ზომიერი თავშეკავება, ის მაკურნებელი და დამხმარე საშუალებებია, რომელიც მონაზონსაც და ნებისმიერ ადამიანსაც გონების სიწმინდისა და ლოცვის ძალის მოხვეჭაში ეხმარება.

კიდევ გვასწავლიდა: ,,მოღვაწე ნებისმიერ ვნებას სწორი მიდგომით უნდა ებრძოდეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიტკბო ისინი და უკან დაიხიო. ეს მხოლოდ ხორციელ ვნებას კი არ ეხება, არამედ ნებისმიერ სხვასაც. განკითხვის გულისსიტყვა მოვიდა? არ იჯდე გულხელდაკრეფილი. თემა დახურულია! თუ მოყვასის წინააღმდეგ ცუდს ჩაგაგონებს, ეს იმას ნიშნავს, რომ განკითხვაა და დიდი საფრთხე გემუქრება. მოიკვეთე და შენს თავს უთხარი: ,,ეს ადამიანი სწორს ამბობს, სწორად შრომობს, მე კიდევ ჩემს ძმაზე სიამაყითა და მზაკვრობით ვსაუბრობ’’. აქედან გამომდინარე, საუბარიც ზედმეტია. თუ ამ ვნებას არ მოიგერიებ, მასთან ფარულ საუბარს დაიწყებ ისე, რომ ვერც კი შეამჩნევ, უკან დაიხევ და მერე კიდევ ხორციელი ბრძოლები დაგეწყება. თუ მაშინაც ვერ მოეგები გონს, მადლი დაგტოვებს და დაეცემი. თუ ამის შემდეგაც არ შეინანებ და არ შეწყვეტ განკითხვას, შენს დაცემას ყველაზე საზარელი შედეგი მოჰყვება: დარჩები ვნებებში და ამ მდგომარეობით მიუახლოვდები სიკვდილს. სიკვდილის შემდეგ კიდევ ძალიან გაგიჭირდება! როგორ წარსგდები ქრისტეს წინაშე?’’

მეუბნებოდა:

– შვილო, ხორციელი ბრძოლა იმდენად  არ მომდინარეობს ზედმეტი ჭამისგან, ზედმეტი სმისგან და ზედმეტი ძილისგან, რამდენადაც განკითხვისგან.

– რატომ მამაო?

– რათა შევიცნოთ, რომ ჩვენც იმავე დაცემული ბუნების მატარებელნი ვართ. რომ ჩვენც გვებრძვის ეშმაკი და ყველანი განკითხვის ღირსნი ვართ. გინდა კიდევ ერთი სულიერი საზომის შესახებ გაიგო?

– რომელი საზომის, მამაო?

– თუკი ადამიანი მოყვასს არ განიკითხავს, ეს იმის ჭეშმარიტი მოწმობაა, რომ ის ცხონებულია. ვინც არ განიკითხავს, არ განიკითხება.

როდესაც დიდი განსაცდელები მქონდა, მეუბნებოდა ხოლმე: ,,შენ, შვილო, ასაკით ჯერ კიდევ პატარა და გამოუცდელი ხარ, მაგრამ დიდი მამების განსაცდელებს გადიხარ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გამოცდილება და შრომა მომავალში დაგჭირდება, ან უხვი მადლი შეეხება შენს გულს’’. მე კიდევ, ამ განსაცდელებისგან გულისსიტყვებისა და ვნებების წყვდიადში ვიმყოფებოდი. განა ახლა თავისუფალი ვარ მათგან? ამიტომაც ვერ ვიგებდი მამა იოსების წინასწარმეტყველურ და ბრძნულ სიტყვებს, რომლებიც სუფთა ოქრო იყო.


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©