scaled

უფალთან მყოფობის სურვილი – ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

 ადამიანი, რომელიც ეძიებს უფალს და ისწრაფვის მასთან ერთობისთვის აღივსება კიდეც უფლის მყოფობით, როგორც დავით მეფსალმუნე ამბობს: „ხოლო მე სიმართლითა ვეჩუენო პირსა შენსა, განვძღე გამოჩინებასა დიდებისა“ ( (ფს. 16 :15) რაც ნიშნავს, რომ ადამიანი განიცდის სისავსეს, როდესაც დაინახავს უფალს და შეიცნობს მის არსებობას.

გამოცდილებითაც მტკიცდება, რომ თუ ადამიანს აქვს პირადი ურთიერთობა უფალთან, იგი აღარ განიცდის სიცარიელეს საკუთარ თავში.

 ღვთის მადლს გასაოცარი თვისება აქვს: მიუხედავად იმისა დიდი წმინდანი იღწვის უფალთან შესახვედრად, თუ უბრალო ადამიანი, თითოეული იღებს მადლისმიერ ცოდნასა და გამოცდილებას, აქვს უფალთან მყოფობის გემოს ხილვა.

 მიუხედავად იმისა, ადამიანში მადლი მცირედაა თუ უხვად, მას არ აქვს სულიერი ვაკუუმის განცდა. ადამიანი, რომელიც უფალთან მყოფობს, აქვს სისავსის შეგრძნება, სრულყოფილი სისავსის. ამიტომ ის აღარ მიილტვის სხვა რამისკენ, აღარ სჭირდება უწინდელივით საკუთარი სიცარიელის შევსება, დროის გახარჯვა ანდა ინტერესის დაკმაყოფილება.

ჩვენ ხშირად ვკითხულობთ, ხომ არ არის ესა თუ ის მოვლენა ცოდვა. მაგალითად ცოდვაა მოწევა? ცოდვაა დალევა? დისკოთეკებზე ანდა სხვა მსგავს ადგილებში სიარული? ცოდვაა ყოველივე ეს?

 ჩვენ არ შეგვიძლია მათზე პირდაპირი პასუხები გვქონდეს, რადგან თავად შეკითხვის ფორმაა არასწორი, შესაბამისად მათ პირდაპირ ვერ გავცემთ პასუხს.

მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ: ადამიანს, რომელსაც უფალთან აქვს კავშირი, არ აქვს მოწევის, დალევის, ქუჩებში ხეტიალის მოთხოვნილება, რათა ამ გზით გაიყვანოს დრო. ის საკუთარ თავში სისავსეს და წონასწორობას გრძნობს, რაც მას მხნეობას მატებს რომ განერიდოს ყოველივე ზედმეტს, შეინარჩუნოს წონასწორობა და ბედნიერება.

ჩვენ ბევრს ვზრუნავთ, რომ ცხოვრება ათასი რამით შევივსოთ. მაგალითად, არსებობენ ადამიანები, რომლებიც შინაგანი სიცარიელის გამო, რაიმეს ყიდვის მანია შეიპყრობთ ხოლმე, ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს სავაჭრო საქმიანობას, მაგრამ თავად ადამიანისთვის სულიერ პრობლემად იქცევა.

 ეკლესია უპოვარების შესახებ გვაუწყებს: ნუ მიისწრაფვი რაიმეს ფლობისკენ, რათა არაფერზე არ იყო დამოკიდებული; დაკმაყოფილდი იმით, რაც გაგაჩნია; სხვა არაფერი გჭირდება.

უპოვარება მონაზვნის მთავარ სათნოებად ითვლება – ბერებს არ უნდა გააჩნდეთ არაფერი. რატომ? რადგანაც საკუთარი ცხოვრება არ დააფუძნონ უსაფუძვლო დასაყრდენებზე, მიეჩვიონ სწორად დგომას. რათა არ ქონდეთ ღელვა, ნაკლებმნიშვნელოვანი და უსარგებლო საგნებით სიცარიელის შევსებაზე . ანდა როგორც მამა პაისი იტყოდა, არ ავივსოთ გული უსაფუძვლო ნიადაგით, რომ შემდგომ მთელი გუნდის შეკრება არ გახდეს საჭირო ამ ნაგვისგან განსაწმენდად.

 ერთხელ მამა პაისს ყავის მადუღარა მოუტანეს. მას მსგავსი არაფერი გააჩნდა, რადგან საკვებს არ ამზადებდა. ჰქონდა მხოლოდ რძის ქილა, რომელსაც წყლის ასადუღებლად იყენებდა, რათა სტუმრებისთვის ჩაი მოემზადებინა. დაინახეს როგორ ადუღებდა ბერი ჩაის და მოუტანეს მადუღარა. მამა პაისიმ მჩუქებელს უთხრა: „რატომ მომიტანე ყავის მადუღარა, როცა მე მისი დასადგამი ადგილიც კი არ მაქვს? ე. ი. საჭიროა მისთვის თაროც მომიტანო, ხოლო მის კედელზე მისამაგრებლად ლურსმნებიც დაგვჭირდება, შემდგომ საჭირო გახდება ამ ჭურჭლისთვის სარეცხი საშუალებაც, თანაც შესარჩევი იქნება თუ რომელი აჯობებს, ამიტომ მადუღარა შენ დაიტოვე, მე კი შემდგომშიც შემიძლია დავკმაყოფილდე ქილით, რომელიც ძალიან დიდი ხანია მემსახურება“.

 როდესაც მამა პაისთან მივედი, ერთდროულად გამაკვირვა და შემაშინა, მისმა სრულმა უპოვარებამ. მას არაფერი გააჩნდა, არ ვიცი რამდენად წარმოიდგენთ, რომ ადამიანი ცხოვრობს სახლში, სადაც არაფერი არ არის. ოთახში რამდენიმე ხის ყუთი ეწყო, რომლებზეც ორი-სამი ძველი საბანი იდო. კედლებზე ქაღალდის ხატები ეკიდა. როდესაც საცხოვრებელს იცვლიდა, იღებდა 2 ჩანთას და მიდიოდა. ზამთარში, სიცივის დროს ყველა სამოსს ერთად იცვამდა და ხუმრობით ამბობდა, რომ თუკი სადმე მიდის, არ სჭირდება რაიმეს გამო დაბრუნება, რადგან თავისი ყველა ტანსაცმელი აცვია.

მისი გარდაცვალების შემდეგ, ეძებდნენ ნივთებს, რომ რაიმე წამოეღოთ, მაგრამ ვერაფერი იპოვეს.

ერთხელ მასთან ერთი კაცი მივიდა. ბერმა დაინახა რომ მას სციოდა და მისცა შესამოსელი, მაშინ სტუმარს გაუჩნდა „ბრწყინვალე იდეა“, მოეჭრა ღილი და წაეღო დალოცვის სახით. ასეც მოიქცა და ღილები თან წაიღო. ბერმა დაინახა რომ ტანისამოსს აღარც ერთი ღილი არ შერჩენოდა და იცით რა ქნა? დაჭრა ტოტები და ღილების ნაცვლად მოარგო.

 უბედურებაა როდესაც ადამიანი სიცარიელეს განიცდის, რომელსაც აჩენს ზედმეტი ნივთების ქონა, ისეთი უსარგებლო ნივთებისა, რომლებიც რომ ჰკითხოთ რა საჭიროა, ვერც კი გიპასუხებთ. ესაა ადამიანის სულიერ სამყაროში სიცარიელის მიმანიშნებელი.

ასევე არ ღირს რაიმეს უპასუხოდ დატოვება. უნდა ვიყოთ ყურადღებით, როდესაც გვეკითხებიან. განსაკუთრებით მნიშნელოვანია ვუპასუხოთ ბავშვებს. ნუ დატოვებთ უყურადღებოდ თქვენი პატარების შეკითხვებს, უპასუხეთ მათ სერიოზულობით, არა მიამიტურად და ბავშვურად, თავის მართლებით, არამედ სერიოზულობით, მაგრამ თან ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე, რომ მიხვდნენ პასუხის ჭეშმარიტებას.

 როდესაც პასუხი არ გვაქვს ჩვენს ირგვლივ არსებულზე, მაშინააც ჩნდება ჩვენს სულიერ სამყაროში სიცარიელე.

 ხოლო როდესაც ადამიანი ამყარებს უფალთან კავშირს, ძიება, რომელიც მას მანამდე ჰქონდა სრულდება. მაშინ ის საკუთარ თავს ეკითხება: „მანამდე რატომ ვკავდებოდი ამ ყოველივეთი, მივედ-მოვედებოდი მარჯვინივ და მარცხნივ, დავდიოდი გასართობად, რათა დრო გამეყვანა, მესაჭიროებოდა კი ეს ყოველივე, საათობით რომ ვიჯექი სარკის წინ ან ვიდექი აქ თუ იქ უმიზეზოდ?“ ხანდახან ეს ამაოება სასაცილოდაც გამოიყურება. ერთხელ, როდესაც გადასასვლელთან ვიდექი და შუქნიშანზე ჩემს გზას ველოდი, შევნიშნე საპარიკმახერო და ფანჯარაში დავინახე იქ მოსული საწყალი ქალები.

შეიძლება შეგეცოდნენ კიდეც როცა ხედავ რას იტანენ და რამდენ დროს ხარჯავენ ამაში. თანაც საკმაოდ ხშირად, არა წელიწადში ერთხელ არამედ გაცილებით ხშირად. არსებობენ ისეთებიც, ვინც იქ ყოველდღე ან დღეგამოშვებით დადის. ამის დანახვა მტკივნეულია. აღარაფერს ვამბობ თუ როგორი უსარგებლოა ეს ყველაფერი..

ადამიანი ვერ დანაყრდება ხელოვნური საკვებით, მას არც ბავშვის სამყოფი საკვები ეყოფა. განსაკუთრებით როცა საქმე სულიერ საკითხებს ეხება.

 ადამიანი შინაგანად მხოლოდ მაშინ ძლიერდება, როდესაც მყარი საკვებით იკვებება, და ეს მყარი საკვები – უფლის მასთან მყოფობაა.

ამ შემთხვევაში ადამიანი მართლა სისავსესა და ბედნიერებას შეიგრძნობს, იმ ჭეშმარიტ სიხარულს მხოლოდ მაშინ განიცდის, თავისუფლებას და ადამიანად მყოფობის სიდიადეს. არ ვიცი გიგრძვნიათ თუ არა ოდესმე, რომ შეიძლება საკუთარ თავს შეხედო და გიხაროდეს, რომ არსებობ, არა თვითმოყვარეობით და ხიბლით, არამედ ხედავდე რამხელა სიბრძნით და სიფაქიზით შექმნა ღმერთმა სამყარო და ადამიანი, თითოეული ჩვენგანი და თავად ჩვენ. ამგვარი მდგომარეობით ადამიანი უფლისკენ საოცარი მადლიერებით მიდის და როცა ამ სისავსეს შეიგრძნობს, ის აღარ განიცდის ისეთ ავადმყოფურ ემოციებს, როგორიცაა: ეჭვი, შური, შიში, ყველაფერ ამას: „მან ეს მითხრა“, „მან ეს გამიკეთა“, „მან წამართვა“.

 ობიექტურად ეს ყოველივე შეიძლება მართლაც ასე იყოს: მითხრა, გამიკეთა, წამართვა – მაგრამ ეს ჩვენს სულერ სამყაროზე არ ტოვებს არანაირი სიცარიელის კვალს, რადგან არაფერს ნიშნავს ჩვენთვის.

 მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ განვიცდით სისავსეს უფალთან კავშირის ქონით და ჩვენ აღგვავსებს ქრისტეს სიტყვა. ადამიანი ღვთის მყოფობით ივსება.

 როცა რაიმეს გაკეთების მოთხოვნილება გვაქვს, საჭიროა საკუთარ თავს ვკითხოთ, თუ რატომ და რისთვის ვაკეთებთ. მაგალითად, ჩვენ რაში გვჭირდება ეს? იმისთვის, რომ სიცარიელე შევივსოთ და ცხოვრებას აზრი შევძინოთ? რომ დავამოწმოთ ჩვენი არსებობა? იქნებ, იმიტომ, რომ ვემორჩილებით ჩვენს შინაგან მოთხოვნილებებს, რადგან სინამდვილეში უფალთან ჩვენი კავშირი სულაც არ არის ჩვენი უმთავრესი მამოძრავებელი?

ამრიგად, თუ ყველა პრობლემას გააანალიზებს, საზოგადოს, ოჯახურს, პირადს, მაშინ ადამიანი საბოლოოდ საკუთარ თავამდე მივა. როცა საკუთარ თავს მიაღწევს, განაგრძობს უფრო სიღრმისეულ ძიებას და პოულობს ყველა ამ პრობლემის სათავეს – უფალთან კავშირის არქონას.

სწორედ ამ კავშირის არ ქონისგან ჩნდება ყოველგვარი ბოროტება.

გარეგანი სამყაროს ყველა პრობლემა: ომები, შიმშილი, სიღატაკე, კრიმინალი, ნარკოტიკები – ამ ხის ნაყოფებია.

ნარკომანის პრობლემა არ არის მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარება – ეს უკვე ნაყოფია. ნარკოტიკების მიღების მიღმა უამრავი რამ არის დაფარული, მთელი ისტორია თუ რატომ იღებს ადამიანი მას. აქამდე როგორ მივიდა? რატომ გახდა საჭირო? თუ ექნებოდა შინაგანი სისავსის განცდა – დაუწყებდა კი მას ძებნას ?

როდესაც ადამიანი ეცემა, ის კარგავს თავისუფლებას და ნარკოტიკს ემონება.

ასეა ყოველი ვნება.

როდესაც ვსაუბრობთ ვნებებთან ბრძოლის შესახებ, ამით თან ვადასტურებთ ამ ვნებებისადმი მონობას, მათდამი მოთხოვნილებას.

რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ჩვენში არ არის ყველაფერი ბოლომდე სრულყოფილად.

ნიშნავს, რომ სიცარიელეები გვაქვს, და სწორედ ამიტომ, რაღაც ჩამნაცვლებელს ვეძებთ, რათა აღვივსოთ.

წყარო: http://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •