IMG 5891

უფლის დიდება მისი ჯვარია

არქიმანდრიტი ეფრემის (ვატოპედელი) სიტყვა წარმოთქმული ჯვართამაღლების წირვის შემდგომ ტრაპეზზე

ეკლესია დღეს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ჯვრის პოვნის ისტორიულ მოვლენას წარმოაჩენს. მემატიანის თანახმად, მაშინ იერუსალიმის პატრიარქი წმიდა მაკარი იყო. მან კონსტანტინე მეფის დედასთან, წმიდა ელენესთან ერთად, პატიოსანი ჯვარი მოიძია. ჯვარი აუცილებლად უნდა მოძებნილიყო. თუკი მისი ნიშიცა და ფორმაც ეშმაკების წინააღმდეგ იარაღია, რამდენად მეტად თვითონ ის ძელი (ხე), რომელზედაც გაეკრა თვით მეუფე და უფალი.

ეკლესია, როგორც ვთქვით, იხსენებს ჯვრის აღმოჩენის ფაქტს. წარმოიდგინეთ, ეკლესიას ეს კონკრეტული ძელი რომ არ ჰქონოდა, რომელზედაც ქრისტე ჯვარს ეცვა.. მხოლოდშობილმა ძემ, ღმრთის ჯვარცმულმა ძემ, სათნო-იჩინა მოძიებულიყო ეს ხე, დანაწევრებულიყო და მიჰმადლებოდა მთელს მსოფლიოს.

მონასტრებში, განსაკუთრებულად კი ათონურ მონასტრებში გადმოიტანეს ყველა ის სიწმიდე, რაც ჯვაროსნებისა და კონსტანტინეპოლის დაცემის შემდეგ შემორჩა. ამიტომ, ათონი მოქმედი ბიზანტიაც არის.

ეკლესია, პარალელურად, ჯვრის სიმბოლურ მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს. არ კმაყოფილდება მხოლოდ იმით, რომ ვემთხვევით პატიოსან ჯვარს, რაც, აგრეთვე, აუცილებელია.

ბებიაჩემი მახსენდება. მას ერთი უბრალო ხის ჯვარი ჰქონდა. მისი მშობლებისგან ჰქონდა ნასწავლი, რომ სანამ სადმე წავიდოდა (სოფლის ფარგლებშიც კი), აუცილებლად ჯვარს უნდა მთხვეოდა. სახლიდან არ გავიდოდა, თუ ჯვარს არ სცემდა თაყვანს.

ახლა, მონაზვნობაში მახსენდება ერთი ამბავი: ერთხელ, სადღაც წავიდა (კარებიც კი ჩაკეტა უკვე), მაგრამ გაახსენდა, რომ ჯვარს არ მთხვეულიყო. მობრუნდა უკან, ემთხვია და ამის მერე გაეშურა. ამბობდა, ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო. ის შევადარე მონაზვნებს, რომლებიც სადმე მიდიან ისე, რომ მოძღვრის კურთხევას არ იღებენ, რჩებიან საფარველის გარეშე. ასევე, ეს მოხუცი ქალიც, მხოლოდ ჯვრის ძალით აღჭურვილი მიდიოდა საქმეზე. დიდი რამაა, როცა კაცი ჯვარს პატივს მიაგებს.

გუშინ ასეთი ამბავიც გამახსენდა წმიდა პაისისთან დაკავშირებით: ერთი არქიმანდრიტი იყო (სახელს არ ვიტყვი, უკვე გარდაიცვალა). უბრალო კაცი იყო, ძალიან უყვარდა ჯვრების ტარება. დაიკიდებდა ხოლმე და ათვალიერებდა, ტკბებოდა. სხვები უყურებდნენ და ერთმანეთს თვალს უკრავდნენ. დღის განმავლობაში შეიძლება ხუთი ჯვარიც კი გამოეცვალა. მივიდა თუ არა წმიდა პაისისთან, ამ უკანასკნელმა უთხრა (თუმცა არაფერი იცოდა მის შესახებ):
„მამაო, ჯვრებით კი ნუ იქნები დაკავებული, არამედ ჯვარცმულით“.

ჭკუაზე მოიყვანა, რომ იტყვიან. ეს თვითონ მომიყვა წმინდანმა ნეა სკიტში, წმიდა სპირიდონის კალივაში რომ ვცხოვრობდი, მაშინ. მან ჩვენი ბერი იოსები მოინახულა და რადგან ჩვენს მოძღვარს დასარჩენი ადგილი არ ჰქონდა იმხანად, მეზობელ კალივაში გამოაგზავნა. ბევრი ვილაპარაკეთ მაშინ. გამაკვირვა მისმა გონიერებამ, თუ როგორ რბილად, ხუმრობა-ხუმრობაში უთხრა სათქმელი და მეორე მხრივ, გამოაფხიზლა კიდევაც. მართლაც, როცა კაცი ჯვარზე ლაპარაკობს, ლაპარაკობს ჯვარცმულზე.

ჯვარს ჯვარცმულის გარეშე ფასი არ აქვს. ეკლესიამ ღმრთივშთაგონებით ამ დღის წირვაზე სახარებიდან ჯვარცმის საკითხავი დააწესა, რადგან დღევანდელი დღე ჯვარცმული იესო ქრისტეს დღეა. ვხედავთ რამდენად მადლიანია სახარებისეული თხრობა. ვხედავთ პილატეს, პატივმოყვარე, მთავრობისმოყვარე, დიდებისმოყვარე კაცს. როდესაც ქრისტემ პასუხი არ გასცა, გაბრაზდა:
იცი, მე ვინ ვარო?! მე ვარ ის, ვინც გადაწყვეტს, გაგიშვან, გაგამართლონ თუ დაგსაჯონო.
უფალი კი მას დიდი ოსტატობით „თავის ადგილას აყენებს“ – არანაირი ძალაუფლება არ გაქვს, თუ მაღლიდან არ მოგეცა ეს ხელმწიფებაო.

პილატე ჭკვიანი კაცია. ყველა ამ სიტყვას გულში ინახავდა. ხვდებოდა, რომ უბრალო, შემთხვევითი პასუხები არ იყო, მაგრამ მთავრობისმოყვარებამ და დიდებისმოყვარებამ არ მისცა უფლება, რომ ისე გამოეხატა თავისი აზრი, როგორც ამას სინდისი კარნახობდა. შეეშინდა, რომ გადააყენებდნენ. ხალხიც ფანატიზირებული იყო. იერუსალიმელები იმდენად გახელებულები იყვნენ, რომ იმეორებდნენ: „ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე!“ (ლუკა 23:21)

ორჯერ რომ იმეორებს მახარებელი, არაა შემთხვევითი. არ თქვეს უბრალოდ – ჯვარს აცვიო. თანაც ვინ? იესუ ქრისტე, რომელზედაც იოსიპ ფლავიუსიც კი წერს, რომ კეთილისმყოფელი იყო ხალხისთვის. ადამიანებს კურნავდა, არავისთვის დაუშავებია რამე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, პირველ დამნაშავედ მიიჩნიეს. დაიჭირეს, შეიპყრეს.

ერულად რომ განვსაჯოთ, ერთიცა და მეორეც წაგების, დამარცხების ნიშანი იყო. ამიტომაც, მოციქულებმა დატოვეს იგი. თქვეს: კი, კარგი კაცი იყო ჩვენი მოძღვარი, კურთხეული ადამიანი იყო, მაგრამ ეს იყო და ეს…
ვერ წარმოედგინათ, რა შეიძლება მომხდარიყო მოჩვენებითი დამარცხების, მოჩვენებითი წარუმატებლობის შემდეგ. უფალი დამარცხებულს ჰგავდა, 12 კაცი ჰყავდა და ყველა გაიფანტა, ზოგი სად და ზოგი სად, თვითონ კი მარტო დარჩა. სანამ მათთან ერთად იყო, ამას ეუბნებოდა, მაგრამ მათ ხომ არ ესმოდათ..

გაიფანტებით და მე მარტო დამტოვებთო. მაგრამ არ ვარ მარტო, რადგან ჩემთან ერთად მამა არისო.

ქრისტე მიეცა ჯვარცმად.

და რას წერს იოანე?! – მიიდრიკა თავი და განუტევა სულიო.

ჩვეულებრივი ადამიანი ასე კვდება? რომელი ადამიანი მოკვდა ასე? ჯერ განუტევებს სულს და მერე მიიდრეკს თავს.

მახარებლებმა კი პირიქით დაწერეს, რატომ? რათა სიმართლე ეთქვათ, რომ უფალი ნებსით ეცვა ჯვარს, ნებსით დაეფლა, ნებსით მოკვდა.
ნებსით! არავინ აიძულა, არავინ დააძალა. ნებსითია მისი ვნება.

როგორც ვამბობთ ვნების შვიდეულში:
„მომავალმან ნებსით ვნებად ქრისტემან, ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან…“
ამ ნებსითი ვნების მადლმა, ვლოცულობ, რომ გაგვანათლოს, თვალწინ ყოველთვის გვქონდეს უფლის ვნება. მამა ზაქარია გვიამბობდა წმინდა სოფრონის ნათქვამს:

მართალია, მართლმადიდებლობაში უმთავრესი მოვლენა ქრისტეს აღდგომაა, ყველაფრისა და ყოველივეს გვირგვინი და აზრი, რადგან იგი სიკვდილზე გამარჯვებაა, მაგრამ მე არ შემიძლია ჯვარი დავივიწყო, არ შემიძლია დავივიწყო ჯვარცმული. მინდა, მუდამ ის მყავდეს თვალწინ, იგი შთამაგონებდესო..

ხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯვარზე ებრაულად, ბერძნულად და რომაულად ეწერა: „იესო ნაზარეველი, მეუფე ჰურიათა“, წმიდა მამებმა სხვა წარწერა ამჯობინეს – „მეუფე დიდებისა“. რამეთუ, ქრისტეს დიდება მისი ჯვარია. ამიტომ, ჩვენც გულში ჩავიკრათ ჯვარი. ნუ ვდრტვინავთ და ვწყრებით, როდესაც განსაცდელები გვეწვევა.

წმიდა პაისი მეუბნებოდა:
როდესაც ადამიანის სული ამ ქვეყნიდან გადის, მისი „დაცვის მოწმეები“, ადვოკატები, სწორედ ამქვეყნიური სირთულეები ხდება.

სხვა დროს კი ეს მითხრა:
მადლის ყველაზე დიდი გამოცდილება მაშინ მქონდა, როდესაც მძიმე ავადმყოფობაში ვიყავიო.

მას ხომ სნეულების მუდმივი ჯვარი ჰქონდა, მისი ფილტვები სანახევროდ ფუნქციონირებდა. ასე რომ, ვიწრო და საჭირველია გზა, რომელსაც ცხონებისკენ მივყავართ. ანუ, ჯვარისმიერი გზა, რომელიც დიდებას გვანიჭებს, იმ დიდებას, რომელიც ყველა ჩვენგანს სჭირდება იმისთვის, რათა დიდებაში მყოფ ჩვენს ზეციერ მამას გავუსწოროთ თვალი.

ამინ.

2020 წლის 14/27 სექტემბერი

სტატია ბერძნულიდან თარგმნილია მონაზონ თეოდოხეს მიერ სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©