90532063 2530649543918608 8248668314704805888 o

ქადაგება უფლის წინადაცვეთის დღესასწაულზე იესუს ლოცვის შესახებ – დეკანოზი არტემი ვლადიმიროვი

დღეს ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს, შობიდან მერვე დღეს, მოსეს სჯულის თანახმად, ის ტაძარში მიიყვანეს და ზეციური მამის წინაშე წარადგინეს. მან ჩვენთვის ხორცის წინადაცვეთა დაითმინა, რომელიც მისი ჯვარცმისა და ცხოველსმყოფელი სიკვდილის წინასახე იყო. მან ჩვენთვის ტკივილი დაითმინა, ჩვენ მიმართ უდიდესი თანაგრძნობა გამოავლინა, თავისი ნათელი მოგვანიჭა და განგვწმინდა. იმავე დღეს მართალმა იოსებმა ყრმა უფალს უწოდა წმინდა და ამავდროულად ადამიანური სახელი იესუ, რომელიც მას ზეციური ანგელოზის მიერ ეუწყა. იმ წამიდან უფალმა იესუ ქრისტემ შეიერთა და დაიკავშირა ეს სახელი ისევე, როგორც მიიღო ადამიანური ბუნება.
დღეს ამ სახელით ზეცაც და მიწაც – მთელი სამყარო ხარობს. წინადაცვეთის შემდეგ ამ სახელის ცოცხალი რწმენით მოხმობით კაცობრიობას თავისი უკვდავი სულის მაკურნებელი წამლის მიღებისა და საკუთარი არსების განწმენდის მოხვეჭის საშუალება ეძლევა. ამ წმინდა სახელზე მოწმობდნენ წმინდა მოციქულები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მის წინაშე ყოველი მუხლი მოდრკებოდა: ზეცისაც, ქვეყანისაც და ქვესკნელისაც. როგორც პეტრე მოციქული ამბობდა, არ არსებობს ამ სახელზე აღმატებული, გადამრჩენელი სახელი. მისი მადლისმიერი ძალა, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ის არის, რომ ის თავად განკაცებულ ღმერთს მიემართება და მასთან არსობრივადაა დაკავშირებული. ამ სახელს მან თავისი საღმრთო პიროვნება დაუკავშირა და განამდიდრა საღმრთო თვისებებით, რათა ჩვენი დაცემული ბუნება განეკურნა. გვამცნო, რომ ამ სახელის მოხმობით მისთვის მიგვემართა და დაამოწმა, რომ ამგვარი ქმედების შედეგად ზეციური მამა ყოველგვარი სულიერი სიმდიდრით აღგვავსებდა და ჩვენი გულის კეთილ სათხოვარს აღასრულებდა. აი, ამ წმინდა სახელს დედა ეკლესიამ სწორედ ამიტომ მიაქცია ესოდენ დიდი ყურადღება. მეტსაც ვიტყვით, აღამაღლა კიდეც, თავის შვილებს მოუწოდა, რომ კრძალვითა და შიშით მოპყრობოდნენ; მოუკლებლად, სიმდაბლით მოეხმოთ ის ჩვენი სულისა და ხორცის საკურნებლად.

ხმაურიან ქალაქში მცხოვრები ერისკაცებიც მოწოდებულნი არიან, რომ გულსა და გონებაში ჩაიბეჭდონ ქრისტეს სახელი

138479205 5375745105831566 4010770602010826046 n
დეკანოზი არტემ ვლადიმიროვი

უძველესი ქრისტიენული სწავლება მოწმობს, რომ უკლებლივ ყველა ქრისტიანს, განურჩევლად წოდებისა და ხარისხისა, შეუძლია, რომ დღის განმავლობაში, აგრეთვე ღამითაც მიმართოს მხსნელს და მოუკლებლად მოუხმოს მის წმინდა სახელს. მეთოთხმეტე საუკუნეში წმინდა გრიგოლ პალამა გვმოძღვრავდა, რომ ხმაურიან ქალაქში მცხოვრები ერისკაცებიც მოწოდებულნი არიან, რომ გულსა და გონებაში ჩაიბეჭდონ ქრისტეს სახელი, მისი დახმარებით სული განიწმინდონ და გაინათონ. განსაკუთრებით მონაზვნებს მოეთხოვებათ, რომ უფალი იესუ ქრისტეს სახელის სიყვარულში წარემატონ. შემთხვევითი არ არის ის, რომ აღკვეცის მსახურებისას მონაზონს გადასცემენ სკვნილს, როგორც ‘’სულიერ მახვილს’’, როგორც მცნებას, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას მოუკლებლად მოუხმობდეს უფალ იესუ ქრისტეს უტკბეს სახელს. სწორედ ეს არის მისი მოვალეობა და ვალდებულება.

წმ. სერაფიმე საროველის დარიგებით, სოფელს განშორებული ადამიანის მორჩილება მხოლოდ მაშინ იკურთხება ღვთისაგან, თუკი ის შრომობს და ცდილობს, რომ ცოცხალ ღმერთთან შინაგანი ურთიერთობა დაამყაროს.
ძმებო და დებო, შეგახსენებთ მართლმადიდებელი ეკლესიის ასკეტურ სწავლებას იესუს ლოცვის შესახებ. ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ წმინდა მოციქულებმა შეიცნეს ქრისტეს სახელის ძალა. წმინდა პეტრემ ქრისტეს კითხვაზე – ‘’ თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად?’’ – უპასუხა: ‘’შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა’’. – სწორედ ეს სიტყვები დაედო საფუძვლად იესუს ლოცვას. სწორედ ამ აღმსარებლობის გამო ქრისტემ პეტრეს აღუთქვა, რომ ყოველგვარი სულიერი სიკეთით აღავსებდა, სწორედ მისი მართალი აღმსარებლობის, – ადამიანად მოსული ძე ღმერთის მიმართ რწმენის გამო, ის მას ისეთ უმტკიცეს კლდედ აქცევდა, რომ ჯოჯოხეთის ბჭენიც ვერ შეარყევდნენ მის გულს, რომელიც, თავის მხრივ, ცოდვილია, მაგრამ აქვს ქრისტეს ცოცხალი რწმენა და მოუკლებლად მოუხმობს მის სახელს. პავლე მოციქული ამბობს: ‘’ აღ-თუ-იარო პირითა შენითა უფალი იესუ, და გრწმენეს გულითა შენითა, რამეთუ ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით, სცხონდე’’. – ამ სიტყვებშიც იესუს ლოცვის შესახებ მოწმობას ვხედავთ. ძე ღმერთი იმისათვის მოგვევლინა, რათა მისი რწმენისა და მისი სახელის მოხმობის მეშვეობით მარადიული სიცოცხლე მოვიპოვოთ, როგორც ამას წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გვაუწყებს. ამრიგად, მთელი წმინდა წერილი გვარწმუნებს, რომ შევიყვაროთ ქრისტეს სახელი, რომ მოუკლებლად მოვუხმოთ მას ფხიზელი გულითა და გონებით.

მოგვიანო პერიოდის ლოცვის მასწავლებლები – წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი და წმინდა თეოფანე დაყუდებული – იესუს ლოცვის სარგებელს ჩვენი უძლურების შესაბამისად განგვიმარტავენ, გვაფრთხილებენ და მიგვითითებენ საშიშროებებზე, რომლებსაც, შესაძლოა, ამ კურთხეული საქმიანობისას შევხვდეთ. წმინდა თეოფანე დაყუდებული გვასწავლის, რომ ის, ვინც იესუს ლოცვაში გულმოდგინედ შრომობს, გულითა და გონებით ქრისტეს სახელს მიელტვის და ის მისი ბუნების ნაწილი ხდება. ჩვენზეა დამოკიდებული, ამ სახელს გულსა და გონებაში რამდენად ჩავიბეჭდავთ და კრძალვით მოვუხმობთ. პავლე მოციქული ამბობს: ‘’ ვერავის ჴელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა’’. – ეს ეხება წმინდა ლოცვას, რომელიც ჩვენს გულში ღვთის მადლს მოიზიდავს. მაგრამ, თუ მოღვაწეს ლოცვის მაღალი საფეხურები ჯერ არ უგემია, ებრძვის ვნებებს და საკუთარ თავს ქრისტეს სახელის მოხმობაში აიძულებს, მაშინ ის ღვთისგან წყალობას აუცილებლად მიიღებს. უსაფუძვლოა იმ ადამიანთა შიში, რომლებიც ამბობენ: ‘’აი, იმდენი მოვალეობა და საზრუნავი მაკისრია; იმდენ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, რომ იესუს ლოცვის ღვაწლი საკმაოდ არასრულყოფილია. ხშირად მეფანტება გონება და ჩემს უამრავ ცოდვას ვაწყდები’’… დიახ, ცოდვილები და სუსტები ვართ, მაგრამ უფალი ჩვენს ძალებზე აღმატებულს არ ითხოვს. ის ხედავს ჩვენს ძალისხმევას, ხედავს, თუ როგორ ტკივილებს გვაყენებს ბოროტი სული; ღვთაებრივი სიხარულით ხარობს, როდესაც ხედავს, რომ მის შვილს აქვს სწრაფვა და წყურვილი მისი უტკბესი სახელის მოხმობისა. ეს სახელი გვიცავს მძიმე ცოდვებისგან. ეს სახელი ჩვენში მტრული გულისსიტყვების გაღვივებას უშლის ხელს. ეს სახელი ბოროტ ადამიანებთან შეხვედრისგან გვიფარავს. ამ სახელით უფალი მაცდურ სულს განდევნის, არღვევს მის უხილავ, მზაკვარ ხაფანგებს. ამ სახელის მოუკლებელი მოხმობით განიწმინდება ადამიანის სულიც, სხეულიც და მთელი მისი გარემოცვაც, თუნცდაც არასრულყოფილი და ცოდვილი მლოცველი იყოს. ამ სახელის წყალობით ანგელოზები უხილავად გვეხმარებიან და განსაცდელის ჟამს შეგვეწევიან.

დაუჯერებელია, რომ ჩვენს გულში საღმრთო ცეცხლი ენთოს და ამავდროულად მოყვასის მიმართ გულგრილნი ვიყოთ

წმ. თეოფანე დაყუდებულის სწავლების თანახმად, ამ ღვაწლის წარმატება ლოცვის მხოლოდ მექანიკურ გამეორებას არ მოაქვს. ზოგი ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგოდ მიიჩნევს, რომ ამ კურთხეული საქმიანობის მიზანი ქრისტეს სახელის მხოლოდ მექანუკური გამეორებაა. არა, ეს ასე არ არის. წმ. თეოფანე საკმაოდ ხისტად კიცხავს მათ, ვინც ქრისტეს სახელს რაღაც მაგიურ ძალას მიაწერს და უგულებელყოფს მღვიძარების, ყურადღების და საკუთარ სულში ჩაღრმავების ღვაწლს. თანამედროვე მამები იმასაც ამბობენ, რომ, შესაძლებელია, ადამიანი იესუს ლოცვის მოუკლებელ მოხმობას მიეჩვიოს, მაგრამ, როგორ პარადოქსალურადაც არ უნდა ჟღერდეს, მაინც სავსე იყოს ეგოიზმით, სიამაყით და სიძულვილით. დაუჯერებელია, რომ ჩვენს გულში საღმრთო ცეცხლი ენთოს და ამავდროულად მოყვასის მიმართ გულგრილნი ვიყოთ. ეს შეუძლებელია! ჩვენი ბუნება იმდენად დაზიანებულია, ჩვენი სიამაყე და ეგოიზმი იმდენად გაიზარდა, რომ ადამიანები ქრისტეს სახელს, როგორც მაგიურ შელოცვას, ისე იყენებენ ხოლმე. არც ცდილობენ, სხვა სათნოებები მოიხვეჭონ და ქრისტეს დაემსგავსონ. ეს არის უმთავრესი წინაპირობა სწორი, სინანულით განმსჭვალული ლოცვისა. ამიტომაც წმ. თეოფანე დაყუდებული იესუს ლოცვის ღვაწლს ადარებს ხეს, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული, რომლის ტოტებიც იზრდება, ფოთლებს ისხამს და ნაყოფიც გამოაქვს. ის ამბობს, რომ ქრისტეს სახელის მოხმობის ამ კურთხეული საქმიანობის მიზანი მის მოუკლებლობაში კი არ მდგომარეობს, არამედ ჩვენი მკვდარი სულის უფლის ძალით გაცოცხლებაში. წარმატება მხოლოდ ღვთის მადლით მიიღწევა. ნაყოფად, შედეგად ვიძენთ სულის სიგლახაკეს, გულის სიმდაბლეს, სრულ უბოროტობას და მოყვასის სიყვარულს. იესუს ქრისტეს სახელით სწორი ლოცვა იმაში გვეხმარება, რომ მისი მუდმივი ხსოვნა მოვიხვეჭოთ, რომლის წყალობითაც თანდათან უფრო შევიგრძნობთ მის მიუწვდომელ სიდიადეს, სიწმინდესა და ღმრთეებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გვიჩნდება კრძალვა და შიში მისი დაკარგვისა. ღვთის შიშით, ყურადღებითა და ქრისტეს სახელით სწორი ლოცვით, ქრისტიანი უფრო და უფრო მკაფიოდ განჭვრეტს საკუთარი სულის მდგომარეობას. ის ხედავს, თუ რამდენად სავსეა მისი არსება ვნებებით და რა ძნელია, გულის სიღრმიდან მოუხმოს ქრისტეს. ის ხედავს იმ მრაცალრიცხოვან ჯაჭვს, რომლითაც დაბმულია მისი სული და აცნობიერებს, თუ როგორი უგრძნობელია. ივსება საკუთარი უღირსობის განცდით და მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანზე უარესია. აი, სწორედ ამ მდგომარეობაში უნდა აღმოვჩნდეთ იესუს ლოცვით!

მხოლოდ ქრისტეს სახელის მოხმობას ძალუძს ჩვენს გულში ქრისტესმიერი სათნოებების დამკვიდრება, როგორებიცაა: თანაგრძნობა, სიმშვიდე, სიმდაბლე და სიწმინდე

თუ სული ამ ღვაწლში მოთმინების წყალობით წარემატება, მისთვის გაცოცხლდება ქრისტეს სიტყვები: ‘’ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი’’. – თითის განძრევაც კი არ შეგვიძლია ღვთის საიდუმლო შეწევნის გარეშე. კრალვით, საკუთარი უძლურების აღიარებითა და ღვთისადმი მადლიერებით თანდათანობით შეგვიყვარდება ქრისტეს სახელი და აღარ მოგვინდება მისგან განშორება. წმ. მამები ერთხმად გვირჩევენ: მხოლოდ ქრისტეს სახელის ყურადღებით მოხმობით სხვადასხვა ფანტაზიისა და წარმოსახვისაგან გონების განწმენდა და მისი სუფთა სარკედ ქცევაა შესაძლებელი. ამ „სარკეში“ უხილავი ღმერთი აირეკლება. მხოლოდ ქრისტეს სახელის მოხმობას ძალუძს ჩვენს გულში ქრისტესმიერი სათნოებების დამკვიდრება, როგორებიცაა: თანაგრძნობა, სიმშვიდე, სიმდაბლე და სიწმინდე. ქრისტეს სახელი მარტივად და მყისიერად როდი უკავშირდება ადამიანის ბუნებას. საჭიროა ბრძოლა და მოთმინება! თუ სული განსაცდელებს დაითმენს, მაშინ ის აუცილებლად მოიხვეჭს ქრისტესმიერ სიხარულს. სოლომონ მეფის სიტყვებით, უფლის სახელი ის ციხე-სიმაგრეა, რომელშიც მლოცველი უხილავი მტრებისგან დასაცავად აფარებს თავს. უფლის სახელი არის ფარი, რომლის საშუალებითაც მტრის ყველა ისარს ვიგერიებთ.

მარტივად რომ ვთქვათ, უფლის სახელის მოხმობაზე მთელი სულიერი ცხოვრებაა დაფუძნებული, მაგრამ აუცილებლად უნდა გვესმოდეს ის, რომ ამ სულიერი ყვავილისგან უნდა მომდინარეობდეს სიყვარულის, სიმდაბლის, სიმშვიდის, უბოროტობისა და სიწმინდის კეთილსურნელება! ვერანაირი საზრუნავი, საქმიანობა, ვერც ხმაურიან ქალაქში ცხოვრება იქნება ქრისტიანისთვის ხელის შემშლელი, რომ ქრისტეს ესაუბროს და, წმ. სერაფიმეს თანამხმად, სულის განწმენდის საფეხურებზე აღვიდეს. შეგვეწიოს უფალი, რომ მუდამ ჯვარს ვაცვათ და წინადავიცვითოთ ჩვენი ეგოიზმი, სიამაყე, თვითნებობა და ურჩობა, რომ მუდამ ვხედავდეთ საკუთარ უძლურებას და ვკიცხავდეთ საკუთარ თავს! ვამართლებდეთ სხვებს და გვახსოვდეს, რომ მხოლოდ სიყვარულით მოქმედ რწმენას შეუძლია, სრულყოფილებამდე აღგვიყვანოს, ამინ!

წყარო: http://pravoslavie.ru

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •