ეფრემ კატუნაკელი e1607712681849

ღირსი ეფრემ კატუნაკელი

ბერი იოსები ათონის მთის ყველაზე მაღალ, უდაბურ და მკაცრ ადგილას, წმ. ბასილი დიდის სკიტში, მყუდროდ ცხოვრობდა. მასთან მამა ეფრემი თავის მოძღვარ მამა ნიკიფორესთან ერთად მივიდა. ეს უკანასკნელი განდეგილ ბერს განსაკუთრებულ პატივს სცემდა. როგორც თავად წმინდა მამა ეფრემი ყვებოდა, მამა იოსების ერთმა მარტივმა კითხვამ მასში დიდი ლმობიერება აღძრა:

– მამა ნიკიფორე, გემორჩილება მამა ეფრემი?

ამ ამბის გახსენებისას მამა ეფრემი ყვებოდა:
– ამ ყველაფერმა შემძრა. ვიგრძენი, რომ ბერში (მამა იოსებში) სიცოცხლე და მადლი ჩქეფდა. ასეთი კითხვა არავის დაუსვამს. საბედნიეროდ, მამა ნიკიფორე მამა იოსებთან მისვლას და მისგან ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრების სწავლას არ მიშლიდა.

ბერ იოსებთან ურთიერთობის წყალობით მამა ეფრემის ყველა კითხვას პასუხი ეცემოდა. სულიერი ცხოვრებისა და უხილავ მტერთან ბრძოლის არსს ის ძალიან მალევე ჩასწვდა. ეს ცოდნა მისი ცხოვრებისეული მონაპოვარი და ჯილდო გახლდათ, რომელიც დიდი მოშურნეობის ნაყოფი იყო.

მამა ეფრემი იხსენებდა, რომ მამა ნიკიფორესგან წასვლის სურვილი ჰქონდა, რადგანაც მისგან ვერანაირ სულიერ წინამძღვრობას ვერ იღებდა. საბოლოოდ მამა იოსებმა ურჩია, რომ მოძღვართან სიმდაბლით დარჩენილიყო. ის კი, თავის მხრივ, სულიერად დაეხმარებოდა.

– ის ნათლად ხედავდა მთელ ჩემს შინაგან სამყაროს, – ყვებოდა მამა ეფრემი – ჩემში არსებულ ყველანაირ პრობლემას, მის გამომწვევ მიზეზებსა და კურნების ხერხებს დეტალურად მიხსნიდა.

ერთხელაც, საღმრთო ლიტურღიის შემდეგ, მამა იოსებმა მამა ეფრემს უთხრა:

– ვიცი შენი ზრახვები და შენი სულიერი მდგომარეობა. ნუ გეშინია, მარტო არ დაგტოვებ.

საღმრთო მადლი, რომელიც შენს გულში მკვიდრობს, გამრავლდება და შენთვის ყველაფერი გახდება

მამა იოსებმა სულიერ ცხოვრებაში მისი განსწავლა დაიწყო. ის გონიერ ლოცვასა და მის ნაყოფებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. ასწავლიდა, თუ როგორ ჩაღრმავებულიყო საკუთარ თავში.

– საღმრთო მადლი, რომელიც შენს გულში მკვიდრობს, გამრავლდება და შენთვის ყველაფერი გახდება. მოულოდნელ სირთულეებში სხვადასხვაგვარად დაგეხმარება, მოგიტანს სიმშვიდეს და გაგიხსნის გონებას, რომ საღმრთო განგებულების საიდუმლოებებს ჩასწვდე.

მამა იოსებმა მას სულიერი ცხოვრების განაწესი დაუდგინა. ამან მის ლოცვით მოღვაწეობას ჩაუყარა საფუძველი:

– ყოველ ღამე ერთი საათის განმავლობაში მოუკლებლად იმეორე იესუს ლოცვა: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”! ეს ყველაფერი მამა ნიკიფორესაც უთხარი, რათა არ ჩათვალოს, რომ ამას თვითნებურად აკეთებ!

მამა ნიკიფორესთვის უცხო იყო ამგვარი პრაქტიკა, ვერაფერს მიხვდა. თუმცა ახალგაზრდა მამა ეფრემს ხელი არ შეუშალა, რომ მამა იოსების რჩევებით ეხელმძღვანელა. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც მამა ეფრემი მამა იოსებთან ლიტურღიის აღსასრულებლად კვლავ მივიდა, ბერმა ჰკითხა, ასრულებდა თუ არა დადგენილ განაწესს.

– მამაო, ამ ლოცვის წყალობით ჩემს თვალთაგან ცრემლი არ წყდება, ჩემი გული ქრისტესმიერი სიყვარულით იწვის.

მამა იოსების ხელმძღვანელობით მამა ეფრემი თანდათანობით ჩასწვდა გონიერი ლოცვის საიდუმლოებებს, რომელსაც გულის სიწმინდე და საღმრთო განათლება მოაქვს. სწორედ ასე გახდა მამა ეფრემი ათონის მთის ჭეშმარიტი მნათობი.

ის მამა იოსებთან ლიტურღიის აღსასრულებლად კვირაში 3-4 – ჯერ ადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ კატუნაკიდან წმ. ბასილის სკიტამდე საკმაოდ რთული და საშიში გზაა, მამა ეფრემი დიდი სულიერი მოშურნეობით მიემართებოდა. იცოდა ძველი მამების შრომის შესახებ. მასშიც ღვაწლის წყურვილი ღვივდებოდა. ეს ყველაფერი ბერის სულიერი წარმატების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა.

თავის მასწავლებელთან (ასე უწოდებდა მას მამა ეფრემი) ყოფნის დაუოკებელი წყურვილით აღძრული მამა ეფრემი ხშირად საკმაოდ ადრე მიდიოდა. ელოდებოდა, თუ როდის გაუღებდა კარებს მამა იოსები, რომლის ტიპიკონიც მკაცრი და უცვლელი გახლდათ. ისინი (მამა იოსების საძმო) წესებს უკანდაუხევლად, დიდი სიზუსტით აღასრულებდნენ, რაც ახალგაზრდა მღვდელ-მონაზონს მოშურნეობას ჰმატებდა. იგი ხვდებოდა, თუ რა არის ასკეზა, – ის მოქმედ ჯვრისმტვირთველობას ნიშნავს.

საღმრთო ლიტურღია მშვიდად, აუჩქარებლად აღესრულებოდა

ასეთი იყო მამა იოსების წეს-განგება: სკვნილზე იესუს ლოცვით მწუხრის აღსრულება, ტრაპეზი და შემდეგ ძილი; გაღვიძება, თავის მოწესრიგება და ერთი ჭიქა ყავა (სიფხიზლისთვის); ამ ყველაფრის შემდეგ თითოეული თავის კელიაში სკვნილზე იესუს ლოცვით შუაღამემდე აღასრულებდა ღამის მსახურებას. ღამე ლოცვას საღმრთო ლიტურღია მოსდევდა, რომელიც მშვიდად, აუჩქარებლად აღესრულებოდა იმისთვის, რომ ძმებს საკუთარ თავში ჩაღრმავების საშუალება ჰქონოდათ.

ამ საიდუმლოების სიღრმე ”სულითა და მყუდროებით” მსახურებაა. წმინდა მოძღვარი ყოველთვის ცდილობდა, რომ ჩვენთვისაც გადმოეცა განცდა საღმრთო ლიტურღიისა, რომელსაც მუდამ ლმობიერებითა და გულის ზეცად აღპყრობით აღასრულებოდა.

წმიდა ბასილის სკიტის შემოგარენში საკმაოდ რთული იყო ცხოვრება და ამიტომაც ისინი შედარებით დაბლა, ”მცირე ანას” სკიტში, გადავიდნენ. ამ ციცაბო კლდეებზე გამოქვაბულების არსებობა იმაზე მეტყველებდა, რომ იქ ოდესღაც განდეგილი მოღვაწეები ცხოვრობდნენ. მკაცრ, ნესტიან კლიმატში მამები თანდათანობით გამოიფიტნენ. მათ განსაკუთრებით წმ. იოანე წინამორბედის ტაძრის მშენებლობისას გაუჭირდათ. ამ საქმეში მონაწილეობას მამა ეფრემიც იღებდა და კატუნაკიდან თიხას ეზიდებოდა.

წმ. იოსებ ისიქასტის წყალობით ჩვენს ეპოქაში ასობით სულიერი მნათობის მოღვაწეობამ გამოიღო ნაყოფი. „მცირე ანაში” მამა ეფრემი ბერი იოსების გვერდით ორი თვის განმავლობაში ცხოვრობდა და მყუდროებისა და სულიერი ცხოვრების საიდუმლოებებს უღრმავდებოდა.

ჭვრეტის ნაყოფი არის განათლება, განწმენდა.

მამა ეფრემი თავის მასწავლებელს უდრტვინველად ემორჩილებოდა და ქმედით სულიერ ცხოვრებას სწავლობდა, რომლის შემდეგი საფეხური საღმრთო ნათლის ჭვრეტაა. ეს ყველაფერი ნიშნავს ღმერთთან თანამშრომლობას, რომელიც ადამიანური ძალისხმევის უმაღლესი შედეგია. ჭვრეტის ნაყოფი არის განათლება, განწმენდა. ჩვენი უფლის მაგალითით ვხედავთ, რომ კურთხეული ქმედითი სულიერი ცხოვრების არსი – მორჩილება – ის სათნოებაა, რომელიც ამ ახალგაზრდა მოღვაწის ყველა მისწრაფების მთავარი მიზანი იყო. მან სიწმინდეს სწორედ მორჩილების წყალობით მიაღწია. ის ხშირად იმეორებდა: ”მორჩილება სიცოცხლეა, ურჩობა კი – სიკვდილი”. რატომ დაეცა ადამიანი და სიკვდილსა და ხრწნილებას დაექვემდებარა? რა იყო ძე ღმერთის მორჩილების მიზანი? მაცხოვრის მიზანი გახლდათ აღმოფხვრა სატანური თვითნებობისა, რომელიც დამღუპველია, სიკვდილის მიზეზია. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ცხოვრების ონტოლოგიური საწყისი ღმერთზე დამოკიდებულებაში მდგომარეობს, რადგანაც ყველა ქმნილება მხოლოდ პირველსაწყისის(ღმერთის) მოქმედებით არსებობს. ამიტომაც, ის ადამიანები, რომლებიც მთელი არსებით ღმერთს, როგორც სიცოცხლის წყაროს, ემორჩილებიან, მისგან ჭეშმარიტ სიცოცხლეს იღებენ.
ამ დიდებულ საიდუმლოებას ახალგაზრდა მღვდელ-მონაზონი ეფრემი ძალიან მალევე ჩასწვდა და, როგორც მუდმივ მოვალეობას, ისე აღასრულებდა.
ჰქონდა რა სრული წარმოდგენა ურჩობისა და განაწესის უგულებელყოფის შედეგებზე, ის მკაცრად, ხშირად მოწამეობრივი ღვაწლითაც კი იცავდა თავის სინდისს. ეს მისი ცხოვრების დამახასიათებელი განსაკუთრებული ნიშანი გახლდათ. ბერის გარეგნობაც კი ადამიანებს ანუგეშებდა და შთააგონებდა. ჩემ მიმართ ის ყოველთვის დიდ სიყვარულს ავლენდა, რაც სულიერი დაცემის დროს (რაც ახალგაზრდული გამოუცდელობით მემართებოდა) ყურადღებასა და სიმამაცეს მასწავლიდა.

მისი წმინდა ლოცვებით, მისი მოღვაწეობის და სიტყვების რამდენიმე ასპექტს განვიხილავთ. ჩვენი ეკლესიის მორწმუნეებს პრაქტიკული გამოცდილების ზუსტი დაცვა საკმაოდ დიდ სარგებელს მოუტანს. ამას, წმ. მამათა სწავლებით, შრომითი საქმიანობიდან ჭვრეტამდე მივყავართ.

მან გაიაზრა ძე ღმერთის განკაცების არსი და წმინდა მამათა მაგალითზე, რომლებიც მთელი ცხოვრება თავიანთ განაწესს ზედმიწევნით იცავდნენ, დავით მეფსალმუნის სიტყვების თანახმად (ფს.131:4), საკუთარ თავს ძილისა და განსვენების უფლებას არ აძლევდა. ყოველივე ამან უფლის მადლი განაცდევინა. ბერის მადლისმიერი ნიჭები ჩვენთვის თვალსაჩინო იყო, მაგრამ ყველაზე მეტად მისი მოწამეობრივი ღვაწლის მკაცრი დაცვა გვგვრიდა ლმობიერებას.

ეს წმინდა მოღვაწე იმ ადამიანთა წინა რიგებში იმყოფებოდა, ვინც უფლის ჭრილობებს ატარებენ. ზედმიწევნითმა მორჩილებამ ბერს ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება და ხიბლის ლაბირინთების ამოცნობა ასწავლა. მან პირველი გაკვეთილები წმინდა ბასილის სკიტში ბერ იოსებთან მსახურებისას მიიღო. როდესაც მამა იოსები „მცირე ანაში“ გადავიდა, მამა ეფრემს უკვე ამ გაკვეთილების რეგულარულად მიღების საშუალება გაუჩნდა და კიდევ უფრო მეტი სულიერი ნაყოფი გამოიღო. როდესაც მისი სულიერი გზის შესახებ ვეკითხებოდით, ის გვპასუხობდა:

– ბერ იოსებთან ორი თვე ყოფნაც კი საკმარისი იყო, რომ მადლი მიმეღო. ამ ყველაფრისთვის აუცილებელი წინაპირობა ყურადღებით ცხოვრებაა, განსაკუთრებით კი – საკუთარი ნების უარყოფა და წმინდა ლოცვა. ერთხელ ჩემს კელიაში ვლოცულობდი, გონება სრულიად მოკრებილი მქონდა ისე, როგორც ამას მამა იოსები მასწავლიდა. უეცრად ვიგრძენი, რომ ჩემ წინ თითქოს რაღაც სივრცე გაიხსნა და სამი გამოსახულება გაჩნდა. სული იმხელა სიყვარულით აღივსო, რომ შუაში მდგომარეს გაუაზრებლად ჩავეხუტე. ვგრძნობდი, რომ ის ქრისტე იყო ორ ანგელოზთან ერთად. ენა ვერ გამოთქვამს, თუ რა მოხდა და რას ვგრძნობდი მაშინ. შუა ღამე იყო, მაგრამ მყისვე მამა იოსებთან გავემართე, რომ გამეგო ამ პირველად განცდილი საიდუმლოების არსი.

მამა ეფრემი ისე გვიყვებოდა, თითქოს ამ ყველაფერს ხელახლა განიცდიდა.

ის თხრობას ამგვარად აგრძელებდა:

– მიუხედავად იმისა, რომ შეუსაბამო დრო იყო, მან მიმიღო, სიხარულით ჩამეხუტა და მითხრა: ” შვილო, სწორედ ესაა ის მადლი, რომლის შესახებაც გასწავლიდი და რომლის შეცნობაც შენ ასე გწყუროდა. ეს პირველი საფეხურია, წინ გადადგმული პირველი ნაბიჯი. ამიერიდან მოვა ის, რასაც ჩვენი მამები ამბობდნენ, რაზეც ვკითხულობთ და შენც მეკითხებოდი. მთელი ისტორიის განმავლობაში რამდენი ადამიანი ეძებდა და მოგვიანებით უდიდესი შრომით აღწევდნენ ამას. შენ კი ასე სწრაფად მოიხვეჭე. ამიერიდან სხვა განცდები, სხვა სულიერი საკვები, სხვანაირი ლოცვა შემოვა, რომელიც შენში ქრისტეს მიმართ ნათესაობის განცდას შობს”. ის გვასწავლიდა, რომ ფრთხილად ვყოფილიყავით და ლოცვა არ შეგვესუსტებინა.

მამა ეფრემი გვიყვებოდა, რომ ერთხელ მამა იოსები მას ღრმა ლოცვით მდგომარეობაში დახვდა, თავი მკერდთან მიეყდრნო და ლოცულობდა. როდესაც დაასრულა, სიხარულით უთხრა:
– შენ, შვილო, არა მხოლოდ სულის სიწმინდე გაქვს, არამედ უბიწოებით მადლის საყდრად ქცეულხარ. რაც იხილე და განიცადე, ღვთის ზეგარდამო გამოცხადება იყო, რომელსაც საკმაოდ ხშირად იღებდი. მაგრამ ახლა ღვაწლის დროა, რათა ეს ყველაფერი შენი საკუთრება გახდეს. დროა შრომისა, რომელსაც საღმრთო ნათლის ჭვრეტამდე მივყავართ.

მორჩილებას ჭეშმარიტად სულიერი წარმატების ფუნდამენტია

მას შემდეგ ეს ახალგაზრდა მოღვაწე კიდევ უფრო მეტი მოშურნეობით აღივსო და მტკიცედ იტვირთა ასკეზის ჯვარი. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა მორჩილებას, რომელიც ჭეშმარიტად სულიერი წარმატების ფუნდამენტია. მისი საქმე, სიტყვა, მიზანი და სურვილები – მთელი ცხოვრება მორჩლებაში გამოიხატებოდა. ერთხელ გვითხრა:

– როდესაც მამა იოსებთან მივედი, არც კი მიოცნებია, რომ მას სულიერად დავუკავშირდებოდი, მის მემკვიდრეობას გავაგრძელებდი და ყველაფერ იმას ვიგემებდი, რასაც წმინდა მამებთან ვკითხულობთ. ვაღიარებ, რომ მამა იოსების მსგავსად არც ერთი ადამიანი არ მყვარებია და მასზე მეტად არავისი მეშინოდა. იგი მუდამ დარჩება ჩემთვის მისაბაძ მაგალითად. მისი ხსოვნაც კი შეცდომებისგან მიცავდა და მთელი ცხოვრება შემდგომი წინსვლისკენ მიბიძგებდა.

მამა ეფრემის მუდმივი ზრუნვის საგანი და საქმიანობა, რაც მან ბერი იოსებისგან ისწავლა, მონასტრული ცხოვრების განაწესის მკაცრი დაცვა იყო. კატუნაკის წეს-განგების გათვალისწინებით, ის ცდილობდა, რომ მამა იოსების მიერ დადგენილი ლოცვითი კანონი აღესრულებინა. ღამე გონიერი ლოცვისთვის წამოდგომას უკანდაუხევლად ცდილობდა. ზაფხულობით, მწუხრის შემდეგ, თავისი კელიის მეორე ბოლოში პატარა სკამით მიდიოდა, ჯდებოდა და შუა ღამემდე იესუს ლოცვაში ეფლობოდა. დროს ვარკვლავების მიხედვით იგებდა.

წმინდა წერილითა და წმინდა მამათა თხზულებების კითხვით ჭეშმარიტ სიტკბოებას იღებდა, განსაკუთრებით იმ მოღვაწეთა ნაწერების გაცნობა უყვარდა, რომელთა სწავლებებიც ”სათნოებათმოყვარეობის” კრებულში შევიდა. მან ზეპირადაც კი ისწავლა ის უზარმაზარი ციტატები, რომლებიც გონებით გულში ჩაღრმავებასა და საღმრთო მადლის საიდუმლოებებს ეხებოდა.

ბერის უკიდურესი კრძალვა განსაკუთრებით საღმრთო ლიტურღიისას ვლინდებოდა, რომელსაც ის ღრმა სიბერემდე აღასრულებდა. ის მოუკლებლად ლოცულობდა და მადლის განსაცდელად შემდეგი წირვისთვის ემზადებოდა. ლიტურღიისას მისი ღვთის მადლით განმსჭვალული მთელი შინაგანი სამყარო ცხადდებოდა. ის იყო ლიტურღიის დიდებული მსახური, რომელიც ყველას იხსენიებდა, ვისაც კი იცნობდა და ახსოვდა. განსაკუთრებულ მზრუნველობას კი გარდაცვლილთა მიმართ იჩენდა. გვიყვებოდა, რომ ხშირად სულიერად ეუწყებოდა ხოლმე ლოცვაში მოხსენიებულთა მდგომარეობა.
საღმრთო ლიტურღიის გალობა მამა იოსებისგან შეისწავლა. იგი მამა ეფრემის მიერ აღსრულებული წირვებით იმდენად ხარობდა, რომ ერთხელაც თქვა: ”არ მგონია, რომ ათონზე სადმე ისე მსახურობდნენ, როგორც ჩვენთან”.
ეს ყველაფერი ბუნებრივია იმისთვის, ვისაც საღმრთო მადლის სიტკბოება უგემია და ვინც ამ ამაო სოფელზე მიჯაჭვული არ არის. მამა ეფრემი განშორებული იყო ამქვეყნიური საგნებისგან. მამა იოსებისგან მან რწმენის ძალა და მოქმედება შეიცნო, რომელსაც მამები ”მჭვრეტელობით რწმენას” უწოდებდნენ. ამ რწმენის წყალობით ის მუდამ უშფოთველი გახლდათ. მთელი მისი საზრუნავი საღმრთო მადლზე იყო დამყარებული.

ბერი იოსებ ვატოპედელის წიგნიდან ”ნეტარი მორჩილი”

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაციები შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©