იოსებ ისიხასტი

ღირსი იოსებ ისიქასტი – მოსეს ცხოვრება: ღმერთთან შეხვედრის გზა

თუ უბრალოებითა და მცნებების დაცვით, ცრემლებით, მოთმინებითა და მოუკლებელი, გულმოდგინე ლოცვით ვიცხოვრებთ, მოსეს მსგავსად დავმწყემსავთ იოთორის ცხვრებს, ანუ გონების კეთილ და სულიერ მოძრაობებსა და ზრახვებს, თუ დღის სიცხესა და ღამის სიცივეში, მუდმივი ბრძოლებისა და განსაცდელების პირობებში, საკუთარი თავის იძულებისა და სიმდაბლისაგან გულის შემუსვრილებას მივაღწევთ, მაშინ ჩვენს გულში, როგორც ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლისგან შეუწველ მაყვალში, ღმერთს ვიხილავთ. და გონიერი ლოცვით მასთან მიახლებულნი, ღმერთის ხმას მოვისმენთ: ”წარიჴადენ ჴამლნი ფერჴთაგან შენთა” (გამ. 3:5). ანუ განეშორე თვითნებობას, ამქვეყნიურ ბავშვურ სიბრძნესა და ამსოფლის სულს, დაემორჩლე სულიწმიდასა და მის ღვთაებრივ ნებას, ”რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა სდგა შენ, ქუეყანა წმიდა არს” (გამ. 3:5).

ამ ყველაფრის შემდეგ, მოსე ხალხის წინამძღვარი ხდება და ფარაონს სასჯელებს მოუვლენს, მსგავსად ამისა, თუ ასე ვიცხოვრებთ და განვეშორებით ამასოფლის სულს, მოვიპოვებთ განსჯის, ასევე საკუთარი სულიერი ნიჭების მართვის უნარს და დემონებზე გამარჯვებას. მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ საღვთო მცნებებს, არა ქვის ფიქალებზე აღბეჭდილს როგორც მოსემ, არამედ სულიწმიდის მიერ ჩვენს გულებში. და არამხოლოდ ათ მცნებას, არამედ იმდენს, რამდენსაც ჩვენი გონება, ხედვა და არსება დაიტევს. ამის შემდეგ შედის ადამიანი შინაგან კრეტსაბმელში (სულიერ გულში) (ებრ. 6:19).

და როდესაც ღვთაებრივი ღრუბელი ამობრწყინდბა (გულში), სიყვარულის ცეცხლისაგან ადამიანი მთლიანად ცეცხლად იქცევა, ღვთაებრივი სიყვარულის მოქმედებისგან ამ სიყვარულის წყაროს მიმართავს: ”ვინ განმაშროს შენი სიყვარულისგან, ჩემო ტკბილო იესუ?” ამას მხოლოდ ის მიხვდება, ვისაც ეს განუცდია, ამ დროს ადამიანი ვერ ხვდება სხეულშია თუ სხეულს გარეთ, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. სრულიად ცეცხლად ქცეული, სიყვარულის ცრემლებით, გაკვირვებული და გაოცებული უხმობს უფალს: ”შეაჩერე, ტკბილო სიყვარულო, შენი მადლის ნაკადები, თორემ ვერ გავუძლებ და დავდნები!” როდესაც ამას ამბობს, სულიწმინდის მოქმედებით, მისი გამოუთქმელი კეთილსურნელებისაგან იყინება ყველანაირი გრძნობა და შეუძლებელია ნებისმიერი სხეულებრივი მოძრაობა, მთლიანად დატყვევებული, მდუმარებით შეკრული, ღვთის დიდების სიმდიდრეს ჭვრეტს გაოცებული, სანამ არ განეშორება ეს ღვთაებრივი მდგომარეობა.

მთავარი ფოტო: წმინდა იოსებ ისიქასტის ხატი მდებარე წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)