წმ.იოსებ ისიხასტი1 e1603366653731

ღირსი იოსებ ისიქასტი – გონების გულში ჩასვლა

გონება სულის მნეა, რომელსაც შენ მიერ მიცემული საზრდო მიაქვს მისთვის. როცა გონება მშვიდადაა და მას კარგსა და მისთვის სასურველს აძლევ, ის მას გულში ჩაუშვებს. თავდაპირველად გონება იწმინდება და განუწყვეტელ ლოცვაში მყოფი, სრულებით აღარ იფანტება. მაშინ ხვდები, რომ ის განიწმინდა, რადგან ამიერიდან აღარ მიიდრიკება იმ ბოროტისა და არაწმინდისაკენ, რასაც ადრე ხედავდა და ისმენდა.

შემდეგ გონება ლოცვით გამოდევნის გულიდან ყოველგვარ სიბილწეს და არაწმიდებას, ბრძოლას უცხადებს ვნებებსა და მათ აღმძვრელ ეშმაკებს, რომლებიც ამდენი წელი გულში ბუდობდნენ, მათ შესახებ კი არავინ იცოდა და ვერც ვინმე ხედავდა მათ. ახლა კი, როცა გონებამ სიწმინდე – თავდაპირველი სამოსელი შეიმოსა, ხედავს მათ და ძაღლივით უყეფს, უღრენს და ებრძვის, როგორც სულის შემეცნებითი ნაწილის პატრონი და მცველი. ქრისტეს სახელით, (უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე) როგორც საბრძოლო იარაღით შოლტავს მოწინააღმდეგეს, სანამ გულის გარეთ არ გამოდევნის მათ.

გონება იწყებს იმ ჭუჭყისა და ბიწის წმენდას, რითაც გაგვსვარეს ეშმაკებმა ჩვენივე თანხმობით ყოველგვარ ბოროტებასა და ცოდვაზე. როცა ეშმაკები საბოლოოდ განიდევნებიან, გული განიწმინდება. გონება, როგორც მეფე, გულში აღსაყდრდება და გაიხარებს, როგორც სიძე ხარობს საპატარძლოს გამო. მოვა ნათელი, მშვიდი, შეურყვნელი ქრისტეს მიერი სიხარული.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •