ქრისტეს ხილვის წყურვილი – ახალ ადამიანად გარდაქმნის შესაძლებლობა – წმინდა იოანე სან-ფრანცისკოელი (ზაქეს კვირის საკითხავი)

ქრისტე იერიქონის გავლით მიდიოდა… აი, ამ დროს, ვიღაც ზაქე, მეზვერეთა მთავარი, მდიდარი ადამიანი ქრისტეს ხილვის წყურვილით აღსავსე, ეძებდა და აინტერესებდა, თუ ვინ არის ის. სიმაღლით დაბალი იყო და ქრისტეს ვერ ხედავდა – უამრავი ხალხი ფარავდა. ამიტომ გაიქცა წინ და ქრისტე რომ დაენახა ლეღვის ხეზე აძვრა. როდესაც ქრისტემ იმ ადგილას ჩაიარა, ზაქეს შეხედა და უთხრა: „ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ“. ისიც სწრაფად ჩამოვიდა და საკუთარ სახლში დიდი სიხარულითაც მიიღო. ამის შემხედვარე ხალხი დაბრკოლდა და ამბობდნენ ცოდვილ კაცთან შევიდა სახლშიო. „აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი. ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა“ (ლუკ. 19:1-10).

ვინ არის ზაქე?

ის იყო მეზვერეთა მთავარი, ანუ მეზვერეების „უფროსი“, იმისათვის, რომ კარგად გავიგოთ სახარება, აუცილებელია მეზვერისა და ფარისევლის ნამდვილი ხატება ნათლად წარმოვაჩინოთ.

.იოანე შანხაელი
წმინდა იოანე სან-ფრანცისკოელი

ფარისევლები ნამდვილად მართალ ადამიანებად ითვლებოდნენ. თუ დღეს სიტყვა „ფარისეველი“ სალანძღავ სიტყვად იხმარება, პირველ საუკუნეებში ეს ასე არ იყო. პირიქით, პავლე მოციქული საზეიმოდაც კი აღმსარებლობს იუდეველთა წინაშე და ამბობს: „ კაცნო ძმანო, მე ფარისეველი ვარ და ძე ფარისეველისაჲ’’ (საქ. 23:6). შემდგომში კი თავის სულიერ შვილებს წერს:„ნათესავით ისრაჱლისაჲ, ტომისაგან ბენიამენისა, ებრაელი ებრაელთაგან, შჯულითა ფარისეველი“ (ფილ. 3:5). გარდა ამისა, ფარისეველთა შორის: იოსები, ნიკოდიმოსი და გამალიელი ქრისტიანები გახდნენ.

ფარისევლები საღმრთო რჯულის აღსრულებაში საკმაოდ მოშურნენი იყვნენ. ისინი მოუკლებლად მასზე ფიქრობდნენ, მის ზედმიწევნით აღსრულებას ცდილობდნენ, უყვარდათ, ქადაგებდნენ და განმარტავდნენ. როდესაც უფალი მათ ამხელს, ისინი თავიანთი სიამაყით, საკუთარი თავის განდიდებით და რაც მთავარია, მოყვასის განკითხვით, ამ ყველაფერს წყალში ყრიდნენ. ამის ნათელი მაგალითი იგავისეული ფარისეველია.

რაც შეეხება მეზვერეებს, ისინი რომაელთა სასარგებლოდ ებრაელებისგან ხარკს კრეფდნენ. სწორედ ხარკი იყო იუდეველთათვის დამონების ყველაზე საგრძნობი და მტკივნეული სახე. თქვენ წარმოიდგინეთ, თუ როგორ ღრმა ზნეობრივ დაცემას უკავშირდება იუდეველთა მხრიდან ასეთი თანამდებობის მიღება. ეს გულისხმობდა არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ რელიგიურ ღალატსაც. რომაელთა ხელში რჩეული ერის დამონების იარაღად რომ ქცეულიყავი, უნდა დაგეგმო ისრაელის სიწმინდეები. იმისათვის, რომ მეზვერეს თავისი საქმიანობა დაეწყო, მათ წარმართული მსხვერპლი უნდა შეეწირათ და იმპერატორის ერთგულების ფიცი დაედოთ. რა თქმა უნდა, ამით არა მხოლოდ რომის სამსახურში იდგნენ და მის ინტერეებს იცავდნენ, არამედ თავიანთი ანგარებიანი მიზნებით, ისინი თავიანთი ძმების დამონების ხარჯზე მდიდრდებოდნენ, რაც თავის მხრივ, რომაულ ბატონობას უფრო და უფრო მტკივნეულს და მძიმეს ხდიდა.

აი, ვინ იყვნენ მეზვერეები. ამიტომ იყვნენ მათ მიმართ ამხელა სიძულვილითა და ზიზღით განწყობილნი. მათ აღიქვამდნენ როგორც მოღალატეებს, რომლებმაც არა მხოლოდ თავიანთი ერი გაყიდეს, არამედ ღვთის რჩეულობაც. იმ ერთადერთ ერს უღალატეს, რომლისგანაც კაცობრიობის ხსნა უნდა მოსულიყო.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზაქესაც ეხება და თანაც განსაკუთრებით. რადგან ის ერთი რიგითი მეზვერე კი არა, არამედ მეზვერეთა მთავარი იყო. უეჭველია, მან მსხვერპლიც შეწირა, იმპერატორის ფიციც დადო და უმოწყალოდ ართმევდა თავის ძმებს გადასახადებს და ამის ხარჯზე თვითონ მდიდრდებოდა.

რა თქმა უნდა, ზაქეს კარგად ესმოდა, რომ მისთვის ისრაელის იმედი (მესიის მოსვლის იმედი) დაკარგულია. ის, რაც ბავშვობიდანვე ასე უყვარდათ ებრაელებს და რასაც სიხარულნარევი თრთოლვით ელოდა ძველაღთქმისეული სული, – ეს ყველაფერი თითქოს მისთვის არაფერი უნდა ყოფილიყო. ის ხომ თითქოს მოღალატე და გამყიდველია.

ამ დროს, მასთან აღწევენ ჭორები, რომ წინასწარმეტყველთა მიერ ამ სამყაროში მრავალგზის ნახსენები მესია უკვე მოსულიყო და მოწაფეების მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად გალილეასა და იუდეაში დადის, სახარებას ქადაგებს და უდიდეს სასწაულებს აღასრულებს და რომ მორწმუნეთა გულებში სიხარულის მომგვრელი იმედის ალი აკიაფდა.

ამ ყველაფრის მიმართ რა დამოკიდებულება ჰქონდა ზაქეს?

პირადად მისთვის მესიის მოსვლა წესით კატასტროფა უნდა ყოფილიყო. რადგან მისი მოსვლით რომაელთა ბატონობა უნდა დასრულებულიყო და გამარჯვებულ ისრაელს შური ეძია მათზე, ვინც მათ ასეთი შევიწროება და გაჭირვება მოუტანა. ის ხომ სრულიად დაკარგავდა იმ მდგომარეობასა და სიმდიდრეს, რომელიც ღვთისა და ერის ღალატის ფასად შეიძინა.

ხომ შეიძლება ეფიქრა ზაქეს, რომ იქნებ ეს ახალი მქადაგებელი, აღთქმული მესია სულაც არ არის და ყველას არც სწამს მისი? ხომ შეიძლება ეფიქრა ზაქეს, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ხალხში გავრცელებული ჭორია და მეტი არაფერი და ჩვეულებრივად გაეგრძელებინა ცხოვრება?

მაგრამ ზაქეს არ სურს ამ აზრების მიღება. მას ქრისტეს ხილვა უნდა, რათა მტკიცედ გაიგოს, თუ ვინ არის ის. სიმართლე ის გახლავთ, რომ ზაქეს უნდა ის, რომ იქვე მიმავალი მქადაგებელი მართლაც ქრისტე-მესია აღმოჩნდეს. მას ნამდვილად სურს, რომ წინასწარმეტყველებთან ერთად თქვას: „ ნეტავ გააპობდე ცას და ჩამოხვიდოდე! დადნებოდნენ მთები შენს წინაშე!“ (ეს. 64:1). ეს ყველაფერი მისთვის დამღუპველი კატასტროფაც რომ აღმოჩნდეს, ყველაფერის ფასად უნდა, რომ ეს ნამდვილად ქრისტე იყოს. როგორც აღმოჩნდა, მის სულში ისეთი სიღრმეებიცაა, რასაც თავადაც არ იცნობდა. მასში რაღაც მხურვალე, მწველი, აალებული, სრულიად უანგარი სიყვარულია – წინასწარმეტყველთა მიერ გამოსახული მშვიდი მესიის ხატებისა, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ჩვენი უძლურებები და სნეულებები იტვირთა. როგორც კი მისი ხილვის შესაძლებლობა გამოჩნდა, ზაქე აღარ დაფიქრებულა საკუთარ თავზე.

მესიის განდიდება მხოლოდ კატასტროფას და დამცირებას მოუტანდა. მაგრამ ის არ ფიქრობს ამაზე. მას მხოლოდ ის უნდა, რომ თვალი მაინც მოკრას მას, ვისზეც გვამცნეს მოსემ და წინასწარმეტყველებმა. აი, ხალხით გარემოცულ ქრისტეს იქ უნდა გაევლო. ზაქეც ვერ ხედავს მას, მაგრამ მისი უანგარო და თავგანწირული წყურვილი ქრისტეს თუნდაც შორიდან ხილვისა, იმდენად უსაზღვრო და დაუოკებელია, რომ ეს მდიდარი, მაღალი თანამდებობის მქონე ადამიანი და რომის იმპერიის მოხელე, მისდამი უკიდურესად მტრულად განწყობილ ბრბოს აპობს, არაფერს აქცევს ყურადღებას და ქრისტეს ხილვის მხურვალე სურვილით სრულიად მოცული ყველანაირ გარეგნულს უგულვებელყოფს და გზად ამოზრდილ ლეღვის ხეზე ადის.

ამ დროს, ამ მძიმე ცოდვილის, მოღალატეთა და გამყიდველთა მთავრის თვალები, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, ადამიანად მოსული ღმერთის თვალებს შეხვდა.

სიყვარული ხედავს იმას, რაც გულგრილი და მტრულად განწყობილი მზერისთვის დაფარულია. „მესიის ხატების“ (წინასწარმეტყველთა მიერ აღწერილი მშვიდი, ფაქიზი მესია, რომელიც დაშრეტილ პატრუქს არ ჩააქრობს და გადატეხილ ლერწამს არ შემუსრავს) თავგანწირული სიყვარულით აღსავსემ ამ მასწავლებელში ქრისტე-ღმერთი იცნო. ხოლო საღმრთო და ადამიანური სიყვარულით აღსავსე ქრისტემ ხიდან მომზირალ ზაქეში ისეთი სულიერი სიღრმეები განჭვრიტა, რომელიც თავად ზაქესთვისაც უცნობი იყო: მან იცოდა, რომ მისი გული არანაირი ანგარებით არ იყო დაბნელებული და რომ მომავალი მესიის მიმართ ამ მხურვალე სიყვარულს მისი ხელახლა შობა და ახალ ადამიანად გარდაქმნა შეეძლო.

გაისმა ღვთაებრივი ხმა: „ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ“.
შედეგად ზაქეს სულისა და მთელი მისი სახლის გამოხსნა დაიწყო, აღორძინება და განახლება მოხდა. რადგან ძე კაცისა ჭეშმარიტად იმისთვის მოვიდა, რათა დაღუპვის პირას მყოფნი გამოეხსნა.

უფალო, როგორც ოდესღაც ზაქემ, ჩვენც ხომ გიღალატეთ! მაგრამ, დაე, მოვიდეს შენი სამეფო და შენი დიდება! შენი მოსვლა ჩვენ ცოდვილებს მკაცრ განკითხვასაც, რომ გვიქადდეს, მოდი უფალო, მალე მოდი! ღირსი გაგვხადე, რომ შორიდან მაინც გიხილოთ, რომც ვერ აღმოვჩნდეთ შენი დიდების თანაზიარნი და შეგვიწყალე ჩვენც, როგორც ოდესღაც ზაქე შეიწყალე!

წმ. კლიმენტი რომაელი მოწმობს, რომ შემდგომში ზაქე წმ. მოციქულ პეტრეს თანამგზავრი გახდა და მასთან ერთად იქადაგა რომში, სადაც ნერონისგან ქრისტესთვის მოწამეობრივი სიკვდილი მიიღო. აღმოჩნდა ისე, რომ მან რომაელებს უდიდესი სიკეთით გადაუხადა მათი ბოროტების საპასუხოდ. ოდესღაც მისი ერის დამატყვევებელი რომაელების ამაყ დედაქალაქში, გათავისუფლებული და ჩვენი კაცთმოყვარე ღმერთის მადლით გარდაქმნილი მიდის და წყევლის ნაცვლად კეთილი უწყება მიაქვს და მისთვის სიცოცხლესაც კი თმობს.

წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებულია წმინდა იოანე სანფანცისოელის ხატი მდებარე ჯვართამაღლების ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •