ღირსი მამა სოფრონ ესექსელი (სახაროვი) კარულის სკიტში

გთავაზობთ ღირსი მამა სოფრონ ესექსელის (სახაროვი) ახალგაზრდობის მეგობრის, მხატვარ მ. პალტოვის მოგონებებს მასთან სტუმრობის შესახებ, იმ პერიოდში, როდესაც ბერი კარულის[*] სკიტში მოღვაწეობდა.

*  *  *

    ბინდდებოდა, როდესაც დამღლელი მგზავრობის შემდეგ, ჩამოვდიოდი ციცაბო და საშიში ბილიკით იმ ქვაბულებთან, სადაც განდეგილები მოღვაწეობდნენ.

უკვე ბნელ და ციცაბო კლდეზე ვიყავი, რომელსაც ზღვის ტალღები ეხეთქებოდნენ. მასზე იშვიათად იზრდებიან ხეები. უსასრულო ზღვის ხედი, ტალღების შემზარავი ხმაური, ხეობაში აქა-იქ შესამჩნევი განდეგილთა ქვაბულები – ეს ყველაფერი მიუწვდომლად დიდებულ ატმოსფეროს ქმნიდა.

გამიძნელდა მიახლოება, რადგან ათონის ქვაბულებთან საკმაოდ რთულია მისვლა.  ზოგიერთი მათგანი ვერტიკალური კლდის წვერზე მდებარეობს, ფერდობებზე გაყვანილია ვიწრო ბილიკი, სადაც მხოლოდ ადამიანის ტერფი თუ დაეტევა.

ფერდობზე მიმავალი ადამიანი იძულებულია მოეჭიდოს ჯაჭვს, რომელიც ამ ბილიკის მთელ სიგრძეზეა დაჭიმული. წონასწორობის დაკარგვის ან თავბრუსხვევის შემთხვევაში, შეიძლება 100- 150 მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდე, ლოდებზე დაეცე და დაიმტვრე.

ეს მიუსაფარი ნაპირი, რომლის გარშემოც მუდამ ქარი ქრის და ტალღები გაშმაგებით ეხეთქებიან, მკაცრი და რთული ცხოვრების განსახიერებაა.

იმის გამო, რომ კლდეებზე არანაირი მცენარე არ ხარობს, ზაფხულში აუტანელი სიცხეებია. მზე მთელი დღის განმავლობაში ავარვარებს შიშველ კლდეებს, რომლებიც თითქოს ცეცხლს აფრქვევენ.

ზამთარში განუწყვეტელი წვიმების შედეგად  ჩამორეცხილი  ნიადაგი  და ქვები  ნაპრალებს ავსებენ. ვერ ვხვდები როგორ, რანაირად ან რა საშუალებით მოახერხა ამ ხალხმა აქ თავისთვის სკიტების მოწყობა.

როგორია ამ  ხალხის საცხოვრებელი? ეს არის უბრალო ქვაბული, რომელზეც მიშენებულია ხის ქოხი, თუთიის სახურავით. ათონის მთის სხვა ადგილებთან შედარებით აქ არაფერი  ხარობს.  პატარა კიბე, რომელსაც მომსვლელ გემებთან მიჰყავხარ, ხშირად შტორმის შედეგად სრულიად იფარება.

მიუხედავად ამისა, სტუმარს არ შეუძლია არ იგრძნოს, რომ ამ ადგილას არის რაღაც საინტერესო და მიმზიდველი.  

იმ მოღვაწეების სულსა და გონებაში, რომელთაც სურთ, რომ აქ,  სამყაროსგან შორს, მკაცრ მარხვასა და უპოვარებაში მთელი ცხოვრება განვლონ, არამიწიერი საიდუმლოების მყოფობა იგრძნობა, ვინაიდან მათი ერთადერთი მიზანი ქრისტესთან ურთიერთობაა.

როგორ აზროვნებენ?

ჩემმა სურვილმა, რომ მათზე რაიმე გამეგო, ერთ-ერთი განდეგილის კართან მიმიყვანა.

ეს იყო პატარა, ორ ნაწილად გაყოფილი ხის ქოხი, მცირე ეზოთი, ბუნებრივად შექმნილი ქვის ღობით. ეზოს შუაში, პატარა ხეზე მიმაგრებულ ვიწრო მილში, ბუნებრივ რეზერვუარში დაგროვილი წვიმის წყალი მიედინებოდა. გვალვის ხანგრძლივ პერიოდებში წყლის ეს მცირე რაოდენობა ხშირად არც იყო საკმარისი.

ღირსი მამა სოფრონ სახაროვი

კარი დაბებკილი სამოსით შემოსილმა, ნაღვლიანი გამომეტყველების მქონე სნეულმა მოხუცმა მონაზონმა გამიღო და ვკითხე, თუ სად იყო მამა სოფრონის ქოხი. არც არაფერი უკითხავს და უთქმელად წამიყვანა მასთან. მამა სოფრონი შესასვლელ კართან იდგა და თავისი ცისფერი თვალებით, საოცარი გამომეტყველებთ იმზირებოდა.

მისი ქოხი, რომელიც სხვებისგან არ განსხვავდებოდა, კლდის პირას იყო, საიდანაც წარმოუდგენლად დიდებული ხედი იშლებოდა. წყლის მილი პატარა ხეზე და ცარიელ ავზზე იყო მიმაგრებული.

საჭმლის მოსამზადებლად იყენებდა პატარა ქვის ღუმელს. ეზოში იყო ორი სკამი და პატარა ფიცარი, რომელსაც მაგიდის დატვირთვა ჰქონდა. მარჯვნივ კლდის ნაპრალს შეამჩნევდით, რომელიც მისი წინამორბედი მოღვაწის უკანასკლნელი საცხოვრებელი გახლდათ.

  • დაბრძანდით, – თქვა და შენდობა ითხოვა იმის გამო, რომ გასამასპინძლებელი არაფერი ჰქონდა. – ჩვენ სტუმრებს არ ვართ მიჩვეულნი – დაამატა მან.

მასზე ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ მქონდა გაგონილი. ადამიანზე, რომელიც არის  უმაღლესი განათლების მქონე, მრავალ ენაზე მოსაუბრე ნიჭიერი მხატვარი, რომელსაც ოდესღაც პარიზში, მის მიერ მოწყობილ მშვენიერ გამოფენებზე შევხვედრილვარ.

ის ხელოვნებით ცხოვრობდა, ფერწერაში ახალი ჰორიზონტების აღმოჩენის სურვილი ჰქონდა, უყვარდა სასულიერო ლიტერატურის კითხვა. მან თავად აღიარა, რომ რაღაც მომენტში ამ წიგნების საშუალებით იპოვა თავისი გზა, რომელსაც უნდა გაჰყოლოდა.

დაუყოვნებლივ გაემგზავრა პირდაპირ ათონის მთაზე. თავიდან იყო მორჩილი, ხოლო შემდგომ ბერად აღკვეცეს მონასტერში. თანდათანობით იგრძნო, რომ მონასტრული ცხოვრებაც არ აკმაყოფილებდა და საბოლოოდ, გახდა განდეგილი.

ასეთი იყო ჩემი მოსაუბრე, რომელიც მომღიმარი იდგა ჩემ წინაშე. მასში არ იყო არანაირი თეატრალურობა და თვალთმაქცობა.

  • თქვენ მშიერი ხომ არ ბრძანდებით? – მკითხა მან. ნება მომეცით რაიმე მოგართვათ.

მე უარი ვუთხარი და შენდობა ვთხოვე ასეთ უდროო დროს  ჩემი გაუფრთხილებელი სტუმრობის გამო.

  • კარგად მოიქეცით, რომ მობრძანდით. მსურს, რაიმე მიირთვათ.

მან მავრთულზე ჩამოკიდა მკრთალად მანათობელი პატარა ნავთის ლამპა და მივიდა კერასთან, სადაც უჩვეულო ნახარში ცხელდებოდა. ეს იყო ტაჰინი, რომელიც პურთან ერთად მივირთვით.

დიდხანს მეგობრულად ვსაუბრობდით. უკვე ღამის ორი საათი გახდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე ფეხით ვიარე, ვერანაირ დაღლილობას ვერ ვგრძნობდი. მიხაროდა, რადგან ასეთ ადამიანთან შეხვედრისა და მისი მოსმენის შესაძლებლობა მომეცა.

მამა სოფრონი ამას ჩემი ჩამოსვლისთანავე მიხვდა:

  • თქვენ გსურთ რაიმე გაიგოთ იმაზე, რაც საერო ცხოვრების ფარგლებს სცდება.
  • დიახ – ვუპასუხე მე – რამდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან, მაგალითად, თქვენ, მამა სოფრონ, იპოვეთ თუ არა აქ ის, რასაც ეძებდით?
  • რასაკვირველია – მიპასუხა მან. – მე სრულიად დარწმუნებული ვარ ამაში.
  • კარგით. თქვენსავით ნიჭიერმა მხატვარმა ისე ძლიერ იგრძენით ღვთის მოწოდება, რომ აქ მობრძანდით?
  • ეს ეტაპობრივად მოხდა, ისე, რომ მეც ვერ გამიგია როგორ. რაღაც დრომდე მხოლოდ ხელოვნებით ვცხოვრობდი. მსურდა, რომ ხელოვნება კვლავ აღორძინების ეპოქას დაბრუნებოდა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს შეუძლებელია. მერე ასე, ნელ-ნელა გადავერთე რელიგიური წიგნების კითხვისკენ და ჩემ წინაშე გამოჩნდა გზა, რომელსაც უნდა გავყოლოდი. და აი, მეც აქ ვარ.
  • თქვენ სრულიად დაანებეთ თავი ფერწერას?
  • დიახ, სრულებით. უკვე მრავალი წელია, რაც ხელში ფუნჯი არ ამიღია. კმაყოფილი ვარ ჩემი ახალი ცხოვრებით.

სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, განთიადმაც მოგვისწრო. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს შემეძლო გამერჩია ტალღების ხმაურში რაღაც შეუცნობადი ჩვენს გვერდით. მსურდა გამეგო, როგორ ცხოვრობდა შემოდგომასა თუ ზამთარში.

  • ამგვარადაც ხდება ხოლმე – მითხრა მან, – შეუძლებელია ზოგჯერ ძლიერი ქარის გამო ფეხზე დგომა. ზღვა აქ განსაკუთრებით მრისხანე და საშიშია. ზოგჯერ ქარს სახურავიც კი მიაქვს. ხშირად ხდება უბედური შემთხვევები. განდეგილებს გამვლელი გემები ამარაგებენ, მეზღვაურები კლდეზე ჩამოკიდებულ კალათებში ცოტაოდენ საკვებს – პურს და ჩაის ალაგებენ. როდესაც განდეგილი თავის ქოხში აღესრულება, ვინც მის სხეულს იპოვის, იქვე ასაფლავებს…

დასაძინებლად დავწექი ფიცარზე, რომელსაც გადასაფარებელი ეფარა. ჩემი შთაბეჭდილებები იმდენად ცოცხალი იყო, რომ დიდი ხანი თვალი ვერ მოვხუჭე. მზის ამოსვლისთანავე, ქარის ამოვარდნამდე უნდა წავსულიყავი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ათონის მთიდან გამგზავრება საკმაოდ გართულდებოდა. ნაპირზე ნავი უკვე მელოდებოდა.

ჩემს მოსაუბრეს ხელი ჩამოვართვი, მანაც თბილად გადამიხადა მადლობა სტუმრობისთვის და დამლოცა:

  • ქრისტე გფარავდეთ…

[*] კარული ( ბერძ. Σκήτη Καρούλια ) – მართლმადიდებლური საერთო საცხოვრებელი სკიტი ათონის წმიდა მთაზე. ეკუთვნის დიდ ლავრას და მდებარეობს ათონის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, დიდი ლავრიდან დაახლოებით 6 კილომეტრში. ათონის სხვა მონასტრებისა და სკიტების მსგავსად, იგი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.

წყარო: https://afonit.info/

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ.

გაზიარება
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •