scaled

შიში ღმრთისა – დასაბამი ყოველთა სათნოებათა – არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)

ახლადდამწყებთათვის, უცხოა განცდა უფლის სიტკბოებისა და მშვენიერებისა. მათთვის, ის ჯერ მხოლოდ ოცნება და სიზმარია. ღმრთის შიში კი, შესაძლოა ჰქონდეთ მრავალთ. ყოველი სულიერი გრძნობს, თუ რაოდენ დიადი და საშინელია უფალი. მის მიუწვდომლობასა და ზეციურ დიდებულებაზე ფიქრი, შიშის მომგვრელია ყველასათვის. არ არსებობს კაცი, თუნდაც ურწმუნო, რომელსაც თავისი ცხოვრების ურთულეს მომენტში, არ შეშინებოდეს უფლის. რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება არა ადამიანში ბუნებრივად არსებული, არამედ თავისუფალი არჩევანით განპირობებული, უფლის სიყვარულით ნასაზრდოები შიში და მადლისმიერი კეთილკრძალულება მის წინაშე. ამგვარად, როდესაც ვამბობთ, რომ ყოველ ადამიანს გააჩნია ღმრთის შიში, იგულისხმება განცდა უფლის სიდიადისა, რომლის წინაშეც უძლურია ყოველი ხორციელი, “ვინ არს ხორციელი, რომელსაც ესმა ხმაი უფლისა ღმრთისა ცხოველისაი, ვითარმცა ეტყოდა ცეცხლით გამო, ვითარ-ესე ჩუენ გუეტყოდა და ცხონდა”(მეორე რჯული 5,26).

შიში ღმრთისა, დასაბამია სათნოებათა, რომელიც გვაკავშირებს უფალთან. როდესაც რაიმე ხმაურს გაიგონებ, შიში გიპყრობს, სუნთქვაშეკრული ჩერდები და გარინდებული ცდილობ გაიგო, თუ რა ხდება, შიში გაიძულებს, რომ მთლიანად სმენად იქცე. ამგვარად, თუკი დემონთან კავშირი, საწყისია ყოველი ცოდვისა, მაშინ, მწვერვალი ყოველთა სათნოებათა – შიშია ღმრთისა, რაც ნიშნავს, რომ მე ვწყვეტ ყოველგვარ მოქმედებას და ისეთი კეთილკრძალული შიშით მივმართავ მზერას უფლისაკენ, რომ ოდნავ გატოკებასაც კი ვერ ვბედავ.

სიწმინდის გზაზე მყოფი ადამიანის მიერ, გულწრფელი და ჭეშმარიტი სიყვარულით მოიპოვებული ღმრთის შიში, ბადებს სათნოებებს, რომლებიც მანკიერებათა წამონაზარდებს კვეთენ მასში. ამიტომ, თუკი გსურს მოიკვეთო ცოდვანი, ნუ ემსგავსები მათ, ვინც ამბობს: “მორჩა, აწი აღარ განვრისხდები” ან “პირობას ვდებ, რომ ამიერიდან აღარ ვიცრუებ”, ნაცვლად ამისა, ეცადე, მოიხვეჭო ღმრთის შიში. შიში, შესაძლოა სწორედ დამწყებთა მდგომარეობაა და სიყვარულთან მისაყვანადაა ის საჭირო, რამეთუ სიყვარულმა განდევნის შიში (იოან. 4,18). შიში ღმრთისა, რა თქმა უნდა, საწყისი მდგომარეობაა, ვინაიდან, როგორც სოლომონ ბრძენი ამბობს: დასაწყისი სინრძნისა – შიში ღმრთისა (იგავ. 1,7), მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შიშს აქვს დასასრული. წმინდა წერილი ამბობს, რომ სრულყოფილი სიყვარული განდევნის შიშს, მაგრამ, აქ იგულისხმება არა სიბრძნის საწყისი შიში, არამედ ის, რომელიც მტრობიდან, კადნიერების და სუფთა სინდისის ნაკლებობიდან გამომდინარეობს. თუკი უფალს შევიყვარებ, თავს მოვიდრეკ მის წინაშე, ვხდები მონა ღმრთისა და კადნიერებას ვიძენ მის წინაშე.

ამგვარად, გამოთქმა -“შიში ღმრთისა”, შესაძლოა სხვადასხვაგვარად განიმარტოს. შიშად მიიჩნევა, თუ შეიძლება ასე ითქვას, გულის კანკალით წარდგომა საშინელი ღმრთის წინაშე, როდესაც ვგრძნობ, რომ ის საშიშია ჩემთვის, ჯალათია, დამსჯელი, აღარ ვიცი როგორ მოვიქცე და შიშისაგან ვკანკალებ, როგორც კანკალებდნენ ადამი და ევა: “და ესმათ ხმაი უფლისა ღმრთისა, მავალისაი სამოთხეს შინა, მიმწუხრი და დაიმალნეს ადამ-ცა და ცოლი მისი პირისაგან უფლისა ღმრთისა საშუალ ხესა სამოთხისასა”-ამბობს წმინდა წერილი (იხ. დაბად. 3, 8 და 10), ასეთი შიში განქარდება სიყვარულის მიერ.

სიყვარული კადნიერებაა და ის ანადგურებს შიშს იმ ადამიანში, რომელსაც არ გააჩნია კადნიერება. შიში, ღაღადია უფლისადმი, განცდაა მისი დიდებულებისა და სიწმინდისა, წყურვილია უფლისა, ეგოდენ დიდებულისა და წმინდისა, უფლისა ჩემისა. აი, ასეთი შიშია – “დასაწყისი სიბრძნისა”. სიტყვები – “დასაწყისი სიბრძნისა – შიში ღმრთისა”, არ ნიშნავს, რომ სიბრძნის მოსახვეჭად, დასაწყისში, საჭიროა შიში. “დასაწყისი”, ნიშნავს “თავს”, “ყოველივეს დასაწყისს”, საფუძველს, რომელიც აუცილებელია შენთვის და ურომლისოდაც არაფერი არსებობს. შიში ღმრთისა, აუცილებელი პირობაა სულიერი ცხოვრებისა. როგორც კი ადამიანი მას კარგავს, ის მაშინვე წყვეტს კავშირს ღმერთთან. ღვთაების საწყისია მამა, წარმოგიდგენიათ ძე მამის გარეშე? აბსურდია! ყოფიერების საწყისია იესუ ქრისტე, წარმოგიდგენიათ ყოფიერება იესუ ქრისტეს

გარეშე? სწორედ ასევე წარმოუდგენელია სულიერი ცხოვრება შიშის გარეშე, რომლის შესახებაც საუბრობენ აბბა ისაია, ძველის აღთქმის წიგნები და წმინდა მამები.

ამგვარად, ფრაზა “ სიყვარულმა განდევნის შიში” , სხვა აზრის მატარებელია და ნიშნავს, რომ სიყვარული განაქარვებს სირცხვილს. ამიტომაც ამბობს აბბა ისაია: “მოიხვეჭე შიში და მთელ ცხოვრებას მშვიდად გაატარებ”. გპირდები, რომ აღარ შეგაშინებს სინდისის ქენჯნა, აღარ გექნება აზრთა ქარტეხილები, საცდურები, იქნები უსაფრთხოდ და იცხოვრებ “ყოვლადბრძნულად” . ყოვლადბრძენი კი, თავად ღმერთია. უფლის შიში, ყოვლადბრძენი ღმრთის შენთან მყოფობის დასაწყისია, დასაბამი უფალთან შენი ერთობისა. თუკი გაქვს ღმრთის შიში, ფიქრობ და მოუხმობ მას, ამით, შენ უკავშირდები ღმერთს. “მოიხვეჭე” შიში ღმრთისა, გულმხურვალედ ისურვე და შენს საკუთრებად აქციე იგი. არსებობს ღმრთის შიშის მოხვეჭის რამოდენიმე გზა: მყუდროება, ამქვეყნიურ საზრუნავთაგან განშორება, სიფხიზლე, წარწყმედის ნაცვლად ზეციური სამეფოს არჩევა, სიყვარულის გამოვლენა ადამიანების მიმართ და აღსარება, თუნდაც რომ არ გქონდეს სინანული. ეს ყოველივე, ღმრთის შიშთან მიგიყვანს, მაგრამ, უპირველესად, მასთან მიგიყვანს ცრემლები, გონივრული, მოკრძალებული ცხოვრება და განცდა, რომ გხედავს უფლი. ყოველი წამი შენი ცხოვრებისა იცხოვრე ისე, რომ თითქოს უფლის წინაშე იმყოფები და მას უმზერ. დაე, მუდმივი ყოფილიყოს შენი წარდგომა უფლის წინაშე, ნუ იქნები ცვალებადი, მერყევი და არამდგრადი. ამგვარად, შენი ნებისყოფა თანდათანობით განმტკიცდება და განვითარდება. ღმრთის შიში კი, როგორც ნების განსაკუთრებული მდგომარეობა და გამოვლინება, შენს განუყოფელ საკუთრებად იქცევა.


წყარო: წიგნიდან “Жить в присутствии Бога” , არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი), მოსკოვი 2020