434403985 957766782131095 9151798725255440708 n

რა უნდა ვიცოდეთ ფიქრების წინააღმდეგ ბრძოლაში – წმინდა პაისი ათონელი

ჩვენში აღძრულ ფიქრებს ვარაუდებს კითხვის ნიშნით უნდა შევხედოთ

-მამაო, როგორ განვაგდოთ ვარაუდები გონებიდან?

– ყველაფერი ყოველთვის ისეა, როგორც შენ აღიქვამ. თქვენს ყველა ფიქრს შეხედეთ ეჭვის თვალით, რადგან ჩვეულებრივ ყველაფერს უარყოფითი თვალით უყურებთ. იმავენაირად მიუდექით კარგ ფიქრებს სხვების შესახებ, ვაითუ შეფასებისას შესცოდოთ.

თუ ორ კითხვის ნიშანს დასვამთ, უკეთესი იქნება. და თუ სამს, კიდევ უფრო უკეთესი. ამგავრად, შეინარჩუნებთ სიმშვიდეს და მიიღებთ სარგებელს, ასევე სარგებელს მოუტანთ სხვებსაც. ნება მომეცი, მოვიყვანო მაგალითი და გაჩვენო რა შეუძლია ბოროტ ფიქრებს. ერთხელ ერთი ბერი მოვიდა ჩემთან და მითხრა: მოხუცი ჰარალამბოსი ჯადოქარია. მან ჯადოქრობა გამოიყენა. “რას ამბობ, შე სულელო?” ვუპასუხე მე. “არ გრცხვენია?”. “არა, ერთ მთვარიან ღამეს დავინახე დიდი ბოთლიდან ბუჩქებში როგორ ასხამდა რაღაცას და თან ამბობდა: „მმმ, მმმ, მმმ”

ერთ დღესაც მივედი მამა ჰარალამბოსთან და ვკითხე: როგორ მიდის საქმეები, მამა ჰარალამბოს? როგორ ხარ? რას საქმიანობ? ვიღაცას დაუნახავს როგორ ასხამდი ბუჩქებში დიდი ბოთლიდან რაღაცას და ამბობდი: ”მმმმ, მმმმ“.

“ტყეში შროშანები იყო და მათ მოსარწყავად წავედი. თან ვმღეროდი „ო, წმიდაო ქალწულო“(Agni Parthene წმ. ნექტარიოს ეგინელის მიერ შექმნილი საგალობელი ღვთისმშობლის შესახებ) შროშანებს წყალი დავასხი და ვუმღერე: ”ო, წმიდაო ქალწულო“. შემდეგ, ცოტა წყალი სხვასაც დავასხი. ბოთლი ისევ წყლით ავავსე და განვაგრძე მორწყვა”.

ხედავ? იმ ბერს კი ეგონა, რომ მაგიით იყო დაკავებული! მე ვხვდები ხოლმე ერის კაცებს და ვიცი როგორი კარგი ფიქრები აქვთ. თუმცა არიან საბრალო ადამიანები, რომლებსაც არარსებული მოვლენები ტანჯავენ და ისეთი ცდუნებები აქვთ, როგორსაც ვერ წარმოვიდგენთ.

კიდევ ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ხანგრძლიგი გვალვის შემდეგ იწვიმა და უფლისადმი მადლიერების განცდით სკამზე ჩამომჯდარმა ვთქვი:” მილიონი, მილიარდი, მადლობა ღმერთო”.

მე არ ვიცოდი, მაგრამ თურმე გარეთ ერთ ერისკაცს მოესმა ჩემი სიტყვები. შემდეგში, როდესაც შემხვდა, მითხრა: მამაო, გაოგნებული ვარ. გავიგონე როგორ ამბობდი “მილიონი, მილიარდი” და ვიფიქრე, ნეტავ რას ამბობს მამა პაისი. რა უნდა მეპასუხა? წვიმის გამო ღმერთის მიმართ მადლიერებას გამოვხატავდი და ადამიანს ეგონა ფულს ვითვლიდი. მის ადგილას ნებისმიერი სხვა რომ ყოფილიყო, შესაძლოა ღამე გასაქურდად მოსულიყო, ვეცემე და ბოლოს ხელცარიელი დარჩენილიყო.

მორიგი შემთხვევა იყო, ერთი კაცი ავადმყოფ შვილთან ერთად მოვიდა ჩემს სანახავად. სასაუბროდ სამლოცველოში შევიყვანე. თავისი პრობლემა რომ მომიყვა მისი დახმარების სურვილით, ვუთხარი: „შენც უნდა გააკეთო რაღაც თუ გინდა რომ შენი შვილი გადარჩეს. მეტანიებს არ აკეთებ, მარხვას არ იცავ, მოწყალებისთვის ფული არ გაქვს. ამიტომაც უთხარი ღმერთს: უფალო, არაფერი კარგი არ გამაჩნია ჩემი შვილის ჯანმრთელობისთვის რომ გავიღო; ერთადერთი შემიძლია ვეცადო თამბაქოს მოწევას თავი დავანებო“.

საბრალო კაცს გული აუჩუყდა და დამპირდა, რომ ასეც მოიქცეოდა. კარის გასაღებად წავედი და მან სიგარეტი და სანთებელა სამლოცველოში, ქრისტეს ჯვრის ქვეშ, დატოვა. მე ეს ვერ შევამჩნიე. მისი წასვლის შემდეგ ახალგაზრდა კაცი მოვიდა ტაძარში რაღაცის სათქმელად და შემდეგ გარეთ გავიდა სიგარეტის მოსაწევად.

მე ვუთხარი: ახალგაზრდავ, აქ მოწევა არ შეიძლება. თუ შეიძლება სხვაგან გადაბრძანდით. მან მკითხა: „ტაძარში მოწევა შეიძლება?”. ავადმყოფი ბავშვის მამის მიერ დატოცებული თამბაქო და სანთებელა უნახავს და უფიქრია, რომ მე ვეწევი სიგარეტს. თავის ფიქრებთან ერთად გავუშვი. სიგარეტს მართლაც რომ ვეწეოდე, ნუთუ ტაძარში მოვუკიდებდი? ხედავ რა არის ბოროტი ფიქრები?

– მამაო, რა ზიანს აყენებს სულს ეჭვები და ვარაუდები?

– ზიანი დამოკიდებულია ვარაუდზე. ეჭვი მაცდურია.

– როგორ განვიკურნოთ მისგან?

– სათნო ფიქრებით.

– მამაო, თუ ვინმე ერთხელ შეცდება, ეს არ დაეხმარება მას?

– თუ ერთხელ შეცდება ადამიანი, კი ბატონო, მაგრამ თუ მეორეჯერაც იმავეს გაიმეორებენ, თავს დაკარგავენ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ კი ათასში ერთი შანსი მაინც არის, რომ ვცდებოდეთ, დავიტანჯებით. დიდი მარხვის დროს, როდესაც მონასტერში ვიყავი, ერთ-ერთი ასაკოვანი ბერი, მამა დოროთეოსი, ყაბაყს წვავდა. მეორე ბერმა დაინახა როგორ დებდა ტაფაზე და ჩემთან მოვიდა და მითხრა: უნდა ნახო, ბებერი მამა დოროთეოსი დიდ წითელ კეფალს წვავს. “შეუძლებელია, მამა დოროთეოსი თევზს წვავს დიდმარხვაში” ვუპასუხე მე. “დიახ” მომიგო მან, „ჩემი თვალით დავინახე. დიდი წითელი ამხელა კეფალი”.

მამა დოროთეოსი წმინდა მთაზე თხუთმეტი წლის ასაკში მოვიდა და ყველასთვის დედასავით იყო. შეუძლოდ მყოფ ბერს თუ დაინახავდა, ეტყოდა: აქ მოდი, საიდუმლო უნდა გითხრა. და ცოტა ტაჰინის და დაფქულ ნიგოზს აძლევდა. მოკლედ, მივედი მამა დოროთეოსის სანახავად და აღმოჩნდა, რომ ავადმყოფების მთელი ოთახისთვის მართლაც ყაბაყს წვავდა!


წყარო: http://Pemptousia.com

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge© 

სტატია თარგმნა ლიზა ბატიაშვილმა

Share