UTA 0170

სიწმინდის შესახებ – წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი (ნაწილი 3)

ჩვენ  შეგვიძლია მხოლოდ გავოცდეთ, თუმცა, ვერანაირად მივბაძავთ ძველი ბერების ცხოვრებასა და ღვაწლს; შეგვიძლია მხოლოდ ვუჭვრეტდეთ მათ, როგორც უფლის სასწაულს და მათ გამო ვადიდებდეთ ღმერთს, რომელმაც უსუსურ ადამიანს გონებამიუწვდომელი ძალა და სიწმინდე მიანიჭა. ასეთ ღვაწლს მიეკუთვნება ბრძოლის ის მეთოდები, რომლებსაც პირველსაუკუნეთა ღვაწლმოსილი ბერები, სიძვის ზრახვებისა და შთაგონებების წინააღმდეგ იყენებდნენ. თავდაპირველად, ისინი არ უწევდნენ წინააღმდეგობას ზრახვებს და უშვებდნენ მათ მცირედ ზემოქმედებას, მათივე სიტყვით “შემოსვლას” და შემდგომ ებრძოდნენ მათ. ღირსი პიმენ დიდი, სანამ სრულყოფილებას მიაღწევდა,  თავისი თანამედროვე წმინდა მამების რჩევებითა და დარიგებებით ცდილობდა სრულყოფას. რჩევისათვის იგი პანეთოსზე,  მდუმარებაში ცხოვრებ აბბა იოსებს მიმართავდა ხოლმე, ერთხელ პიმენ დიდმა  აბბას ჰკითხა: “როგორ მოვიქცე, როდესაც ვნებები მიტევენ? შევეწინააღმდეგო მათ, თუ მივცე შემოსვლის საშუალება? – ბერმა უპასუხა: “შემოუშვი და შეებრძოლე”.  ამ პასუხის მიღების შემდეგ, პიმენი დაბრუნდა სკიტში, სადაც მდუმარებაში იმყოფებოდა. ამის შემდგომ, მის სკიტში ერთი ბერი მოვიდა თივაიდიდან; მან ძმებს უამბო: “როდესაც აბბა იოსებს ვკითხე: თუკი ვნებისმიერი ზრახვები შემომიტევენ, შევეწინააღმდეგო მათ, თუ მოვკვეთო ისინი”, მან მიპასუხა:”არავითარ შემთხვევაში არ შემოუშვა ისინი და მაშინვე მოიკვეთე”. აბბა პიმენმა ეს რომ მოისმინა, კვლავ მამა იოსებთან წავიდა პანეთოსზე და უთხრა:”აბბა! მე შენთვის მცირედი გაფიქრებაც კი არ დამიმალავს, მაგრამ შენ მე სხვა რამ მითხარი, თივაიდელ ბერს კი სხვა”. ბერმა უპასუხა: “განა არ იცი, რომ მე შენ მიყვარხარ?”, “ვიცი, – უპასუხა პიმენმა. “განა შენ არ მითხარი, რომ შენთვის მეთქვა ის, რასაც საკუთარ თავს ვეტყოდი? როდესაც ვნებისმიერი ზრახვა შემოგიტევს, მიეცი შემოსვლის უფლება, შემდგომ შეებრძოლე და ამ გზით უფრო დახელოვნდები. მე შენ ეს გითხარი ისე, როგორც ვეტყოდი საკუთარ თავს. მაგრამ, როდესაც ვნებისმიერი ზრახვები შეუტევენ ახალდამწყებებს: მათთვის არ იქნება სასარგებლო მათი მიღება; მათ დაუყოვნებლივ უნდა განაგდონ ისინი”.

თავად პიმენ დიდის პასუხებიდან, როდესაც ის თავად გახდა მონასტრის წინამძღვარი, მსგავსი მდგომარეობიდან გამომდინარე ჩანს, რომ ბერებს, რომლებიც ვნებისმიერი ზრახვებისადმი შემწყნარებლურნი იყვნენ, ეკრძალებოდათ მათი მიღება, ხოლო მათთვის, ვინც ზეციური ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ნებადართული იყო.  ამ ღვაწლისმიერი საქმიანობის არსებობა, იმ დროის მონაზვნობის აღმატებული სულიერი წარმატებით იყო განპირობებული: ცხადია, რომ ასეთი ღვაწლისათვის აუცილებელია უვნებობის მდგომარეობა. მოგვიანებით, სავარაუდოდ, არასასურველი გამოცდილებებიდან გამომდინარე, მამებმა ეს საქმიანობა სახიფათოდ მიიჩნიეს და ყველა მონაზვნისათვის აკრძალეს. “ნუ დაუშვებ – ამბობს წმინდა ისააკ სირიელი, – რომ შენმა გონებამ სიძვის ზრახვებისა და ოცნებათა სახით, მიიღოს ხატება და სახეები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ შენზე, იმ იმედით, რომ ისინი ვერ გძლევენ შენ; რამეთუ ამგვარად, თვით ბრძენნი აღმოჩნდნენ წყვდიადში და  დასაცინნი გახდნენ”. ჩვენთვის აუცილებელია მივყვეთ ამ დარიგებას.

უფლის წმინდანთა ცხოვრებაში ვხედავთ, რომ ზოგიერთმა მათგანმა გადაიტანა ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლა სიძვის ზრახვებთან და შეგრძნებებთან და ვნებისმიერი მდგომარეობიდან უვნებობაში გადავიდა. ეს ბრძოლა გამოიარეს არა მხოლოდ იმ მოღვაწეებმა, რომლებიც ადრე გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდნენ, მსგავსად მოსე შავისა და მარიამ მეგვიპტელისა, არამედ ქალწულებმაც, როგორებიც იყვნენ –  ღირს სვიმეონი, ქრისტესთვის სალოსი, წმინდა იოანე მრავალვნებული და სხვები. სასტიკმა ბრძოლამ, მათ უმძიმესი და ზებუნებრივი ღვაწლის ტვირთვა შეაძლებინა. და ვინაიდან ღმრთაებრივი ღვაწლი მუდამ თანმდევი და შესაბამისია მოწინავე მწუხარებისა და ღვაწლისა: ხსენებული წმინდანები გახდნენ ღირსნი, მათზედ დაშვებული უჩვეულო ღვაწლისა და სასტიკი ბრძოლის ტვირთვის წილ, მიეღოთ გასაოცარი ღმრთაებრივი ნიჭები. ეს ბრძოლა და ღვაწლი, იყო განსაკუთრებული მოვლენა საკუთრივ მათი მოღვაწეობისას, ამიტომაც, ისინი ვერ გამოდგება ყველა მოღვაწისათვის სრულ სახელმძღვანელოდ.   შესაძლბელია და სავალდებულოც, რომ შეძლებისდაგვარად მივბაძოთ ამ ღმრთის მოღვაწეთა ბრძოლისუნარიანობას, სიმტკიცეს, რწმენასა და თავგანწირვას; მაგრამ, საკუთრივ მათი ღვაწლი, დარჩება შეუდარებელი. ზოგადად, ბრძენთაბრძენ მამათა მიერ მიჩნეულია, რომ ბუნების სურვილთა წინააღმდეგ ბრძოლისას, საკვებისაგან თავის შეკავება  და სხვა ფიზიკური ღვაწლი, კეთილგონივრული და ზომიერი უნდა იყოს, ეს ღვაწლი, ხორციელი სურვილების ასალაგმად არის მიმართული, მათი დამარცხება კი სიმდაბლითა და ცრემლიანი ლოცვით ხდება, რომელიც მოღვაწისაკენ ღმრთაებრივ მადლს მიიზიდავს. მომეტებული ფიზიკური ღვაწლი, საზიანო უფროა, ვიდრე სასარგებლო, ვინაიდან, ისინი აუძლურებენ რა ფიზიკურ ძალებს, ხელს უშლიან ლოცვითი ღვაწლისა, მგლოვარებისა და მორჩილების საქმეთა აღსრულებას.  პატერიკში მოთხრობილია შემდეგი ამბავი: “ეგვიპტეში ერთმა ღმრთისმოსავმა კაცმა, დატოვა თავისი ცოლი და შვილები, მოიკვეთა თავი ერული ცხოვრებისაგან და უდაბნოში განმარტოვდა.  მასზედ სასტიკი მრძოლა მოიწია სიძვის დემონისაგან, რომელიც  მოგონებებს უნერგავდა თავის ცოლზე. მან ეს  აღსარებაში უთხრა მამებს. მამებმა, ნახეს რა, რომ იგი ასკეტი იყო და  ასრულებდა ყველაფერს, რაც ნაბრძანები ჰქონდა, სხვადასხვა წმინდანთა ცხოვრებაზე დაყრდნობითა და მათ გამოცდილებათა გათვალისწინებით,  უმძიმესი ღვაწლი დააკისრეს მას. ამ ღვაწლისაგან ის იმდენად დასუსტდა, რომ ლოგინად ჩავარდა. უფლის განგებულებით, მასთან   მოძღვარი მივიდა სკიტიდან. ეგვიპტურ სკიტში – ასე ერქვა უნაყოფო და ველურ უდაბნოს, რომელიც ალექსანდრიიდან მცირედ მოშორებით მდებარეობდა – მოღვაწეობდნენ ღირსი ბერები, რომლებიც უხვად ფლობდნენ საღმრთო და სულიერი ჭვრეტის ნიჭებს. სკიტელმა მოინახულა უძლურებაში მყოფი და ჰკითხა: აბბა! რა არის შენი ავადმყოფობის მიზეზი? მან უპასუხა: მე დაქორწინებული ვარ, ცოტა ხნის წინ მოვედი უდაბნოში და ბოროტმა  სასტიკი ბრძოლა გამიმართა ჩემ ცოლზე ფიქრებით. მე ეს მამებს აღსარებაში ვუთხარი.  მათ სხვადასხვაგვარი ღვაწლი დამაკისრეს, რომლებიც წმინდა მამათა ცხოვრებიდან იყო ნასესხები. როდესაც მათი აღსრულება დავიწყე, დავუძლურდი,  ღვაწლი კი მძლავრობდა და მძლავრობდა ჩემს სხეულზე. მონათხრობით დაღონებულმა სკეტელმა ბერმა უთხრა: მამებმა, როგორც ძლიერმა მოღვაწეებმა, სწორად გირჩიეს ასე მოქცევა. მაგრამ, თუ გინდა, მიიღე ჩემი მდაბალი რჩევა, მიატოვე ეს ღვაწლი და თავის დროზე ზომიერად მიიღე საკვები, ზომიერად აღასრულე კანონები და მთელი შენი მწუხარება უფალს მიანდე: ის სძლევს მტერს, რომელიც შენს წინააღმდეგ იბრძვის. საკუთარი ძალებით ვერ მოიპოვებ გამარჯვებას ამ ბრძოლაში. ღვაწლში მყოფი ძმა ისე მოიქცა, როგორც სკიტელმა მოძღვარმა ურჩია: რამოდენიმე დღის გასვლის შემდეგ, მან ავადმყოფობისაგან შემსუბუქება იგრძნო და ბრძოლის სიმძიმემაც უკან დაიხია”. სკიტელ ბერს, ღირს აღათონს, სიძვის ვნების შესახებ ჰკითხეს. შეკითხვის ავტორს მან უპასუხა: “წადი და მტვრად შერაცხე შენი ძალები უფლის წინაშე და მოიპოვებ სიმშვიდეს”. მსგავს პასუხსვე იძლეოდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა დიდი მამებიც. სავსებით მართებულს და ჭეშმარიტს! თუკი ბუნების შეცვლა  ხელეწიფება მხოლოდ ღმერთს: მაშინ, პირველქმნილი ცოდვის მეშვეობით განპირობებული დაცემულობის აღიარება და შემოქმედისაგან კურნებისა  და ბუნების შეცვლის სიმდაბლით გამოთხოვნა, არის უძლიერესი და უჭეშმარიტესი იარაღი ბუნებასთან ბრძოლისა. ეს იარაღი, მხოლოდ საკუთარ თავზე მინდობით სუსტდება, რომელთანაც გადაჭარბებეულ და საკუთარი ძალებისათვის შეუფერებელ ფიზიკურ ღვაწლს მივყავართ. ღირსი კასიანე რომაელი აღნიშნავს, რომ “ვნებისმიერი განცდები, საჭიროებისამებრ, მძლავრობენ სულზე მანამ, სანამ სული არ შეიცნობს, რომ ეს ბრძოლა მის ძალებს აღემატება, სანამ არ მიხვდება, რომ საკუთარი ძალებითა და შრომით, იგი ვერ მოიპოვებს გამარჯვებას, თუკი არ იქნება შეწევნა და მფარველობა ღმრთისაგან”. ამ წმინდა მამამ, თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი სკიტელ ბერებთან დაჰყო და მათი სწავლებებით იყო ნასაზრდოები.


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge© 

რუსულიდან თარგმნა ქრისტინე დოლბაიამ

Share