DSC0037

სიწმინდის შესახებ – წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი (ნაწილი 1)

მაშინ, როდესაც ძველი აღთქმა იყო ყოველივეს წარმმართველი, სიძვა  მიიჩნეოდა ცოდვად. იგი იყო ცოდვა, შეურაცხმყოფელი ბუნებისა, ბოროტად გამოყენება ბუნების უმნიშვნელოვანესი თვისებისა  და დამარღვეველი კანონთა ბუნებისა. იმდენად დიდი იყო ეს დანაშაული, რომ მასში დამნაშავე სიკვდილით ისჯებოდა. ახალ აღთქმაში, ამ ცოდვას, ახალი სიმძიმე შეემატა, ვინაიდან, ადამიანის სხეულმა ახალი ღირსება შეიძინა. ის იქცა ქრისტეს სხეულის ნაწილად და ამიტომაც, სიწმინდის დამრღვევი, ხდება ქრისტეს შეურაცხმყოფელი, წყვეტს მასთან ერთობას და “ასოთა ქრისტესთა” აქცევს “ასოდ მეძვისა” (1კორ.6:15). ამგვარად, მრუში, სულიერი სიკვდილით ისჯება. სიძვის ცოდვაში ჩავარდნილს განეშორება სულიწმინდა; ამ ცოდვაში ჩავარდნილი, სასიკვდილო ცოდვაში ჩავარდნილად ითვლება, ცოდვაში, რომელიც  მას გადარჩენის საშუალებას ართმევს, ცოდვაში – რომელიც გარდაუვალი დაღუპვისა და ჯოჯოხეთში მარადიული ტანჯვის გარანტია, თუკი იგი დროულად არ იქნა   სინანულით განკურნებული.

რა არის – სიწმინდე? იგი – სათნოებაა, საპირისპირო სიძვის ვნებისა; ეს გახლავთ სხეულის გაუცხოვება ცოდვაში ჩავარდნისა და ყველა იმ მოქმედებათაგან, რომელთაც ცოდვამდე მივყავართ, გონების გაუცხოვება სიძვის ფიქრებისა და ოცნებებისაგან, გულის გაუცხოვება სიძვის შეგრძნებებისა და მიდრეკილებებისაგან, ამას კი,  სხეულის  ხორციელი ვნებისაგან გაუცხოვება მოჰყვება.

ზოგიერთნი ამტკიცებენ, რომ სიძვის ცოდვაში ჩავარდნა როგორც სხეულით, ასევე,  გულითა და გონებით, ერთნაირი სიმძიმისა და მნიშვნელობის მქონე დანაშაულია. თავიანთ მოსაზრებას, ისინი მაცხოვრის სიტყვებზე აფუძნებენ: “ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში”(მთ.5:28). არასამართლიანია მათი მოსაზრება! ეს  ძველი აღთქმის მცნებაზე დამატებით ითქვა და მათ მიმართ, ვინც მხოლოდ სხეულებრივ სიძვას მიიჩნევდნენ ცოდვად, ვერ იგებდნენ რა, რომ “გულის-სიტყუანი ბოროტნი”, რომელთაც სიძვის ფიქრებიც მიეკუთვნება, გულისაგან გამოვლენ და შეაგინებენ კაცსა”(მთ.15:19-20) და “განაშორნიან უფლისაგან”(სოლ.1:3), ართმევენ სიწმინდეს – საშუალებას ღმრთის ხილვისა. სიძვის ზრახვებითა და შეგრძნებებით ტკბობა,  გულის სიძვაა და წამბილწველია კაცისა, რამეთუ, ის ხდება უუნარო უფალთან ურთიერთობისათვის, სხეულით მრუშობა კი, ცვლილებაა მთელი ადამიანური ბუნებისა სხვა სხეულთან შეერთებით (1კორ.6:16), სრული გაუცხოვება ღმერთთან, ესე იგი სიკვდილი, დაღუპვა. პირველი მდგომარეობიდან რომ გამოხვიდე, უნდა გამოფხიზლდე; მეორე მდგომარეობიდან რომ გამოხვიდე, უნდა აღსდგე და სინანულით ხელახლა დაიბადო.

ზოგიერთის მტკიცებით, ადამიანისათვის შეუძლებელია ხორციელი მონობისაგან და მით უმეტეს, სიძვის ფიქრთა და შეგრძნებათაგან განთავისუფლება და რომ ასეთი მდგომარეობა არაბუნებრივია.  უფალი განაგებს ყოველივეს, იგი ჩვენთვის შეუძლებელს, შესაძლებლად აქცევს: ამიტომაც, გულისა და სხეულის სიწმინდის მიღწევა, შესაძლებელი ხდება ადამიანისათვის. ყოველივეს განაგებს უფალი, შემოქმედი ბუნებისა: ამიტომაც, გულის სიწმინდე, არ ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას. იგი დაცემული ბუნებისთვისაა არაბუნებრივი; ადამიანური ბუნებისათვის იგი გახლდათ ბუნებრივი მდგომარეობა მისი შექმნისას და შეუძლია კვლავაც ბუნებრივად იქცეს მისი განახლების შემდგომ. შესაძლებელია მისი აღშენება და მოპოვება: პური, ბოსტნეული და ნაყოფის მომცემი ხეები, მიწიდან თავისთავად არ იზრდებიან; არამედ, მიწის სათანადო მომზადების შემდგომ, ირგვება და ითესება სასარგებლო მცენარეები და მაშინ, ისინი განსაკუთრებული სიუხვით ხარობენ და იღებენ ნაყოფს ადამიანთა გამოსაკვებად და დასატკბობად. დაუმუშავებელი მიწა კი, იძლევა მხოლოდ ღვარძლსა და ბალახს, საკვებს საქონლისა და არა ადამიანისა. საჭიროა ღვაწლი: ღვაწლის საგანი კი იმსახურებს იმას, რომ მის აღსასრულებლად, ვიტვირთოთ მეტად მძიმე და შრომატევადი ღვაწლი, რომელიც მის მტვირთველთა მიერვე არის არჩეული. გულისა და გონების სისუფთავეს, წმინდა წერილში, ეწოდება სიწმინდე: “რამეთუ ესე არს ნებაჲ ღმრთისაჲ, სიწმიდე ეგე თქუენი, ამბობს მოციქული, – განშორებად თქუენდა სიძვისაგან: ცნობად კაცად-კაცადისა თქუენისა თავისა თჳსისა ჭურჭელი მოგებად სიწმიდით და პატივით, ნუ ვნებითა გულის თქუმისაჲთა”(თესალ.4:3-5).

ქორწინებაში მცხოვრებთათვის, სიწმინდე, ერთმანეთის ერთგულებაში მდგომარეობს. ქალწულთა სიწმინდე კი, რომლებმაც ქრისტეს მიუძღვნეს თავი, ქრისტესადმი ერთგულებაში. მათ მიემართებათ ჩემი უბადრუკი, მანუგეშებელი, გამამხნევებელი და უტყუარი სიტყვები, – სიტყვები, ნასესხები ჭეშმარიტების სამოძღვროდან: წმინდათაწმინდა სიტყვა უფლისა, განმარტებული წმინდა მამათა მიერ, მათი წმინდა სიტყვითა და გამოცდილებით.

როდესაც უფალმა აკრძალა თვითნებური განქორწინება, რომელიც მოსეს კანონის მიერ იყო დაშვებული და განაცხადა, რომ რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ, გარდა ერთ-ერთი მეუღლის სიძვის ცოდვაში ჩავარდნის მიზეზით მომხდარი განქორწინებისა: მაშინ მოციქულებმა უქორწინებლობის საკითხი წამოჭრეს მაცხოვართან. ამაზე უფალმა მიუგო: “არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ეგე, არამედ რომელთადა მიცემულ არს…რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ”(მთ.19:11-12). და ვინ  “შემძლებელ არს დატევნად”? რა ნიშნით უნდა იმსჯელოს თითოეულმა ჩვენგანმა და გააკეთოს დასკვნა საკუთარი თავთან მიმართებით, უქორწინებლობით ცხოვრების უნარიანობასა თუ უუნარობაზე? პასუხი წმინდა მამათა ნაშრომიდან ვისესხოთ: “თქვენი სურვილისამებრ”. “უნარი ეძლევათ უფლისადმი მთელი გულით მთხოვნელთ, ამბობს ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი: “ითხოვდით, – ამბობს უფალი, – და მოგეცეს თქუენ… რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს” (მთ.7:7-8)”. თხოვნის გულწრფელობა, ამ თხოვნის შესაბამისი ცხოვრებით დასტურდება, ასევე გამუდმებული თხოვნით, თუნდაც რომ, მისი აღსრულება დიდი თუ მცირე ხნით გადაიდოს და ჩვენი სურვილი სხვადასხვა ცილისმწამებლური ცდუნებებით იქნას გარემოცული. პირადი ღვაწლის არსი, რომლითაც ბერი საკუთარი დაცემული ბუნების თვისებათა გამოვლენასა და ცვლილებას ცდილობს, ჭეშმარიტი ნებელობის დამოწმებაა. გამარჯვება და ბუნების ცვლილება კი, ერთარსება ღმერთს  ეკუთვნის. “სადაც ბუნება არის ძლეული, ამბობს იოანე კიბისაღმწერელი, იქ დასტურდება მოსვლა იმისა, ვინც აღმატებულია ბუნებაზე”. ბუნებრივ მიდრეკილებებს უფალი ცვლის მათში, ვინც მთელი მის დაქვემდებარებაში არსებული ძალებით დაამტკიცებს თავის გულწრფელ სურვილს, რომ ეს მიდრეკილებანი მასში შეიცვალოს: მაშინ, ღმრთის სული ეხება ადამიანის სულს, რომელიც, იგრძნობს რა მის შეხებას, სრულიად, მთელი ფიქრებითა და შეგრძნებებით დაიწყებს უფლისაკენ სწრაფვას, დაკარგავს რა ხორციელ სურვილთა გამომწვევი საგნების მიმართ ყოველგვარ ინტერესს. მაშინ ახდება მოციქულის სიტყვები: “ხოლო რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს”(1კორ.6:17). მაშინ თვით სხეული მიისწრაფვის იქითკენ, საითაც მიისწრაფვის სული.

გამოცდილებით დასტურდება და მტკიცდება, რომ საკუთარი ნებისამებრ უქორწინებლობაში მყოფი ადამიანები, სიცოცხლის ბოლომდე იმყოფებოდნენ ამ ნეტარ მდგომარეობაში და შეინარჩუნეს ქალწულება; სხვებმა, ცოლ-ქმრული ცხოვრების შემდეგ, შეინარჩუნეს უბიწო ქვრივობა; სხვები, გარყვნილი ცხოვრებიდან, წმინდა და კეთილგონივრულ ცხოვრებაზე გადავიდნენ; დაბოლოს, ზოგიერთი, მერყევი თავის ნებაში, კვლავ დაბრუნდა მასთან და სინანულით აღიდგინა დაკარგული სიწმინდე. ისინი, ყველანი, არა მხოლოდ განერიდნენ სიძვის ცოდვაში სხეულით ჩავარდნას, არამედ, ომი გამოუცხადეს ვნებისმიერ აზრებსა და შეგრძნებებს, წინ აღუდგნენ მათ, დაამარცხეს ისინი, მიიღეს ღმრთისაგან  სიწმინდის თავისუფლება, რომელიც სრულიად უცხოა ცოდვასთან ზიარებისთვის, თუნდაც რომ შეუჩერებელ თავდასხმებს განიცდიდეს მისგან. ამგვარად,  როდესაც უამინდობისას მგზავრი კეთილმოწყობილ სახლში შევა, მისთვის უამინდობა სრულდება და იგი ვეღარ ზემოქმედებს მგზავრზე, თუნდაც რომ დიდხანს გაგრძელდეს ან უფრო მეტად იმძლავროს მან. – საყვარელო ძმებო, ბერებო! ნუ ვიქნებით სულმოკლენი და მწუხარენი. ნუ მივაქცევთ ყურადღებას ეშმაკებს, რომლებიც ჩვენ მიერ არჩეული გზის მიმართ უნდობლობას გვინერგავენ; ნუ მივაქცევთ ყურადღებას ადამიანურ მოსაზრებებსა და რჩევებს, რომელნიც უმეცრებით, არაწმინდა და ბოროტი განზრახვით იქნება წარმოთქმული: მივენდოთ ჩვენს უფალს, ღმერთს, რომელმაც აღგვითქვა, რომ შეისმენდა და შეგვეწეოდა, თუკი მისი ერთგულნი ვიქნებოდით. ეს ერთგულება, მისკენ მუდმივი სწრაფვითა  და ამ სწრაფვისას ჩვენი გადაცდენის მუდმივი აღიარებით დავადასტუროთ. შეუძლებელია ამ გზიდან დიდმა თუ მცირე გადაცდენამ არ დაგვაბრკოლოს, რაც გვემართება ჩვენი უძლურების, შეზღუდულობის, ბუნების ცოდვით დაზიანების, ჩვენი უხილავი მტრების ბოროტი მანქანებისა და უსასრულოდ გამრავლებულ საცდურთა გამო. დიდხანს არ გაგრძელდება ჩვენი ღვაწლი! დიდხანს არ დავიტანჯებით საკუთარ თავთან ბრძოლით! მალე დადგება ჟამი გარდაცვალებისა, რომელიც მტანჯველი ბრძოლისა და ცოდვაში ჩავარდნის საფრთხისგან გამოგვიყვანს.  ჰოი! ოდეს დადგეს ჟამი ესე, რომ მარადისობის კარიბჭესთან, ზეციური მამის გულში ჩასაკრავად გაშლილი ხელები ვიხილოთ და გვესმას: “კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ; შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა” (მთ.25:23). ამ ჟამამდე კი, ვიღვაწოთ ვაჟკაცურად, არაფრით არ ვენდოთ საკუთარ სხეულს, საკუთარ უვნებობას, მოჩვენებითსა თუ ნამდვილს. საკუთარ თავზე, საკუთარი სხულის  მოკვდინებაზე, უვნებობასა და მადლისმიერ მდგომარეობაზე მინდობილნი, საშინელი საცდურების მსხვერპლნი გამხდარან.


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge© 

რუსულიდან თარგმნა ქრისტინე დოლბაიამ

Share