nwdn file temp 1614267677473

წმინდა სოფრონ ინგლისელი – ხილული სამყაროს ბრწყინვალება

მე მიპყრობდა ხილული სამყაროს ბრწყინვალება და მისივე აღქმის უცნაურობა. ის, რაც სათუთი გრძნობების შეცნობის საშუალებას მიქმნიდა, ჩემი შემოქმედებითობა იყო, აქ მე უჩინოს და დროის მიღმიერს ვესწრაფოდი. ბოლოს დადგა წუთები, როდესაც ჩემში მხატვრის გატაცებებმა სიკვდილის გაძლიერებულ შეგრძნებებში ჩაძირვა დაიწყო. ბრძოლა არც ხანმოკლე და არც მსუბუქი არ აღმოჩნდა. ორმხრივი ბრძოლის ველს თავად მე წარმოვადგენდი: სიკვდილის ცოდნის მადლი დედამიწისკენ არ მექაჩებოდა, ზემოთ, მაღალი სფეროებისკენ მიხმობდა, ხოლო შემოქმედებით პროცესს თითქოს რაღაც უცნაურად ტრანსცენდირებულ მიწიერებასთან და ამავე დროს ამაღლებულსა და უსასრულოსთან სურდა შეხება. ყველა მცდელობა ამაო იყო: აშკარად ჩანდა უთანასწორობა და ჩიხური მდგომარეობა. ბოლოს მაინც ლოცვამ გაიმარჯვა. საკუთარი პიროვნება დროებითობაში მოქცეულ ფორმასა და მარადისობის სივრცეს შორის მყოფად შევიგრძენი. ეს მარადისობა ჩემსკენ თავისი „უარმყოფელი“ სახით იყო მობრუნებული: ყველაფერი სიკვდილით იყო შეფუთული.

აქ შეუძლებელია ყველა იმ ფორმაზე საუბარი, რაც განჭვრეტილი ყოველგვარი სიცოცხლის გაქრობის სახით ჩემსავე სულში იბეჭდებოდა. აშკარად მახსოვს იმ დღეებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი შეგრძნება: „ვუზივარ მაგიდას, ვკითხულობ; თავი ხელებში მაქვს ჩარგული, მოულოდნელად ჩემს ხელებში თავის ქალას ვგრძნობ და მე ამ ქალას გარედან გონების თვალით ვათვალიერებ. ფიზიკურად მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა და საკმაოდ ჯანსაღი ვიყავი. არ მესმოდა ჩემში მიმდინარე მოვლენების შინაარსი და ამიტომ განცდებიდან, რომლებიც ჩემი მშვიდი შემოქმედებითი პროცესისათვის, ჩემი აზრით, მავნებელი იყო, თავის დახსნას ვლამობდი. მე მშვიდად ვეუბნებოდი საკუთარ არსებას: „დაწყნარდი, შენს წინაშე მთელი ცხოვრებაა; დაახლოებით ორმოცი, შესაძლებელია, ორმოცდაათი წელიც… მერე?“ ჩემდაუნებურად პასუხიც არ აყოვნებდა: „ათასი წელიც რომ იყოს… რა მერე?“ ჩემს ცნობიერებაში ეს ათასი წელიც სწრაფად, ჩემი თვალსაზრისის ჩამოყალიბებამდე ქრებოდა.

Share