IMG 0522

,,ჩვენი ცხოვრება უწყვეტი ლიტურგია უნდა იყოს’’ – მღვდელმონაზონი ევსტათი ხალიმანკოვი

ლიტურგიკული სიტყვა, პირველ რიგში ლოცვის სიტყვებია და ეს არის ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობის ენა. ჩვენ ვეცდებით გავერკვეთ, თუ როგორ ესმოდა ლიტურგიკული ლოცვის ფენომენი, წმინდა სილუანის მოწაფეს და წმინდა მამათა გარდამოცემის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მატარებელსა და საკუთარ თავში გამცოცხლებელს, წმინდა სოფრონ ესექსელს(სახაროვს).

წმინდა სოფრონი თვლიდა, რომ ყველა ქრისტიანისთვის, განსაკუთრებით კი სასულიერო პირისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საღმრთო ლიტურგიით ცხოვრება. ცნება ,,ლიტურგიით ცხოვრება’’ მამა სოფრონისთვის, პირველ რიგში, ნამდვილ თანამონაწილეობას გულისხმობს: ადამიანი ონტოლოგიურად უერთდება ლიტურგიას და ეს ერთობა მთელ მის ყოფიერებას გარდაქმნის. ქრისტიანის მთელი ცხოვრება ლიტურგიკული უნდა იყოს – ჩვენი ყველა აზრი, შეგრძნება და მოქმედება მეტაფიზიკურიდან დაწყებული ამქვეყნიურით დამთავრებული – ყველაფერი ლიტურგიით უნდა იყოს განმსჭვალული.

წმინდა იოანე წინამორბედის მონასტრის წევრებთან ერთ-ერთი საუბრისას მამა სოფრონი ამბობდა: ,,როდესაც ყველაფერზე უარს ვამბობთ და გვსურს, რომ მხოლოდ ქრისტეს სახელი, მისი სიტყვა და მისი მცნებები გვესმოდეს, მოუკლებლად მას მოვუხმობდეთ და მთელი არსებით მასთან ვიყოთ დაკავშირებულნი, მაშინ ჩვენი ყოველგვარი საქმე ლიტურგიკული აქტი ხდება და ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს. არც ერთმა თქვენგანმა არ იფიქროს, რომ მისი საქმე უმნიშვნელოა. მაგალითად ან კარტოფილს თესავ, ან ლობიოს, რწყავ, ჩქარობ, იღლები…რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყველაფერი ლიტურგიისთვის კეთდება’’. სხვა ადგილას მამა სოფრონი კიდევ უფრო მკაფიოდ ამბობს: ,,ჩვენს ცხოვრებას ამშვენებს ის, რომ ჩვენ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ ავირჩიეთ. თუკი ადამიანი სიტყვაზე ბანკირია, რასაც არ უნდა აკეთებდეს, ის ხომ მაინც ბანკირია. არიან მეცნიერები და მსახიობები, მათი ყოველგვარი საქმე მეცნიერებისთვის და ხელოვნებისთვისაა. ასევეა მონასტერშიც. თუკი ყველაფერზე უარი ვთქვით და ჩვენი ცხოვრების საზრისად  ქრისტე და მასთან მყოფობა ავირჩიეთ, მაშინ ნებისმიერი საქმე, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ: ტრაპეზის მომზადება, გაზონის გაკრეჭვა, წიგნის დაბეჭდვა, ხატების დაწერა, სტუმრების მიღება და ა.შ – ყველაფერი საღმრთო ლიტურგიის ნაწილია, რომელიც თავის მხრივ, ჩვენი ცხოვრების ცენტრია და სხვა არაფერი გაგვაჩნია’’.

ის იხსენებდა: ,,ჩემი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში უფალი ლიტურგიის სხვადახვა გამოცდილებას მაძლევდა. თუმცა, ჩემი მონაზვნობის დასაწყისი საოცარი პერიოდი გახლდათ, რომელიც სულ რამდენიმე წელი გაგრძელდა. ყოველ დღე ლიტურგიის შემდეგ ქრისტეს ძლევაშემოსილი და ნათელმოსილი აღდგომის განცდა მქონდა! ეს მით უმეტეს უცნაური იყო იმის გამო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლიტურგიით ვსუნთქვადი და მთელი ჩემი სული ლიტურგიის ატმოსფეროში იყო ჩაძირული, ყოველდღიურად სასოწარკვეთილების ზღვარზე ვიყავი’’. სასოწარკვეთილებაში მამა სოფრონი გულისხმობდა განსაკუთრებული სინანულის შეგრძნებას, რომლითაც ათონზე ცხოვრების პირველ წლებში მოცული იყო და რომელზეც შემდგომშიც შიშით საუბრობდა. ,,რამდენჯერ ყოფილა, რომ ჩემი სული, როგორც ერთი პატარა, უმწეო არსება საზარელი უფსკრულის პირას მისულა… შემზარავი ის იყო, რომ მას შემდეგ რაც ქრისტემ ჩემთან შეხვედრა ინება, დავინახე თუ როგორი წყლულებით იყო მოცული ჩემი სული და შევიგრძენი, რომ ქრისტეს უწმინდეს სამეფოში მყოფობის სრულიად უუნარო ვიყავი. არ ძალმიძს აღვწერო ის მწუხარება, რომელმაც სრულიად დამნთქა ხანგრძლივ მგლოვარებაში… აუტანლად მიმძიმდა, მაგრამ წასასვლელიც არსად მქონდა. ამ სამყაროში არაფერი მიზიდავდა და ჩემი სულის მოთხოვნილებას ვერაფერი აკმაყოფილებდა’’.

გარდა ამისა, წმინდა პანტელეიმონის მონატრის საძმოდან ზოგიერთი მის მიმართ მტრულად იყო განწყობილი. ეს კი იმით იყო გამოწვეული, რომ მამა სოფრონი ისიქასტური ცხოვრების წესს ეწეოდა და მარტოობის წუთებს უფრთხილდებოდა. მორჩილებისგან თავისუფალ დროს ზოგიერთი მონაზონი ჩაისთან მეგობრულ საუბრებში ატარებდა. მამა სოფრონი კი თავისი მონაზვნური ვალდებულებების აღსრულების შემდეგ კელიაში განმარტოვდებოდა ხოლმე და როგორც თავად ამბობდა, საკუთარი ,,უმსგავსობის’’ გამო მგლოვარებას ეძლეოდა.

ამ ყველაფერთან ერთად, მამა სოფრონი ფიზიკურად ძალიან სუსტი იყო და მუდამ ავადმყოფობდა. დევიდ ბელფურის მიმართ წერილში ის წერდა, რომ ლიტურგიის მსახურების გარდა, ძალები აღარაფრისთვის ყოფნიდა(იმ დროს მამა სოფრონი წმინდა პანტელეიმონის მონასტრის ბერ-დიაკონი იყო). ,,დანარჩენ დროს, სრული გამოფიტულობისგან საწოლში ვატარებ’’. თუმცა, საღმრთო ლიტურგიის აღსრულებისას ის რეალურ ფერისცვალებას გრძნობდა: ის ზოგჯერ განიცდიდა, რომ ცეცხლოვანი მადლი მის გულს ეხებოდა და უდიდესი ძალით მთელ მის არსებას მოიცავდა. როდესაც ადამიანი ლიტურგიისას ლოცვას უღრმავდება, მისთვის ყოველგვარი გარეგნული დისკომფორტი უკანა პლანზე რჩება.

წმინდა სოფრონი წერდა: ,,როდესაც თანამედროვე ადამიანებს ვაკვირდები, იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ მათთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა ლიტურგიაზე ლოცვა. ლიტურგიკულ ლოცვასთან შეერთებული ხშირი ზიარება – ეს არის ნამდვილი სისავსე! თუმცა ამისთვის აუცილებელია მისით ცხოვრება და მისი კარგად გააზრება. შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ ლიტურგია მთელ ჩვენს ცხოვრებას მოიცავს და მას უკავშირდება ჩვენი ყოფიერების ყოველგვარი გეგმა’’.

მამა სოფრონი ხაზგასმით ამბობდა: ,,საჭიროა ლიტურგიის მთელი არსებით განცდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მარტივად შეიძლება მკვდარ და ცარიელ ჩვევად გადაიქცეს. აუცილებელია ღმერთის შემეცნებაში მოუკლებლად ვიზრდებოდეთ და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვათ ის, რომ ლიტურგია ჩვენი სულიერი ცხოვრების უბრალო დეტალად იქცეს. სწორედ ეს გახდა ამ ღრმა კრიზისის მთავარი მიზეზი, რომელშიც ჩვენი ეკლესია დღემდე იმყოფება’’.

მამა სოფრონი აქ აშკარად გასული საუკუნის დასაწყისის მოვლენებს გულისხმობს. ეს უდიდეს წილად იმის გამო მოხდა, რომ რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის საღმრთო ლიტურგია ,,სულიერი ცხოვრების დეტალად’’ იქცა. ის აღარ იყო ადამიანთა ცხოვრების ცენტრი და მარადიული სიცოცხლის შეცნობის წყარო. სამწუხაროდ, ადამიანებმა სისავსის ძებნა ევქარისტიის საიდუმლოებაში კი არ მოისურვეს, არამედ თავიანთი გონებისა და გულის ძალები მთლიანად მიწიერიკენ მიმართეს.

არქიმანდრიტი სოფრონი ჭეშმარიტი კონსერვატორი გახლდათ ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით: ის მუდამ წმინდა მამათა გარდამოცემის სულით ცხოვრობდა და მისით ღმრთისმეტყველებდა. ამასთან ერთად, მისთვის მისაღები იყო 1917-18 წლის ადგილობრივი კრების ზოგიერთი ლიტურგიკული იდეა. ის თვლიდა, რომ აბსოლუტურად სწორია ლიტურგიაში ხალხის მეტად მჭირდო ჩართულობის აზრი. ამის რეალიზების ერთ-ერთი გზა საიდუმლო ლოცვების ხმამაღლა კითხვა იყო. ის წერდა: ,,იმ ადგილას სადაც ლიტურგიაზე, სახარების შემდეგ, ჩვეულებრივ დამატებითი ლოცვები იკითხება, გადავწყვიტე რამდენიმე სათხოვარი და შემდეგ ერთი ლოცვაც დამემატებინა, რათა იქ მყოფებს მეტად დავხმარებოდი იმაში, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტის – ევქარისტიული კანონის წინ, ადამიანებს მღვდელთან ერთად საკუთარ თავში მოკრება და ჩაღრმავება შესძლებოდათ’’.

მამა სოფრონი ამბობდა: ,,ლიტურგია იმგვარადაა აწყობილი, რომ ჩვენს ცნობიერებაში რაც შეიძლება სრულად აღბეჭდოს ქრისტეს მთავარი საქმე დედამიწაზე’’(ინ.17:4). წესით რაც უფრო მეტად აღასრულებს ლიტურგიას მღვდელი, თანდათანობით უფრო მეტად და მეტად უნდა შეიცნობდეს ქრისტეს ამ ,,საქმეს’’. ,, ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელცა-იგი ქრისტე იესუჲს მიერ’’(ფილ.2:5). რაც უფრო მეტად ჩავღრმავდებით ლიტურგიის ამოუწურავ საიდუმლოებებში, მით უფრო მეტად ვიქნებით ქრისტეს სულის დამტევნელნი – სწორედ ამაში მდგომარეობს ქრისტიანის მხრიდან ლიტურგიის ჭეშმარიტი გათავისება.

ამ დიადი მოწოდების გაცნობიერება ქრისტიანს(განსაკუთრებით მღვდელს) განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს. როდესაც ქრისტეს სასმისს ვიღებთ, ჩვენ არამხოლოდ მის ღმრთეებას ვეზიარებით, არამედ მის ტკივილებაც(მთ.20:22). ეს ტკივილები ამავდროულად ჩვენი ცხონების წინაპირობაც და უფლისგან მონიჭებული კურთხეული ძღვენიცაა. ,,ჩვენ ქრისტეს ტკივილებში თანამონაწილეობით ვცხონდებით. თუკი ჩვენი უფლის მიწიერი ცხოვრების თანამონაწილე გავხდებით, მაშინ სიყვარულით აღსავსე მარადიულ სიცოცხლესაც მოვიხვეჭთ’’. ქრისტესმიერი სიყვარული კი ამქვეყნად მუდამ ტანჯული იქნება.

მამა სოფრონი იმასაც უსვამდა ხაზს, რომ ,,ლიტურგიკული ლოცვა – ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა და ჩვენი არსების საზარელი გახლეჩვით განვიცდით მას’’. საქმე იმაშია, რომ ეს სამყარო სახარებისეული ჭეშმარიტებისგან შორს ცხოვრობს, ჩაძირულია უმეცრების წყვდიადში, სიძულვილსა და სიცარიელეში…,,ქრისტეს სული კი ღმერთისგან გაუცხოვებულ გულებში გამოძახილს ვერ პოულობს და ადამიანების მიერ თითქოს უარყოფილი ლოცვა, თავად მლოცველებს უბრუნდებათ და ჭრილობას აყენებს მათ’’. ზოგჯერ ამ ყველაფრისგან მოდის მოწყენილობა, უიმედობა და ხანდახან სასოწარკვეთილებაც კი. მაგრამ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი გულისსიტყვები ყოველთვის მტრისგანაა. ,,ამგვარი აზრებისგან უმთავრესი თავდაცვა ქრისტეს ხსოვნაა, რომელიც ამასოფლის სულს მარტო შეებრძოლა. გამარჯვება კი აუცილებლად მოვა, ოღონდ არა დედამიწის ისტორიის მდინარებისას. ეს გამარჯვება უკვე გარდაუვალი ფაქტია: ,,მე მიძლევიეს სოფელსა’’(ინ.16:33) – ბრძანა უფალმა.

როდესაც ლიტურგიკულ ლოცვაზე საუბრობდა, მამა სოფრონი ხშირად უბრუნდებოდა ,,მთელი ადამისთვის’’ – ანუ მთელი სამყაროსთვის ლოცვის თემას. ,,უფალი მთელი სამყაროს გულში ჩაკვრისკენ წარგვიტაცებს, სადაც მილიონობით ადამიანი, ყოველ წამს მძიმე ხვედრის დარტყმებისგან იტანჯება, სიკვდილის კართან დგანან, გმინავენ და ზეციურ შეწევნას მოუხმობენ. ჩვენი პირადი ტკივილების გამოცდილების საზომით, ჩვენ შეგვიძლია ადამიანური ტკივილების უსაზღვრო ოკეანეში ჩავიძიროთ და ლოცვის მეშვეობით მათი ტკივილები და ზოგჯერ კი სიხარულებიც გავიზიაროთ’’. შედეგად, მლოცველი ქრისტიანი(განაკუთრებით მღვდელი) საკუთარი ტკივილების გამოცდილების დაფასებას იწყებს, რადგან ისინი სხვა ადამიანების ტკივილების გაგებაში, ლოცვით გულთან ახლოს მიტანაში და ქრისტეს მცნებისამებრ მათ ტვირთვაშიც კი ეხმარება. მამა სოფრონი დარწმუნებული იყო, რომ იმისათვის რომ ,,სამეფო მღვდლობის’’ მადლის მატარებელნი ვიყოთ, საერთოდ არ არის აუცილებელი სასულიერო პირობა. ,,ამგვარი მღვდლობის შინაგანი არსი ჩვენი უფლის მსგავსად, მთელი სამყაროსთვის ლოცვაში მდგომარეობს’’.

,,ლიტურგია არამხოლოდ ბიბლიურ მოვლენებს მოიცავს, არამედ მთელ კოსმიურ რეალობას. იმასაც კი, რაც სამყაროს შექმნამდე იყო და რასაც მოველით, როდესაც იქნება ,, ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა’’(1.კორ.15:28); როდესაც დრო აღარ იქნება. სწორედ საღმრთო ლიტურგია გვამზადებს დროიდან უდროობაში გადასვლისთვის’’. ლიტურგიისას მიწიერი დროითი და სივრცითი კანონები ქრებიან და ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში, ქრისტეს სასუფეველს გამოცდილებისეულად შევიგრძნობთ. ეს არის ზეცა მიწაზე! ამრიგად, არამხოლოდ ლიტურგიის აღმსრულებელი მღვდელი, არამედ მასში მონაწილე ადამიანებიც ორ რეალობაში ცხოვრებას სწავლობენ: საღმრთოსა და ადამიანურში. ამასთან დაკავშირებით, მამა სოფრონი ათონის მთის კარულის უდაბნოში ცხოვრების პერიოდს იხსენებს. იმ დროს, ის სრულ მარტოობაში აღასრულებდა ლიტურგიას, მხოლოდ ერთი მონაზონი ეხმარებოდა, რომელიც მსახურებისას გალობდა. ის ამბობდა: ,,მიუხედავად ამისა, არც მე და არც ის მონაზონი არანაირ დანაკლისს არ განვიცდიდით: მთელი სამყარო ჩვენთან იყო; სამყარო და ქრისტე; ქრისტე და მარადისობა’’. მისი გონებამახვილური გამონათქვამის მიხედვით, ლიტურგიის დროა – აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: ,,გწამდეთ, რომ ახლაც ის სერობა აღესრულება, რომელიც თავად ქრისტემ აღასრულა მაშინ. ერთი მეორისგან არ განსხვავდება. არ შეიძლება ითქვას, რომ ამას ადამიანი აღასრულებს და ის ქრისტემ აღასრულა; პირიქით, ესეც და ისიც აღასრულა და აღასრულებს ქრისტე’’. მამა სოფრონი ლიტურგიის ერთადერთობასა და განუმეორებლობაზე ამბობს: ,,არსობრივად, არ არსებობს სხვა ლიტურგიკული სასმისი, გარდა იმ ერთადერთისა, რომელიც თავად უფალმა იესუ ქრისტემ შესწირა თავისი გამომხსნელობითი მსხვერპლის წინ. ისაა ერთადაერთი ჭეშმარიტი მღვდელმთავარი. მისი კეთილი ნებით, განუმეორებელი ლიტურგია საუკუნეების მანძილზე მეორდება… სიონის ქორედი საკვირველი გზით ფართოვდება, რათა ქრისტეს მორწმუნე ახალი თაობების დამტევნელი გახდეს’’(ინ.17:20).

სიცოცხლის ბოლოს მამა სოფრონი აღიარებდა: ,,მართლაც, რა უცნაური რამაა: უკვე 67 წელია, რაც მღვდელი ვარ და თითოეული ლიტურგია რაღაც ახალი, უნიკალური და განუმეორებელია! შეუძლებელია მას მიეჩვიო!’’. ,,ჩვენი კეთილი ღმერთის განგებულებით, ათობით წელი აღვასრულებდი ლიტურგიას და თითოეულ ჯერზე, სხვადასხვა საზომით ვგრძნობდი ამ დიდებულ მსახურებაზე ქრისტეს მყოფობას’’. იმისათვის, რომ ნამდვილად ვიცოცხლოთ ლიტურგით და განვიცადოთ ის, აუცილებელია ჩვენი ძალების შესაბამისი ღვაწლის ტვირთვა. თავის მოწაფეებს სწორედ ამისკენ მოუწოდებდა: ,,თუკი საკუთარი სულის გადარჩენის საკითხში გულგრილნი იქნებით, მაშინ ღმერთისგანაც არაფერს ელოდოთ. ასე რომ, შეინარჩუნეთ მოშურნეობა და პირველ რიგში, გაუფრთხილდით ლიტურგიკულ მსახურებას. განა არსებობს რაიმე არა-ლიტურგიკული მდგომარეობა ჩვენთვის?!  მთელი ჩვენი ცხოვრება – უწყვეტი ლიტურგია უნდა იყოს. ხოდა, დაიცავით და გაუფრთხილდით ამ ლიტურგიას’’.


წყარო: http://Azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ