ჩვენს ცხოვრებაში სახარების გაცოცხლება და მოუკლებელი იესუს ლოცვა – არქიმანდრიტი აბრაამ რეიდმანი

– მამაო, მეშინია რომ ეკლესიის დევნა შეიძლება დაიწყოს. მეშინია, რომ შეიძლება სულმოკლეობა გამოვიჩინო. როგორ მოვიპოვო სულის სიმხნევე?

– რატომ ,,შეიძლება’’? დევნა უკვე მიმდინარეობს! ,, არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე’’ –  ამბობს პავლე მოციქული. ეს იმას ნიშნავს, რომ ეშმაკი ყოველდღიურად გვდევნის, ისე რომ ვერც კი ვამჩნევთ და ეს ძალიან საშიშია. ამიტომაც, უნდა ვიფხიზლოთ და ვიბრძოლოთ. ვებრძოლოთ საკუთარ თავს, საკუთარ ვნებებს, უძლურებებს, არ ვიწუწუნოთ სნეულებებისა და უსამართლობების გამო, არ მოვიწყინოთ, როდესაც რაღაც ისე არ წაგვივა, როგორც გვსურს. 

ასე ჯდომა და მუდამ შიშში ყოფნა, მალე დევნა დაიწყებაო არაფერს მოგვცემს. ლოცვაში იშრომე მთელი ძალებით, თავი დაიმდაბლე, ებრძოლე ვნებებს, ხშირად ეზიარე ქრისტეს სისხლსა და ხორცს და ნებისმიერი განსაცდელისთვის მზად იქნები.

– მამაო, როგორი ღვაწლი ვიტვირთო, რათა უფალმა ჩემი სინანული შეიწიროს?

– ღვაწლი, რა თქმა უნდა, კარგია. მაგრამ რა არის ღვაწლი? მდუმარების აღთქმის დადება? დაყუდება? თუ ასობით მუხლდრეკის აღსრულება?..

თითქოს ყველამ იცის, მაგრამ ბევრი არ აქცევს ყურადღებას, რომ ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან მარტივი ამოცანა – სახარებისეული ცხოვრების წესი. აი ვინმეს რომ ჰკითხო, იციო? ვიცი – გიპასუხებს. აკეთებ? – არ ვაკეთებ? ყველამ ვიცით, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგება… თუკი ადამიანი გულწრფელი იქნება და საკუთარ თავს ჰკითხავს, ცხოვრობს თუ არა სახარების მიხედვით, უკეთეს შემთხვევაში მხრებს აიჩეჩავს.

ძალიან მომწონს ერთი პატერიკი. იქ საუბარია ერთ ბერზე, რომელთანაც სხვა მოღვაწეები მივიდნენ და ეუბნებიან: ,, მამაო, მოგვეცი რაიმე მცნება’’. – ისიც ეკითხება: ,,სახარება წაკითხული გაქვთ? ‘’ – უპასუხეს: ,,წაკითხული გვაქვს’’, – ,,ხოდა აღასრულეთ’’ – უპასუხა მან.  ამ პასუხმა ისინი ვერ დააკმაყოფილა და რაღაც პერიოდის შემდეგ კვლავ მივიდნენ და ჰკითხეს: ,,რა გავაკეთოთ, რათა ვცხონდეთ?’’ – ის ეკითხება: ,,სახარება წაკითხული გაქვთ?’’ – გადაწყვიტეს ცოტა ეშმაკობისთვის მიემართათ და უთხრეს: ,,არა, არ წაგვიკითხავს’’. – ,,მაშინ, წაიკითხეთ და აღასრულეთ’’. ეს იყო და ეს.

ჩვენ გვაქვს მცნება, რომ არავის განვურისხდეთ. ვიცით? ვიცით. აღვასრულებთ? დღის განმავლობაში მრავალგზის ვმრისხანებთ. შემდეგ კი ვკითხულობთ, რა გავაკეთოთ რომ გადავრჩეთო? არასწორია მარხვა დავუწესოთ თავს და ვიფიქროთ, რომ თუ მკაცრად ვიმარხულებ, ვცხონდებიო. მარხვა მხოლოდ დამხმარე საშუალებაა.

ჩვენი ღვაწლი ქრისტეს მცნებების ზედმიწევნითი აღსრულებისთვის ბრძოლაში მდგომარეობს. ეს ყველას ეხება: ერის ადამიანსაც, მონაზონსაც, მორჩილსაც, სქემოსნებსაც, მღვდლებსაც, პრეზიდენტებსაც და ყველას. მრისხანებ? გაღიზიანებისკენ ხარ მიდრეკლი? – ფხიზლად და ყურადღებით იყავი საკუთარი თავის და განსაკუთრებით კი მრისხანების ვნების მიმართ. ზოგი სიძვის ვნებისკენაა მიდრეკილი და ამიტომაც, ყურადღებით იყავით, რომ გულისთქმით არავის შეხედოთ. ასე უნდა ვიბრძოლოთ და ვიღვაწოთ, რადგან სწორედ ამაში მდგომარეობს ქრისტიანული ღვაწლი.

სახარების კითხვისას შინაგან სიმშრალეს ვგრძნობ. მიჭირს სახარებისეული სიტყვების აღქმა და გათავისება. როგორ ვებრძოლო ამ მდგომარეობას? როგორ გავაცოცხლო სახარება?

– როდესაც ჩემს მოძღვარს, მამა ანდრია(მაშკოვი), ვეუბნებოდი, რომ იესუს ლოცვისას სიშრალეს ვგრძნობდი, ის მპასუხობდა: ,,სიმშრალეს გრძნობ, თუ სინოტივეს, მაინც ილოცე’’. აქ საუკეთესო საშუალება – გულმოდგინე შრომაა. როდესაც სიმშრალეს გრძნობ იესუს ლოცვისას, ან სახარების კითხვისას, ან ფსალმუნებისას, ან ღმრთისმსახურებისას – არ მივაქციოთ ყურადღება და გავაგრძელოთ გულმოდგინე შრომა. სახარების კითხვას რაც შეეხება, მოთმინება გვმართებს. თუკი ვეცდებით, რომ უფრო მეტად ვიკითხოთ და მეტი ყურადღება ჩავრთოთ, მაშინ თანდათანობით სიმშრალე უკან დაიხევს.ამიტომაც, არ არის საჭირო შინაგანი სიმშრალის საწინააღმდეგოდ რაიმე განსაკუთრებულ საშუალებებს ვეძებდეთ. ხელოვნურად ვერ შევინარჩუნებთ სულიერი შეგრძნებების მუდმივობას, რადგან ეს სულიერი ცხოვრებაში დიდი წარმატების შედეგად მოიპოვება. იშრომე როგორც შეძლებ, მეტი იკითხე და უფრო ყურადღებით და სულ ეს არის. დიახ, კარგია საკუთარ თავს ჩაუღრმავდე და დაფიქრდე, თუ რამ გამოიწვია ეს სიმშრალე, მაგრამ უკეთესია ლოცვა, სახარების კითხვა და ისიც გაივლის.

თუ ადამიანი მკაცრად მარხულობს და სხვა დანარჩენს ყურადღებას არ აქცევს, აუცილებლად სიამაყემდე მივა და იფიქრებს, რომ რაღაც დიდებულს აკეთებს. როგორც ისიქაზმის მქადაგებელი წმინდა მამები ამბობენ, თუ ადამიანს არ აქვს სინანული, სიმდაბლე და სხვა სათნოებები, განსაკუთრებულად კი შინაგანი გონიერი ლოცვის ღვაწლი, ის ვერაფერს მიაღწევს და ხიბლში აღმოჩნდება. თუ ის არ ეცდება, რომ მოუკლებელ იესუს ლოცვაში გაისარჯოს, ყურადღება მიაქციოს საკუთარ გულისსიტყვებს, საკუთარი ცხოვრება ქრისტეს მცნებების შესაბამისობაში მოაწესრიგოს, უმკაცრესი მარხვაც კი ვერანაირ შედეგს ვერ მისცემს.

თუკი ადამიანი გულმოდგინედ შრომობს მოუკლებელ ლოცვაში, მაგრამ არ ცდილობს, რომ ცხოვრების წესი შეცვალოს და ლოცვის შესაბამისად აქციოს, მაშინ ის კატასტროფას ვერ აცდება. ვნებების მოქმედებების შედეგად ის ლოცვას დაკარგავს და ძალიან დიდი ზიანი მიადგება.

– ერთხელ საუბარში ახსენეთ, რომ შეხვედრილხართ ადამიანებს, რომელბსაც უფალმა მადლისმიერი გამოცდილება მიანიჭა, მაგრამ მაინც ვნებებით ცხოვრება არჩიეს. უფრო დაწვრილებით ხომ ვერ მოგვიყვებოდით ამ შემთხვევების შესახებ?

– დიახ, სამწუხაროდ ასეთებიც ხდება… ერთ ახალგაზრდას ვიცნობდი, რომელიც ბუდიზმით იყო გატაცებული, თუმცა არც ქრისტიანობას უარყოფდა. რაღაც პერიოდის შემდეგ მიატოვა ბუდიზმი, ეკლესიური ცხოვრებით დაინტერესდა და ჩემი მოძღვარიც გაიცნო. ერთხელაც მოხდა ისე, რომ მსახურებაზე იყო და საზიარებლად მივიდა. როდესაც ეზიარა, მის გულში მყისვე მოუკლებელი იესუს ლოცვის მოქმედება დაიწყო. მან ვერ გაიგო, თუ რა ხდებოდა მის თავს, რადგან ლოცვის შესახებ არაფერი წაეკითხა. მეტიც, ეს მოუკლებელი შინაგანი თვითმოძრავი ლოცვა უშლიდა კიდეც ხელს და ძალდატანებით ცდილობდა მის შეჩერებას. შემდეგ ეს ადამიანი კვლავ ბუდიზმით დაკავდა და სრულიად ჩამოშორდა ეკლესიას.

კიდევ ერთი მაგალითი. ერთი ფრონტის მედდა მიყვებოდა, რომ ომის დროს მუდამ ევედრებოდა წმინდა ნიკოლოზს. ყველას ეგონა, რომ ძალიან იღბლიანი იყო და ცდილობდნენ მუდამ მის გვერდით ყოფილიყვენ. ერთხელ სასაწაულებრივად გადაურჩა აფეთქებას. ასე მოიხვეჭა ფრონტზე მოუკლებელი ლოცვის ნიჭი. როდესაც ომი დასრულდა და ამ ქალბატონმაც ჩვეულებრივი სამოქალაქო ცხოვრება გაგრძელა, ჩათვალა, რომ თითქოს მოუკლებელი ლოცვა ხელს უშლიდა და ცდილობდა ყველანაირად ამოიეძირკვა საკუთარი თავიდან, რადგან ვერ აცნობიერებდა, თუ რა დიდებული საუნჯეა ეს. წლების შემდეგ, ამ ქალბატონმა გააცნობიერა საკუთარი შეცდომა და ეკლესიაში სიარული დაიწყო, მაგრამ მოუკლებელი ლოცვის ნიჭი აღარ მიეცა.

რატომ ხდება ასე? არ ვიცი. ჩვენ მაღალ მადლისმიერ ნიჭებზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, არამედ ქრისტეზე და მარადიულ სიცოცხლეზე. ჩვენი საქმე ქრისტეს მცნებების აღსრულებისთვის შრომაა.

მამაო, როგორ ლოცვით კანონს ურჩევდით დამწყებებს?

– საუკეთესო კანონი – მოუკლებელი იესუს ლოცვაა. წმინდა თეოფანე დაყუდებული საკუთარ თავზე ყვება, რომ როდესაც მონაზვნად აღიკვეცა კიევის სასულიერი აკადემიაში სწავლას ასრულებდა. ერთხელაც, სხვა მონაზვნებთან ერთად, იმ დროს ცნობილი ბერის, პართენი კიეველის მონახულება გადაწყვიტა. ის უბრალო ადამიანი იყო და არ ჰქონდა დიდი განათლება. სემინარიიდან პირდაპირ მონასტერში წასულიყო. მამა პართენიმ უთხრა მათ: ,, აი თქვენ, ნასწავლო მონაზვნებო, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ერთი რამაა საჭირო და ეს არის მოუკლებელი ლოცვა’’. აი რაშია საქმე. ნებისმიერი კანონი, იქნება ეს ფსალმუნი თუ დაუჯდომელი, მოუკლებელ ლოცვას უნდა უწყობდეს ხელს.


საკუთარი თავის ერთადერთი მტერი თავად ჩვენ ვართ. წმინდა მამებმა მოუკლებელი ლოცვისთვის იესუს ლოცვის სიტყვები ამოირჩიეს, როგორც ამ საქმიანობისთვის მეტნაკლებად ყველაზე შესაბამისი. იესუს ლოცვა მხოლოდ ლოცვა კი არ არის, არამედ შინაგანი, გონიერი საქმიანობა, ანუ გულისსიტყვებთან ბრძოლა, საკუთარი გონებისა და გულის იძულება, რათა ჩვენში სახარება გაცოცხლდეს და ქრისტეს შეწევნის მოუკლებელი მოხმობა, რათა საკუთარი თავი დავამარცხოთ. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი საკუთარი თავის, საკუთარი ვნებების დამარცხებაა, რადგან სწორედ ვნებები გვიშლიან ხელს იმაში, რომ სახარებისეულად ვიცხოვროთ და ქრისტეს დავემსგავსოთ.


წყარო: http://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

X